მთავარი,სიახლეები

რატომ გაიაფდა თუთუნი – „ისეთ პირობებს გიქმნიან, რომ სოფლიდან წახვიდე“ | ვიდეო

14.09.2023 • 5008
რატომ გაიაფდა თუთუნი – „ისეთ პირობებს გიქმნიან, რომ სოფლიდან წახვიდე“ | ვიდეო

ჯემალ მამულაძე ქედაში, სოფელ კოკოტაურში ცხოვრობს. ათას კვადრატზე თამბაქო აქვს გაშენებული და როგორც „ბათუმელებს“ უთხრა, პირველი ხარისხის თუთუნი მოჰყავს.

მაგალითად, გასულ წელს 300 კილოგრამი სარეალიზაციო თუთუნი მოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში თამბაქო ძალიან გაუფასურდა, გულს მაინც არ იცრუებს და მის წარმოებას აგრძელებს.

„რაც მოვიყვანე, ყველა გავყიდე. ზოგი 40 ლარში, ზოგიც 30-ში. დაბალ კატეგორიას (ფილიჯს რომ ვეძახით), იმას ფასი არ აქვს და აღარც ვკრეფ, რადგან მოკრეფა, დამუშავება უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე გაყიდვა“, – გვეუბნება ის.

ჯემალ მამულაძის მიერ მოწეული თუთუნი/სოფელი კოკოტაური

ჯემალ მამულაძის თქმით, თუთუნი ყველაზე ძვირი პანდემიის პერიოდში იყო, ბოლო ორი წელი კი ფასი საგრძნობლად შემცირდა.

ფასის კლება, როგორც სხვა მეთამბაქოებიც გვეუბნებიან, იმპორტირებულმა ნედლეულმა გამოიწვია.

„მოიგო ვიღაცამ ტენდერი და საზღვარგარეთიდან შემოიტანა თამბაქო, ჩვენსას კი ფასი დაუვარდა. მაგრამ რა ვქნათ, რადგან ეს არის ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყარო, იაფია თუ ძვირი, მაინც უნდა ვაწარმოოთ და თავი ვირჩინოთ“, – გვეუბნება ჯემალი.

ჯემალ მამულაძე მეუღლესთან ერთად

მისი თქმით, დღეს გლეხი მხოლოდ თამბაქოს წარმოებით თავს ვეღარ ირჩენს, „თუთუნი უბრალოდ დამატებითი შემოსავალია“.

„მე რომ კარტოფილი არ მოვიყვანო, კიტრი, პომიდორი და ლობიო, მწვანილი რომ ვიყიდო, მაშინ კი ვერ ვირჩენ თავს. მე ვენახიც გავაშენე და ყურძენსაც ვყიდი, სხვანაირად არ გამოვა სოფელში ცხოვრება.

ხელისუფლებამ გლეხს ისეთი პირობები უნდა შეუქმნას, რომ კმაყოფილი იყოს სოფელში ცხოვრებით. გაჩერდეს სოფელში და დაამუშაოს მიწა. მაგრამ ბევრი ისეთიცაა, ვინც სოციალურ შემწეობაზე გახდა დამოკიდებული და მიწაზე მუშაობა აღარ უნდა“, – გვითხრა ჯემალ მამულაძემ.

თუთუნის ასხმა

„მიღირს თუ არ მიღირს, მაინც მოგვყავს ეს თუთუნი და მივყვებით ცხოვრების დინებას“, – გვეუბნება ჯემალის მეუღლე თამარი.

ჯემალ მამულაძე კი დასძენს, რომ უკეთესი იქნება, თუ ხელისუფლება დანაპირებს შეასრულებს და სადმე თამბაქოს პატარა ქარხანას გახსნის.

„დაგვპირდნენ და ვნახოთ. თუ არ შეასრულეს, ალბათ დავემდურებით“, – ამბობს ის.

აიშე ბერიძეც ამავე სოფლის მკვიდრია. 30 წელია, რაც თამბაქოს აწარმოებს და თამბაქოს ფასით ბოლო წლები ყველაზე უკმაყოფილოა.

აიშე ბერიძე

„დავრგე წელსაც და წავაგე. თუ აქამდე 50-60 ლარი ღირდა კილო თამბაქო, ახლა 15-20 ლარი ღირს. იქეთ უნდა ეხვეწო, რომ ჩაიბარონ, არავის აღარ უნდა“, – ამბობს აიშე.

ის უკმაყოფილოა მთავრობის პოლიტიკით, რადგან, მისი თქმით, ხელისუფლებამ იმპორტს კი არ უნდა დაუჭიროს მხარი, არამედ ადგილობრივ მეწარმეებს უნდა შეუწყოს ხელი.

„აგერ ნახეთ, სამი წლის თუთუნი მაქვს დაწყობილი. ვერ გავყიდე. აგერ „მეშოკებით“ დაჭრილი თუთუნიც მიდევს. არ უნდათ, სად წაიღონ, ვერც სხვები ყიდიან.

ამას ახლა ფასი რომ ჰქონდეს და 50 ლარად გავყიდო, ვალებიდან ამოვალ. ორი წლის წინ კავებადაც (ასხმული) მიჰქონდათ 25-30 ლარში და მაინც მოგებაში ვიყავი, ახლა არავის უნდა“, – გვეუბნება აიშე.

თამბაქოს ფასით ფერმერები უკმაყოფილონი არიან

მისი თქმით, სოფელში ძალიან ბევრმა ოჯახმა ან შეამცირა, ან საერთოდ შეწყვიტა თამბაქოს წარმოება. „სადღაც 20%-ს ექნება მხოლოდ დარგული და მალე ალბათ საერთოდ გადაშენდება, თუ არაფერი შეიცვალა ბაზარზე.

ვალებით ვარ გამოტენილი და ამის გამო ცოტ-ცოტას ვყიდი, რომ ფქვილი ვიყიდო. ხომ ვერ მოკვდები მშიერი. რა გამოსავალი გვაქვს. პენსია წამლებში არ მყოფნის. პატარა სახლი შევარემონტეთ და სესხი ბანკიდან ავიღე 7-8 ათასი დოლარი. ხომ უნდა გადავიხადო, ამიტომ ვწვალობ და მაგის გამო მომყავს“, – ამბობს აიშე.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება გლეხს ხელს არ შეუწყობს, სოფლები დაიცლება, რადგან მიგრაცია ისედაც მაღალია და ადამიანებს მიწაზე შრომას ემიგრაციაში წასვლა ურჩევნიათ.

„ყველა წავა აქედან და დაიპატრონებს ჩვენს მიწებს რუსი. ხომ ხედავთ, რამდენი რუსი შემოადინეს. ქალაქში რომ ვეღარ დაეტევიან, აქაც ამოვლენ და გამოგვყრიან ჩვენი სახლებიდან.

ისეთ პირობებს გვიქმნიან, რომ წახვიდე. მშობლები ბავშვებს ტოვებენ და მიდიან, ეს ბავშვებიც მძიმე მდგომარეობაში არიან, ინგრევა ოჯახებიც.

არც ფაბრიკაა, არც ქარხანა, ქალაქში თუთუნის ჩატანა უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე მოყვანა.

ბენზინი ძვირია, გზა – ძვირი, 2-3 ლარის საჭმელიც ხომ უნდა შეჭამო გზაში და რაღა დარჩა. 79 წლის ქალმა რატომ უნდა ვაძრო ფოთლებს ღეროები შუაღამემდე, ხომ შეიძლება ერთი ქარხანა ააშენონ და ჩაიბარონ თუთუნი.

„პირველი ხარისხის თუთუნიც კი 15-20 ლარი გახდა“

სულ მესმის, რომ მილიონები შემოდის ქვეყანაში, გახსნან ერთი ქარხანა, რა მოხდება. ხალხიც დასაქმდება და ჩვენც სულს მოვითქვათ ცოტას.

ჩემი პენსია წამლებში არ მყოფნის. რომ გამიჭირდა, ძროხაც გავყიდე.

ეს თუთუნიც რა არის, ჯიბის ფულია, ამით რძალს ვერ მოიყვან, მანქანას ვერ იყიდი და რაიმეს ვერ შეიძენ. მაგრამ სხვა საარსებო რომ არ გვაქვს, მაინც მოგვყავს. თუ ფასი გაეზრდება, მაშინ ეღირება ჩვენი შრომაც“, – ამბობს აიშე ბერიძე.

თამბაქო/ სოფელი კოკოტაური

როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის გლეხის მხარეს სახელმწიფო? – ვკითხეთ მას. აიშეს აზრით, „იმიტომ, რომ ივანიშვილს ქართველები არ უყვარს“.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დღეს ოფიციალურად ხელისუფლებაში არ არის, აიშეც მიიჩნევს, რომ ქვეყანას რეალურად მაინც ის მართავს.

„სალომე ზურაბიშვილმა რომ კაი თქვა, ხომ ხედავთ, სკამი უნდა გამოუშალონ. არ გამოვა ამათგან არაფერი. ამ პოლიტიკოსებმა ჩაამთხლევეს საქმე. შვილებს, შვილიშვილებს, არდაბადებულს, იმათთვის გამზადებული აქვთ თითო „მეშოკი“ დოლარები ხალხის ზურგით, ჩვენთვის კი ვინმე არ ადგება, ჩვენთვის ვინმე არ ლაპარაკობს, იფხანენ მათთვის, ასეა ეს“, – მიიჩნევს აიშე.

აიშე ამბობს, რომ პოლიტიკა ძალიან აინტერესებს და არ მოსწონს, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურნალისტებს და ოპონენტებს თავს ესხმიან.

„ჩემთვის ეს მიუღებელია. 79 წლის ქალი გავხდი და ამფერი დრო ჯერ არ მინახავს, – თან გაჭირვება და თან, სიმართლე რომ თქვა, დაგესევიან და მოგკლავენ ცემაში.

ჟურნალისტებზე არც დარტყმა შეიძლება და არც მოკლა შეიძლება. „ოცნების“ ხალხმა, აქტივისტებს, პოლიტიკოსებს თავზე ურტყეს გურიაში, რა უფლებით? ხანდახან ნერვებზე ვსკდები, ამ ყველაფერს რომ ვუყურებ“, – გვეუბნება აიშე.

მას ცვლილებების იმედი აქვს, რადგან, მისი აზრით, თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება ქვეყანაში. მას არც რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკა მოსწონს.

„რატომ უნდა მივცე რუსს ამხელა უფლება. 3 ათასი კაცი მოკლა რუსმა აქ. რუსეთს მხარს დავუჭერ? რა წვიტი (პატარა) ბაღნები მოკლეს უკრაინაში, ქართველები რამდენი მოკვდნენ ომში? ცეცხლი მეკიდება…

მე მარტო ჩემთვის არ ვიბრძვი. მინდა, რომ ჩვენმა შთამომავლობამ ცოტა სული მოითქვას და მშიერი ნუ იქნება“, – გვეუბნება ის.

გინდათ რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭოს? – ვკითხეთ მას.

„აბა არ მინდა? იქნებ პენსია მომემატოს. მაგრამ „ქართული ოცნება“ ხელს უშლის ამ ყველაფერს. რუსეთი უნდა ბიძინას. ხელს უწყობენ რუსებს. ვერ ჩაკეტა (საზღვარი)? ეს რუსები შემოადინეს პუტინმა და ივანიშვილმა“, – ამბობს ქალი.

მისი თქმით, ხელისუფლება სოფლად მცხოვრებ ხალხს აყვედრის, რომ სოფელში გზა და გაზი გაჰყავთ, თუმცა აიშე მიიჩნევს, რომ სამადლობელი არაფერი აქვს.

„მე გამიკეთა რამე? გზა ვჭამო?… გზა თუ შემოჰყავს და გაზი, ვალდებულია. ტყუილად ხომ არ გვაძლევს, გადასახადი უნდა გადავიხადოთ“, – ამბობს აიშე ბერიძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: