მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა ვჭამოთ მაღალი ქოლესტერინის დროს – ენდოკრინოლოგის რჩევები

14.09.2023 • 73614
რა ვჭამოთ მაღალი ქოლესტერინის დროს – ენდოკრინოლოგის რჩევები

სისხლში ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც გულის დაავადებისა და მიოკარდიუმის ინფარქტის რისკებს ზრდის. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში გვეხმარება, თუმცა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგის, თეონა გოგიტიძის თქმით, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა და ჯანსაღი კვება. ენდოკრინოლოგი პასუხობს „ბათუმელების“ კითხვებს – რომელი საკვებია კატეგორიულად დაუშვებელი მაღალი ქოლესტერინის დროს, რომელი – სასარგებლო და რატომ. 

  • თავიდან რომ განვსაზღვროთ, რა არის მაღალი ქოლესტერინის რისკ-ფაქტორები?

ქოლესტერინის მაღალი დონის რისკ-ჯგუფში არიან პაციენტები, ვისაც აქვს პირველ რიგში გენეტიკური წინასწარგანწყობა მაღალი ქოლესტერინისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების მიმართ; ის პაციენტები, ვისაც აქვთ ჭარბი წონა/გაცხიმოვნება და დაბალი ფიზიკური აქტივობა; ასევე, ადამიანები ,რომელთაც აწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

  • რა მნიშვნელობა აქვს მკურნალობის პროცესში ცხოვრების არაჯანსაღი წესის შეცვლას?

ეს უცილებელი პირობაა. სამწუხაროდ, კვების რაციონში ე.წ. ფასთ ფუდის მოჭარბებამ და არანორმირებულმა სამუშაო რეჟიმმა, მოამატა წონა და შეგვიმცირა ფიზიკური აქტივობა; ფიზიკური აქტივობის მომატება ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი ჯანმრთელობისთვის. მართალია, პირდაპირ ქოლესტერინის დაქვეითებას არ იწვევს, მაგრამ იწვევს წონის კორექციას, ხელს უშლის ჭარბი წონის განვითარებას და იმას, რომ არ დაირღვეს ცხიმოვანი ცვლა.

ჯანსაღი ცხოვრების წესი ასევე გულისხმობს ისეთ მავნე ჩვევებზე უარის თქმას, როგორიცაა თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება.

  • როგორი საკვები არ უწყობს ხელს ან აძლიერებს ქოლესტერინის დონის მატებას?

ქოლესტერინი ძირითადად უფრო გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიაა, თუმცა ენდოკრინოლოგიური პრობლემაცაა იმდენად, რამდენადაც ე.წ. მეტაბოლური სინდრომის მქონე ადამიანებს უფრო მეტად აქვთ გამოხატული მაღალი ქოლესტერინი და დარღვეული ლიპიდური ცვლა. 

ჯანდაცვის სამინისტრო: „მეტაბოლური სინდრომით“ აღინიშნება კლასტერად წოდებული დარღვევათა კომპლექსი, რომელსაც ახასიათებს ცენტრალური ტიპის სიმსუქნე, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, ჰიპერტენზია და ათეროგენული დისლიპიდემია, რაც შეიძლება წარმოჩინდეს ტრიგლიცერიდების დონის მატებით და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტეროლის მომატებით.

ბუნებრივია, იმ პაციენტებში, ვისაც აქვთ ეს რისკ-ფაქტორები და ეს კლინიკური სინდრომები, უფრო მეტად არის მაღალი ქოლესტერინის განვითარების რისკი და მათ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ კვების რაციონთან მიმართებაში.

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეიზღუდოს ცხიმიანი პროდუქტები.

საქმე ის არის, რომ ამ პროდუქტებშიც ცხიმოვანი შემცველობა სხვადასხვაა. მაგალითად, არის სასარგებლო ცხიმები და არის მავნე ცხიმები. მაგალითად, ცხიმი რომელიც თხევად მდგომარეობაშია – ზეითუნის ზეთი, მზესუმზირას ზეთი, ქოქოსის ზეთი – შედარებით უფრო სასარგებლოა ვიდრე მყარი ცხიმები – ჩვეულებრივი რაფინირებული კარაქი, მარგარინი და ამ ცხიმებისგან დამზადებული პროდუქტები (მაგალითად, მაიონეზი). თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თხევადი ცხიმიც რეკომენდებულია ზომიერი დოზით. 

კატეგორიულად აკრძალულია ცხიმიანი ხორცი, რომელიც დამზადებულია, შემწვარია ცხიმში. ნაკლებად საზიანოა უცხიმო თევზი, ორთქლზე მოხარშული და არა შემწვარი

არ შეიძლება სახლში მომზადებული რძის პროდუქტები, მაგალითად: სახლის მაწონი, სახლის ყველი, სულგუნი. უფრო სასარგებლო და ნაკლებად საზიანოა მოხდილი რძით მომზადებული ყველი, მაგალითად ასეთია აჭარული დაწნული (ჩეჩილი) ყველი, რომელიც უცხიმო რძისგან მზადდება. რაც უფრო ნაკლებ ცხიმიანი იქნება, მით უკეთესია.

რძის პროდუქტების შეძენისას, იქნება ეს იოგურტი, ხაჭო თუ კეფირი, ყურადღება მიაქციეთ, რომ მათი შემცველი რძე იყოს ქარხნული წესით დამზადებული და ნაკლებ ცხიმიანი.

  • რა პროდუქტებია სასარგებლო მაღალი ქოლესტერინის დროს?

მარცვლეული პროდუქტები, ძირითადად შვრია და ქერი, სასარგებლოა ჩიასა და სელის მარცვლები, ხილიდან ძალიან კარგია ავოკადო, სასარგებლოა ნებისმიერი ბოსტნეული, მაგრამ არა კარტოფილი. ასევე, ნაკლებ სასარგებლოა ამ დროს სტაფილო და ჭარხალიც, რადგან მათში ჭარბადაა ნახშირწყლები.

სხვადასხვა პროდუქტი სხვადასხვა ეფექტით ზემოქმედებს მაღალ ქოლესტერინზე. მაგალითად ჩიასა და სელის თესლი ცხიმოვან ცვლაზე კარგ გავლენას ახდენს იმის გამო, რომ აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება და კუჭ-ნაწლავისთვის სასარგებლოა; გარდა ამისა, სელის თესლი გამოირჩევა იმით, რომ მიღების შემდეგ, ჩიას თესლის მსგავსად, ის ირჯვება კუჭში და ფაქტობრივად ავსებს კუჭის მასას, რის შემდეგაც პაციენტს უქვეითდება შიმშილის გრძნობა, ამ გზით დანაყრების ეფექტი კარგ გავლენას ახდენს წონის კლებაზე.

ბოსტნეული აუცილებელია, რადგან ეს არის ცელულოზა, ის ანელებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საჭმლის მონელების პროცესს და ახანგრძლივებს შეწოვას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ სწორად გადანაწილდეს და ადეკვატურად შეიწოვოს ის ცხიმები, ნახშირწყლები და სხვა მინერალები, რაც საჭმელთან ერთად ჩადის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

__________________________

MayoClinic-ის რეკომენდაციები ქოლესტერინის დასაწევად:

შვრია და ბოჭკოვანი საკვები – შვრიის ფაფა შეიცავს ხსნად ბოჭკოს, რომელიც ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს, იგივე “ცუდ” ქოლესტერინს. ხსნადი ბოჭკო ასევე გვხვდება ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ლობიო, ბრიუსელის კომბოსტო, ვაშლი და მსხალი.

ხსნად ბოჭკოს შეუძლია შეამციროს ქოლესტერინის შეწოვა თქვენს სისხლში. 5-10 გრამი ან მეტი ხსნადი ბოჭკო დღეში ამცირებს “ცუდ” ქოლესტერინს.

საუზმეზე შვრიის ფაფის ან შვრიის ქატოს ერთი ულუფა უზრუნველყოფს 3-დან 4 გრამ ბოჭკოს. თუ დაამატებთ ისეთ ხილს, როგორიცაა ბანანი ან კენკრა, კიდევ უფრო მეტ ბოჭკოს მიიღებთ.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვები – ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები არ ზემოქმედებს დაბალი სიმკვრივის (ანუ ცუდ) ქოლესტერინზე, მაგრამ მათ გულის ჯანმრთელობისთვის სხვა სარგებელი აქვთ, მაგალითად ეხმარება არტერიული წნევის დაქვეითებას. ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების შემცველ საკვებს მიეკუთვნება უცხიმო თევზი (არა შემწვარი), ნიგოზი და სელის თესლი.

ნუში და სხვა თხილი – ნუშის და დანარჩენ, ხის თხილს შეუძლია გააუმჯობესოს სისხლში ქოლესტერინი. კვლევებმა აჩვენა, რომ ნიგოზს, რომელიც შეიცავს ომეგა3 ცხიმებს, შეუძლია დაიცვას გული და შეამციროს გულის შეტევის რისკი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ გულის დაავადება. ყველა თხილი მაღალკალორიულია, ამიტომ სალათაში, ან ისე მირთმეული, ერთი მუჭაც საკმარისი იქნება.

ავოკადო – არის საკვები ნივთიერებების, ასევე მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავების კარგი წყარო. კვლევა ვარაუდობს, რომ ავოკადოს ბოჭკოებს შეუძლიათ გააუმჯობესონ “კარგი” ქოლესტერინის დონე და “ცუდი” ქოლესტერინის ხარისხი. კვირაში ორი ულუფა ავოკადოს მირთმევას შეუძლია შეიძლება შეამციროს გულის დაავადების რისკი.

შეზღუდეთ გაჯერებული და ტრანს ცხიმები – გაჯერებული ცხიმები, როგორიცაა ხორცი, კარაქი, ყველი და სხვა სრულცხიმოვანი რძის პროდუქტები, ზრდის თქვენს მთლიან ქოლესტერინს. ტრანს ცხიმები, რომლებიც ზოგჯერ მითითებულია საკვების ეტიკეტზე, როგორც “ნაწილობრივ ჰიდროგენიზირებული მცენარეული ზეთი”, ხშირად გამოიყენება მარგარინებში და მაღაზიაში ნაყიდ ფუნთუშებში, კრეკერებსა და ნამცხვრებში.

რას წერია დაავადებათა მართვის ეროვნულ პროტოკოლში:

ნახშირწყლების ძირითადად წყაროს რთული ნახშირწყლები უნდა წარმოადგენდეს, მათ შორის მარცვლოვანი პროდუქტები, განსაკუთრებით გაუცრელი მარცვლოვანი პროდუქტები,
ხილი და ბოსტნეული; ორგანული ნივთიერებები (უჯრედისი), რომლებიც მცენარეული პროდუქტების ჩონჩხს ქმნიან.

არსებობს ხსნადი და უხსნადი ბოჭკო. ხსნადი ბოჭკო ხელს უწყობს სისხლში ქოლესტეროლის დონის დაქვეითებას. სხნადი უჯრედისით მდიდარი მცენარეული პროდუქტებია: მარცვლოვნები (შვრია, შვრიის ბურღული და ქატო – ანაცერი, ქერი), პარკოსნები (ცერცვი, მუხუდო, ბრინჯის ქატო, ციტრუსები, ჭოტოსნები – წიწაკა), ხილი (მარწყვი და ვაშლის რბილობი);

მცენარეული ზეთების შემადგენელი ნივთიერებები თრგუნავენ ნაწლავში ქოლესტეროლის შეწოვას, ამცირებენ სისხლში საერთო ქოლესტეროლისა და „ცუდი“ ქოლესტეროლის შემცველობას 7-დან 14%-მდე. მცირე რაოდენობით გვხვდება მცენარეულ პროდუქტებში: ხილი, ბოსტნეული, თხილი, მარცვლოვნები და ბურღულეული პროდუქტები, პარკოსნები. არ ახდენენ გავლენას სისხლში “კარგი” ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: