განათლება,მთავარი,სიახლეები

როდის ეყოლება სკოლებს სერტიფიცირებული დირექტორები

14.09.2023 • 8054
როდის ეყოლება სკოლებს სერტიფიცირებული დირექტორები

15 სექტემბერს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. საქართველოში სულ 2086 საჯარო სკოლაა. ამ დროისთვის საჯარო სკოლებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ.

მიმდინარე წელს სკოლის დირექტორობის მსურველებმა სასერტიფიკატო გამოცდები ჩააბარეს. გამოცდაზე 1839 აპლიკანტი გავიდა, თუმცა მეორე ეტაპზე მხოლოდ 755 პირი გადავიდა.

განათლების სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ბრძანება სერტიფიცირებული დირექტორების შესახებ.

„ბათუმელებმა“ აჭარის განათლების სამინისტროს ჰკითხა, აჭარაში ახალი სასწავლო წლისთვის რამდენ საჯარო სკოლას ეყოლება სერტიფიცირებული დირექტორი.

განათლების სამინისტრომ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

მათგან ვერც იმაზე მივიღეთ ინფორმაცია, აჭარაში დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლებიდან რამდენი გავიდა გამოცდაზე და რამდენმა მიიღო დადებითი შეფასება.

სამინისტროდან მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ სერტიფიცირებული დირექტორების შესახებ ბრძანება საქართველოს განათლების სამინისტრომ უნდა გამოაქვეყნოს ვებგვერდზე. „ზემოაღნიშნული ბრძანება კი ჯერ გამოცემული არ არის“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

გასაუბრების ეტაპზე დადებითი შეფასება ვერ მიიღო 160-მა კონკურსანტმა, თუმცა მათგან მხოლოდ 27-მა კონკურსანტმა გააპროტესტა შედეგი და სამინისტროს სასამართლოში უჩივლა. მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) იცავს.

კონკურსანტები გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და გასაუბრების ხელახლა, სამართლიან გარემოში ჩატარებას ითხოვენ.

ISFED-ი ასევე აღნიშნავს, რომ გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახეს და სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა კანდიდატებს, რომლებსაც ტესტირებაში მიღებული ჰქონდათ საკმაოდ მაღალი შეფასებები.

ამ სიაში არიან ის კანდიდატებიც, „რომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება არის დადასტურებული.

მათ შორის იყვნენ კანდიდატებიც, რომელთაც დირექტორად მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდათ“, – წერს ISFED-ი.

საჯარო სკოლების დირექტორების დიდ ნაწილს უფლებამოსილების ვადა 2020 წელს ამოეწურა, თუმცა სამინისტრომ ვადის ამოწურვის შემდეგ 891 დირექტორი მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა, 112-ს კი უარი უთხრა. არადა, მათი ნაწილი თავს წარმატებულ დირექტორად მიიჩნევდა.

„დასაბუთების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო და დისკრიმინაციული იყო.

მეტიც, დირექტორები მიუთითებდნენ სამინისტროს მხრიდან მიღებული სამადლობელი წერილისა თუ ჯილდოს შესახებ, რაც მათ მიერ ხარისხიანად შესრულებულ საქმიანობას უკავშირდებოდა“, – წერს ISFED-ი.

კანონის მიხედვით, სერტიფიცირებული დირექტორობის კანდიდატი სამინისტრომ იმ სკოლას უნდა წარუდგინოს, სადაც კანდიდატს სურს მუშაობა. შემდეგ კი ის სკოლის სამეურვეო საბჭომ უნდა აირჩიოს.

თუ სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან (მინიმუმ 3 კანდიდატი) სკოლა არც ერთს არ აირჩევს, მაშინ სამინისტროს უფლება აქვს, დირექტორი თავად დანიშნოს.

ამ დროისთვის საჯარო სკოლების უმრავლესობას არა არჩეული, არამედ სამინისტროს მიერ დანიშნული მოვალეობის შემსრულებელი დირექტორები მართავენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: