მთავარი,სიახლეები

„ხალხი ემზადება დეკანოზის დასაცავად“ – სხალთელი ეპისკოპოსის ახალი სკანდალი

11.09.2023 • 11567
„ხალხი ემზადება დეკანოზის დასაცავად“ – სხალთელი ეპისკოპოსის ახალი სკანდალი

სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა 9 სექტემბერს გამოაქვეყნა ბრძანება, სადაც წერია, რომ დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს აუკრძალა მღვდელმსახურება. მთავარეპისკოპოს სპირიდონის განცხადებით, დეკანოზმა მასთან შეთანხმების გარეშე ააშენა საკულტო ნაგებობა.

„ტაძრის უხეში კანონიკური დარღვევით აშენება“, – წერია ბრძანებაში.

ამავე ბრძანებაში ნათქვამია, რომ დეკანოზს იმ შემთხვევაში აღუდგება მღვდელმსახურების უფლება, თუკი ის შეინანებს.

მრევლი მთავარეპისკოპოსის გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონს იმავე დღეს გამოეხმაურა ბიზნესმენი ლევან მჟავანაძე ფეისბუქში. მან დაწერა, რომ ტაძარი, რომლის მშენებლობის გამოც დეკანოზს მღვდელმსახურება შეუზღუდეს, შეთანხმებული იყო მთავარეპისკოპოსთან.

„ბრძანებაში მითითებული ტაძარი არის პატარა სამლოცველო, რომლის მშენებლობას ვხელმძღვანელობდი მე პირადად, ყველა კანონიკის დაცვით და დეკანოზი გიორგი ფუტკარაძე აღნიშნულ მშენებლობაში მონაწილეობდა იმდენად, რამდენადაც მშენებლობის დაწყებამდე მას ვთხოვე მშენებლობის შეთანხმება მეუფე სპირიდონთან.

ამის შემდგომ აღნიშნული მშენებლობა პირადად შევუთანხმე სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონს, ასევე აღნიშნულ თემაზე არაერთხელ მქონდა მასთან საუბარი, როგორც მშენებლობის მსვლელობისას, ასევე მშენებლობის შემდგომაც.

უფრო მეტიც, მე მას პირადად გადავუხადე მადლობა სამლოცველოს მშენებლობის მხარდაჭერისთვის და მოვიწვიე სამლოცველოს ლოცვა-კურთხევისთვის, რაც მან მოიწონა და შემპირდა კიდეც, რომ შემდგომისათვის აუცილებლად მოინახულებდა სამლოცველოს და აღავლენდა ლოცვა-კურთხევას, მაგრამ რატომღაც მეუფემ მაინც გადაწყვიტა სამლოცველოს მშენებლობის ორგანიზებაში დაედანაშაულებინა დეკანოზი გიორგი ფუტკარაძე“, – წერს ბიზნესმენი მჟავანაძე ფეისბუქში.

მჟავანაძე საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტში ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, ყოველთვის ხელს უწყობდა აჭარის მთაში „მართლმადიდებლური ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინიციატივას“.

ლევან მჟავანაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სხალთის მთავარეპისკოპოსის გაღიზიანების რეალური მიზეზი იცის, თუმცა ამაზე ღიად საუბრის დრო ჯერ არ დამდგარა.

„რა თქმა უნდა, ვიცი მიზეზი, თუ მეუფე სპირიდონმა რატომაც გამოიყენა მოტივად სამლოცველოს მშენებლობა დეკანოზი გიორგი ფუტკარაძისთვის მღვდელმოქმედების აკრძალვისთვის, მაგრამ ვრცელი განმარტებისგან ამჯერად თავს შევიკავებ“, – ამბობს ლევან მჟავანაძე.

დაზუსტებისთვის ლევან მჟავანაძეს მაინც ვკითხეთ, უკავშირდება თუ არა ეს დაპირისპირება რაიმე სახის ფინანსურ მხარდაჭერას.

ლევან მჟავანაძემ კითხვას გარკვევით არ უპასუხა, თუმცა დასძინა, რომ ამის შესახებ აუცილებლად ისაუბრებს საჯაროდ, „როცა ამის დრო დადგება“.

დადგება თუ არა ეს დრო მაშინ, თუკი მთავარეპისკოპოსი არ აღუდგენს დეკანოზს მღვდელმსახურების უფლებას? – ისევ ვკითხეთ ლევან მჟავანაძეს. თუმცა მან ამ ეტაპზე არ ისურვა რაიმეს დაკონკრეტება.

ლევან მჟავანაძის ეზოში აგებული სამლოცველო, რომლის მშენებლობის გამოც მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა დეკანოზ ფუტკარაძეს მღვდელმსახურება შეუზღუდა.

როგორც ლევან მჟავანაძე გვეუბნება, სოფელ წყაროთაში, მის კერძო საკუთრებაში სამლოცველოს მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და ამ მშენებლობის შესახებ სხალთის მთავარეპისკოპოსმა „აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა“.

„არავის არაფერი დაუშავებია, უბრალოდ, რაღაცაზე გაღიზიანდა“, – გვითხრა მან.

„ბათუმელები“ შეეცადა დეკანოზთან დაკავშირებას, თუმცა ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

რაც შეეხება მრევლს, სოციალურ ქსელებში არაერთი ადამიანი პროტესტს გამოხატავს მთავარეპისკოპოს სპირიდონის გადაწყვეტილებაზე და სოლიდარობას დეკანოზს უცხადებს.

„ჩემი მხარდაჭერა მამა გიორგის“, „ჩემი ოჯახის სოლიდარობა და მხარდაჭერა მამა გიორგი ფუტკარაძეს“, „ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა მამა გიორგის“ – ამ შინაარსის ათეულობით კომენტარი დაწერეს ლევან მჟავანაძის პოსტის ქვეშ და ასევე დეკანოზის პირად გვერდზეც სოციალურ ქსელში.

მრევლის ნაწილი ასევე მოითხოვს, რომ დეკანოზს არა მარტო სოციალურ ქსელში პოსტების წერით დაუჭირონ მხარი. ნაწილი სხალთის მთავარეპისკოპოსს უფრო მკაცრი ეპითეტითაც ამკობს და წერს, რომ „ბანდიტებთან ბრძოლა კლავიატურას არასდროს მოუგია…

„კლავიატურის იქეთ თუ არ წავა ეს სოლიდარობა, მამა გიორგი ფუტკარაძის გაწირვას ნიშნავს“, – წერს ერთ-ერთი პირი.

ბიზნესმენი ლევან მჟავანაძე ამბობს, რომ „ხალხი ემზადება“ დეკანოზის დასაცავად, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა ფორმით აპირებენ ისინი დეკანოზის დაცვას – წერილობით მიმართავენ საპატრიარქოს, თუ აქციები დაიწყება.

„ბათუმელებმა“ დამატებითი კითხვების დასმა ვერც დეკანოზთან მოახერხა და ვერც მთავარეპისკოპოსთან.

რაც შეეხება სხალთის მთავარეპისკოპოსს, სპირიდონი გამოირჩევა ანტიდასავლური და ღიად პრორუსული ქადაგებებით. რუსეთ-უკრაინის ომში კი რუსეთს უცხადებს ღია მხარდაჭერას.

სხალთელი ეპისკოპოსი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი როგორც მრევლის, ასევე თავად სასულიერო პირების მხრიდანაც კი.

სხალთელი მთავარეპისკოპოსი ასევე დაკავშირებულია ნინოწმინდის ბავშვთა სახლის სკანდალთა – ის ბავშვთა უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს უფლებას არ აძლევდა შესულიყვნენ ნინოწმინდის პანსიონში და შეესწავლათ მდგომარეობა, სადაც ბავშვები პერსონალის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: