მთავარი,სიახლეები

ცოლს ფეხები ჩაარტყა მუცელში, წაქცეულს კი ხელი მოუჭირა ყელზე – რა თქვა სასამართლომ

15.09.2023 • 1537
ცოლს ფეხები ჩაარტყა მუცელში, წაქცეულს კი ხელი მოუჭირა ყელზე – რა თქვა სასამართლომ

„ძლიერად მოქაჩა თმა, ფეხები ჩაარტყა მუცელში და ძირს წაქცეულს ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე,“ – ასეა აღწერილი სასამართლო დოკუმენტებში ქმრის მიერ ცოლზე ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევა. ამის მიუხედავად ძალადობაში ბრალდებული კაცი სასამართლომ გაამართლა.

 

აქ წაიკითხეთ: რატომ არ სჯიან მოსამართლეები ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ ქმრებს – ექსპერტების შეფასება

 

ბოლო წლებში ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების გამოტანის მაჩვენებელმა იმატა, რასაც მოსამართლეები ძირითადად ისევ ძალადობის მსხვერპლ ქალებს უკავშირებენ – მათ დუმილი აირჩიეს.

უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაშიც წერია, რომ ნამტირალევმა ქალმა და მისმა დედამ, რომელიც მოწმედ იყო სასამართლოში გამოძახებული, უარი განაცხადეს ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

შესაბამისად, ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ეს კაცი ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია.

გამოძიების ვერსიით კი, ბრალდებულმა სამჯერ, სხვადასხვა დროს სცემა ცოლს.

„…დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ჯ. ზ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ი. ჯ-ს, კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა ყურის არეში, რის შედეგადაც დაზარალებული დაეცა საწოლზე, ხოლო შემდეგ ფეხები და ხელები ჩაარტყა მუცელში და ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე… ძლიერად მოქაჩა თმა, ფეხები ჩაარტყა მუცელში და ძირს წაქცეულს ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე,“ – ეს ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევის აღწერაა ბრალდების შესახებ დადგენილებიდან.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულის ბინაში იპოვეს ნედლი მარიხუანაც 42, 355 გრამი. სასამართლომ მხოლოდ ამ ნაწილში მიიჩნია დამნაშავედ ჯ. ზ. და მას ჯარიმის სახით 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ეს ჯარიმაც შეუმსუბუქდა ბრალდებულს, რადგან პატიმრობაში იყო 29 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე.

საბოლოოდ ჯ.-ს 2 ათასი ლარის გადახდა მოუწია.

მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უცვლელი დატოვა, პროკურატურას უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს:

გამოძიება ამ საქმეზე 2021 წლის 28 სექტემბერს დაწყებულა, როცა ქალს 112-ში დაურეკავს და უთქვამს: „მეუღლე მახრჩობს“.

„…მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2021 წლის 28 სექტემბერს ი. ჯ-ს მიერ 112-ში შესული შეტყობინება, რომ „მეუღლე ახრჩობდა“, რაც მან ასევე დაადასტურა გამოკითხვისას. სხვა მტკიცებულებები კი მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 გადაწყვეტილებაში კი მითითებულია, რომ ,,ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა.

დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა მისი ოჯახის წევრის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზის შედეგად უნდა შეფასდეს“.

მოცემულ შემთხვევაში შეტყობინების ინიციატორმა ი. ჯ-მ, რომელიც გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, გამოძიების დაწყების შემდეგ აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მიაწოდა ინფორმაცია ძალადობის ფაქტის შესახებ, ჩაიტარა სამედიცინო ექსპერტიზა, ხოლო საქმის არსებითი განხილვის დროს სასამართლოს არ მიაწოდა ჯ. ზ-ის მამხილებელი ინფორმაცია, რაც ძალიან ჰგავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ქცევას,“ – მიუწერია პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის.

„დაზარალებულმა ი. ჯ–სამ [მეუღლემ] და მოწმე ე. ზ–მა [დედამ] უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ დაზარალებულმა და მოწმემ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ჯ. ზ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

საქმეში წარმოდგენილი იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდებოდა ქალის სხეულზე დაზიანებები, თუმცა უზენაესი სასამართლო აღნიშნავს:

„მართალია, ზემოაღნიშნული დასკვნით დადგინდა, რომ დაზარალებულს ნამდვილად აღენიშნებოდა დაზიანება, მაგრამ სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება ი. ჯ–სამ მიიღო ჯ. ზ.–ის ძალადობრივი ქმედების შედეგად და რომ მან აღნიშნულის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, წარმოდგენილი არ არის, თვითონ დაზარალებულს კი, სასამართლოში ჩვენება არ მიუცია.,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

პროკურორ აკაკი მოქერიას საჩივარი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

___

ზარი პოლიციაში: „მეუღლე მახრჩობს“ – რატომ ამართლებს სასამართლო ოჯახში მოძალადე კაცებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: