განათლება,მთავარი,სიახლეები

50 სოციალურად დაუცველ ბავშვს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი სჭირდება – აქცია

12.09.2023 • 1380
50 სოციალურად დაუცველ ბავშვს სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი სჭირდება – აქცია

სოციალურად დაუცველი და ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ბათუმში მოქმედი დღის ცენტრი სასკოლო ნივთების შესაძენად თანხას აგროვებს.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა, თეონა აბაშიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, ამ დროისთვის აქციის ფარგლებში მხოლოდ 700 ლარის შეგროვება შეძლეს, თუმცა ეს თანხა არ არის საკმარისი ყველა ბავშვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

დახმარება სულ 50 ბავშვს სჭირდება.

„ჩვენ გვყავს დღის ცენტრში მიუსაფარი ბავშვები. აქედან უმეტესობა არის ეთნიკური უმცირესობა, რომლებსაც არასდროს უსწავლიათ სკოლაში და წელს პირველად წავლენ. ასეთი გვყავს შვიდი ბავშვი.

ამ ნაწილში ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება, რადგან ამ ბავშვებს არა მარტო სასკოლო ნივთები, არამედ ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც სჭირდებათ. ბავშვები სხვადასხვა ასაკის არიან, ზოგი 12 წლისაა, ზოგი – ცხრა და ათის.

ჩვენი ძალებით ამ დროისთვის მხოლოდ 6 ბავშვისთვის მოვახერხეთ სასკოლო ნივთების შეძენა, სხვა ბავშვებისთვის კი, ფიზიკურად აღარ გვაქვს ფინანსები“ – ამბობს თეონა აბაშიძე.

მისი თქმით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია  მარჩენალდაკარგული 15 ბავშვი.

„ექვსი ბავშვი გვყავს ძალადობის მსხვერპლი ქალების, რომლებიც ახალი წამოსული არიან ოჯახებიდან და ზოგმაც ახლა დატოვა თავშესაფარი. ამიტომ მათი მხარდაჭერა ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ გაძლიერება და მხარდაჭერა სჭირდებათ.

ზოგიერთმა ძლივს იქირავა ბინა და ბავშვების სასკოლოდ მომზადებას ვეღარ ახერხებენ. სასამართლო პროცესებიც ახლა მიმდინარეობს და შესაბამისად, ბავშვებს არც ალიმენტი აქვთ დანიშნული, ამიტომ ფინანსურად ამ ქალებს ძალიან უჭირთ“ – გვეუბნება თეონა.

თეონა აბაშიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ თქვენი წვლილი შეიტანოთ 50 ბავშვის სასკოლოდ მომზადებაში, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ანგარიშის ნომერზე:

საქართველოს ბანკი: GE55BG0000000588221400

თიბისი ბანკი: GE93TB7990736080100004

როგორც თეონა ამბობს, იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ თავად შეუძინოს რომელიმე ბავშვს ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, დეტალები შეუძლია დააზუსტოს დღის ცენტრში [ბათუმი, ზუბალშვილის 31].

„ბავშვების უმეტესობა გოგოა და მათი ასაკი 6 წლიდან 15 წლის ჩათვლითაა“ – ამბობს თეონა აბაშიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: