მთავარი,სიახლეები

საზღვრის გადმოკვეთისთანავე გააგზავნე თავშესაფრის მოთხოვნა – რა უნდა იცოდეთ აშშ-ში წასვლამდე

12.09.2023 • 4164
საზღვრის გადმოკვეთისთანავე გააგზავნე თავშესაფრის მოთხოვნა – რა უნდა იცოდეთ აშშ-ში წასვლამდე

მარი ოზაშვილს არასდროს უფიქრია, რომ ემიგრაციაში წავიდოდა. უბრალოდ ათწლიანი ვიზა მიიღო მეგობრებთან ერთად და ამერიკაში მცხოვრებ დასთან წასვლა გადაწყვიტა ქვეყნის დასათვალიერებლად 2019 წლის ზაფხულში. მაშინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში [საია] მუშაობდა, ბევრი პროექტი ებარა და შვილიც პატარა ჰყავდა, მერე პანდემია დაიწყო და საზღვრები დაიკეტა. არ იყო მზად ახალი ცხოვრება დაეწყო სხვა ქვეყანაში, მაგრამ მარიზე გავლენა დამ მოახდინა, რომელიც ხშირად ესაუბრებოდა ამერიკასა და ახალ შესაძლებლობებზე.

აშშ-ში პანდემიის დასრულების მერე წავიდა. საიასთან თანამშრომლობა არ შეუწყვეტია და პროექტებზე დისტანციურად მუშაობდა. უნდოდა მედიამენეჯმენტი ესწავლა ამერიკაში, მაგრამ მისი ტურისტული ვიზის სტუდენტური ვიზით ჩანაცვლება ადგილზე შეუძლებელი აღმოჩნდა და დოკუმენტების მომზადებას ბევრი დრო სჭირდებოდა.

სხვადასხვაგან გამოცადა საკუთარი შესაძლებლობები. ამბობს, რომ სირთულეები ცხოვრების პირველ ეტაპზე ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც სხვა ქვეყანაში ახალჩასულ ემიგრანტებს აქვთ ხოლმე. ცხოვრობდა დასთან ერთად, ამერიკაში დახვდნენ მეგობრებიც და პირველად საჭიროებებზე ზრუნვა ჩასვლისთანავე არ უწევდა.

„აქ დროებითი სამსახურის პოვნა რთული არ არის, ყოველდღიური ფული როცა გჭირდება.

ჩემი და მუშაობდა უძრავი ქონების სააგენტოში და ვეხმარებოდი, თავისუფალ დროს ფურშეტის მომზადებასა და ორგანიზებაშიც ვიღებდი მონაწილეობას. რთული იყო ის, რომ არავინ გიცნობს, არავინ იცის, ვინ ხარ, რა გიკეთებია აქამდე და დაქირავებული ხარ, გევალება მხოლოდ იმის კეთება, რისთვისაც დაგიქირავეს, მეტი არავის არაფერი აინტერესებს შენგან, მაგრამ ჩემ გვერდით იყვნენ ახლობლები, მეგობრები და რაღაცნაირად გავუმკლავდი ამ რეალობას.

შემიძლია ვთქვა, რომ ადვილად ავუღე ალღო თავიდანვე ამერიკაში თვითდამკვიდრებისთვის პირველივე სირთულეებს“ – ამბობს მარი ოზაშვილი, რომელიც ახლა საემიგრაციო ადვოკატის, ალინა კაცის კომპანიაში მუშაობს და ემიგრანტებს დოკუმენტების მოწესრიგებაში ეხმარება, საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებს აცნობს.

მარი ოზაშვილი

იურიდიულ კომპანიაში მარტივად დაიწყო მუშაობა, რადგან საქართველოდან ჩამოსული მეგობრები, ნაცნობები ხშირად მიმართავდნენ ემიგრაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა კითხვით. მარი მეგობრებთან ერთად ეძებდა ამ ინფორმაციას, კითხულობდა კანონმდებლობას, ისწავლა ოფიციალური დოკუმენტების შევსების ფორმები, უყურებდა ემიგრაციის თემაზე ყველა გადაცემას, ეცნობოდა ემიგრანტებთან დაკავშირებულ ყველა ოფიციალურ ინფორმაციას და ასე დააგროვა ცოდნა, რაც დასაქმებისას გამოადგა.

მარი ოზაშვილს „ბათუმელები“ ამერიკაში ქართველების მიგრაციის დიდ ტალღაზე, მიზეზებსა და მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე ესაუბრა.

  • საქართველოდან ამერიკაში ჩამოსული დაახლოებით რამდენი ადამიანი მოგმართავთ ყოველთვიურად? რა კითხვებით მოგმართავენ ძირითადად და რით ეხმარებით მათ?

მომსახურებას ვუწევთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც საემიგრაციო საკითხებში სჭირდებათ დახმარება. ეს არ ეხება მხოლოდ მექსიკიდან შემოსულ ქართველებს, ეხება ნებისმიერ საემიგრაციო საკითხს, მათ შორის ქორწინების ქეისებს, განქორწინებას, ყველანაირ საემიგრაციო საკითხს, რაც საბუთებთანაა დაკავშირებული.

ჩემი დაკვირვებით, მიგრანტების ტალღა საქართველოდან განსაკუთრებით გაიზარდა პანდემიის შემდგომ პერიოდში.

უფრო ხელმისაწვდომი გახდა მექსიკის გზით ამერიკაში შემოსვლა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაც გაიზარდა. თავიდან ბევრმა არ იცოდა, რომ ჰქონდათ თავშესაფრის მოთხოვნის უფლება.

ახლა ეს ინფორმაციული ვაკუუმი აღარ არის, თუნდაც დიდ ფეისბუქჯგუფებში გავრცელებული ინფორმაციის საშუალებით. საქართველოს საკმაოდ ბევრი მოქალაქე მოგვმართავს ყოველდღიურად. საქართველოდანვე მირეკავენ ხშირად, გვიკავშირდებიან აქ ჩამოსულებიც, ბიუროშიც ბევრი რეკავს. კვირაში დაახლოებით 20-30 კონსულტაცია გაიცემა ჩვენს საადვოკატო ბიუროში. ამაში არ ვთვლი ჩემს ზეპირ კონსულტაციებს, ახლობლების ზარებს, პირადი კონტაქტების საშუალებით ონლაინ თუ სატელეფონო ზარებით კითხვებზე პასუხებს. ასეთი ყოველდღიურად უამრავია.

მექსიკიდან შემომსვლელთა სტატისტიკა მზარდია. ძირითადად საკუთარ უფლებებში გარკვევა სჭირდებათ, როგორ მიიღონ ლეგალურად მუშაობის უფლება და რამდენად აქვთ შანსი მიიღონ მწვანე ბარათი, ცხოვრების უფლება, დაზღვევა და გახდნენ სამომავლოდ აშშ-ის მოქალაქეები.

  • რას ურჩევდით საქართველოდან ამერიკაში წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, რა უნდა გაითვალისწინონ წამოსვლამდე, რა არის ის უნარ-ჩვევები, რის გარეშეც აშშ-ში წასვლა არ ღირს?

ამერიკაში წამომსვლელებს პირველ რიგში ვურჩევდი კარგად გაიაზრონ ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც აპირებენ. ხშირად აქაური ცხოვრება ახალჩამოსულებისთვის ისეთი არ არის, როგორიც წარმოუდგენიათ.

მექსიკის გზით წამოსულებს, ვისაც თავშესაფრის მოთხოვნა სურთ, ვურჩევდი კარგად დაფიქრდნენ და შეისწავლონ სირთულეები, რასაც შესაძლოა აქ გადააწყდნენ. პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ თავიდან დასჭირდებათ ბინა ან ოთახი, ადგილი, სადაც ღამეს გაათევენ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ ეტაპზე საჭიროა გარკვეული თანხა, რომ იარსებონ, საკვების, პირველადი მოხმარების ნივთებისთვის, თავის გასატანად. ხშირად ჩამოსვლისთანავე ვერ პოულობენ სამსახურს. ვიღაცებს უმართლებთ და მალე საქმდებიან, მაგრამ დიდი საემიგრაციო ტალღის ფონზე გაზრდილია კონკურენცია და დიდი შანსია, რომ დამსაქმებელმა აარჩიოს სხვა და არა თქვენ.

ენის ცოდნა გადამწყვეტია, ადრე საქმდებოდნენ ინგლისური ენის არცოდნის შემთხვევაშიც კი, მაგრამ ახლა ყველა დამსაქმებელი ითხოვს სულ მცირე საკომუნიკაციო დონეზე ენის ცოდნას. აუცილებელია ელემენტარულად მოახერხოთ დამსაქმებელთან გასაუბრება. ის ხალხი, ვინც საერთოდ ვერ საუბრობს ინგლისურად, უფრო მეტ პრობლემებს აწყდება ენის მცოდნეებთან შედარებით.

უნდა იცოდნენ ადამიანებმა რა გააკეთონ პირველ ეტაპზე. საჭიროა აქ ყოფნისას რაიმე სახის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მაინც გქონდეთ. სულერთია რა სახის იქნება ეს დოკუმენტი.

საზღვარზე შემოსვლისას საემიგრაციო ოფიცრები ართმევენ და ატოვებინებენ პასპორტებს. ეს არის პრობლემა ამ ადამიანებისათვის.

ასეთ შემთხვევაში ვურჩევდი ყველას იქონიონ ქართული მართვის მოწმობები, რაც ასევე არის გარკვეული სახის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ხანდახან აქ ჩამოსული ქართველები ამზადებინებენ და აგზავნინებენ საქართველოდან ახალ პასპორტებს, რაც ძალიან დიდი შეცდომა და პრობლემაა, რადგან ეს ნიშნავს, რომ საემიგრაციო სამსახურის ქმედებას უგულებელყოფ, რადგან საემიგრაციო სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა ჩამოერთვა თქვენთვის პასპორტი.

ასევე არსებობს საშუალება წერილობით გამოითხოვოს ადამიანმა საემიგრაციო სამსახურიდან პასპორტი, შესაძლოა დაგიბრუნდეთ, ეს ხშირად არ იციან ჩამოსულებმა, ვერ იგებენ, რატომ შეიძლება ქმნიდეს პრობლემას საემიგრაციო სამსახურთან ახალი პასპორტის გამოჩენა.

უკანონო გზით საბუთების გაკეთება ამერიკაში სამომავლოდ დიდ პრობლემებს უქმნის მიგრანტებს.

მექსიკიდან ან ტურისტული ვიზით ჩამოსულებს სულერთია, ყველას, ვისაც თავშესაფრის მოთხოვნა სურს, ვურჩევდი, ამერიკაში ჩამოსვლისთანავე მოძებნონ კომპეტენტური ადამიანი, რომელიც ჩაიბარებს მათ საქმეს, დაეხმარება და მიიყვანს გარკვეულ ეტაპამდე მაინც, რადგან ყველას არ აქვს საშუალება, აქ ჩამოსვლისთანავე ადვოკატი დაიქირაოს. არიან ადამიანები, ვინც ადვოკატთან მისვლამდე დაეხმარებიან მათ. პარალეგალებს [პირი, რომელსაც არ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, თუმცა აქვს საჭირო ცოდნა, გასწიოს პირველადი სამართლებრივი კონსულტაცია] ვგულისხმობ.

თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილად შეარჩიონ პარალეგალი, რადგან ბევრი არაკომპეტენტურია ბაზარზე და შეიძლება ამან მეტი სირთულე შექმნას დახმარების ნაცვლად.

მიმაჩნია, რომ ვინც ამერიკაში წამოსვლას აპირებს, ჯერ უნდა გაწევრიანდეს ფეისბუქჯგუფში – „ჩვენ ამერიკაში“. აქ ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ.

  • რით განსხვავდება ერთმანეთისგან არალეგალური გზით ამერიკაში ჩამომსვლელთა მდგომარეობა ლეგალურად ჩამომსვლელთა მდგომარეობისგან? ხშირად მწვანე ბარათით ჩამოსულებიც ჰყვებიან, რომ მუშაობისა და ცხოვრების უფლების მიუხედავად დიდხანს ვერ პოულობენ სამსახურს და ვერ ქირაობენ ბინას.

არალეგალური გზით ჩამოსულები დიდ სირთულეებს აწყდებიან და უწევთ ყველაფრის ნულიდან დაწყება, ბრძოლა ყოველდღიური გადარჩენისა და ამერიკაში ლეგალურად სამუშაო უფლების მოპოვებისთვის. შემდეგ უკვე თავშესაფრის მიღებას ელოდებიან და სხვადასხვა სტატუსს: სოციალურ დაზღვევას, ჯანმრთელობის დაზღვევას და ა.შ.

უკეთეს მდგომარეობაში არიან ადამიანები, რომლებიც მწვანე ბარათით ჩამოდიან ამ ქვეყანაში.

თუმცა ყველასთვის თანაბრად რთულდება ყველაფერი, როცა საქმე სამსახურის შოვნას ეხება.

ყველა სამსახურში უპირატესობა ლეგალურად დასაქმების კანდიდატს, მწვანებარათიანს აქვს. თუმცა მხოლოდ ამ უფლების ქონაც არაა საკმარისი, თუ ინგლისური არ იცი.

ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მქონე ახალჩამოსულებიც აწყდებიან პრობლემას ბინის დაქირავების დროს. ნიუ იორკში ბინის დაქირავება საკმაოდ რთულია, დიდ ბიუროკრატიასთანაა დაკავშირებული და ამისთვის გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეთ. ამ ქალაქს იმიტომ ვახსენებ, რომ მიგრანტების დიდი ნაწილი სწორედ ნიუ იორკში ჩამოდის თავიდან.

აქ ბინის შენს სახელზე დასაქირავებლად საჭიროა გქონდეს საკრედიტო ისტორია, გადახდილი გადასახადები, უნდა გიფიქსირდებოდეს ყოველთვიური შემოსავალი და ა.შ. მხოლოდ ის, რომ მწვანე ბარათი გაქვს, არ გაძლევს შესაძლებლობას ბინა იქირაო. ასეთ დროს გადამქირავებლისგან ქირაობენ საძინებელ ოთახებს.

შენს სახელზე ნიუ იორკში ვერ იქირავებ ბინას მანამ, სანამ არ გექნება ფიქსირებული შემოსავალი, გადახდილი გადასახადები და კარგი საკრედიტო ისტორია, არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, მწვანე ბარათი გაქვს თუ არ გაქვს.

კარგი საკრედიტო ისტორიის შესაქმნელად დროა საჭირო. ამ სირთულეების გადალახვისას თანაბრად ექმნებათ პრობლემები საბუთიანებსაც და უსაბუთოებსაც.

თუმცა მწვანე ბარათით ჩამოსულებს მეტი შესაძლებლობა აქვთ ამ ქვეყანაში, შეუძლიათ აიღონ სხვადასხვა საკრედიტო ბარათი, მალე შექმნან საკრედიტო ისტორია და მარტივად მიუწვდებათ ხელი იმ სიკეთეებზე , რასაც ამერიკა აძლევს საკუთარ მოქალაქეებს. აქვთ, მაგალითად, ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე დასწრების უფლება სხვადასხვა კოლეჯსა და უნივერსიტეტში, უფინანსდებათ სწავლის ნაწილი უმაღლეს სასწავლებლებში, თუ საკმარის კრედიტებს აგროვებენ და ა.შ.

არალეგალურად შემოსულ ადამიანებს ვურჩევდი პირველ რიგში მოითხოვონ თავშესაფარი, მაგრამ სახელმწიფოს უნდა დააჯერო, რომ შენ იმსახურებ თავშესაფარს, ამისთვის საჭიროა მყარი, რეალური და ფაქტებით განმტკიცებული ქეისი.

უმჯობესია, თავშესაფრის მოთხოვნაზე განცხადება გაიგზავნოს ძალიან სწრაფად. ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ერთი წელია ამერიკაში არიან და თავშესაფარი ჯერ არ მოუთხოვიათ, კანონმდებლობაში კი წერია, რომ შემოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა მოითხოვო თავშესაფარი. თუ გადადე, საქმე რთულდება და მერე გიწევს განმარტება, თუ რატომ არ მოითხოვე თავშესაფარი კანონით დადგენილ ვადაში.

შესაბამისად ყველას ვურჩევდი, რომ ძალიან მარტივად, საზღვრის გადმოკვეთისთანავე გაგზავნონ თავშესაფრის მოთხოვნა ადვოკატის ან კვალიფიციური პარალეგალის დახმარებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სასამართლოში, უბრალოდ ზოგის საქმე გვიან აისახება სისტემაში, ზოგის – ადრე.

  • კიდევ რას ურჩევდით ამერიკაში არალეგალურად მყოფ ქართველებს? რა ეტაპები უნდა გაიარონ მათ და რა უნდა გააკეთონ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გარემოსთან ადაპტაციისთვის?

თავშესაფრის მაძიებელმა ყველა პირმა უნდა იცოდეს, რომ თავშესაფრის მოთხოვნის წერილის გაგზავნიდან 150-180 დღის შემდეგ უფლება აქვთ მოითხოვონ სოციალური დაცვის ბარათი (social security card)  და მუშაობის უფლება. ამ უფლებების მოთხოვნისთანავე მიღება, მანამ, სანამ თავშესაფრის მოთხოვნა დაკმაყოფილდება, უკვე ძალიან კარგი შედეგია, რადგან სანამ თავშესაფარს მიიღებ და სასამართლო განიხილავს შენს საქმეს, ქმნი საკრედიტო ისტორიას და იხდი გადასახადებს.

მერე იწყება ბრძოლა თავშესაფრის მოსაპოვებლად, რაც გულისხმობს სასამართლო პროცესებს და მერე უკვე საბოლოო პროცესზე გადაწყდება, დააკმაყოფილებენ თუ არა თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნას. თავშესაფრის მიღების მერე ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, განაცხადი გააკეთოს მწვანე ბარათზე.

თუ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი, უმეტესწილად გამოაქვს დეპორტაციის გადაწყვეტილება. არის შანსი, რომ არ გამოიტანოს დეპორტაციის გადაწყვეტილება, ეს უკვე ინდივიდუალურია. გააჩნია საქმეს, თუმცა დეპორტაციის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც აქვს ადამიანს, რომ გააგრძელოს ბრძოლა თავშესაფრის მისაღებად, ამას სჭირდება ადვოკატი, რომელიც მიიყვანს საქმეს ბოლომდე. ყველაფერი დამოკიდებულია ცალკეულ ადამიანზე, ისტორიაზე, ამ ისტორიის ნამდვილობასა და მტკიცებულებებზე.

დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი მოსამართლე განიხილავს ამა თუ იმ საქმეს. ყველა მოსამართლე საკუთარი სურვილით იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა კანონზე დაყრდნობით. ამერიკის სასამართლო, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე პრეცედენტული სასამართლოა და მოსამართლეებს აქვთ უფლება შექმნან პრეცედენტები, შესაბამისად მათ გადაწყვეტილებას წინასწარ ვერ განსაზღვრავ.

ხშირად ვაკვირდებით ამა თუ იმ მოსამართლის სტატისტიკას, დადებითი და უარყოფითი გადაწყვეტილებების სიხშირეს და თანაფარდობას. ამ დაკვირვების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია.

  • რა მოტივით ტოვებენ ქვეყანას მიგრანტები, რომლებიც თქვენს საადვოკატო ბიუროს მიმართავენ, როგორია ძირითადი საქმეები, მარტო მოდიან, თუ ოჯახებით? რა არის, თქვენი შეფასებით, მიგრაციის ასეთი ტალღის განმაპირობებელი?

ჩვენთან მოსული ადამიანების უმეტესობა ძირითადად პოლიტიკური ნიშნითაა დევნილი საქართველოდან. მოდიან მარტოც, ოჯახებთან ერთადაც, მოდიან მცირეწლოვანი ბავშვებით, ფეხმძიმეებიც მოდიან, ისინიც მექსიკით კვეთენ საზღვარს, რაც წარმოუდგენლად რთულია. პოლიტიკური დევნილებიც და სხვებიც სხვადასხვაგვარი შევიწროების მსხვერპლები არიან.

ასევე გვაქვს სექსუალური უმცირესობების ქეისები, რომლებიც ხშირად ხდებიან სხვადასხვაგვარი ძალადობის მსხვერპლი. უწევთ ისეთ რეალობაში ცხოვრება, სადაც ვერ ახერხებენ საკუთარი იდენტობის გამოხატვას, ამერიკა კი მათთვის არის ადგილი, სადაც ელემენტარულად ქუჩაში გასვლა შეეძლებათ, საკუთარი იდენტობის მუდმივად მალვა არ მოუწევთ და არ შეეშინდებათ, რომ გარეთ ვინმე ორიენტაციის გამო მოკლავს. ისინი ხშირად ოჯახის წევრებისგანაც ხდებიან ძალადობის მსხვერპლები.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულები მოგვმართავენ. წარმოუდგენელ ამბებს ჰყვებიან, რისი გადატანა უწევდათ საკუთარ რეგიონში, საკუთარ ოჯახში, ოჯახის წევრების, მეზობლების, ნათესავების მხრიდან. ისინი სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან, რადგან არასდროს იციან როდის გახდებიან ძალადობის მსხვერპლი. ხშირად ოჯახის მამაკაცი წევრები არიან ხოლმე მოძალადეები: მამები, ბიძები, ბაბუები, სწორედ ამისგან გამორბიან ისინი და სთხოვენ თავშესაფარს ამერიკას.

უმეტესწილად მოგვმართავენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ვერ ამჟღავნებენ საქართველოში, რომ სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენენ, ისინი შეიძლება ცხოვრობდნენ  ჰეტეროსექსუალებივით, მაგრამ განიცდიდნენ დიდ სტრესს და ზეწოლას.

ერთი კონკრეტული ქეისის გახსენება გამიჭირდება, მაგრამ ადამიანები თანაბრად განიცდიან ზეწოლას როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან. ყველაზე სამწუხარო ამ ამბავში არის ის, რომ ძალადობის მსხვერპლები, რომლებიც მიმართავენ სახელმწიფო სტრუქტურებს, ხშირად ხდებიან მათი მხრიდანაც ძალადობის მსხვერპლები, რაც მიუღებელი და წარმოუდგენელია. ასეთ ადამიანებს უჩნდებათ დაუცველობის განცდა, რომ სახელმწიფო მათ კი არ იცავს, პირიქით, თავადაც ხდება მოძალადე.

განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებიც ხშირად ხდებიან ზეწოლის მსხვერპლები მათივე ნათესავებისგან, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფოს სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში. მათ რცხვენიათ, რომ ოჯახის წევრს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება აქვს, რადგან სავარაუდოდ ისინიც განიცდიან ზეწოლას მაღალჩინოსნებისგან. ეს ერთგვარი ჯაჭვია ზეწოლისა და ძალადობის, რასაც სისტემაში დასაქმებული ხალხი განიცდის.

მქონია შემთხვევა, როცა სისტემას გამოქცეული საქართველოს მოქალაქეები მოსულან ჩვენთან, მათ შორის საკმაოდ მაღალ პოზიციაზე მომუშავეები, რომლებსაც უწევდათ ისეთი დავალებების და ბრძანებების შესრულება, რაც მათთვის იყო მიუღებელი, ამორალური.

რთულია ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც მუდმივად გეშინია, არ გაქვს შენი აზრის, შეხედულებების ღიად გამოხატვის შესაძლებლობა. მეტიც, შეიძლება შენი განსხვავებული პოზიციისთვის შენი ოჯახის წევრს შეექმნას პრობლემა და ეს არ არის მსუბუქი მუქარა. ხშირად ეს მუქარები განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ოჯახის წევრების სიცოცხლეს აგდებს საფრთხეში.

კიდევ უფრო რთულადაა საქმე სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებთან. მქონია შემთხვევები, როცა ისეთ მდგომარეობაში ჩამოდიოდნენ, პირველ რიგში ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებოდათ, რომ საკუთარი ამბის მოყოლა შესძლებოდათ. ამას ყოველდღიურ პრაქტიკაშიც ვაწყდები, ხანდახან მიწევს შევითავსო ფსიქოლოგის როლიც და ვარწმუნებ ადამიანებს, რომ აქ უსაფრთხოდ არიან და არ უნდა ეშინოდეთ, რომ მათი ამბავი გამჟღავნდება, ხშირად მიწევს მტკიცება, რომ მათი ამბები კონფიდენციალურია. ხშირად არ სჯერათ, ნდობა დაკარგული აქვთ, იმდენად დაშინებულები არიან გარემოსგან.

ეს არის ის რეალობა, რაშიც აქ გვიწევს ცხოვრება. იმედს ვიტოვებ, ყველაფერი გამოსწორდება საქართველოში და ადამიანები შეძლებენ იცხოვრონ მშვიდად, მხარი დაუჭირონ იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც სურთ. უყვარდეთ ის, ვინც სურთ და იცხოვრონ იმასთან, ვისთანაც სურთ.

  • როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს საქართველოს სახელმწიფომ, თავიდან რომ აიცილოს საქართველოს მოქალაქეების დიდი მიგრაცია უცხო ქვეყნებში?

სამწუხაროა, რომ მიგრანტთა უმეტესობას წარმოადგენენ ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ უნარი იმუშაონ საკუთარ ქვეყანაში, რესურსი მოახმარონ საქართველოს და არა სხვა სახელმწიფოს, სწორედ ასეთი ხალხი ტოვებს ქვეყანას და ეძებს თავშესაფარს.

ამის შესაჩერებლად სახელმწიფომ ყველა ადამიანის უფლებების თანაბარი დაცულობა უნდა უზრუნველყოს. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა თავი უნდა იგრძნონ უსაფრთხოდ, მათი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება უნდა იყოს დაცული, ყველას უნდა შეეძლოს აზრის თავისუფლად გამოხატვა და არ უნდა ხდებოდნენ სხვადასხვა დაჯგუფებისგან ძალადობის მსხვერპლები.

ქვეყანაში უნდა არსებობდეს მინიმალური ეკონომიკური კეთილდღეობა მაინც, რომ მშობლებმა შეძლონ შვილების კარგად გამოკვება. ბავშვს არ უნდა შიოდეს. სახელმწიფოს აქვს ამის რესურსი, უბრალოდ უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნებაც. საჭიროა სწრაფი ნაბიჯების გადადგმა ამ ყველაფრის გამოსასწორებლად. ეს პრობლემები განაპირობებს მიგრაციის დიდ ტალღას არამხოლოდ ამერიკის, არამედ ევროპის ქვეყნების მიმართულებითაც.

  • საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელოდება, როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის და რას მოგვცემს ევროინტეგრაცია?

სწორედ იმისთვის, რომ ზემოხსენებული პრობლემები მოგვარდეს და ყველა ადამიანი იყოს დაცული, შეძლოს აზრის, პოზიციისა და შინაგანი მდგომარეობის შიშის გარეშე გამოხატვა, მნიშვნელოვანია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

სამწუხაროდ ყბადაღებულ რუსულ პროპაგანდას აყოლილი ნარატივები აკნინებს ყველა იმ ღირებულებას, რაც ევროინტეგრაციას მოჰყვება ჩვენი ქვეყნისთვის. ის ხალხი, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას არ ემხრობა და რუსულ პროპაგანდას ეწევა, პირდაპირი მნიშვნელობით საქართველოს მტერია. ეს ადამიანები საფრთხეს უქმნიან ქვეყანას და ჩვენი შვილების მომავალს.

მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის მომხრე საქართველოს ყველა მოქალაქე გაერთიანდეს და მიიტანოს საზოგადოებამდე სწორი ინფორმაცია პროცესზე, ევროპულ ღირებულებებზე, სიკეთეებზე, რასაც საქართველო სტატუსის მოპოვების შემთხვევაში მიიღებს.

ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო კამპანია გაძლიერებული რუსული პროპაგანდის ფონზე. აშკარაა, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით ევროპას, მით უფრო ძლიერდება რუსული პროპაგანდა საქართველოში, ეს ძალიან მტკივნეული და ტრაგიკული ამბავია.

სწორედ ევროპული პროგრამებით მე და ჩემმა კოლეგებმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან უამრავი კარგი პროექტი განვახორციელეთ საქართველოში.

სწორედ ევროინტეგრაციაა საქართველოში ემიგრანტების დაბრუნების გარანტია. ვისურვებდი, მალე ევროკავშირის წევრ საქართველოში მომიწიოს დაბრუნება და არა რუსეთის რომელიღაც კოლონიაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: