მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რაზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივი დაღლილობა – ექიმის რჩევები

12.09.2023 • 4599
რაზე შეიძლება მიანიშნებდეს მუდმივი დაღლილობა – ექიმის რჩევები

დაღლილობა ძალიან ხშირი სიმპტომია, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი განიცდის ხანმოკლე ავადმყოფობის დროს. დაღლილობა ჩვეულებრივ ქრება, როდესაც დაავადება დასრულდა, მაგრამ ზოგჯერ ის ხანგრძლივდება და დაღლილობის გრძნობა დასვენების შემდეგაც არ ქრება. „მედცენტრის“ თერაპევტი, თამარ დონდუა საუბრობს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობაზე მიგვანიშნებდეს.

  • ქალბატონო თამარ, როგორ განისაზღვრება ქრონიკული დაღლილობა?

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ძალიან გავრცელებულია და გამოირჩევა ჩვეულებრივი დაღლილობისგან იმით, რომ ადამიანი დილიდანვე იღვიძებს უკვე დაღლილი. ნებისმიერ დროს, როცა რაღაც უჩვეულო მდგომარეობაშია პაციენტი, თუ თვლის, რომ მისი ფიზიკური აქტივობა, რითაც დატვირთულია, შეუსაბამოა იმ მდგომარეობასთან, იმ დაღლილობასთან, რასაც განიცდის, უნდა მიმართოს ექიმს.

ქრონიკულ დაღლილობაზე შეიძლება საუბარი მაშინ, როცა ეს სიმპტომები გრძელდება თვეზე მეტ ხანს, ასეთ დროს უნდა მივმართოთ ექიმს და დადგინდეს – ეს არის სხვა დაავადების თანმხლები მდგომარეობა, თუ თავისთავად რაღაც მიზეზებით გამოწვეული სიმპტომატური მდგომარეობა.

  • რა შეიძლება იყოს ასეთი გახანგრძლივებული დაღლილობის მიზეზი?

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს საჭიროა დიაგნოსტიკა, რადგან მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა სომატური დაავადება, მაგალითად, როგორიცაა სისხლნაკლებობა ანუ ანემია, ჰიპოთირეოზი, დეპრესია, უძილობა, ასევე ხვრინვა და ძილის აპნოე, რომელიც ცალკე დაავადება და რის გამოც შეიძლება ადამიანი დილას იღვიძებდეს აბსოლუტურად დაღლილი და ისე, თითქოს მთელი ღამე იმუშავა.

შეიძლება ზოგიერთი ვიტამინის ნაკლებობითაც იყოს გამოწვეული, თუმცა ძალიან იშვიათია, რომ ავიტამინოზი გვქონდეს. მაგალითად, მიზეზი შეიძლება იყოს D და B ჯგუფის ვიტამინების უკიდურესი ნაკლებობა, B12- ის ნაკლებობა, რომელიც ისევ სისხლს და რკინის ნაკლებობას უკავშირდება სისხლში.

  • რომელია საგანგაშო ნიშნები და სიმპტომები, რაც დაღლილობის სერიოზულ მიზეზებზე მიუთითებს?

ჰაერის უკმარისობა, ქოშინი შესაძლებელია იყოს ანემიის დროს.

საქმე ის არის, ჰემოგლობინი ეს არის რკინისა და ჟანგბადის კავშირი, რომელიც აწვდის ჟანგბადს სხვადასხვა ორგანოებს და მათ შორის ტვინს. ტვინი ძალიან მგრძნობიარეა ჟანგბადის ნაკლებობის მიმართ. თუ ორგანიზმში ნაკლებია რკინა, გამოდის, რომ ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის ყველა ორგანო, მათ შორის ტვინი და შესაძლოა ეს იყოს იმის მიზეზი, რომ ადამიანს მუდმივად ამთქნარებს, მუდმივად მოდუნებულია, მისი შრომისუნარიანობა დაქვეითებულია.

დაღლილობის პარალელურად წონის მკვეთრი კლება, თუ ადამიანის კვების რაციონი, ან ფიზიკური დატვირთვა არ შეცვლილა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა ონკოლოგიური კუთხით, ასევე ენდოკრინოლოგიური კუთხით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს შარიანი დიაბეტი, ჰიპერთირეოზი, ასევე შეიძლება იყოს ონკოლოგიური დაავადებები.

  • რა ძირითადი გამოკვლევები ტარდება ამ დროს?

ყველაზე პირველი ამ დროს არის სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც მიგვანიშნებს მწვავე ან ქრონიკული პროცესები თუა ორგანიზმში.

ამის შემდეგ შეიძლება გაკეთდეს ანალიზი რამდენიმე ვიტამინზე, მათ შორის D და 12 ვიტამინზე, შეიძლება გაკეთდეს რკინის ანალიზი, შემოწმდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი, შაქარი ანუ გლუკოზა ვენიდან (დატვირთვიდან 2 საათის შემდეგ). ეს არის ძირითადი მაჩვენებლები, რაც შეიძლება შევამოწმოთ. ასევე შეიძლება გაკეთდე C-რეაქტიული ცილა, რომ განისაზღვროს რაიმე მწვავე თუ ქრონიკული პროცესი თუ მიმდინარეობს ორგანიზმში.

შემდეგი ნაბიჯები უკვე განისაზღვრება პაციენტთან გასაუბრების შემდეგ, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტთან ვიზუალურ კავშირს.

ფიზიკურად აქტიური უნდა იყოს ადამიანი. რაც უფრო მეტად აქტიურია სხეული, მით უფრო ჯანმრთელია ადამიანი, თუმცა ეს არ უნდა იყოს ძალიან მძიმე დატვირთვის, დამღლელი და ღონის გამომცლელი ფიზიკური აქტივობა.

კვება უნდა იყოს დაბალანსებული, დიეტები და მონოდიეტები გამორიცხულია. ძილის და სიფხიზლის დრო უნდა იყოს დაბალანსებული, ადამიანმა უნდა დაიძინოს ღამის 12 საათამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: