მთავარი,სიახლეები

ბათუმის ციხის წამების საქმეს, რომელიც 9 წლის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ არ დაასრულეს

16.09.2023 • 2430
ბათუმის ციხის წამების საქმეს, რომელიც 9 წლის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ არ დაასრულეს

„თუ სამართალია სადმე, მეც მინდა,“ – ეს ყოფილმა პატიმარმა ერთ-ერთ სხდომაზე უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს. გაუჭირდა გახსენება, მაგრამ მაინც დეტალურად აღწერა, როგორ აწამეს ციხეში 2009 წელს.

„ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის“ განხილვა 2014 წელს დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლომ. 9 წლის გასვლის შემდეგ ამ საქმის განხილვა არათუ დასრულდა, პირიქით – 2023 წელს ხელახლა დაიწყო. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავდა, რომელიც 2021 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადავიდა. იმის გამო, რომ საქმეზე სათადარიგო მოსამართლე დანიშნული არ იყო, მოსამართლე კოტე ჭილაიამ ხელახლა დაიწყო საქმის განხილვა.

ხელისუფლებაში მოსვლამდე, ანუ 11 წლის წინ, სწორედ ციხეებში მომხდარი დანაშაულის გამოძიება და სამართლიანობის დადგენა იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება. „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების“ საქმის განხილვა კი, საქმის განხილვის დაწყებიდან 9 წლის თავზე ხელახლა დაიწყო.

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები გიორგი ვეკუა და ზაზა ჯიქია გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებული. გიორგი ვეკუა ბათუმის ციხის ყოფილი უფროსი იყო, ზაზა ჯიქია კი, რეჟიმის უფროსი. მათ პროკურატურა პატიმრების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში სდებს ბრალს [სსკ-ის 144-ე მუხლი პრიმა 3].

კანონი 2-წლიან მაქსიმალურ ვადას აწესებს სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მიხედვით: „პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 თვისა.

„ბათუმელებს“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვერ უთხრეს, რატომ არ დადგა პასუხისმგებლობის საკითხი, როცა საქმის განხილვის კანონით განსაზღვრული ვადა დარღვეულია?

ყოფილი პატიმრებმა სასამართლოში 15 წლის წინ ციხეში მომხდარი ამბები უნდა გაიხსენონ, მათ შორის, ათობით ისეთი დაზარალებულია, ვინც მოსამართლე დავით მამისეიშვილს ჩვენება წინა წლებში უკვე მისცა:

„იქ, ციხეში, უფლება არ ჰქონდა ვინმეს, უფროსისთვის თვალებში შეეხედა… მე ახლა ვუყურებ მას თვალებში. ბატონო ზაზა, გაქვთ თქვენ უფლება, რომ თვალებში მიყურებდეთ?“ – ასე ერთ-ერთმა მოწმემ მიმართა ბათუმის ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს, ზაზა ჯიქიას 2018 წლის 5 აპრილის სასამართლო სხდომაზე.

„არ ვიცი, რატომ გვცემდნენ… ამბობდნენ ბუზის გაფრენის ხმაც უნდა ისმოდესო. როცა ამიყვანეს ციხეში, იმ დღესაც მცემეს. გამაშიშვლეს და 4 საათი ისე მამყოფეს, დამცინოდნენ… მერე მცემეს ხელით, ფეხით, ხელკეტით, გონება დავკარგე. კარცერში წამიღეს. ექიმი მოვითხოვე და ეს ორი მოვიდა, ჩვენ ვართ შენი ექიმებიო. მაგინეს… ერთხელ, საუზმის დროს საჭმლიანი თეფშით გამოვდიოდი. ამან გამომართვა თეფში და გამომიქნია სახეში. ვიკითხე, რა გინდათ, ასე ცხოველს არ ექცევიან-მეთქი. კითხვის დასმა დანაშაული იყო, ისევ მცემეს. ერთხელ საჩივრის დაწერა ვცადე, თავზე გადამახიეს“, – თქვა გელა ა.-მ იმავე სასამართლო პროცესზე.

კიდევ ერთი ყოფილი პატიმრის ჩვენება „ბათუმელების“ 2018 წლის სტატიიდან: „შეიძლება, საკუთარი დედის და მამის სახე დამავიწყდეს, მაგრამ ამათი სახე არასდროს დამავიწყდება,“ – თქვა ყოფილმა პატიმარმა 2018 წლის 20 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე.

„რომ შემიყვანეს, მას შემდეგ მცემდნენ. მიზეზი არ ვიცი, რატომ. როცა მოუნდებოდათ, მაშინ გვცემდნენ… თავი მქონდა გატეხილი. ექიმმა მნახა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ექიმის მოთხოვნაზე ისევ გცემდნენ. ზაზა ჯიქია უშუალოდ მცემდა. გიორგი ვეკუა პირადად არ იღებდა ცემაში მონაწილეობას, მაგრამ ორჯერ დავინახე, იქვე იდგა, არაფერზე არ რეაგირებდა. მეტი რა გითხრათ? აღდგომა არ იცოდნენ ამ უჯიშოებმა და ახალი წელი. აღდგომასაც სცემეს იმ დღეს მოყვანილი პატიმრები“, – თქვა ყოფილმა პატიმარმა. მას მოსამართლემ მოუწოდა, თავი შეეკავებინა შეურაცხყოფისგან.

„არა, ეს არაა შეურაცხყოფა,“ – გაბრაზდა ყოფილი პატიმარი: „ესენი სასჯელს უნდა იხდიდნენ ახლა და მიყურებენ. აგერ არიან და ვკითხოთ – რის გულისთვის მირტყამდი?“ – მიაჩერდა ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს, ზაზა ჯიქიას ყოფილი პატიმარი, ალექსი ბ. ბრალდებულებს კითხვისთვის პასუხი არ გაუციათ. უხერხული დუმილი ისევ ყოფილმა პატიმარმა დაარღვია:

„ღამით ხშირად მაღვიძებს ცოლი, ვბოდავ… ვერ ვივიწყებ ამ ყველაფერს. მე მოვითხოვ, რომ ესენი უმკაცრესად დაისაჯონ, ბატონო მოსამართლევ,“ – აღნიშნა 2018 წელს სასამართლო სხდომაზე ყოფილმა პატიმარმა.

ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები – გიორგი ვეკუა და ზაზა ჯიქია ადვოკატ სოსო ჯალაღონიასთან ერთად სასამართლო პროცესზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 2014 წელი

კიდევ ერთმა ყოფილმა პატიმარმა, ლევან ს.-მ კი, მოსამართლეს უთხრა, რომ ციხეში მრავალჯერ ცემის შედეგად მხედველობა დაუქვეითდა. „არასდროს მიმიმართავს ვინმესთვის, რომ მცემეს… რა აზრი ჰქონდა. ვხედავდი, ვინც რამე თქვა, ხელახლა სცემეს. გვცემდნენ ხელკეტებით, ფეხებით, ხელებით. გვცემდნენ ისე, რომ არ ვიცოდით, რა უნდოდათ ჩვენგან.

პირველად ზაზა ჯიქიამ მცემა. არ ვიცოდი, ვინ იყო. საკანში რომ ავედი, აღვწერე მისი გარეგნობა და მითხრეს, „ნინძა“ იქნებოდაო. ასე ეძახდნენ თურმე ზედმეტსახელად ზაზა ჯიქიას. თვალებში ვეღარ ვიხედები ახლა… თავს ვეღარ ვაკონტროლებ, ნერვები მეშლება უკვე ყველაფერზე,“ – აღნიშნა ყოფილმა პატიმარმა.

„ექიმს როცა მოითხოვდი, მიიღებდი რეზინის ხელკეტს. ერთს ანალგინი ეწერა, მეორეს დიმედროლი და ასე შემდეგ. შეგეკითხებოდნენ, აირჩიე, რომელი გჭირდებაო…“ – ეს კიდევ ერთი ყოფილი პატიმრის მინდია ჩ.-ს ჩვენებაა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომიდან.

ამ საქმეში სულ 116 მოწმეა და დაახლოებით 50 მოწმე იყო დარჩენილი გამოსაკითხი, ვიდრე საქმის განხილვა ხელახლა დაიწყებოდა. ადვოკატ პაატა ბოლქვაძის თქმით, 2023 წელს ამ საქმეზე ორი სხდომა ჩატარდა, თუმცა მოწმეების ხელახლა გამოკითხვის ეტაპი ჯერ არ დაწყებულა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ საქმის განხილვა მოსამართლე კოტე ჭილაიამ თავიდან დაიწყო, მომდევნო სხდომა კი, ოქტომბერში გაიმართება.

„ბათილია 2 წლის შემდეგ მიღებული განაჩენი“- იურისტი ასაბუთებს, რატომ არღვევს კანონს სასამართლო 

„თუ განაჩენის გამოტანის ვადა გადასცდა 24 თვეს, თუ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულია საპროცესო ვადის ამოწურვის შემდეგ, ეს ითვლება ბათილად. პროცესუალურად  და კანონის შესაბამისად, როდესაც 24 თვეს გასცდება საქმის განხილვის ვადა, სასამართლოს აღარ შეუძლია განაჩენის მიღება, ეს გადაწყვეტილება იქნება ბათილი,“ – ამბობს სისხლის სამართლის საქმეების ადვოკატი, სამოქალაქო ორგანიზაციის „უფლებები საქართველო“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი და განმარტავს, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა კანონით განსაზღვრული ვადების დარღვევით მიუღია სასამართლოს გადაწყვეტილება.

არჩილ ჩოფიკაშვილი

როდესაც საქმის არსებითი ნაწილის განხილვის დაწყებიდან 9 წელი გადის და საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა იწყება, გაჭიანურების ეს მასშტაბი დამოუკიდებელ იურისტს ეჭვს უჩენს იმაზე, რომ სასამართლო, ან სასამართლო და პროკურატურა ერთად, სხვა მიზნის მიღწევას ცდილობენ.

„ან ბრალდება დაუსაბუთებელია, არალოგიკურია და ბრალი არ მტკიცდება, ან პროკურატურას და სასამართლოს ინტერესშია ერთობლივად, რაც შეიძლება მეტი დრო გავიდეს, რომ რეზონანსული აღარ იყოს, ან ნაკლებად რეზონანსული იყოს ამ ბრალდებულების გამართლება. შესაძლოა, სხვა მიზნები ჰქონდეს ამ სისხლის სამართლის საქმეს, ვერაფერს გამორიცხავ, ეს ისეთი ამბავია,“ – თავის ვერსიას გვიზიარებს არჩილ ჩოფიკაშვილი და გვიხსნის, რატომ არ შეიძლება დასჭირდეს რომელიმე სისხლის სამართლის საქმის განხილვას 9 წელი.

„ფაქტია, რომ 9 წელი არანაირი საქმის განხილვას არ სჭირდება ობიექტურად, თუნდაც მოსამართლე შეიცვალოს და რა გარემოებებიც არ უნდა იყოს საქმეში. კანონით განსაზღვრული 2 წელი საკმაოდ დიდი ვადაა იმისთვის, რომ ნებისმიერი კატეგორიისა და სიმძიმის სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს პირველი ინსტანციის სასამართლომ.

თუმცა პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა ბრალდებულები პატიმრობაში არ არიან და ჭიანურდება საქმის განხილვა. მოსამართლეები ამ დროს უთითებენ იმას, რომ მოსამართლეების ნაკლებობაა, თუმცა ამ კუთხით არაფერი იცვლება. სასამართლოს შეფასების თითქმის ყველა ანგარიშშია ამაზეა საუბარი, რომ ჭიანურდება საქმეების განხილვა, მაგრამ გარდა იმ პრეტენზიებისა, რაც ისმის სასამართლო ხელისუფლებაზე, რომ კლანური მმართველობაა და ასე შემდეგ, სასამართლო საქმის განხილვის ვადებსაც არ იცავს. შესაძლოა, ვერ იცავს და ამის ობიექტური მიზეზიც არსებობს, მაგრამ სათანადო რეაგირება არ ხდება ამ ტიპის დარღვევებზე,“ – მიიჩნევს იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი.

რას მიაღწევს მსჯავრდებული, თუ მას კანონით განსაზღვრული ორწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ გამოუტანეს განაჩენი? – ადვოკატს არ ახსენდება პრაქტიკაში შემთხვევა, როცა ვინმემ გაასაჩივრა გაჭიანურებულ სასამართლო განხილვების შემდეგ მიღებული განაჩენი.

„ეს არის პროცედურული დარღვევა. შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოზე მიმართვა და ეგ ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად, მაგრამ დიდი ალბათობით შედეგზე ვერ მოახდენს გავლენას, თუ არ იკვეთება სხვა დარღვევები.

საქმე, რომელზეც მესაუბრებით, განსაკუთრებული კატეგორიის საქმეა, სადაც ფაქტია, რომ დანაშაულზე რეაგირება და დაზარალებულების უფლებების აღდგენა, დამნაშავეების დასჯა არ შედის შესაბამისი ორგანოების ინტერესებში, მათ გეგმებსა და მიზნებში,“ – კატეგორიულია ადვოკატის შეფასება.

არჩილ ჩოფიკაშვილი დასძენს, რომ პროკურატურასაც უნდა ეაქტიურა, მაგალითად, მიემართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, როცა ცხადი გახდა პროცესის გაჭიანურება.

„პროკურატურის მხრიდანაც რომ ყოფილიყო დაინტერესება, ასე თაროზე ვერ შემოდებდნენ ამ საქმეს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეეძლო, თავისი ინიციატივითაც განეხილა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, შეიძლებოდა ასევე სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა, როდესაც სახელმწიფოს ინტერესშია, რომ საქმე დროულად დასრულდეს და არ გაჭიანურდეს. ამის პრაქტიკა არსებობს [სათადარიგო მოსამართლის დანიშვნა] – რა ეტაპზეც შეწყვეტს საქმის განხილვას საქმის განმხილველი მოსამართლე, სათადარიგო იმ ეტაპიდან განაგრძობდა საქმის განხილვას.

ნება რომ ყოფილიყო, არანაირი პრობლემა არ იქნება ვადებთან დაკავშირებით,“ – უთხრა „ბათუმელებს“ იურისტმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

განიხილა თუ არა, ან მიიღო თუ არა რაიმე სახის გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის“ გაჭიანურებაზე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ არ ახსენდებათ ღია სხდომაზე ამ საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა დაგვპირდნენ, რომ საკითხს მოიკვლევდნენ და დაგვიკავშირდებიან.

ნანა კაკაბაძე: „9 წელი მართლაც ძალიან დიდი დროა“

„ვერ ვიხსენებ. საქმეები ჯანჯლდება, გადატვირთულები არიან მოსამართლეები, თუმცა 9 წელი მართლაც ძალიან დიდი დროა,“ – გვითხრა უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ. მას ვთხოვეთ პრეცედენტის გახსენება, როცა 9 წელი საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც კი არ დასრულდა. უფრო მეტიც, ხელახლა დაიწყო იმის გამო, რომ საქმეზე არ დანიშნეს სათადარიგო მოსამართლე.

ეს არის პოლიტიკური ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხიც, როცა ვისმენდით დაპირებას, რომ ციხეებში ჩადენილ დანაშაულებზე ადამიანები პასუხს აგებდნენ? – ესეც ვკითხეთ უფლებადამცველს, რომელიც „ქართულ ოცნების“ ღია მხარდამჭერია. ნანა კაკაბაძეს აქცენტი სტრასბურგის სასამართლოზე გადააქვს.

„გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა, ამაში ისევ სტრასბურგის სასამართლო უნდა ჩაერიოს…

ეს სამწუხარო ფაქტია, რადგან საშუალება ეძლევა თუნდაც დაინტერესებულ პირებს, როცა საქმე დაუსრულებლად იწელება. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც არის ჩვენთვის სავალდებულოდ გასათვალისწინებელი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს გონივრულ ვადაში მიღებული. ამ საქმის ეფექტს როგორც იგრძნობენ ყოფილი პატიმრები, თუ ვერც კი მოესწრებიან საქმის დასრულებას და დამნაშავე პირის დასჯას? როცა ასე გაჯანჯლებულია პროცესი, უფლებადამცველებს შეუძლიათ თქვან, რომ როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს საქმე დაზარალებულებისთვის, ეს იქნება დადებითი, თუ უარყოფითი, ეს შედეგი ვეღარ იქნება ეფექტური,“ – გვითხრა ნანა კაკაბაძემ.

რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა ბათუმის ციხეში წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამო ამ დრომდე არავინ დასჯილა? – შეკითხვით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მივმართეთ. კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ მოგვწერა, რომ საზღვარგარეთ აქვს შეხვედრები და კომენტარისთვის არ სცალია. ორი დღე უშედეგოდ ველოდით ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალუდა ღუდუშაურის შეფასებას.

თამარ კორძაია: „ეს თემა ოცნებისთვის უკვე აღარ არის პოლიტიკურად წამგებიანი…“

„იმ საქმეებზეც კი, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა „ნაციონალური მოძრაობა“, არავითარი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგეს,“ – „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლა ახსენდება პარლამენტის წევრ თამარ კორძაიას, როცა მას „ბათუმის ციხის ყოფილი უფროსების საქმის“ შესახებ ვკითხეთ.

დეპუტატისთვის ეს საქმეც მკაფიო მაჩვენებელია იმის, რომ სასამართლოს მართავს კლანი, რომლის მიზანი არ არის მართლმსაჯულების დადგენა.

თამარ კორძაია

„სისტემა ინარჩუნებს ერთგულ ადამიანებს, მეტი არაფერი. ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფერზე წავიდნენ, ოღონდაც დარჩნენ სისტემაში და იყვნენ ხელისუფლებასთან კარგად, ინარჩუნებენ ერთმანეთს.

რა თქმა უნდა, ეს პროცესი არის ხელოვნურად გაჭიანურებული და ზუსტად ამ სასამართლო ქეისიდან ჩანს, რატომ იყო მურუსიძე-ჩინჩალაძის გადმოპორტირება ამ ხელისუფლებაში კლანური მმართველობის ნიშანი. ადამიანები, რომლებიც უსამართლოდ მართლმსაჯულებას ანადგურებდნენ, დარჩნენ და დაასამარეს მართლმსაჯულება საბოლოოდ ამ ხელისუფლების პირობებში.

მთავარია ის, რომ ადამიანებმა, ყოფილმა პატიმრებმა დღემდე ვერ ნახეს სამართალი, ხელისუფლების შეცვლიდან 11 წელი გავიდა და ამ ადამიანებს ძილშიც ეღვიძებათ სიმწრისგან, როგორც ეს პროცესზე აღწერეს და თქვენს რეპორტაჟში ვნახე. ამ სტატიის შემდეგაც ხომ არავის გაუჩნდება განცდა, რომ ოდესმე შეიძლება სამართალს მიაღწიო საქართველოში? ეს საქმე ხომ კიდევ წლობით გაგრძელდება, პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ სააპელაციოა, შემდეგ – კასაცია,“ – ამბობს თამარ კორძაია.

რატომ შეიძლება არ იყოს არგუმენტი „ქართული ოცნებისთვის“ ის, რომ სასამართლოს საქმეებში ვერ ჩაერევიან?

„ეს აბსურდია. სასამართლოს უნდა ჰქონდეს ეს პასუხისმგებლობა და არ აკეთებს, რადგან დასანქცირებული მოსამართლეები მართავენ სასამართლოს. „ოცნება“ მუდმივად ამას ამბობს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ დამოუკიდებელი არ არის და ემორჩილება ერთ პოლიტიკურ გუნდს,“ – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

პოლიტიკურად წამგებიანია „ოცნებისთვის“, როცა ციხეში ჩადენილ დანაშაულზე დამნაშავეები არ ისჯებიან? – ვეკითხებით საუბრის ბოლოს პარლამენტის დამოუკიდებელ წევრს.

„უკვე აღარ არის ეს თემა პოლიტიკურად წამგებიანი. მათ სისტემა მთლიანად დაიმორჩილეს, თითო-ოროლა ადამიანის ბედი მათთვის არსებითი არ არის. რამდენი ყოფილი პატიმარიცაა ამ საქმეში, იმდენი ხმაა ეს „ოცნებისთვის“ და იმათაც ეტყვიან, რომ ახალი მოსამართლე აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, დაისჯებიან დამნაშავეები და ასე შემდეგ.

არაფერი არ იცვლება სამწუხაროდ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თამარ კორძაიამ.

 

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

____

ამ თემაზე:

ყოფილი პატიმარი: შეიძლება დედის სახე დამავიწყდეს, მაგრამ მათი – არასოდეს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: