მთავარი,სიახლეები

მესამე ცხედარიც ვიპოვეთ – შსს გურიაში მეწყერში დაღუპულებზე

08.09.2023 • 2017
მესამე ცხედარიც ვიპოვეთ – შსს გურიაში მეწყერში დაღუპულებზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 8 სექტემბერს, მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამი ცხედარი იპოვეს, მათ შორის ორი მოზარდის.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე.

„გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით მიმდინარეობს“ – აცხადებს შსს.

ოფიციალური ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებულმა მეწყრებმა გურიაში ათამდე სახლი დაანგრია. დაიტბორა ქობულეთი, ურეკი და სხვა ადგილებიც.

მეწყერი ჩამოწვა ქობულეთის სოფლებშიც. დაზიანდა ერთი საცხოვრებელი სახლი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.

____________

ფოტო სტიქიის ზონიდან. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: