მთავარი,სიახლეები

ძლიერ წვიმაზე შიშისგან წნევა მიწევს – კაცი ქედიდან, ვის მეზობლად მეწყერმა სახლი ჩამარხა | VIDEO

10.09.2023 • 12754
ძლიერ წვიმაზე შიშისგან წნევა მიწევს – კაცი ქედიდან, ვის მეზობლად მეწყერმა სახლი ჩამარხა | VIDEO

„შოვის ტრაგედია რომ მოხდა, სახლში ვეღარ ვჩერდებოდი. ჩემი ხის სახლი 150 წლისაა და კრაჭუნობს, ყველა გაკრაჭუნებაზე გავრბოდი გარეთ, გამოვვარდებოდი გარეთ, არაფერი, შევიდოდი უკან, მერე კიდევ ისე,“- თავის ემოციას გვიზიარებს ქედაში, სოფელ კოკოტაურში მცხოვრები გია ხალვაში და თან ფერდობს მივუყვებით ტყის პირას, ხის ძველი სახლისკენ, სადაც ცხოვრება საშიში გახდა.

ქედის სოფელი კოკოტაური ის სოფელია, სადაც 2023 წლის 5 მარტს მეწყერმა სახლი წაიღო, გია ხალვაშის სახლის მეზობლად. გია გზაში გვიყვება, რომ მეწყერი მისთვის განსაკუთრებით საშიში ამ ამბის ან შოვის ტრაგედიის შემდეგ კი არ გახდა, არამედ როცა მკაფიოდ დაინახა, როგორ ატყუებს ხელისუფლება:

2020 წელს გია ხალვაშის საკარმიდამო გეოლოგებმა შეისწავლეს და დასკვნა ჩააბარეს, რომ იქ ცხოვრება საშიშია. როცა მეწყერმა გიას მეზობლის – ზურაბ ზოიძის სახლი ჩამარხა, დაზარალებული ოჯახი და გიაც სამეზობლოში გადაუყვანიათ, ე.წ. „უსაფრთხო ადგილას“. თუმცა 20 დღის შემდეგ გია ხალვაშს უთხრეს, რომ საფრთხე აღარ არსებობს და თავის სახლს უნდა დაუბრუნდეს.

გია ხალვაშისთვის გეოლოგების ახალი დასკვნა არ ჩაუბარებიათ, სადაც იქნებოდა ჩანაწერი: „ცხოვრება უსაფრთხოა“.

ძველი სახლი გავლისას მართლაც კრაჭუნობს. ალაგ-ალაგ, იატაკი ჩავარდნილა, ჭერიც დაზიანებულა. ამ სახლში გია ხალვაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. გიას აივნიდან ულამაზესი ხედი იშლება – მწვანე მთები და პატარ-პატარა სოფლები მდინარის პირას. მასპინძელი გვიყვება, წლების წინ რომ ამ პატარა სოფლებში დადიოდა და ადამიანებს ფოტოფირით ფოტოებს უღებდა, ვიდეოსაც. ყველამ რომ მობილური ტელეფონი იყიდა, გია ისევ უმუშევრად დარჩენილა და ამჯერად ჯართის შეგროვებით დაკავებულა…

გიას აივანზე ვთხოვთ გაჩერებას, ფოტოები რომ გადავუღოთ, მაგრამ ის ამბობს, რომ ცუდადაა და იქ დგომა აღარ სურს: „აქ ვიდექი იმ დილასაც, მეწყერმა ზურაბის სახლი რომ წაიღო. ისე შევშინდი, ორი საათი ვერ გავექანე ადგილიდან, მერე ჩავედი, რა თქმა უნდა,“ – ღრმად ამოიოხრა და ოთახში როცა შევბრუნდით, ისევ იმ დღეს დაუბრუნდა, მეწყერმა რომ სახლი ჩამარხა.

გია ხალვაში

ქედა, სოფელი კოკოტაური, ხელი გია ხალვაშის სახლიდან

ადგილი, სადაც მეწყერმა სახლი წაიღო

„თავიდან ქარი მეგონა, ისე წამოვიდა შრიალით მეწყერი ზემოდან… იმ დილით ჩემი ხბო ბღაოდა, ვიფიქრე, რა უნდა ამ დილას-მეთქი, ქატო გავულესე, შევუტანე და დავუდგი, გაჩერდა და ამ დროს თითქოს რაღაცამ დეიშიშინა, შევხედე და თანდათან მოდიოდა ნელა, შიშმა ამიტანა… რომ ჩავედი ზურაბთან, სახლი უკვე ჩატანილი ჰქონდა მეწყერს, სახურავის რახა-რუხი მიდიოდა, აქეთ ბოსელი, იქეთ – ნალია… მთელი სამეზობლო იქ იყო, ყველაფერი დაუშალა და დაუნგრია, გაუნადგურა კაცს ცხოვრება.

მანამდე გზა იყო გახეთქილი სახლს ზემოთ, თანდათან ემატებოდა… არ ეგონა მას და არ სჯეროდა, ასე თუ მოხდებოდა, მეზობლად მისი ბიძის სახლში გავიყვანეთ ოჯახი. ზუსტად მეორე დღეს ჩამოვიდა მეწყერი,“ – გვიყვება გია ხალვაში.

ამოვიდნენ მაშინ გეოლოგები, ან ხელისუფლებიდან ვინმე, ვიდრე მეწყერი ჩამოწვებოდა? – ვკითხულობ მე.

„არა, საერთოდ არავინ,“ – კატეგორიულია მასპინძელი და თეთრად შეღებილ სარკმელთან ჩერდება, – „მერე ამოვიდნენ, რომ გასწორდა ყველაფერი, ამოვიდნენ და ყველაფერი კარგად იქნებაო. სახლებში არ იცხოვროთო, ჩვენც გვითხრეს და გაგვიყვანეს რამდენიმე ოჯახი. მეც ზურაბთან ერთად შევედი მეზობლის სახლში, ვიფიქრე, ერთად ვიქნებით-მეთქი. ზურაბის ოჯახი ახლაც იმ სახლშია, ვინც საცხოვრებლად ქალაქშია გადასული.

ქირის ფული კი არა, უბრალო საკვები პროდუქტებიც კი არ მოუტანიათ. ვინც დაზარალდა, იმასთანაც არ მიუტანიათ, არათუ ჩემთან. როგორც ვიცი, ქირის ფულს უხდიან მხოლოდ თვეში 240 ლარს და ესაა, მეტი თეთრი არ აუღია,“ – ცხარობს გია ხალვაში.

თანხა ახალი საცხოვრებლისთვის რომ არ მიუღია, დაგვიდასტურა ზურაბ ზოიძემაც, ის ცოლთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად იალაღზეა და ტელეფონით დავუკავშირდით.

„ვისიც არის სახლი, იმას ურიცხავენ 240 ლარს, მეტი არაფერი მიმიღია მე… სახლიდან მხოლოდ რამდენიმე ნივთის გადარჩენა შევძელით, უმნიშვნელო, გვიჭირს, სოციალურ შემწეობას არ ვიღებთ, დახმარება მხოლოდ ბავშვებს აქვთ, ვიბარგებით ახლა მთიდან,“ – გვითხრა ზურაბ ზოიძემ.

მას შემდეგ, რაც ზურაბ ზოიძის სახლი მეწყერმა წაიღო, სოფელი გეოლოგებს შეუსწავლიათ – ოთხი ოჯახი, მათ შორის, ზურაბ ზოიძის ოჯახი ქირით გაუყვანიათ, ნაწილს კი უთხრეს, რომ თავიანთ სახლებს უნდა დაუბრუნდნენ.

„2020 წელს როცა მითხრეს, რომ აქ ცხოვრება საშიშია, დავიჯერე და სახლის მშენებლობაც გავაჩერე,“ – გვიყვება გია ხალვაში და ფანჯარასთან ზურგშექცევით ჯდება. – „წყლები ამოვიდა რამდენიმე ადგილზე, ახლაც ამოდის… ახლა რომ მითხრა გეოლოგმა, აღარ არის საშიშიო, რა შეიცვალა, როგორ დავუჯერო?

კვლევას სჭირდება თავისი დანადგარები, უნდა გაზომო სიგრძე, სიგანე, საფრთხე შეისწავლო. მასე ძველი ფოტოაპარატი მეც კი მაქვს, გავუჩხაკუნებ და გადავიღებ. გეოლოგმა მითხრა, დავასურათე და შევიტანე კომპიუტერშიო. მე ვუთხარი, რამე დამაჯერებელი მაინც მოიტყუე-მეთქი.

არ ვიცი, ან გეოლოგობა როდის ისწავლა, სახელი არ ვიცი, გვარად თურმანიძეა და ქედელი ბიჭია, აქამდე კომისრის მძღოლად მუშაობდა.

განსაკუთრებით საფრთხეს წვიმაში ვგრძნობ – ძლიერი წვიმა როცა მოდის, წნევა მიწევს, საერთოდ მივდივარ სახლიდან… იქეთ, მოსახვევში მაგარი მიწაა, იქ მყავს გაჩერებული ძველი „მარშრუტკა“ და იმაში ვიძინებთ. აბა, რა ვქნათ, ნიახური ხომ არ ვარ, მეორედ რომ მოვიდე?

ხელისუფლებამ წინასწარ არ იცის, სად რა მოხდება, მაგრამ ხომ არიან სამსახურები? უნდა დაავალონ, რომ, მაგალითად, ადი და კოკოტაური შეამოწმე, ან ხულო შეამოწმე, მაშინ გადარჩება მოსახლეობა,“ – ისევ პეიზაჟს გაჰყურებს მასპინძელი.

რატომ არ ჩააბარეს გეოლოგის ახალი დასკვნა გია ხალვაშს და რატომ ვერ მოხერხდა დაზარალებული ზურაბ ზოიძისთვის ახალი საცხოვრებლის შეთავაზება? – ვიკითხეთ ქედის მერიის პრესცენტრში.

„მოქალაქე ზურაბ ზოიძეს მეწყრული პროცესების შედეგად მიყენებული ზარალის გამო, მერია დაეხმარა 1000 ლარით და აჭარის მთავრობა 5000 ლარით, ჩართულია საცხოვრებლის უზრუნველყოფის პროგრამაში, მოქალაქემ უნდა უზრუნველყოს საცხოვრებელი ბინის მოძიება, რომ ჩაერიცხოს თანხა.

მიმდინარე წელს კოკოტაურში განვითარებული მეწყრის შემდეგ, გეოლოგების მიერ შესწავლილია გია ხალვაშის საცხოვრებელი, დასკვნაში აღწერილია, რომ ფერდზე მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის მიზნით საჭიროა ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება, თუმცა მოქალაქეს გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მერიისთვის არ მოუმართავს. მოქალაქე გია ხალვაშისთვის მერიას გაწეული აქვს დახმარება სახურავით, მილებით და შეშით,“ – მოგვწერეს ქედის მერიის პრესცენტრიდან, სადაც ასევე ვითხოვეთ, ეჩვენებინათ გეოლოგის ახალი დასკვნა და დაეკონკრეტებინათ: არის თუ არა გია ხალვაშის საცხოვრებელი ადგილი უსაფრთხო? – ქედის მერიაში ეს ინფორმაცია უპასუხოდ დატოვეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: