მთავარი,სიახლეები

„გოგონა ველოსიპედით“ – ქანდაკების რეაბილიტაციაში ბულვარი 40 ათას ლარს გადაიხდის

09.09.2023 • 3713
„გოგონა ველოსიპედით“ – ქანდაკების რეაბილიტაციაში ბულვარი 40 ათას ლარს გადაიხდის

ბათუმის ბულვარი მონუმენტური შადრევნის ქანდაკება „გოგონა ველოსიპედით“ აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 40 ათას ლარს გადაიხდის. მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვაზე ბულვარის ადმინისტრაციამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

ბულვარი ხელშეკრულებას ქანდაკების რეაბილიტაციაზე მის ავტორთან, ირაკლი ჟვანიასთან გააფორმებს.

„აღნიშნული ქანდაკება წარმოადგენს ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას, რომლებიც მუდმივად იზიდავენ ქალაქის სტუმრებსა და ბულვარის ვიზიტორებს. ქანდაკება ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდა 2012 წელს, ბათუმისთვის დამახასიათებელი ხშირი წვიმისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო დაკარგა ვიზუალური მიმზიდველობა და ფუნქცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა ქანდაკებების დაუყოვნებლივ რეაბილიტაცია.“ – აცხადებს „ბათუმის ბულვარი“

ბულვარის ინფორმაციით, რესტავრაციისთვის საჭირო თანხის ოდენობა „ქანდაკების ავტორის მიერ წარმოდგენილი აღდგენა-რესტავრაციისთვის საჭირო მომსახურების ხარჯთაღრიცხვის მიხედვით“ განისაზღვრა.

„რაც შეეხება სამუშაოების ჩატარებას, ჩემი აზრით ჩასატარებელია ქანდაკების გაწმენდა და ახლიდან დაჟანგვა, დასამატებელია ერთი დამატებითი ტუმბო ვინაიდან ქოლგიდან წყლის დინება არ არის საკმარისი; შადრევანზე გასაკეთებელია საინფორმაციო წარწერა, პოსტამენტზე შეიძლება გაკეთდეს ბრინჯაოს ბარელიეფები ქანდაკების გამოსახულებით და ქანდაკების ღამის განათება, რაც აუცილებელია.

ჩემის მხრიდან მზად ვარ შევასრულოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაო თქვენის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.“ – წერს ირაკლი ჟვანია  „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ლაშა მიქელაძეს.

განაცხადის მიხედვით, ქანდაკების ავტორთან შეთანხმებით, რესტავრაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა დასრულდეს.

ბულვარის ინფორმაციით, „ი/მ „ირაკლი ჟვანია“-ს მიერ წარმოდგენილია ცნობა, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციიდან, რომლის თანახმადაც ირაკლი ჟვანია გაწევრიანებულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში და მას ქანდაკებაზე „გოგონა ველისიპედით“ დაარეგისტრირებული აქვს საავტორო უფლებები“.

ბულვარის განაცხადს გამარტივებულ შესყიდვაზე სააგენტო 2023 წლის 13 სექტემბერს განიხილავს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: