მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ქვედა კიდურების ათეროსკლეროზი და ფეხით სიარული, როგორც პრევენცია – ქირურგის რჩევები

11.09.2023 • 1420
ქვედა კიდურების ათეროსკლეროზი და ფეხით სიარული, როგორც პრევენცია – ქირურგის რჩევები

ვენური სისტემის პათოლოგიებიდან მოსახლეობისთვის ყველაზე ნაცნობი ვარიკოზული დაავადება, რომელიც საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა სისხლძარღვთა ქირურგიაში ორი სისტემა არსებობს – ვენური და არტერიული; ქვემო კიდურების არტერიულ პათოლოგიას მიეკუთვნება ათეროსკლეროზული პათოლოგია, რომელსაც მკურნალობის არქონის შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული გართულებები შეიძლება მოჰყვეს განგრენისა და კიდურის დაკარგვის სახით. დაავადების ადრეულ ნიშნებზე, რისკ-ფაქტორებსა და მკურნალობის გზებზე, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის სისხლძარღვთა ქირურგი, არჩილ სიგუა საუბრობს.

კვლევა: ქვედა კიდურების პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზული დაავადება სულ უფრო და უფრო ხშირად მიიჩნევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ავადობისა და სიკვდილიანობის მნიშვნელოვან მიზეზად, რომელიც გავლენას ახდენს დაახლოებით 230 მილიონ ადამიანზე მსოფლიოში.

  • ბატონო არჩილ, რას ნიშნავს, როგორ განისაზღვრება არტერიული პათოლოგიები?

ათეროსკლეროზული დაავადება ეხება არა მარტო ქვედა კიდურების (ანუ ტერფების სისხლით მომმარაგებელ არტერიებს), არამედ ყველა არტერიას, რომელიც არის ხელებში, ფეხებში, თავში, გულსა და მუცელში.

ათეროსკლეროზი არის ფოლაქის განვითარება არტერიებში; ვინაიდან არტერიების საშუალებით სისხლით მარაგდება სხვადასხვა ორგანოები, ეს ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას, ხდება სისხლის ნაკადის დაქვეითება და რაღაც ეტაპზე შეიძლება მთლიანად დაიხუროს არტერიის შიგნით სანათური.

შედეგად იწყება სისხლის მკაცრი უკმარისობას ქვემო ან ზემო კიდურებში. ამ დროს იწყება პრობლემები, იქიდან გამომდინარე რომ სისხლი არ მიეწოდება ორგანოს.

  • რამდენად სწრაფად შეიძლება განვითარდეს უკმარისობა?

არტერიული უკმარისობა, შეიძლება იყოს ქრონიკული და მწვავე. ქრონიკულია, როცა ნელ-ნელა ვითარდება და გადადის ერთი სტადიიდან მეორე სტადიაში.

ქვემო კიდურების შემთხვევაში ქრონიკული უკმარისობა შეიძლება იყოს ოთხი სტადიის, სადაც მეოთხე სტადიის დროს იწყება განგრენა და არის საგანგაშო სიტუაცია კიდურის დაკარგვის.

მწვავე უკმარისობაა, როცა ადამიანს ემართება არტერიული თრომბოზი და დაავადების ერთი ფაზიდან მეორე ფაზაში გადასვლა, რაც ქრონიკულში მიმდინარეობს წლების განმავლობაში, აქ ხდება საათების განმავლობაში. ძალიან სწრაფად ვითარდება პრობლემა, რის შედეგადაც ადამიანმა შეიძლება ერთ დღეში შეიძლება დაკარგოს კიდური.

  • რა იწვევს, რა აპროვოცირებს ათეროსკლეროზს?

ამ დაავადების მთავარი მაპროვოცირებელი მიზეზებია არაჯანსაღი ცხოვრების წესი და კონკრეტულად თამბაქოს მოხმარება, ასევე არაჯანსაღი კვება (არა ცომეული და ცხიმიანი საკვები), ჰიპოდინამია – როცა ადამიანი ნაკლებს მოძრაობს და შაქრიანი დიაბეტი. ეს სამი რაღაც არის ამ დაავადების მთავარი პრედიქტორი.

ამ დროს ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, შედეგად არტერიის შიდა კედელზე ჩნდება  ლიპიდური ცვლილებები და ნელ-ნელა იწყებს ზრდას ფოლაქი; თუ ეს არის ქრონიკული პროცესი მაშინ პროცესი მიმდინარეობს წლების განმავლობაში და საბოლოოდ ხურავს სანათურს. დიაბეტის დროს ეს პროცესები მიმდინარეობს უფრო დაჩქარებულად.

  • ბატონო არჩილ, მარტივად რომ განუმარტოთ მკითხველს, როგორ აზიანებს თამბაქო სისხლძარღვებს?

მექანიზმი მარტივია, საწყის ეტაპზე თამბაქო არღვევს ნივთიერებათა ცვლას, აქედან გამომდინარე არტერიულ კედელზე უფრო ჩქარა და უფრო აგრესიულად იზრდება ფოლაქები და მეორე, თვითონ ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს, ანუ მოწევის დროს ისპაზმება თვითონ სანათური.

მაგალითად, ალკოჰოლის მიღების დროს  სისხლძარღვები ჯერ ფართოვდება და მეორე დღეს ისპაზმება/ვიწროვდება (იმიტომ არის რომ, იმ დღეს როცა ადამიანი სვამს, ნაკლებად ხდება ინფარქტი, უფრო ხდება მეორე დღეს); თამბაქოს მოწევისას მყისიერად ხდება სპაზმი,  ახლა მოწია – ახლავე დაისპაზმა.

  • ფიზიკური აქტივობა რა მექანიზმით ეხმარება ამ დროს არტერიებსა და სისხლძარღვებს?

როცა ადამიანი ფიზიკურად იტვირთება, კერძოდ, იტვირთება კიდურები, მაშინ ორგანიზმი იძულებულია გააქტიუროს და გაზარდოს წვრილი, პატარა არტერიები. როცა ადამიანი აქტიურობს, მას სისხლის უფრო ძლიერი ნაკადი სჭირდება, რისთვისაც კუნთებში ვითარდება პატარა წვრილი არტერიები და კიდურს სისხლის უკეთესი მომარაგება აქვს. სიარული აძლიერებს ამ  პატარა არტერიებს. სასურველია დღეში 10 კმ-ის გავლა.

  • როგორია ქვედა კიდურების ათეროსკლეროზული დაავადების ადრეული ნიშნები და ზოგადი სიმპტომატიკა?

ძალიან მნიშვნელოვანია ეს დაავადება ადრეულ ეტაპზე ვნახოთ. პირველ რიგში ადრეული ნიშნებია კიდურებში სიმძიმის შეგრძნება, სიარულის დროს მანძილის დაქვეითება, ანუ ადამიანი გადის 500 მეტრს, რის შემდეგაც ეწყება დაღლილობა კიდურში და ტკივილი კუნთში, რა დროსაც მან უნდა დაისვენოს რამდენიმე წუთი, გადაუაროს ტკივილმა და შემდეგ გააგრძელოს სიარული. ამას ეწოდება გარდამავალი კოჭლობა.

დაავადების პროგრესირებასთან ერთად, პაციენტს გარდამავალი კოჭლობა ეწყება სულ უფრო და უფრო ნაკლებ მანძილზე, მაგალითად 300 მეტრის გავლის შემდეგ, შემდეგ 200 მეტრამდე ჩამოდის, მერე 100, 50 და საბოლოოდ პაციენტს მოსვენებით მდგომარეობაში ეწყება ისეთი სიმძლავრის ტკივილები, რომ ძლიერი გამაყუჩებლის გარდა არაფერი შველის.

ეს მანძილი არის ძალიან დამახასიათებელი იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ, რამდენად მძიმე დაზიანება აქვს ადამიანს.

  • როგორი ტკივილია ეს, სად იგრძნობა სხეულებრივად?

ტკივილი უმეტესად იგრძნობა წვივის კუნთებში, ზოგჯერ შეიძლება იყოს ბარძაყის კუნთებიც. გამონაკლისია, როცა ადამიანს აქვს დიაბეტი, მაშინ შეიძლება ცოტა სხვაგვარად მუშაობდეს მექანიზმი, რადგან ამ დროს ქვემო კიდურებში არის არა მარტო სისხლძარღვების, არამედ ნერვების პრობლემაც და ადამიანი შეიძლება ვერ გრძნობდეს ტკივილს, ანუ შესაძლოა სიმპტომატიკა წაშლილი იყოს, მაგრამ დაავადება მაინც მიმდინარეობდეს.

ხშირია, როცა დიაბეტის მქონე პაციენტები მოდიან დაავადების იმ სტადიებზე, როცა ან აქვს ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაში [ვერ წვება, რადგან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში კიდევ უფრო ძნელდება კიდურებში სისხლის მიწოდება, სტკივა,  ვერ სძინავს 10-20 დღე, სანამ არ გაიკეთებს ძლიერ გამაყუჩებლებს], ან იმ სტადიაში, როცა არის ნეკროზები ან განგრენული ცვლილებები.

ეს არის მეოთხე სტადია. ძირითად შემთხვევაში ამ დროს აღინიშნება გამაგრება და გაშავება თითების დისტალურ ნაწილებში, ანუ ბოლოებში. ჯერ ჩნდება პატარა შავი წერტილი, რომელიც დღეების განმავლობაში იზრდება, თავიდან ერთი თითი შეიძლება იყოს დანეკროზებული, შემდეგ გადავიდეს ტერფზე და ტერფიდან წვივზე.

განგრენული ცვლილებები, იგივე ტროფიკული წყლული, იმის გარდა, რომ ვნებს ფეხს, ვნებს მთელ ორგანიზმსაც, იმიტომ, რომ  მკვდარი ქსოვილები მთელი ორგანიზმის ინტოქსიკაციას იწვევს და ამ ფონზე შეიძლება განვითარდეს სეფსისი, რაც უკვე სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.

  • როგორია მკურნალობა?

იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აწუხებს მხოლოდ გარდამავალი კოჭლობა და არ გვაქვს ტკივილები მოსვენებით მდგომარეობაში და განგრენა, მაშინ შეგვიძლია მივმართოთ კონსერვატიულ მკურნალობას, რომელშიც შედის სისხლის გამათხელებლები, პრეპარატები, რომლებიც ანელებენ ფოლაქების განვითარებას (სტატინები), შეიძლება შევიდეს გადასხმები, რომლებიც ცოტათი აფართოებენ სისხლძარღვებსა და აუმჯობესებენ მიკროცირკულაციას.

კონსერვატიული მკურნალობის შედეგად არ ხდება იმ მანძილის ზრდა, რომელსაც ადამიანი გადის ტკივილის გარეშე, კონსერვატიული მკურნალობა არის პირველ რიგში იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ის [უმტკივნეულოდ დასაფარი მანძილის მაჩვენებელი], რაც გვაქვს.

როგორც წესი, ქირურგიული მკურნალობა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს სიარულის მანძილი შემცირებული აქვს 50 მეტრამდე. ან აქვს უკვე მოსვენებით მდგომარეობაში ტკივილი, ან ტროფიკული წყლული.

დღეს ოპერაციული მკურნალობა ძალიან განვითარებულია, 10-15 წლის წინ თუ მხოლოდ ღია წესით ოპერაციები (შუნტირება, პროთეზირება ან პლასტიკა ქირურგიული) ტარდებოდა, ახლა უკვე შეგვიძლია ენდო-ვასკულარულად ჩავერიოთ ანუ ე.წ. უსისხლო წესით, ნაჩხვლეტიდან (ძალიან წვრილი ინსტრუმენტებით) შევიდეთ სისხლძარღვებში, დავაყენოთ სტენტები, ან უბრალოდ გავაფართოოთ და გავხსნათ იმისთვის, რომ სისხლის ნაკადი და მოცულობა გაიზარდოს კიდურში. თუმცა ღია წესით ოპერაციებიც შეიძლება დღესაც გაკეთდეს.

მეთოდი წყდება მას შემდეგ, როცა გვაქვს სრული სურათი იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშია სისხლძარღვები.

რეკომენდაცია: პაციენტი, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, ყოველ წელს უნდა გადიოდეს სისხლძარღვთა ქირურგთან კონსულტაციას, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა მას ტკივილები კიდურებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: