მთავარი,სიახლეები

შოვიდან დაბრუნებულ ვერტმფრენს ნახევარმილიონიანი დეტალის შეცვლა სჭირდება

13.09.2023 • 18960
შოვიდან დაბრუნებულ ვერტმფრენს ნახევარმილიონიანი დეტალის შეცვლა სჭირდება

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხულ შვეულმფრენს, რომელიც პოლიციის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში მუშაობდა, დაზიანებული აქვს კუდა ხრახნი, რომლის შეცვლას ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დასჭირდება.

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად 2023 წლის 12 სექტემბერს მიმართა.

სასაზღვრო პოლიცია ერთი კომპლექტი კუდა ხრახნის შეძენას 586 ათას 501 ლარად გეგმავს.

„Ми-8 МТВ-1 ტიპის შვეულმფრენი, ბორტი GBP-10009, იღებდა მონაწილეობას ონის რაიონში (შოვი) მეწყრის ჩამოწოლის შედეგად მომხდარი სტიქიის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში.

ონის რაიონიდან (შოვი) დაბრუნების შემდეგ, კუდა ხრახნის მილისას, ღერძულა სახსრის (წითელი) შემამჭიდროებელი რეზინიდან შეინიშნება ზეთის ჟონვა, რაც გამოიწვევს შვეულმფრენის GBP-10009 გაჩერებას გაურკვეველი ვადით.

ზემოთ აღნიშნული საფრენი აპარატით ხორციელდება: სამაშველო სამუშაოები, სამთავრობო ფრენები და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფების როტაციები. აქედან გამომდინარე საფრენი აპარატის გაჩერება გამოიწვევს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის საქმიანობის შეფერხებით მუშაობას. აქვე მოგახსენებთ, რომ საავიაციო მარაგებში კუდა ხრახნი არ გაგვაჩნია.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში გთხოვთ, დაავალოთ თქვენდამი დაქვემდებარებულ შესაბამის სამსახურებს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განახორციელონ შესაბამისი პროცედურები კუდა ხრახნის 246-3904-000 სერია „01“ კომპლექტის, ლოპოტებით 246-3925-00 უმოკლეს ვადებში შესაძენად.“ – აღნიშნულია სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დირექტორის მიერ 2023 წლის 23 აგვისტოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსისადმი გაგზავნილ პატაკში.

შვეულმფრენი, ბორტი GBP-10009 / ფოტო: შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ შარაძემ პატაკი – გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად – 2023 წლის 8 სექტემბერს გაუგზავნა. თანხმობა მინისტრმა 11 სექტემბერს გასცა.

სასაზღვრო პოლიცია კუდა ხრახნის შესყიდვას შპს „ავიასერვისისგან“ გეგმავს.

შოვში მეწყერი 2023 წლის 3 აგვისტოს ჩამოწვა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 32 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი, 1 პირის ძებნა კი, გრძელდება.

რაჭაში განვითარებული სტიქიის ფონზე კვლავ აქტუალური გახდა სამაშველო ვერტმფრენების საკითხი. შესაბამისად აღჭურვილი ვერტმფრენები საქართველოს დღემდე არ აქვს, თუმცა ხელისუფლება მათ შეძენაზე თითქმის 10 წელია საუბრობს.

ამ თემაზე ვრცლად:

8 ადამიანი დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად – საქართველოში გლოვის დღეა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: