მთავარი,სიახლეები

„სახლში რომ ვყოფილიყავით, ახლა ცხედრები ვიქნებოდით“ – რეპორტაჟი დამეწყრილი გურიიდან

15.09.2023 • 1917
„სახლში რომ ვყოფილიყავით, ახლა ცხედრები ვიქნებოდით“ – რეპორტაჟი დამეწყრილი გურიიდან

14 სექტემბრის მონაცემებით, გურიაში განვითარებული სტიქიის შედეგად საკუთარი საცხოვრებელი ადგილი უნდა დატოვოს მინიმუმ 306-მა ოჯახმა.

გეოლოგების წინასწარი დასკვნით, მათი სახლები მეწყერსაშიშ ნიადაგზე დგას და საფრთხე, რომ სტიქია განმეორდეს, ისევ არსებობს.

საკუთარი სახლის დატოვება ოზურგეთის სოფლებში 136 ოჯახს მოუწევს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კი 170 ოჯახს.

სტიქიის ზონიდან დროებით გაყვანილია 514 ოჯახი. ნაწილი სასტუმროებში დააბინავეს, ნაწილმა კი ნათესავებთან არჩია ცხოვრება.

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემი და ის შეიძლება გაიზარდოს. მეწყერი, რომელმაც ასობით ოჯახი უსახლკაროდ დატოვა, გურიაში 8 სექტემბერს მოხდა.

გურიაში, სოფელ ჯუმათში მცხოვრები გენადი ფაცურიას 6 სულიანი ოჯახი 7 სექტემბერს თბილისში წავიდა. გენადის მეუღლე იტალიაში 6 წლიანი ემიგრაციიდან ბრუნდებოდა და ოჯახმა გადაწყვიტა მას აეროპორტში დახვედროდა.

8 სექტემბრის დილას გენადის მეზობელმა დაურეკა და უთხრა, რომ მისი სახლი მეწყერმა დაანგრია.

„სახლში რომ ვყოფილიყავით ალბათ ახლა ცხედრები ვიქნებოდით. იმ დონეზეა დანგრეული. საძინებლები ისეთ მდგომარეობაშია, დიდი ალბათობით დავიღუპებოდით. გამთენიისას მოხდა, როცა ყველას სძინავს,“ – გვიყვება გენადი და მთის ფერდზე მიგვანიშნებს, სადაც ნატეხებად ქცეული სახლი ჩანს.

გენადის სახლი სოფელ ჯუმათში იმ ადგილას იდგა, სადაც მეწყრული მასა ჩამოიშალა. მეწყერმა მთლიანად დამარხა ფუტკრის სკა, სასიმინდე და სხვა დამხმარე სათავსოები. ადიდებულმა ხევმა დაანგრია ხიდი, რომელიც გენადის სახლთან მისასვლელ ერთადერთ გზაზე იყო გადებული.

„65 წლის სახლი მქონდა. ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ იყო. მისი დახმარებით ნელ-ნელა ვარემონტებდით. ახალგაკეთებული რაღაცებიც ფუჭად გავაკეთეთ, ყველაფერი დაინგრა. მე სოფელში დავრჩი, ახლობელთან ვათევ ღამეს. ურეკში, სასტუმროში შემოგვთავაზეს გადაყვანა, მაგრამ შორსაა და ყოველდღე იქიდან ვერ ვივლიდით. ვცდილობ სახლიდან მცირედი მაინც გადავარჩინო – ჭურჭელი, ტანსაცმელი, ხის და რკინის მასალა,“ – გვიყვება გენადი ფაცურია.

გენადი ფაცურიას საცხოვრებელი სახლისგან ერთი კედელი, ნახევარი სახურავი და ნანგრევებია დარჩენილი

გენადის თქმით, ჯერ ადგილობრივ მთავრობას რამე კონკრეტული არ შეუთავაზებია მისთვის. იმედია აქვს, რომ დაეხმარებიან, თუმცა არ იცის სად და როგორ გააგრძელებს ცხოვრებას.

„ახლა ჯუმათში ყველაფერი დამეწყრილია. გვერდით უბნიდან სრულად გაასახლეს მოსახლეობა. სულ მოძრავი მიწებია. რომ დადგა სახლი, 10-15 წელიწადში შეიძლება ისევ დაინგრეს. მთელი ცხოვრება აქ გავატარე. თუ შევეგუებით სხვაგან, არ ვიცი,“ – გვეუბნება გენადი ფაცურია.

ჭოკლაურის უბნად მოიხსენიებენ სოფელ ჯუმათში უბანს, რომელიც ოზურგეთის მერიამ სრულად გაასახლა. ჭოკლაურის უბნის თავზე მთა დახეთქილია და მიწა მოძრაობს. სოფელში გეოლოგებისგან ზეპირად იციან, რომ იქ ცხოვრება დაუშვებელია. მთის ძირას 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლი ყველა მათგანმა დატოვა.

ჯუმათში, ჭოკლაურის უბანში ადგილობრივებმა სახლები დატოვეს. მთის ნაწილი, რომელიც უბანს თავზე ადგას, 8 სექტემბერს ჩამოიშალა. მიწა დახეთქილია და სტიქიის განმეორების საფრთხე ისევ არსებობს

ერთადერთი, ვისაც ჭოკლაურის უბანი არ დაუტოვებია, ქალდანების ოჯახია. თამაზ ქალდანი და მისი მშობლები ჯუმათში 1987 წელს გადმოასახლეს, ლენტეხში მომხდარი სტიქიის შემდეგ. ზვავს გამოქცეული ოჯახი გურიაში დასახლდა, მაგრამ ახლა მეწყრის გამო უწევს ისევ საცხოვრებელი სახლი დატოვოს.

„ჩემს მოხუცებს მიცვალებული ჰყავთ აქ და არ მოდიან. ჩვენ წავიდეთ და მოხუცები დავტოვოთ, არ გამოვა,“- გვიხსნის მათი სოფელში დარჩენის მიზეზს სოფიკო ქალდანი, თამაზის მეუღლე.

„ესენი რომ აქ დავტოვო, მე რა დამასვენებს. ყველაფერი ვცადე, დაველაპარაკე, მაგრამ უშედეგოდ. თან დედა ლოგინადაა ჩაწოლილი,“- საუბარში გვერთვება თამაზ ქალდანი.

თამაზი და მისი ოჯახი სტიქიის ღამეს მეზობლის ეზოში მოწყობილმა აუზმა გადაარჩინა. მთიდან ჩამოსულმა მეწყრულმა მასამ და ქვა-ღორღმა აუზი ამოავსო და მათ სახლამდე ვეღარ მიაღწია.

„მაგრამ ახლა აღარაფერია რაც ამ მიწას დააკავებს,“ – გვეუბნება სოფიკო ქალდანი. სოფიკო და თამაზი სტიქიიდან მესამე დღეს ხეობაში შევიდნენ და ეცადნენ სტიქიის საწყისი წერტილი ეპოვათ. აღმოჩნდა, რომ მთის წვერზე წყალი დაგროვდა, ტბად იქცა, ძლიერი წვიმის დროს კი გადმოხეთქა და რაც გზად შეხვდა, ყველაფერი წამოიღო.

ქალდანების ოჯახმა არ იციან, როდის დატოვებენ სოფელს.

„ყურადღება ადგილობრივი მთავრობიდან არ გვაკლია, ყოველდღე გვირეკავენ, თუ სურვილი გაქვთ, გადაგიყვანთო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოხუცები ვერ დავიყოლიეთ გადასვლაზე, ვრჩებით ადგილზე,“ – გვიხსნის სოფიკო ქალდანი.

ჯუმათში 8 სექტემბრის ღამეს 11 წლის ბიჭი დაიღუპა. სახლი, სადაც ბიჭს ეძინა, მეწყერმა ჩაიტანა.

82 წლის თინა რუსიძე დაიღუპა სოფელ სილაურში. მის ორსართულიან სახლს ჩამოშლილი მთის ფერდი დაეცა და სრულად დაანგრია. თინას ცხედარი მაშველებმა რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ იპოვეს. სახლისგან ახლა აღარაფერია დარჩენილი.

აქ 7 სექტემბერს თინა რუსაძის 2-სართულიანი სახლი იდგა

ახლა სახლისგან მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი

თინა რუსიძის ამბავს მისი მეზობელი, ლიანა პაიჭაძე გვიყვება.

„მუხლჩაუხრელად მუშაობდა თინა – თხილს ხიკავდა, ნიგოზი ჰქონდა, ქსოვდა, ყველა საქმეს აკეთებდა. მარტო იყო იმ ღამეს სახლში. თავდაუზოგავად იმუშავეს მაშველებმა, რომ ამოეყვანათ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს,“ – ამბობს ლიანა პაიჭაძე.

არანაკლები გასაჭირი ადგას თავად ლიანას. მისი ეზო დაიტბორა. მუხლამდე წყალი იყოო – ამბობს.

„მთელი ღამე მაშველივით იმუშავა ჩემმა შვილმა. რაღაცნაირად გადავირჩინეთ თავი. საგანგებო სიტუაციაზე საგანგებო ამბავი იყო. ზარალი ყველა ოჯახშია,“ – ამბობს ლიანა პაიჭაძე.

ნესტან ჩარკვიანი და ლიანა პაიჭაძე სოფელ სილაურში, დამეწყრილ გზასთან

„ბუნებამ ცხოვრებაში არაფერი არ დამაკლო,“ – საუბარში ერთვება ლიანას მეზობელი, სოფელ სილაურში მცხოვრები ნესტან ჩარკვიანი.

ნესტანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლურიდანაა. სილაურში ის წლების წინ დასახლდა, როცა მის მშობლიურ სოფელში ზვავი ჩამოწვა და მთავრობამ სოფლის მაცხოვრებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გადაასახლა.

„აქაც მომყვა შვილო ზვავი. ყოველდღე სიკვდილი მემუქრება. სად წავიდე? ავარიულ მდგომარეობაშია მთელი სილაური. სახლი არ მაქვს ამჟამად, არ იცხოვრება იმაში, რაც მქონდა. ყველა დღე სიკვდილს ვებრძვი. ბომბზე ვართ რვა სული. ექვსი შვილიშვილი მყავს,“ – გვიყვება ნესტან ჩარკვიანი.

რესპონდენტები გვიყვებიან, რომ მეწყერმა გაანადგურა მათი საცხოვრებელი სახლი, უწევთ გადასახლება სხვაგან, რომ არ აქვთ წამლის ფული, ცხოვრობენ უკიდურეს, გაუსაძლის გაჭირვებაში, დაკარგეს შემოსავლის მთავარი წყარო – თხილის ბაღები.

გვიყვებიან, რომ ეშინიათ იმ სახლებში ცხოვრება, მაგრამ ამავდროულად არც ეთმობათ დასატოვებლად მშობლიური ადგილები.

თუმცა, მიუხედავად იმ გაუსაძლისი სიტუაციისა, რასაც აღწერენ და რაშიც უწევთ ცხოვრება, „ბათუმელების“ მიერ ჩაწერილი რესპონდენტები მადლობას უხდიან მთავრობას, სტიქიის დროს მათთან „ვალინკებით“ მისულ ოზურგეთის მერს და სხვა ადგილობრივ მაღალჩინოსნებს, რადგან იმედი აქვთ, რომ მთავრობა ყურადღებას მიაქცევთ.

ასე გამოიყურება ევგენიძეების ხეხილის ბაღი სოფელ გულიანში. მეწყერმა მიწა შუაზე გახლიჩა

ოფიციალური ინფორმაციით გურიაში განვითარებული სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის დატოვება 306 ოჯახს უწევს.

ოფიციალურ უწყებებში ამბობენ, რომ ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან გეოლოგები მუშაობენ და ინფორმაცია მუდმივად ახლდება.

ჯერჯერობით უცნობია განსახლების დეტალები. ადგილობრივი მთავრობა ვერ პასუხობს კითხვებს – რა ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ გასახლების სიაში მყოფი ოჯახები?

დაეხმარება თუ არა მათ მთავრობა საცხოვრებელი სახლების შეძენაში და როგორ ანაზღაურდება ის მორალურ-მატერიალური ზარალი, რომელიც ადგილობრივ მკვიდრებს მიადგათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: