ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარაში ყოველი მესამე სოციალურად დაუცველთა ბაზაშია

21.09.2023 • 3592
აჭარაში ყოველი მესამე სოციალურად დაუცველთა ბაზაშია

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აჭარაში მცხოვრები ყოველი მეორე თუ არა, ყოველი მესამე ადამიანი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, აჭარაში მცხოვრები 147 002 ადამიანია შეყვანილი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის ბოლო მონაცემებით კი, აჭარაში სულ 361 411 ადამიანი ცხოვრობს.

ამ მონაცემებს თუ შევადარებთ, აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის 40,7 პროცენტი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაშია.

სოცსააგენტოს მონაცემებით, ამ სიაში მყოფთაგან ყველაზე მეტი ბათუმსა და ქობულეთში ცხოვრობს [შესაბამისად: 40 650 და 40 047 ადამიანი]. შემდეგ მოდის აჭარის დანარჩენი მუნიციპალიტეტები: ხელვაჩაური, ხულო, ქედა და შუახევი.

თუმცა, თუ მოსახლეობის რიცხოვნობას და სიაში მყოფთა რაოდენობას შევადარებთ, გამოდის, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებიდან ამ სიაში მყოფთაგან პროცენტულად ყველაზე მეტი ქედაში ცხოვრობს [მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 85,7%], შემდეგ მოდის შუახევი [74,7%], ხულო [59,2%], ქობულეთი [56,9%], ხელვაჩაური [46,8%] და ბათუმი, სადაც სოციალურად დაუცველთა სიაშია მოსახლეობის 22,7%.

მონაცემთა ერთიან ბაზაში მყოფი მოსახლეობის რაოდენობა [მათ შორის პროცენტულად] მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საერთო რაოდენობასთან მიმართებით / წყარო: სოცსააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მონაცემთა ერთიან ბაზაში ხვდება ყველა, ვინც სააგენტოს მიმართავს განცხადებით: „სააგენტო ვალდებულია ოჯახის მომართვის საფუძველზე გავიდეს და შეამოწმოს ოჯახის მდგომარეობა ადგილზე და მიანიჭოს შესაბამისი სარეიტინგო ქულა. ერთიან ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობაც, მუნიციპალიტეტების მიხედვით, ძირითადად მომართვიანობაზეა დამოკიდებული“.

სააგენტოს ფილიალში ასევე განაცხადეს, რომ მონაცემთა ერთიან ბაზაში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა იღებს დახმარებას სახელმწიფოსგან.

„დღევანდელი მდგომარეობით, საარსებო შემწეობას იღებს მხოლოდ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მონაცემთა ერთიან ბაზაში არის 65 ათასზე ნაკლები.

რაც შეეხება ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 ათასზე და ნაკლებია ან ტოლი 120 ათასის, ეს ოჯახები იღებენ მხოლოდ 16 წლამდე ბავშვებისთვის გათვალისწინებულ დახმარებას [65 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახები კი, იღებენ როგორც ბავშვების დახმარებას, ასევე საარსებო შემწეობას]“ – გვითხრეს სააგენტოს აჭარის ფილიალში.

აჭარაში სოციალური დახმარება 2023 წლის აგვისტოში 24 506 ბავშვზე გაიცა [რომლებიც ცხოვრობენ ოჯახებში, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 ათასს]:

საარსებო შემწეობის მიმღები 16 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა აჭარის მუნიციპალიტეტების მიხედვით / 2023 წლის აგვისტოს მონაცემები / წყარო: სააგენტო

სოციალური დახმარების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, აჭარაში სოციალურ დახმარებას [მათ შორის ბავშვებისთვის გათვალისწინებულ დახმარებას] ჯამში 10 058 ოჯახი იღებს [2023 წლის აგვისტოს მონაცემებით]. ეს არის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 12 ათასს [მათ შორისაა ოჯახები, სადაც 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ].

ამ 10 058 ოჯახიდან თითქმის ნახევარი, 4 940 ოჯახი, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული, რომელთა სარეიტინგო ქულებს მომდევნო 4 წელი არ გადაამოწმებენ და პროგრამაში ჩართული ოჯახის წევრების ხელფასთან ერთად, საარსებო შემწეობასაც მიიღებენ.

სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, ოჯახებში, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ აჭარაში, ჯამში 42 614 ადამიანი ცხოვრობს.

ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ აჭარის მუნიციპალიტეტების მიხედვით [2023 წლის აგვისტოს მონაცემები]:

სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, აგვისტოს თვის მონაცემებით, ამ 42 614 სოციალურად დაუცველიდან ნახევარზე მეტი – 25 409 ადამიანი სახელმწიფოს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში ჰყავს დასაქმებული.

ამავე თემაზე:

„ოცნების კოორდინატორი ვარ“ – 30 000 სოცდაუცველის დასაქმების სქემა წინასაარჩევნოდ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: