მთავარი,სიახლეები

სოფელ კოკოტაურში 23 კაცი გზის მოვლაზე დაასაქმეს – როგორ ამუშავდა „ოცნების“ წინასაარჩევნო სქემა

09.09.2023 • 6739
სოფელ კოკოტაურში 23 კაცი გზის მოვლაზე დაასაქმეს – როგორ ამუშავდა „ოცნების“ წინასაარჩევნო სქემა

„გზაზე ბევრია დასაქმებული, ფურცელს აწევენ თუ რაღაც, ხან გამოდიან გზაზე, ხან – არ გამოდიან. ხელფასს იღებენ, მე კი ყოველდღიურად ვმუშაობ,“ – გვიყვება დალი ქათამაძე-ბერიძე, რომელსაც ქედაში, სოფელ კოკოტაურში შევხდით და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების შესახებ ვესაუბრეთ.

დალი ქათამაძე-ბერიძე, როგორც სოციალურად დაუცველი, კოკოტაურის სკოლაში დამლაგებლად მუშაობს. ამ სოფელში დასაქმებული კიდევ ერთი სოცდაუცველი სოფლის ცენტრს და ადმინისტრაციულ შენობას ალაგებს. სოფელ კოკოტაურში, სადაც ფაქტობრივად 130 ოჯახი ცხოვრობს და სოფლის სკოლაში 28 ბავშვი დადის, სულ 25 სოცდაუცველი დაუსაქმებიათ, მათ შორის, 23 კაცი გზას უვლის.

სხვა სოფლების იდენტური სურათი დაგვხვდა „ბათუმელებს“ კოკოტაურში: დასაქმებული სოციალურად დაუცველი ადამიანები ამბობენ, რომ ადრე უხელფასოდ აკეთებდნენ იგივე საქმეს, რაშიც ახლა 300-300 ლარს უხდიან. მათ ხელშეკრულება არ შეუნახავთ, ან არ მისცეს და „დავალებას“ ძირითადად სოფელში მერის რწმუნებული განსაზღვრავს.

რამდენიმე სოფლის შემთხვევაში დასაქმებულებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებად მუშაობდნენ, კოკოტაურში კი, 4 სოცდაუცველიდან ერთმა დაგვიდასტურა „ოცნებასთან“ კავშირი: „ოფიციალურად მიდრეკილი ვარ ქართულ ოცნებაზეო“.

გასათვალისწინებელია, რომ სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა 2025 წლის გაზაფხულზე დასრულდება – საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე, არჩევნებამდე კი, მმართველი პარტია ამოფარებულია პოზიციას, რომ „საქმეს აკეთებს“ და სოციალურად დაუცველ ადამიანებს მასობრივად ასაქმებს. 

ხელისუფლება მალავს სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების სტატისტიკას, თუმცა დასაქმების სააგენტოს საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის ბოლოსთვის ამ პროგრამით 30 ათასი ადამიანი უკვე დასაქმდა.

„ბათუმელები“ სხვადასხვა სოფლის მაგალითზე აქამდეც წერდა, სად დაასაქმეს სოცდაუცველები: მაგალითად, ხულოს სოფელ დიდაჭარაში, საბავშვო ბაღში სულ 33 ბავშვია და 20 თანამშრომელი, მათ შორის, 5 სოციალურად დაუცველი. ქედის სოფელ ზვარეში კი, სოფლის გზაზე დასაქმებული 10 დამლაგებელი დაგვხვდა.

რა გვითხრეს კოკოტაურში დასაქმებულმა სოცდაუცველებმა? 

„მომაკუთვნეს ხუთი კლასის დალაგება და იმას ვალაგებ. ყოველდღე დავდივარ სკოლაში, სამი საათი მაინც მჭირდება, რომ დავალაგო,“ – გვიყვება დალი ქათამაძე-ბერიძე:

„სკოლაში მანამდეც მუშაობდა დამლაგებელი და ახლაც არის, როგორც ამბობს, მისი ხელფასი 200 ლარია. თავიდან მე მქონდა დასალაგებელი მხოლოდ დარბაზი და კორიდორი და იმ დამლაგებელმა ეს გააპროტესტა, მე ამდენი კლასი ვალაგო და კიდევ დაბალი ხელფასიო… მერე მომცეს მეც კლასები და კორიდორი აღარ მაქვს.

გასული წლის ნოემბერში დავსაქმდი. ნოემბერსა და დეკემბერში 300 – 300 ლარი ჩამირიცხეს, შემდეგ კი, სულ მაკლებენ, ხან 245 ლარს მირიცხავენ, ხან – 230 ლარს, ხან – 220 ლარს. დირექტორს რომ ვუთხარი, მე შენი ხელფასი რად მინდაო, აღარ მომიკითხავს სხვაგან… მითხრეს, სულ არ მოხსნანო, მაგრამ უნდა გავასაჩივრო: ხელფასი არ მქონდა და მშიერი არ მომკვდარვარ,“ – გაღიმებას ცდილობს დალი ქათამაძე-ბერიძე და თან მობილურ ტელეფონში გვაჩვენებს ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

ჩარიცხვების ელექტრონული დოკუმენტიდან ჩანს, რომ დასაქმებულ სოცდაუცველს პროგრამით გათვალისწინებულ, სტანდარტულ 300 ლარს მართლაც არ ურიცხავენ.

დალი ქათამაძე-ბერიძე

სოციალური მომსახურების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თავად დასაქმებულს მიაწვდიან ინფორმაციას, რატომ არ ერიცხებათ 300 ლარი. აქ განმარტეს, რომ საათების რაოდენობაზეა დამოკიდებულია, რაც სამუშაო ადგილზე ივსება.

დალი ქათამაძე-ბერიძე კი ამბობს, რომ სხვა დასაქმებულებთან შედარებით, მას ყველაზე მეტი საქმე აქვს.

„დაძაბულად ვარ სხვებთან შედარებით, არ უნდა იყოს დაკლება. სხვები გზაზე არიან, საგზაოს ბევრი ჰყავს და შემცვლელები არიან, მე მარტო ვარ სკოლაში. ისეთი სამუშაო აქვთ, დილაზე გამოვლენ, ეზოა დასაგველი, თუ რა ვიცი, კაცებს ადვილი სამუშაო აქვთ,“ – ამბობს დალი ქათამაძე-ბერიძე.

გზა სოფელ კოკოტაურში

ხელშეკრულება არც დალი ქათამაძე-ბერიძეს შეუნახავს, მას არც ვაკანსიების ჩამონათვალი უნახავს. დალის დასაქმების ისტორია ასეთია:

„მე ვაკანსია არაფერი არ მინახავს, ზურიამ [მერიის რწმუნებული სოფელ კოკოტაურში] დამირეკა, შენი პასპორტი მინდაო, ისიც არ ვიცოდი, რისთვის უნდოდა. მერე დამირეკა, დაგასაქმეო და სკოლის დირექტორი რომ დაგირეკავს, ახვალ სკოლაშიო.

მე თვითონ ნასწავლი ვარ, მაგრამ ჩემი სპეციალობით სამსახური ვერ ვნახე – დაწყებითების მასწავლებელი ვარ, ერთ-ორი კაპიკი მინდოდა მქონოდა და ცოცხი დავიკავე.

მინდა, რომ გაგრძელდეს დასაქმების ეს პროგრამა: 2025 წლის მარტამდე რატომ უნდა იყოს?  თუ არჩევნები ჩატარდება, იმის მერეც უნდა გაგრძელდეს,“ – გვითხრა დასაქმებულმა დალი ქათამაძე-ბერიძემ.

პროფესიით პედაგოგია ოთარ შანიძეც, რომელსაც ასევე არ შეუნახავს ხელშეკრულება და ამბობს, რომ როგორც სოცდაუცველი, სოფელში მერის რწმუნებულის თანაშემწედ მუშაობს.

ოთარ შანიძე

„ვაკანსია თავად შეარჩიეს,“ – გვიყვება ოთარ შანიძე. იგი ვერ აკონკრეტებს, რა არის მისი ვალდებულება, – „ჩემი ძირითადი თანამდებობა არის ის, რომ სოფლის უხუცესის და ჩვენი თავკაცის თანაშემწე ვარ. 300-ლარიანს ვმუშაობ, მას [მერის რწმუნებულს] თუ არ სცალია, მე დამირეკავს და გავდივარ მასთან ერთად სამუშაოზე. მათ [სხვა სოცდაუცველებმა] იმუშაონ და მე არა, მაგას მე სოფელში არც ვიზამ…“ – თქვა ოთარ შანიძემ.

გამოდის, ზედამხედველი ხართ? – ვეკითხებით დასაქმებულს.

„ზედამხედველი როგორ ვარ იცით, ვაფრთხილებ და თან გავდივარ მათთან ერთად სამუშაოზე. დავდგე ახლა, მათ ვუყურო და მე არ ვიმუშაო, ასე არაა…. ხელშეკრულება ოჯახში შენახული არ მაქვს, მაგი დევს ქედის გამგეობაში,“ – გვითხრა ოთარ შანიძემ.

დასაქმებული „ბათუმელებთან“ ირწმუნება, რომ სამუშაოებს, რასაც ახლა სხვებთან ერთად აკეთებს – გზის მოვლაა, თუ სანიაღვრე არხების მოწესრიგება, სოცდაუცველების დასაქმებამდეც იგივე ადამიანები აკეთებდნენ.

„ტენდერით მილები ჩასვეს და ეს არის, თორემ კონტროლს, მთლიანობაში სოფელი მიდიოდა და აკეთებდა… ადრე იმავეს აკეთებდა სოფელი დასაქმების პროგრამის გარეშე. ამ დასაქმებით მოსახლეობამ ცოტა ხელი მოიბრუნა ფინანსურად. 300 ლარი არ არის, რომ ვაი, რა ვნახე, მაგრამ ოჯახში პურის ფქვილი და ზეთი იყიდეს, სარჩო მეტი შემოვიდა,“, – გვიყვება ოთარ შანიძე.

ხომ არ მოსთხოვეს დასაქმებულებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობა წინასაარჩევნოდ იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროგრამა „ქართული ოცნების“ ინიციატივითვე საპარლამენტო არჩევნების დამთავრების შემდეგ შეწყდება? – ვეკითხებით რესპონდენტს.

„თავიდან დაწყებული, მე ვიყავი „ოცნებაში“. ამას ვამბობ მე რეალურად და ყველამ იცის ეს, დასაქმებამდეც მაქ ვიყავი, „ოცნების“ წარმომადგენელი არ ვიყავი მე, არავითარი კოორდინატორი, მაგრამ ოფიციალურად მიდრეკილება მქონდა „ოცნებაზე“.

გეოგრაფიის მასწავლებელი ვარ, მაგრამ სკოლაში არ დამასაქმეს, რადგან „აღორძინების“ მომხრე ვიყავი, 6 თვე ვიმუშავე სკოლაში და გამათავისუფლეს, შემდეგ ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობდი… იმის შემდეგ შეხება არ მქონია „ნაციონალებთან“.

ვერ იტყვის ვინმე, რომ მთავრობა შერჩევით ასაქმებს სოცდაუცველებს. ჩემს გვერდით მართლა ისეთი ხალხია, ნაციონალობაზე რომ თავს დებდნენ, ისინიც დასაქმებული არიან,“ – ამბობს ოთარ შანიძე, თუმცა უარს გვეუბნება, დაგვისახელოს რომელიმე სოცდაუცველი, ვინც ოპოზიციის ღიად  მხარდამჭერია და დაასაქმეს.

„თუი წვიმაა, შესაძლებელია, ღამეც მოგვიწიოს მუშაობა, კარგ ამინდებში კი, დღეში ერთი გავლაც საკმარისია, ორ დღეში ერთიც,“ – მზიან ამინდში რომ ბევრი საქმე არ აქვს, ადასტურებს ისევ სოფელ კოკოტაურში დასაქმებული მუხამედ გოლომანიძე. ის გვიყვება, რომ გზის მოვლასთან ერთად, სარწყავ არხებსაც უნდა მიხედოს, მაგრამ „ახლა წყლის კრიზისია“ და ვერაფერს შეცვლის – სარწყავ არხებს არავინ იყენებს.

„გაზი გაჰყავთ და ამ გაზის არხებიც გაყვანამაც დააზიანა გზა, ჯერ დასრულებული არ აქვთ სამუშაო, წვიმის დროს ძალიან რთული საქმე გვაქვს, ღვარცოფი მოდის.

ხელშეკრულება არ შემინახავს, ანაზღაურება მერიცხება 300 ლარი, თანხა მეტი იყოს, უკეთესია,“ – ეღიმება მუხამედ გოლომანიძეს.

მუხამედ გოლომანიძე

„გამოსწორება ის იქნება, რომ ქვეყანა იყოს ძლიერი და იყოს სამუშაო, სახელმწიფო კი არ უნდა გვასაქმებდეს, არამედ ჩვენით უნდა ვისურვებდეთ და ვნახავდეთ,“ – გვემშვიდობება მუხამედ გოლომანიძე.

„ვერ გეტყვით, რა პოლიტიკაა ჩადებული… ისევ მე ვაკეთებდი ამ საქმეს აქამდე უხელფასოდ. მეშინია, არ მოსკდეს და არ წაგვიღოს მეწყერმა,“ – გვიყვება როლანდ თავართქილაძე. მისი სახლიდან არაა შორს ზურაბ ზოიძის სახლი, რომელიც 2023 წლის მარტში მეწყერმა ჩამარხა.

„რომ მოსკდა, გვეშინია სარწყავი წყლის მოყვანა ახლა, ამას უნდა მილები, მილების გარეშე ვერ ვიზამთ, მთავრობას მოუწევს ამის გაკეთება, რომ მილები მოგვცეს და მილებით გვინდა წყლის გაყვანა.

თავად შემომთავაზეს ეს პოზიცია, მე არაფერი შემირჩევია. სანიაღვრე არხების გასუფთავებაა ჩემი საქმე – ავდივარ ზემოთ, ჩემი სახლის პირდაპირ და ჩამოვყვები დაბლა. ხელშეკრულება გაფორმებული მაქვს, მაგრამ ჩემთვის არ მოუციათ, არ წამიკითხავს, რა არის ვალდებულება, საჭიროებისამებრ ვმუშაობ. ზოგჯერ მეტი გვიწევს შრომა, ზოგჯერ ნაკლები.

ყველა დაასაქმეს, ვინც სოცდაუცველია. ზოგჯერ სხვა რამეზეც გვამუშავებენ, მაგალითად, ხეების ჩამოსხვლა, ან განათება. სოფლის გამგებელი განსაზღვრავს, რა უნდა გავაკეთოთ.

ოპოზიციონერი რომ ვყოფილიყავი, შეიძლება არ დავესაქმებიე, არ ვიცი, მაგრამ მე არც იქეთ ვიყავ და არც – აქეთ,“ – იღიმის როლანდ თავართქილაძე.

როლანდ თავართქილაძე

____

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/488714/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: