მთავარი,სიახლეები

68 წლის ვეტერინარი ქედიდან 22 სოფელს ემსახურება: „პენსია არ გეკუთვნისო“

11.09.2023 • 8877
68 წლის ვეტერინარი ქედიდან 22 სოფელს ემსახურება: „პენსია არ გეკუთვნისო“

„22 სოფელი მაბარია. დილას 5 საათზე უნდა დავიწყო მუშაობა, ვიდრე საქონელს საძოვარზე გაუშვებენ. საღამოობით ვმუშაობ ასევე გვიანობამდე, რომ მოვასწრო ყველასთან მისვლა,“ – თავის სამუშაოს აღწერს ვახტანგ ბერიძე. ის ექიმი-ვეტერინარია და ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხვდით.

ვახტანგ ბერიძე უკვე 44 წელია ექიმ-ვეტერინარად მუშაობს, მას აქეთ, რაც უმაღლესი დაასრულა და ქედაში დაბრუნდა. მისი ყოველდღიურობა აჩვენებს: რატომ გახდა მილევადი ეს პროფესია და ამავდროულად, რატომ მცირდება პირუტყვის რაოდენობა სოფლად.

ვეტერინარი საპენსიო ასაკისაა, 68 წლისაა, მაგრამ პენსიას არ აძლევენ, რადგან იგი დასაქმებულია, მისი ჯამაგირი კი, თვეში 1300 ლარია. ვახტანგ ბერიძე ამბობს, რომ ხელფასიდან საშემოსავლო ექვითება, ასევე საწვავის და მანქანის ხარჯია საჭირო.

„500-600 ლარი თუ დაგრჩა, კარგია,“ – გაღიმებას ცდილობს ექიმი და დასძენს, რომ წლის განმავლობაში 7 თვით უფორმებენ ხელშეკრულებას.

„ვიდრე საძოვრებიდან დაბრუნდება პირუტყვი, მანამდე ადგილზე რაცაა, ისინი უნდა გადავცრა. ასევე ცოფის საწინააღმდეგოდ ვცრი ძაღლებს და კატებს,“ – გვიხსნის ვახტანგ ბერიძე და მორიგი სახლის წინ, ჭიშკართან ჩერდება – გამოცდილ ვეტერინარს აქ ყველა ცნობს.

„მობრძანდით“, – ისმის მასპინძლის ხმა, აივნიდანვე რომ ამჩნევს სტუმარს ჭიშკართან.

„ძაღლი დაბმულია, თუ სად გყავთ? უნდა ავცრა, წელს არ ამიცრია,“ – სტუმრობის მიზეზს განუმარტავს მასპინძელს ექიმი, ეზოში შედის და ჩანთიდან შპრიცს ამზადებს, მასპინძელი ძაღლს ამზადებს ასაცრელად.

„აცრები უფასოა, სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს,“ – გვეუბნება ექიმი და ინიექციის გაკეთების შემდეგ გვიყვება, საშემოდგომოდ ბევრი საქმე რომ ელის: საქონელი მთის საძოვრებიდან ჩამოჰყავს ხალხს.

„გავრცელებულია ვირუსული დაავადებები, რაც იწვევს სიკვდილიანობას, მაგალითად, თურქულს ვეძახით ერთ-ერთს. მთიდან როცა მობრუნდებიან ცხოველები, ყველა უნდა აიცრას, რადგან საფრთხეა, რომ იქიდან ჩამოიტანონ ვირუსი.

ადრე ჩემ სამოქმედო ტერიტორიაზე 9-10 ათასი საქონელი იყო, ახლა 5-6 ათასი იქნება დაახლოებით, მუდმივად იკლებს საქონლის რაოდენობა. მცირდება იმიტომ, რომ მიგრაციაა. ყველა ოჯახს სჭირდება საარსებო წყარო, რაც სოფელში აღარ გამოინახა. ქატო ერთი ტომარა 28 – 30 ლარი ღირს, ეს ერთი კვირა ეყოფა საქონელს…

ამას გარდა, როცა საქონელი გყავს, ყოველდღიურად სჭირდება ზრუნვა და ყურადღების მიქცევა, ვერ წახვალ სხვაგან, მაგალითად, სამუშაოდ და საქონელს ვერ დატოვებ.

სახელმწიფო არ ზრუნავს იმაზე, რაც გლეხს სჭირდება. თამბაქოს ფასიც როგორ შემცირდა, ხომ ხედავთ: ერთეულმა თანამდებობის პირებმა ჩაიგდეს ხელში და ფასი დაუგდეს. ამიტომაც, ხალხი სოფელს ტოვებს. გადიან თურქეთში, ევროპაში, რომ ლუკმა-პურის ფული იშოვონ, სხვა გზით ვეღარ ირჩინეს თავი.

ვახტანგ ბერიძე – ექიმი-ვეტერინარი

ექიმ-ვეტერინართან ერთად მუშაობს თანაშემწე. ვახტანგ ბერიძის შემთხვევაში, თანაშემწე იმავდროულად მძღოლია. მისი თქმით, ტრანსპორტირება ყველაზე ძვირი უჯდებათ, რაშიც ხელფასის ნახევარი ეხარჯებათ.

„პირველ რიგში, საწვავის ხარჯი უნდა გამოიყოს ცალკე გადაადგილებისთვის და ხელფასი მოიმატოს, ეს არის საჭირო,“ – ამბობს ვახტანგ ბერიძე და მანქანაში ჯდება, სოფლის მეორე კუთხეც რომ შემოიაროს.

„საღამოს საქონელი დაბრუნდება და ისინია მისახედი, მერე ძაღლებისთვის და კატებისთვის აღარ მეცლება,“ – გვემშვიდობება ექიმი-ვეტერინარი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: