მთავარი,სიახლეები

10 ფილმი, რომლებიც ბათუმის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

15.09.2023 • 2212
10 ფილმი, რომლებიც ბათუმის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

17 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF-ი გაიხსნება. კინოფესტივალი, რომელიც უკვე 18 წელია იმართება ბათუმში, ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 24 სექტემბერს დასრულდება. ამ პერიოდში ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ და ევროპის მოედანზე 25 სრულმეტრაჟიანი, მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება ნაჩვენები 30-ზე მეტი ქვეყნიდან.

წელს ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ასევე CINEDOC Tbilisi – დოკუმენტური ფესტივალის საკონკურსო (ქართული ფილმები) და სპეციალური ჩვენების სექციის დოკუმენტური ფილმები.

კინოფესტივალის პროგრამა უკვე ცნობილია. „ბათუმელები“ ტრადიციულად გთავაზობთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომელთაც ბათუმში ჩვენებამდე უკვე მიიქციეს სხვადასხვა კინოფესტივალზე ყურადღება და ინტერესი და კარგი შეფასებაც დაიმსახურეს. წელს ამ ჩამონათვალში რამდენიმე ქართული ფილმია.

  • „იარე, ლიზა“ – რეჟისორი ნანა ჯანელიძე

ნანა ჯანელიძის ეს ფილმი საქართველო-ბულგარეთის კოპროდუქციაა. ფილმი ჟურნალისტ ქალზეა, რომელსაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ომის რეპორტიორის გამოცდილება აქვს.

„ძალიან რთულ ჟანრამდე მივედით, ეს არის გზის ფილმი, roud movie რასაც ჰქვია. მთავარი პერსონაჟია რეპორტიორი, რომელმაც გამოიარა ომი, მაგრამ ომი წითელ ხაზად გაჰყვა მთელ მის ცხოვრებას და ომი მას ვერ ასვენებს“ – თქვა ნანა ჯანელიძემ ფილმზე მუშაობისას.

ფილმი BIAFF-ზე სექცია „ქართულ პანორამაში“ იქნება ნაჩვენები 18 სექტემბერს.

  • „დროის წესრიგი“ – რეჟისორი ლილიანა კავანი

ცნობილი იტალიელი რეჟისორის, ლილიანა კავანის ახალი, 2023 წელს გადაღებული ფილმი მეგობრებზეა, რომლებიც ვილაში იკრიბებიან და მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ სამყაროს აღსასრულამდე სულ რამდენიმე საათი რჩება.

ფილმის პრემიერა წელს, აგვისტოში შედგა ვენეციის კინოფესტივალზე.

ბათუმის კინოფესტივალზე ფილმი ნაჩვენები იქნება სექციაში – „დიდოსტათა კოლექცია“.

  • „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ – ანნა ძიაპშიპა

ანნა ძიაპშიპას „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ დოკუმენტური ფილმია.

ფილმში ანნა ძიაპშიპა აერთიანებს არქივებსა და ფრაგმენტებს, რათა შექმნას საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობის პერსონალური და პოლიტიკური ბიოგრაფია. დოკუმენტური ფილმის შთაგონების წყარო რეჟისორისთვის გახდა საკუთარი, ქართულ-აფხაზური ოჯახის ბიოგრაფია.

2023 წლის აპრილში ფილმს გადაეცა ჟიურის პრიზი საერთაშორისო კინოფესტივალზე „Visions du Réel“.

ფილმს კინოფესტივალზე 22 სექტემბერს აჩვენებენ.

  • „მშრალი ბალახების შესახებ“ – რეჟისორი ნური ბილე ჯეილანი

ცნობილი თურქი რეჟისორის, ნური ბილე ჯეილანის ფილმი მასწავლებელზეა, რომელიც აღმოსავლეთ ანატოლიის შორეულ რაიონში მსახურობს. იგი იმედოვნებს, რომ პატარა სოფელში სავალდებულო სამსახურის შემდეგ სტამბოლში იმუშავებს, თუმცა თანდათან კარგავს პირქუში ცხოვრებიდან თავის დაღწევის ყოველგვარ იმედს.

ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა, მერვე დიზდარმა წელს კანის კინოფესტივალის პრიზი მიიღო საუკეთესოდ შესრულებული როლისთვის.

  • „მოქალაქე წმინდანი“ – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი

სცენარის თანახმად, მოქმედება მაღაროელების ქალაქში ხდება, რომლის მცხოვრებლებსაც ჰყავთ წმინდანი, მისი ქანდაკება ქალაქის მთავარ მოედანზე დგას. ერთ დღესაც ქანდაკება გაცოცხლდება, წმინდანი მოქალაქეებს შორის დაიდებს ბინას. მისი გაცოცხლება და რიგით მოქალაქედ ქცევა ქალაქის მოსახლეობას აწუხებს და არ იციან, როგორ მოიქცნენ.

წელს, ივლისში, „მოქალაქე წმინდანი“ კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ეკუმენური ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა.

„მოქალაქე წმინდანი“ ბათუმის კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება 21 სექტემბერს.

კადრი ფილმიდან. ფოტო: imdb.com

  • „ღმერთის ძახილი“ – რეჟისორი კიმ კი-დუკი

„ღმერთის ძახილი“სამხრეთ კორეელი რეჟისორის, კიმ კი-დუკის ბოლო ფილმია, რომლის დასრულებამდე იგი კოვიდით გარდაიცვალა.

ფილმის პრემიერა კონკურსის გარეშე შედგა ვენეციის კინოფესტივალზე.

  • „შაშვი შაშვი მაყვალი“ – რეჟისორი ელენე ნავერიანი

„შაშვი შაშვი მაყვალი“ ელენე ნავერიანმა თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღო. ფილმის პრემიერა წელს გაიმართა კანის კინოფესტივალზე, დამოუკიდებელ სექციაში – „Quinzaine des cinéastes“.

წელს ბათუმის კინოფესტივალზე ელენე ნავერიანის ფილმს ალბათ ყველაზე მეტი მაყურებელი ეყოლება – ფილმის ქართული პრემიერა ბათუმში შედგება.

„შაშვი შაშვი მაყვალში“ მთავარ როლს ბათუმელი მსახიობი, ეკა ჩავლეიშვილი ასრულებს, რომელიც წელს სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა. ამავე ფესტივალზე „შაშვი შაშვი მაყვალი“ ჟიურიმ საუკეთესო მხატვრულ ფილმად დაასახელა.

ფილმი ბათუმის კინოფესტივალზე 22 და 24 სექტემბერს იქნება ნაჩვენები.

  • „კრიტიკული ზონა“ – რეჟისორი ალი აჰმადზადე

ირანელი რეჟისორის, ალი აჰმადზადეს ფილმი მარტოხელა კაცზეა, რომელიც თავის ძაღლთან ერთად თეირანის ჯურღმულებში ნარკოტიკებით ვაჭრობს, უმიზნოდ მოძრაობს ქალაქის ქუჩებში, მიჰყვება GPS-ს, რათა გაექცეს ქალაქს, რომელსაც მომავალი არა აქვს.

ფილმმა წელს ლოკარნოს კინოფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს ლეოპარდი“ მიიღო.

  • „მოტაცებული“ – რეჟისორი მარკო ბელოკიო 

იტალიელი რეჟისორის 2023 წლის ფილმი იტალიაში, ბოლონიაში მცხოვრები ახალგაზრდა ებრაელი ბიჭის, ედგარდო მორტარას ისტორიაა, რომელიც 1858 წელს, ფარულად მონათვლის შემდეგ, იძულებით წაიყვანეს ოჯახიდან ქრისტიანად აღზრდის მიზნით. მისი მშობლების ბრძოლა შვილის გასათავისუფლებლად გახდა დიდი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი.

ფილმი წელს კანის კინოფესტივალის მთავარ ჯილდოზე იყო ნომინირებული.

  • „მწვანე საზღვარი“ – რეჟისორი აგნეშკა ჰოლანდი

პოლონელი რეჟისორის, აგნეშკა ჰოლანდის ფილმი გვიამბობს სირიელი ლტოლვილების ოჯახზე, ინგლისურის მასწავლებელზე ავღანეთიდან და მესაზღვრეზე, რომლებიც ერთმანეთს პოლონეთ-ბელორუსის საზღვარზე ხვდებიან.

imdb-ის თანახმად, პოლონელი რეჟისორის ახალ ფილმს უკვე 13 პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი.

ფილმი BIAFF-ზე 23 სექტემბერს იქნება ნაჩვენები.

__________________

მთავარ ფოტოზე: „შაშვი შაშვი მაყვალი“ – კადრი ფილმიდან

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/495402/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: