მთავარი,სიახლეები

მტვრის ბუღი ბულვარში – რატომ ჭრიან ფილებს მშრალი წესით

15.09.2023 • 1871
მტვრის ბუღი ბულვარში – რატომ ჭრიან ფილებს მშრალი წესით

ბათუმის ბულვარის შესასვლელში დაზიანებულ ფილებს ცვლიან. დღეს, 15 სექტემბერს, სამუშაო წესების დარღვევით მიმდინარეობდა – დასაგებ ფილებს მშრალი წესით იქვე, ბულვარში ჭრიდნენ. შედეგად ბულვარის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორია მტვრით იყო დაფარული.

სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოქალაქეებმა წესების დარღვევის შესახებ ბულვარის ადმინისტრაციასაც აცნობეს, თუმცა ინფორმირებას რეაგირება არ მოჰყოლია.

„რამდენჯერმე შევატყობინე ბულვარის ადმინისტრაციას ფაქტის შესახებ, მაგრამ შედეგი არ არის. როგორც კი მოვშორდები იქაურობას, იგივე გრძელდება. 20 მეტრში ბავშვთა გასართობი სივრცეა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მოქალაქემ, რომელმაც მუშა პროცესის ამსახველი ვიდეო მოგვაწოდა, სადაც ჩანს, როგორ აგებენ მტვერში ფილებს.

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ფილების დაგებაზე ტენდერი კომპანია „მონოლითი 2005“-მა მოიგო. დღეს, 15 სექტემბერს, ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ ამ კომპანიის წარმომადგენლები დაგვხვდნენ.

„კეთდება ხო? ფუჭდება რამე? რა გნებავთ?“ – ასეთი იყო სამუშაოების ზედამხედველის პოზიცია მას შემდეგ, რაც დავინტერესდით, რატომ ასრულებდნენ სამუშაოებს წესების დარღვევით.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა კომპანია „მონოლითი 2005“-ის დირექტორს, მერაბ დოლიძეს.

„ძალიან მცირე, ხუთწუთიანი პროცესი იყო. იქ დამუშავებული მოდიოდა ყველა ფილა ქარხნიდან,“ – განმარტა მერაბ დოლიძემ.

„ბათუმელებმა“ მას უთხრა, რომ მოქალაქეების მიერ მოწოდებული კადრების მიხედვით, ბათუმის ბულვარში რამდენიმე დღის განმავლობაში ხდებოდა ამუშავებდნენ მშრალი წესით ფილებს.

„პასუხი გითხრათ? ქალაქ ბათუმში ორბი რომ შენდება იქ, მაღლები, 15 წელია ბეტონის ქარხანაა ქალაქის ცენტრში. ხომ არის?! ეზოები აქვთ სამშენებლო მოედნად გადაქცეული. მანქანები ვერ ჩერდება იქ. იმას არ უყურებთ და აგერ ისტორიული ძეგლი, ბათუმის ბულვარი, რეაბილიტაცია ხდება და ხუთი წუთი მტვერი ვის შეაწუხა ერთი მომიყვანე ის ადამიანი. ესაა ჩემი პასუხი.

ერთი სურათი მაინც მაჩვენეთ, რომ იქ მტვერია და ნაგავი დავტოვე. ჩემი ბიჭები საღამოს ექვსი საათის მერე ყველაფერს ხვეტენ, ტურისტი რომ გამოივლის, ნაგავი რომ არ დახვდეს. გაკრიალებულია ყველაფერი.

ჩემი შვილიშვილი დადის იმ საბავშვო მოედანზე. მე იქ მტვერს გავუშვებდი?

იყო რაღაცა ორი შემთხვევა, როდესაც საჭირო იყო ფილის ჩაჭრა. მეტი არა. ხვალ გამოდით, ვიდეო კამერები დააყენეთ და ნახეთ, იქ თუ მტვერი დადგება,“ – გვითხრა მერაბ დოლიძემ.

„მონოლითი 2005“ უკვე წლებია რაც ბათუმში არაერთ ტენდერს იგებს. 

მერაბ დოლიძე „მონოლითი 2005“-ის 50-პროცენტიანი წილის მფლობელია. ამავე კომპანიაში წილის 25 პროცენტს ფლობს ნუკრი დოლიძე, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დროს.  ნუკრი დოლიძის შვილი ლევან დოლიძე ბათუმის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან”.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბათუმის ბულვარში შეტყობინების საფუძველზე მივიდა

დღესვე „ბათუმელები“ შეესწრო კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოს შემოწმების პროცესს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის მიერ. როგორც მოგვიანებით „ბათუმელებს“ განუმარტეს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ადგილზე ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე იმყოფებოდა.

„შედგა შესაბამისი აქტი, თუმცა ვინაიდან მუხლი არ განეკუთვნება დეპარტამენტის კომპეტენციას, ვერ გატარდა დამატებითი რეაგირება“, – გვითხრეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურში.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასაც.

„როცა აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა, სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას მივეცით სიტყვიერი გაფრთხილება. ამის შემდეგ ფილების ძირითადი ნაწილი დაამუშავეს საწარმოში. დღეს სამუშაოები სრულდება, ალბათ ბოლო დეტალების დამუშავება მოხდა თვითნებურად. ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისათვის,“ – განუცხადეს „ბათუმელებს“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.

ღია სივრცეში სარემონტო სამუშაოების წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგულირდება.

ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა), რაც მტვრის ჩახშობას ვერ უზრუნველყოფს, ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: