მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

აჭარაში ანტენატალური მეთვალყურეობის ტელემედიცინის სერვისები დაინერგება

12.09.2023 • 851
აჭარაში ანტენატალური მეთვალყურეობის ტელემედიცინის სერვისები დაინერგება

აჭარის რეგიონში  ანტენატალური მეთვალყურეობისა და ოჯახის დაგეგმვის მიმართულებით ჯანმრთელობის მომსახურებების დისტანციურად მიწოდების ინოვაციური მიდგომები – ტელემედიცინისა და ტელემეთვალყურეობის სერვისები დაინერგება. პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) ერთად ახორციელებს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ პროექტი რეგიონში რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის ტარდება და ის მოიცავს ანტენატალური მეთვალყურეობის მიმართულებით სერვისების მისაწოდებლად ისეთი ინოვაციური მეთოდების დანერგვას, როგორიცაა: ტელემედიცინა და ციფრული მედიცინა.

მინისტრის თქმით, ამ საკითხებზე აჭარაში ანტენატალური სერვისის ყველა მიმწოდებელი/პროვაიდერი გადამზადდება.

„ანტენატალური მეთვალყურეობის მიმწოდებელ პროფესიონალებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ რჩევა, კონსულტაცია, გაცილებით უფრო გამოცდილი ექსპერტებისგან იმ დროს, როდესაც შედარებით უფრო გართულებულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე. ეს იქნება ონლაინ პლატფორმა. სერვისის მიმწოდებლებს, განსაკუთრებით რაიონებსა და სოფლებში, ექნებათ შესაძლებლობა, რომ კონსულტაცია მიიღონ გაცილებით უფრო გამოცდილი და მაღალკვალიფიციური კოლეგისგან და უფრო ხარისხიანი გახადონ ანტენატალური მეთვალყურეობა ქალებისთვის“ – ამბობს ლელა ბაქრაძე, UNFPA-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

„თანამშრომლობა აგრეთვე მოიაზრებს შშმ ქალბატონებისთვის სპეციალური სერვისის მიწოდებაში მხარდაჭერას, რასაც ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ, როგორც სახელმწიფო პოლიკლინიკაში, ასევე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამომავლოდ“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია:

  • ელექტრონული ჯანდაცვის მომსახურებათა გაფართოება ონლაინ სპეციალისტთა ქსელის შექმნით, რომელიც საშუალებას მისცემს სოფლის/მუნიციპალიტეტის დონეზე ანტენატალური მეთვალყურეობის მიმართულებით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს სამეანო-გინეკოლოგიური მიმართულებით ტელეკონსულტაცია გაუწიონ ორსულობის რთული შემთხვევების მქონე პაციენტებს, სამედიცინო მომსახურების ოპტიმიზაციისა და არასაჭირო პროცედურებისა და რისკების შემცირების მიზნით.
  • ელექტრონული აპლიკაციის დანერგვა, განსაკუთრებით სოფლის ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიანი მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით.
  • ონლაინ რეგისტრაციის მოდულის დანერგვა, რომელიც წარმოადგენს ანტენატალური მეთვალყურეობის მიზნით განხორციელებული ვიზიტების რიგის მართვის ელექტრონულ სისტემას.
  • ორსულთათვის ელექტრონული წიგნის შემუშავება და პოპულარიზაცია, ორსულობის მიმდინარეობის, შესაძლო გართულებებისა და ახალშობილთა მოვლის შესახებ.
  • აჭარაში სამშობიარო სახლების/განყოფილებების ბაზაზე არსებული მშობელთა სკოლებისთვის სტანდარტიზებული ელექტრონული მოდულების დანერგვა.
  • პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობების კვლევა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში, მათ შორის პროექტებისა, რომლებიც ემსახურება რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებზე დაფუძნებულ და ხარისხიან მომსახურებებზე შშმ ქალთა წვდომის ხელშეწყობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: