მთავარი,სიახლეები

„გეტყვიან… რუსი მოდის, გაიქეცით, უნდა გაიქცე“ – რას ჰყვებიან ხურჩაში მცხოვრები ქალები

11.09.2023 • 1544
„გეტყვიან… რუსი მოდის, გაიქეცით, უნდა გაიქცე“ – რას ჰყვებიან ხურჩაში მცხოვრები ქალები

მეგრული ოდის ღია კარიდან სოფლის მთავარი გზა ჩანს. ზაფხულის ცხელი დღის სიჩუმეს ავტომობილის ხმა არღვევს. გზაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანებმა ჩაიარა.

„აქ დავიბადე და გავიზარდე. ამ გზაზე სირბილში გავიზარდეთ. ამ გზაზე დაიკარგა ჩვენი ბავშვობა,“ – ხმაურის შემდეგ ჩამომდგარ სიჩუმეს ისევ არღვევს 42 წლის ლია კვარაცხელია.

ლია ხურჩაში, გამყოფ ხაზზე მდებარე სოფელში ცხოვრობს. მდინარე ხურჩისწყლის მარცხენა მხარეს ოკუპირებული აფხაზეთია, მარჯვენა მხარეს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია.

ქალი ამბობს, რომ გამყოფ ხაზზე ცხოვრება არაფრით ჰგავს სხვაგან ცხოვრებას, რადგან აქ მუდმივად გიწევს ფიქრი ფიზიკურ უსაფრთხოებაზე.

„არასდროს არ ვართ დაცულები. არასდროს არავის იმედი არ გვაქვს, გარდა საკუთარი თავისა. რაც ეს ამბავი დაიწყო, 1993 წლის მერე, იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა. გეტყვიან გაიქეცი, უნდა გაიქცე. საკუთარი თავის იმედზე ვართ მხოლოდ,“ – გვიყვება ლია.

„გამყოფ ხაზზე ცხოვრება ადრე სტრესი იყო. ახლა შევეჩვიე. ცოტა ხნის წინ სტუმარი მყავდა. მთელი ღამე არ უძინია.

ეშინოდა.

იმიტომ, ეშინოდა, რომ 50 მეტრიც არაა გამყოფ ხაზამდე,“ – საკუთარი ცხოვრების ერთ ეპიზოდს გვიზიარებს 65 წლის თამილა გელენავა.

თამილა ახლა სოფელ ხურჩაში ცხოვრობს.

თამილა გელენავა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

თამილა ერთ-ერთია იმ 300 ათასი ლტოლვილს შორის, ვინც 1993 წელს აფხაზეთში დაწყებული კონფლიქტის შემდეგ საკუთარი სახლებიდან გამოყარეს. იქ, სადაც ადრე ქართველები ცხოვრობდნენ, დღეს რუსული საოკუპაციო ჯარი დგას.

სოფელი ხურჩა, სადაც ახლა თამილა გელენავას სახლია, ეკლიანი მავთულხლართით არის გამოყოფილი აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალ სოფელ ნაბაკევიდან – იმ ადგილიდან, სადაც კონფლიქტის დაწყებამდე თამილას ოჯახი ცხოვრობდა.

გამყოფი ხაზი მდინარე ხურჩისწყალზე. ამ ხიდის მიღმა ოკუპირებული აფხაზეთია. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

სოფელ ხურჩაში 85 ოჯახი ცხოვრობს. სოფელში თავის რჩენის ორი გზაა – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვა და ემიგრაცია. ხურჩაში არ არის არცერთი ოჯახი, საიდანაც ან საზღვარგარეთ არ არის ვინმე წასული, ან შიდა ემიგრაციაში.

ქალები, რომლებიც ემიგრაციაში ჯერ არ წასულან, მძიმე შრომას ეწევიან – მოჰყავთ ბოსტნეული, სიმინდი და უვლიან თხილს. თხილი ხურჩაში მცხოვრებთათვის შემოსავლის მთავარი წყაროა.

„პურის ფულია თხილი ჩვენთვის. პურის ფული. ფუფუნება კი არა. სოფელში რაც საჭიროა და აუცილებელი, თხილი პირველი დახმარებაა ჩვენთვის იმის შესაძენად.

თხილნარი მაქვს, მაგრამ ეგ თხილიც არაა წელს. შარშან იყო, წელს არაა. არ ვიცი რა ვქნათ. არადა მძიმე სამუშაოა. მკრეფავებს რომ მისცე ფული, მერე რა დაგრჩება არ იცი. მე ხერხემლის თიაქარი მაქვს, ძლივს-ძლივს დავდივარ. მაგრამ მაინც ჩვენ მოვბოჭეთ მარტო სახლში. ჩემი და თბილისში ცხოვრობს, ჩამოვიდა და ის მეხმარებოდა,“ – გვიყვება თამილა გელენავა.

ემიგრაციაშია ლიას დედაც. ლია ამბობს, რომ ძალიან პატარა ასაკში, მაშინ, როცა უნდა ესწავლა, მოუწია შინ ეშრომა და ოჯახისთვის მიეხედა. ახლა კი დედა ეხმარება.

„საკმაოდ კარგი მოსწავლე ვიყავი სკოლაში. ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე, სამი კურსი დავხურე. სტუდენტს თბილისში მიხედვა სჭირდება, მარტო კარგი სწავლა არაფერში გშველის. არ იყო ისეთი ფინანსური მდგომარეობაში ჩემ ოჯახი, ამდენი ავადმყოფები… დედა ცუდად გახდა, იძულებით წამოვედი.

მერე განათლების რეფორმამ მომისწრო. როცა ცოტა საშუალება გაჩნდა და სტუდენტის სტატუსის აღდგენა გადავწყვიტე, აღმოჩნდა, რომ უნარები და უცხო ენა იყო ჩასაბარებელი. მაგის თავი აღარ მქონდა. ასე დავრჩი განათლების გარეშე, რაზეც ძალიან მწყდება გული. მერე კი დავამთავრე პროფესიული, მაგრამ ის პროფესია, რისი სწავლაც სულ მინდოდა, დამრჩა ისე.

ჩემ ცხოვრებაზე ასეთი გავლენა მოახდინა კონფლიქტმა. ზოგმა მოახერხა უმაღლესი განათლების მიღება, მაგრამ მე ვერა. მათ სხვანაირი ცხოვრება ჰქონდათ. მშობლების მხრიდან ხელშეწყობა. ჩემთან სხვანაირად გამოვიდა, ავადმყოფობას წინ ვერ დაუდგები,“ – გვიყვება ლია კვარაცხელია.

ლია კვარაცხელია ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

გამყოფ ხაზზე მცხოვრები ქალები მძიმე სასოფლო-სამეურნეო შრომაში არიან ჩართულები.

ქალები შრომობენ შინ, შრომობენ ბევრს და ამ შრომის პარალელურად, გამუდმებით უწევთ ფიქრი უსაფრთხოებაზე.

„შიშის ქვეშ ვცხოვრობთ, მაგრამ შეჩვეული ვართ… და სად წახვალ? ვინ შეგინახავს?

არავინ.

დიდხანს ემოციური სტრესი მქონდა. მეშინოდა. დამაყაჩაღეს. ამიტომ წასული ვიყავი სოფლიდან. ერთი წელი არ მოვსულვარ ხურჩაში, მაგრამ სად უნდა წახვიდე. დავბრუნდი და აქ ვცხოვრობ. როგორ შევეჩვიე შიშს?

როგორ და სხვის სახლში რომ ცხოვრობ, თავს ზედმეტად გრძნობ. კაცი სტუმარი ორი-სამი დღეა. ხუთი, ათი დღე თქვი თუ გინდა. ერთი წელი სხვასთან… მამიდაშვილთან ვიყავი, მაგრამ გამიჭირდა ცხოვრება და წამოვედი,“ – გვიხსნის თამილა გელენავა ხურჩაში, გამყოფ ზოლზე ცხოვრების სირთულეს და თავისებურებას.

შიშში ცხოვრება ზოგჯერ იმასაც ნიშნავს, რომ ძროხა, რომელიც უმეტესად ოჯახის მთავარი მარჩენალია, არ დაკარგო.

ნაბაკევსა და ხურჩას ერთი პატარა მდინარე, ხურჩისწყალი ყოფს. პირობითი „საზღვარი“, რომელიც ადამიანებმა დააწესეს, არაფერს ნიშნავს რქოსანი პირუტყვისთვის.

მაგრამ როცა ძროხები გამყოფი ხაზის მიღმა გადიან, ეს დიდი თავის ტკივილი ხდება მათი პატრონებისთვის.

„მავთულხლართებია გაბმული. ერთი ჩემი მეზობლის ძროხა გადასულა, ჰოდა, „პლოსკოთი“ გადაუჭრია. რაღაც პრობლემები შეექმნა… მერე საბუთი გააკეთა და დაუბრუნეს ძროხა.

მაგრამ ზოგი ვერ იბრუნებს. ბევრს დაეკარგა ღორი და ძროხა… ძროხის დაკარგვა დიდი ზარალია. მაგის იმედზეა ხალხი. ყველს ჰყიდიან, იმით ირჩენენ თავს და კარგავენ უცებ…“ – გვიხსნის თამილა გელენავა.

ადგილი მდინარე ხურჩისწყალთან, საიდანაც ყველაზე ხშირად გადადის პირუტყვი ოკუპირებული აფხაზეთში. მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა საოკუპაციო ჯარმა გამყოფ ხაზზე ეკლიანი მავთულხლართი გააბა, საქონელი მაინც ახერხებს ხაზის დარღვევას

„რუსი მოდის, გაიქეცით!“

გამყოფ ხაზზე ცხოვრების სირთულეებზე საუბრისას ხურჩელი ქალები ამბობენ, რომ ყველაზე რთული მაინც მუდმივი გაქცევის მოლოდინია. ხურჩელებს საკუთარი სახლების დატოვება მინიმუმ სამჯერ მოუწიათ – 1993, 1998 და 2008 წლებში.

ეს გაქცევები უდიდეს კვალს ტოვებდა ყველა გაქცეულის ცხოვრებაში. სოფელში დაბრუნებულებს ცხოვრების დაწყება თავიდან უწევდათ, რადგან სახლები, როგორც წესი, გაძარცვული ხვდებოდათ.

მთელი ჩვენი ბავშვობა გზად გაილია. ასე – გაქცევა, გამოქცევაში, წასვლა-წამოსვლაში. სოფელი მუდმივად არასდროს დაგვიტოვებია. ჩვენ დევნილის სტატუსი არ გვაქვს – ეს არის ზუგდიდის რაიონი სოფელი ხურჩა. ოფიციალურად ჩვენ დევნილები არ ვართ.

1993-ში რომ გადმოვიდა ხალხი, მათ იციან, რომ დევნილები არიან, იციან, რომ ვერ შევლენ თავიანთ სახლებში და ვერ იცხოვრებენ. ჩვენ კიდევ ეტაპობრივად გავდიოდით, შემოვდიოდით. გავდიოდით, შემოვდიოდით. ეს განმეორდა სამჯერ.

ოჯახებს რომ დავუბრუნდებოდით, ჩვეულებრივად იწყებოდა ისევ ახალი ცხოვრება. ვაშენებდით, ვიძენდით, ვაკეთებდით. მაგრამ ერთ დღეს აშენებ და მეორე დღეს მოდის ის რუსი და შენ უნდა გაიქცე, ეს ყველაფერი უნდა შეატოვო.

სამჯერ გავიქეცით.

მესამე იყო 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენები, რომელიც განსხვავებით სხვა გაქცევებისგან, იყო ჩემთვის უფრო მძაფრი. ეს სიმწარე სიცოცხლეში არ დამავიწყდება.

მაგ დროს უკვე ზრდასრული ადამიანი ვიყავი. ყველაფერი შემეძლო შემედარებინა წინა გაქცევებთან. ქართული ჯარი ცხოვრობდა ჩემ სახლში. მახსოვს, ერთი ჯარისკაცი მორბოდა ჩემკენ და მეძახდა – „ლია, რუსი მოდის, გაიქეცი. ვერაფერს ვერ გშველიო“. მაგათ იმის უფლება არ ჰქონდათ, რომ ჩვენ წავეყვანეთ.

არაფერი არ წამიღია, რაც მეცვა იმ ტანსაცმლის ამარა წავედი. თან სოფელში თხილის სეზონი იყო. სახლში ავადმყოფი ბაბუა, ავადმყოფი დედა… ტრანსპორტი არ მყავდა და ზუსტად მახსოვს მეზობლის ქალი მიმათრევდა – შენ ახალგაზრდა ხარ, წადი და დედიკოს და ბაბუას ვინმე წამოიყვანსო.

მადლობა უფალს ძალიან კარგ ადამიანებს, გზად შემხვდა ნაცნობი და მითხრა – ნუ გეშინია ლია, დედიკოს და ბაბუას მე წამოვიყვან, შენ ახალგაზრდა ხარ და თავს უშველეო.

სოფელ კოკის სასაფლაოებთან მოსაცდელია. მანდ ვიჯექი და ვტიროდი. მაშინ შევწყვიტე ტირილი, როცა მითხრეს ნუ ტირი – დედიკო და ბაბუა გადმოიყვანეს უკვეო. ამოვისუნთქე. მერე უკვე არაფერზე აღარ მიფიქრია.

ჯანდაბას სახლი, ჯანდაბას კიდევ ის, რაც დარჩა. ყველაფერს იშოვის ადამიანი, მთავარია ადამიანის სიცოცხლე.

აი, ამ „რუსი მოდის, გაიქეცში“ გაილია წლები.

ბოლოს ორი ორი წლის წინ იყვნენ რუსები ხურჩაში. ქალს დაედევნნენ. სოფლის შუა ცენტრამდე მოვიდნენ.

ძალიან თავხედები არიან რუსები. შემოდის შენს სოფელში, იცის, რომ აქ შენი ჯარია, მაგრამ არაფრის არ ეშინია. რაღაცნაირად შეურაცხყოფას გაყენებს, ძალადობს. იცის, რომ გაუვა, შეუძლია,“ – გვიყვება ლია კვარაცხელია.

ლიას თქმით, მუდმივი გაქცევების მიუხედავად, მის ოჯახს არანაირი სტატუსი არ აქვს. არც ის დანაკარგები აუნაზღაურებია ვინმეს, რაც მისმა ოჯახმა გამყოფ ზოლზე არსებული არასტაბილური სიტუაციის გამო მიიღო.

„სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია. არც მატერიალური, არც მორალური. მორალურში რას ვგულისხმობ იცით? ახლა მცირე ცვლილებას რომ შევამჩნევ ჩემ შვილს, მიმყავს ფსიქოლოგთან. ჩვენ ამდენ გაქცევაში, გამოქცევაში, შიშში გავიზარდეთ და სახელმწიფოს უფასო ფსიქოლოგიური დახმარებაც კი არ გამოუყვია ჩვენთვის.

ეს მაინც ხომ შეეძლო?

არა, მსგავსი რამ არ გვქონია არასდროს. მე არასდროს მითხოვია სახელმწიფოსთვის, რომ პური მიყიდე, შაქარი ან ჩაი. სხვაგვარი დახმარება მჭირდებოდა“.

ხიდი მდინარე ენგურზე, რომელიც სოფელ კოკსა და ხურჩას ერთმანეთთან აკავშირებს. ხურჩაში შესვლისას ყველა მოქალაქემ საპასპორტო კონტროლი უნდა გაიაროს ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: