მთავარი,სიახლეები

„ნამტირალევი ქალი 12 საათზე მივიდა სასტუმროში და 112-ში დარეკვა ითხოვა“ – რა თქვა სასამართლომ

11.09.2023 • 34362
„ნამტირალევი ქალი 12 საათზე მივიდა სასტუმროში და 112-ში დარეკვა ითხოვა“ – რა თქვა სასამართლომ

ბოლო წლებში ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების გამოტანის მაჩვენებელმა იმატა, რასაც მოსამართლეები ძირითადად ისევ ძალადობის მსხვერპლ ქალს უკავშირებენ – მათ დუმილი აირჩიეს.

უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში წერია, რომ ნამტირალევმა ქალმა, რომელიც დაახლოებით ღამის 12 საათზე მივიდა სასტუმროს მისაღებში და 112-ში დარეკვა ითხოვა…საბოლოო ჯამში „დუმილი არჩია“.

„…საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პ. ზ-მა ხელის სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით იძალადა მისი ოჯახის წევრზე, მეუღლე კ. ზ-ზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – ეს ოჯახში ძალადობის მორიგი საქმეა, რაზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო.

მსჯავრდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 საათით.

ეს განაჩენი გაუსაჩივრებია როგორც მსჯავრდებულს, ისე პროკურორს. პროკურატურამ უფრო მკაცრი სასჯელი მოითხოვა სააპელაციო სასამართლოში, მსჯავრედებულმა – გამამართლებელი განაჩენი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებული გაამართლა.

პროკურატურის შეფასებით, ეს გამამართლებელი განაჩენი უკანონოა. „…რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენებაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ პ. ზ-ს ბრალეულობას, კერძოდ: მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სასტუმროს თანამშრომლის – ა. ჩ-ს შეტყობინება.

ა. ჩ-ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ სასტუმროში ყოფნისას მას დახმარებისთვის მიმართა დაზარალებულმა, რომელსაც სახის არეში აღენიშნებოდა შეწითლება და უთხრა, რომ მასზე იძალადა მეუღლემ, მოწმე პოლიციის თანამშრომლებმა კი, დაადასტურეს, რომ დაზარალებული, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა შეწითლების კვალი, ამბობდა, რომ მასზე იძალადა მეუღლემ. გარდა ამისა, შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ პ. ზ-მა მეუღლეს – კ. ზ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

ამ საქმეში უდავოდ მიჩნეული მტკიცებულება და მთავარი მოწმე სასტუმროს ადმინისტრატორია, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ დაახლოებით ღამის 12 საათი იყო, როცა სასტუმროს მისაღებში ქალი შევიდა. სასტუმრო იმ კორპუსშია, სადაც დაზარალებული ქალი ცხოვრობს.

„…მითხრა, რომ კ.ზ-ს. ესაჭიროებოდა პოლიციის დახმარება, ქალბატონს სახეზე ეტყობოდა სიწითლე, იყო აღელვებული და ჰქონდა ნამტირალევი ხმა. მითხრა, რომ ბინაში მეუღლესთან მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც ქმარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მთხოვა, დამერეკა 112-ში.

პოლიციელებს იმავე ღამით დაუკავებიათ პ.ზ. „რომელსაც ვიზუალურად მარჯვენა ლოყის და ორივე ხელის მკლავის მიდამოში აღენიშნებოდა ნაკაწრები ფუფხის სახით. კაცმა პოლიციელებს უთხრა, რომ კონფლიქტი მეუღლესთან ჰქონდა.

სასამართლოს არც ამ შემთხვევაში  მისცა ჩვენება დაზარალებულმა.

„მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პ. ზ-ის მხრიდან დაზარალებულზე ძალადობას, წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი, სასამართლოში ჩვენება არ მიუცია,“ – აღნიშნულია განჩინებაში, სადაც უზენაესი სასამართლო ასაბუთებს, რატომ მიიჩნევს სამართლიანად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

__

სტატია ამავე თემაზე:

ზარი პოლიციაში: „მეუღლე მახრჩობს“ – რატომ ამართლებს სასამართლო ოჯახში მოძალადე კაცებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: