მთავარი,სიახლეები

შედეგები არასახარბიელოა – გიდები ტურისტულ სეზონს აფასებენ

07.09.2023 • 2620
შედეგები არასახარბიელოა – გიდები ტურისტულ სეზონს აფასებენ

როგორი ტურისტული სეზონი იყო წელს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ამჯერად გიდებს მიმართა – ადამიანებს, რომელთაც ყოველდღიური შეხება აქვთ ტურისტებთან. ყველა მათგანი ამბობს, რომ წელს ცოტა ტურისტი იყო ევროპის ქვეყნებიდან – აქტიურობა იყო ბელარუსიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან. თუმცა რუსულენოვანი გიდიც კი მიიჩნევს, რომ „სეზონი იყო საშუალო“.

გიდები ერთხმად აღნიშნავენ, რომ წელს საქართველოში ზაფხულის სეზონზე ფასები იყო კატასტროფულად მაღალი, სერვისი და ინფრასტრუქტურა კი ბევრად უარესი, ვიდრე, თუნდაც წინა წლებში.

ხათუნა სვიმონიშვილი, გერმანულენოვანი გიდი, კომპანია „არკუს ტურს ჯორჯიადან“ ამბობს, რომ ამ სეზონს დადებითად ვერ შეაფასებს: 

„ჩემი კომპანია მხოლოდ გერმანულენოვან აუდიტორიაზე მუშაობს – ტურისტები შემოგვყავს გერმანიიდან და ავსტრიიდან. წლევანდელ სეზონს დადებითად ვერ შევაფასებ. საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, არ არის წინა პლანზე.

რას ნიშნავს მათთვის უსაფრთხოება? – იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანაა, საქართველო ევროპის გადმოსახედიდან უსაფრთხოდ ვერ აღიქმება.

ამ მიზეზით უკან იხევენ გერმანელი ტურისტები.

წინა წელს დიდი რაოდენობით დაგეგმილი ტურები გაუქმდა [უკრაინაში] ომის დაწყების შემდეგ. თებერვალში დაიწყო ომი და მარტ-აპრილში იმ წლის ტურების 30% გაუქმებული იყო.

სომხეთის მუდმივი არეულობაც უარყოფითად მოქმედებს, ყარაბაღის ომს ვგულისხმობ. ეს ჩვენზე გავლენას იქიდან გამომდინარე ახდენს, რომ ხშირია კომბინაციური ტურები – სომხეთი-საქართველო. ზოგადად, როცა უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი, კავკასია არ აღიქმება უსაფრთხო ადგილად.

ჩემი აზრით, მარტის არეულობამაც საკმაოდ უარყოფითად იმოქმედა.

ზუსტად მაგ პერიოდში ვიყავით ბერლინში გამოფენაზე და დიდ გაზეთებში არაერთი სტატია დაიბეჭდა ამ აქციებზე. გვეკითხებოდნენ, რა ხდებოდა, მაშინ, როცა ამხელა რეკლამა იყო, რომ „მობრძანდით საქართველოში, ჩვენ აი, ასეთი ქვეყანა ვართ“ და უცებ, გამოფენის მეორე დღეს უარყოფითი სტატიები წამოვიდა.

ხათუნა სვიმონიშვილი

წელს ჩვენ ბერლინში მასპინძელი ქვეყანა ვიყავით, საკმაოდ დიდი რეკლამა გაკეთდა, თუმცა ჩემს პარტნიორებთან საუბრისას ერთ დასკვნამდე მივედი: საქართველოზე ევროპაში საკმაოდ ბევრი უარყოფითი სტატია იწერება, პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს უარყოფითად განაწყობს ადამიანებს. ეს იყო, მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი პარტნიორის შეფასება.

ჩემი გადმოსახედიდან ევროპელები ცდილობენ იმოგზაურონ ევროპაში და უფრო შერეულ მოგზაურობას ერიდებიან. აქედან გამომდინარე, წელს მოთხოვნა საქართველოზე ნაკლებია.

არის კიდევ სხვა მიზეზებიც, რის გამოც ევროპელი ტურისტები უარს ამბობენ კავკასიაში მოგზაურობაზე.

რაც შეეხება ფასებს – საშინელი მატება გვაქვს, თითქმის ევროპულ ფასებს ვუახლოვდებით, ვგულისხმობ მომსახურების სფეროს – მაგალითად, რესტორნებში მინიმუმ 30 %-ით არის გაზრდილი ფასები კორონამდელ პერიოდთან შედარებით.

აქედან გამომდინარე, ეს მოგზაურობის ფასსაც ზრდის. თუ ფასები არ დასტაბილურდა, მომავალ წლებში, სავარაუდოდ, ეს კიდევ უფრო უარყოფითად აისახება.

სერვისის თვალსაზრისით – სასტუმროებში, რესტორნებში უკუსვლა გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ კორონას შემდეგ გადინება მოხდა და მუდმივად ცვალებადია კადრები. შესაბამისად, სერვისშიც სერიოზული პრობლემები გვაქვს.

შარშანდელთან შედარებით არაფერი არაა გაუმჯობესებული ნაკადის თვალსაზრისით – შარშან ომამდე მართლა ბევრს ჰქონდა დაჯავშნილი [ეს იყო პერიოდი, როდესაც კორონას შემდეგ ხალხი ამოძრავდა, დაიწყო მოგზაურობა და საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო].

ჩემი დაკვირვებით, წელს უფრო წამოვიდა აზიური ქვეყნები – ტაილანდი, ჩინეთი. იშვიათია, რომ გერმანული ჯგუფი შეგვხვდეს, როდესაც კორონამდე პერიოდში გზად 5-6 ჯგუფი მინიმუმ გხვდებოდა ყოველ დღე“.

ზურაბ ბაუჟაძე, რუსულ და თურქულენოვანი გიდი, სეზონს „საშუალოს“ უწოდებს:

„არ შეიძლება თქვა, რომ კარგი ან ცუდი სეზონი. იყო საშუალო. არ იყო ძალიან დიდი დატვირთვა და ვერც იმას ვიტყვით, რომ ტურისტთა ნაკადი იყო ძალიან ცოტა.

სურათი ასეთია: საქართველო ტურისტულად აღარ არის მიმზიდველი – ფასები მაღალია, ინფრასტრუქტურა – გაუმართავი, სერვისის ხარისხი – საკმაოდ დაბალი. ბევრისთვის საქართველო  უსაფრთხო ქვეყნების სიაშიც აღარ არის.

გასულ წელთან შედარებით ნაკლები იყო ტურისტების ნაკადი და არამარტო რუსულენოვანი – თვალში საცემი იყო ის, რომ ევროპიდან შემოსული ტურისტებია ძალიან ნაკლები.

ზურაბ ბაუჟაძე

ნაკლები იყო ჯგუფები იაპონიიდან, კორეიდან, ინდოეთიდან. აშკარად იგრძნობოდა, რომ ეგრეთ წოდებული ტურისტული ჯგუფები, რომლებსაც კომპანიები უზრუნველყოფდნენ, წელს იყო თვალშისაცემად ცოტა.

წელს შედარებით ბევრი ტურისტი იყო პოსტსაბჭოთა სივრციდან: რუსები, ბელარუსები, ყაზახები, უზბეკები. უკრაინიდან გასაგები მიზეზების გამო ნაკლები იყო. საგრძნობლად ცოტა იყო ბალტიის ქვეყნებიდანაც. 

ხშირად გვესმის, რომ სფეროს წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყანაში სარეკლამო აქციები გამართეს, ხელშეკრულებები გააფორმეს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ინფორმაციებს ვიღებთ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან.

ჩვენ არ გვაქვს ამ ინფორმაციის გადამოწმების საშუალება, არ ვიცით, რა თანხა დაიხარჯა, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა კონკრეტულ ბაზარზე, ამიტომ მის ეფექტიანობაზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ შედეგზე – შედეგი წელს არასახარბიელოა.

მე წელს კონკრეტულად რუსეთიდან რამდენიმე ჯგუფი მყავდა. შეიძლება ითქვას, რომ მათი არჩევანი ის კი არ არის, რომ აი, საქართველოში უნდათ. ამ წუთას სხვა არჩევანი არ არის – შედარებით იაფიანი სეგმენტი შემოდის აქ. მაგალითად, ბელარუსიდან წელს ძალიან დიდი ნაკადი იყო – იმიტომ შემოდიან, რომ სხვა არჩევანი არ აქვთ ან შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ ეს მათთვის ძალიან ძვირია.

[რუსებთან] ინციდენტი არსად ყოფილა. საპირისპირო მაგალითი კი მქონდა – ბათუმის ერთ-ერთ ღვინის მაღაზიაში, სფეროში დასაქმებულმა ადამიანმა რუსულენოვანი საუბარი რომ გაიგონა, მოიჭრა და ლამის [რუსეთის] ჰიმნი შემოსძახა. სამწუხაროდ, ასეთი არაადეკვატური შემთხვევა მქონდა. უსიამო ინციდენტი კი პირადად მე არ მქონია.

რაც შეეხება თურქულენოვან სეგმენტს – სეგმენტი უნდა დავყოთ 2 ჯგუფად. ეს არის ერთდღიანი ტურები, რომლებიც ძირითადად ბათუმში და მის შემოგარენში იმართება და 2-3- დღიანი ტურები.

დიდი რაოდენობით თურქული ჯგუფები 2-3-დღიანი ტურებით მოიცავს თბილისს და სხვა ტურისტულ ლოკაციას. ტრეკინგი სვანეთში – ეს მიმართულება თურქეთში საკმაოდ პოპულარულია. თუმცა ამ დატვირთვას უზრუნველყოფს თურქული ტურისტული კომპანიების სარეკლამო საქმიანობა და, ზოგადად, მათი აქტივობა.

თურქულ კომპანიებთან პრობლემურია ერთდღიანი ტურები, როცა ბათუმში შემოდიან და თავიანთი გიდი ჰყავთ. მაგრამ საკითხი დავსვათ სხვაგვარად – მათ კანონი არ უკრძალავს ამას. გარდა ამისა, საქართველოში ყველა ტურისტულმა კომპანიამ რომც მოითხოვოს ჯგუფისთვის ქართველი გიდი, ჩვენ ამ მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ, არ გვყავს გიდები.

წელს განხილვის საგანია ფასებიც – ფაქტია, რომ ფასები ყველგან გაბერილია, ხარისხი საშინელია, ინფრასტრუქტურა მოძველებულია, ზოგჯერ გასართობი ატრაქციები დაკეტილია.

ნორმალურ შემთხვევაში ფასების ზრდას იწვევს მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი, მაგრამ არ ვიცი, ჩვენთან ეს რამ გამოიწვია. ალბათ ინფლაციამ. რესტორანში რომ შეხვიდე და ისადილო, არაფერი არ გექნება და სასწაულ თანხას გადაიხდი“.

სალომე გორგილაძე, ინგლისურენოვანი გიდი, წლევანდელ ტურისტულ სეზონს პანდემიის პერიოდს ადარებს: 

„მე ამ სეზონს შევადარებდი პანდემიის სეზონს, როცა თვეში ერთი-ორი ტური ძლივს გამოკრთებოდა. ჩემ შემთხვევაში ასე იყო, თუმცა ვიღაცას შეიძლება ერთი-ორი დღით მეტი ჰქონდა მუშაობა. ვიღაცას რომ გაუჩერებლად ემუშავა – არ მქონია მსგავსი ინფორმაცია.

რუსულენოვანი გიდებიც წუწუნებენ, რომ, ზოგადად, ნაკლებია ტურისტი, თუმცა ჩვენთან შედარებით სამ-ოთხჯერ მეტი მოთხოვნა ჰქონდათ.

ჩემ შემთხვევაში ასეა, ძალიან ცუდი სეზონი იყო: სულ რამდენიმე ტური იყო – დიდი ბრიტანეთი ორჯერ, იყო კანადა, ინდუსები – დუბაიდან, ამერიკა იყო.

ხშირად მქონდა სამთავრობო ტურები, როცა ჰყავთ მაღალი კლასის სტუმრები. რა თქმა უნდა, თანხას რასაც დავასახელებ, იმას მიხდიან, იმიტომ, რომ მათთვის ხარისხია მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ეს არ ხდება სხვა ტურისტებთან დაკავშირებით.

ზოგადად კი, სექტემბერმა აჯობა წინა ორ თვეს: უკვე ერთი კვირაა გასული და ორი კომპანია დამიკავშირდა ტურზე.

შედარებით უკეთესი იყო გაზაფხულის სეზონი – ებრაელები შემოდიოდნენ, თუმცა მათ თავიანთი გიდები ჰყავთ და ქართველი გამყოლები.

სალომე გორგილაძე

ჩემი შეხედულებით, ძალიან შემცირებულია ინგლისურენოვანი ტურისტები ჩვენს რეგიონში და არც ხარისხზეა მოთხოვნა. ისინი, ვინც შემოდიან, საუდის არაბეთის ქვეყნები იქნება თუ ის ქვეყნები, რომლებსაც მხოლოდ გამყოლები სჭირდებათ ან დამწყები გიდი, რომელიც ძლივს ლაპარაკობს ინგლისურად – დიდად თანხას არ იხდიან.

მე, მაგალითად, არ ვწევ დაბლა ფასებს, ვფიქრობ, რომ ვარ პროფესიონალი და ღირსეულ ანაზღაურებას ვითხოვ. შეიძლება რაღაც კონკრეტულ ბიუჯეტს მოვერგო, მაგრამ ისე არა, რომ დამწყები გამყოლის ანაზღაურებაზე ვიმუშაო.

შემიძლია ვთქვა, რომ წელს მოთხოვნა საერთოდ არ არის – იმიტომ, რომ ის ქვეყნები, რომლებიც დავასახელე, დაბალ ფასს იხდიან და რეალურად ისინიც არ არიან ბევრი. სულ ორჯერ ვთქვი ანაზღაურების გამო უარი.

ერთი მხრივ, ძალიან ცოტაა ინგლისურენოვანზე მოთხოვნა და მეორე მხრივ – ხარისხი არ არის პრიორიტეტული. ეს სერიოზული პრობლემაა.

საქართველო ინგლისურენოვანი ტურისტებისთვის არის ახალი აღმოჩენა, გაუკვალავი ბილიკი და ადამიანები მოდიოდნენ ბათუმში და საქართველოში, როგორც ახალაღმოჩენილ მიწაზე.

მაგრამ პანდემიის მერე ფასები გასამმაგებულია და სერვისი ძალიან გაფუჭებული – 10-20 წლის წინ, როცა ფეხს იდგამდა ჩვენთან ტურიზმი, მაშინ ფასები გაცილებით მისაღები იყო. თვითონ ქართველებსაც კი არ უნდათ ჩამოსვლა, იმიტომ, რომ მათი აზრით, ბათუმი უფრო ძვირია დღეს, ვიდრე საბერძნეთი ან რომელიმე ევროპული კურორტი.

შესაბამისად, უცხოელებსაც შედარება არ გაუჭირდებათ.

ბევრი ქვეყანაა ევროპაში – ალბანეთი თუ მისი მსგავსი სხვა პატარა ქვეყნები, სადაც ფასები ჩვენზე გაცილებით უკეთესია და არანაკლებ სილამაზეს სთავაზობენ. ჩვენ გვინდა შვეიცარიის ფასები იყოს, ამ დროს სერვისი ძალიან დაბალ დონეზეა, ინფრასტრუქტურა გაუმართავი – გზებით დაწყებული და მანქანებით დამთავრებული.

ტურიზმში ჩართულ ადამიანებს იმდენი პრობლემა გვაქვს…

ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ბევრი ტუროპერატორი შემოდის თავისი გიდით. თუ რესტორანში შევა და ფულს დახარჯავს, თორემ სხვა სერვისს ქვეყნიდან არ იღებს – ეს საკითხი კანონმდებლობით არ არის მოწესრიგებული. სხვა ქვეყანაში უფლებას არ მოგცემენ ლიცენზიის გარეშე იმუშაო. ჩვენთან არც ლიცენზიას ვითხოვთ და თუ ვითხოვთ, ადგილზე ასოციაციები რომ დაირქვეს სახელად, ის კომპანიები ურიგებენ მარტივად ამ ლიცენზიებს.

ვიცი, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ევროპაზე აქტიურად მუშაობს, მაგრამ შეგვიძლია რამდენიმე ქვეყანა დავასახელოთ, როდესაც მოსაზრებამ, რომ ჩვენ „რუსული ქალაქი გავხდით“ [ეს ინფორმაცია მსოფლიო მასშტაბითაც ვრცელდება] მოახდინა გავლენა. შესაბამისად, ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში ანუ იმ ქვეყნებში, რომლებსაც საბჭოთა წარსული აქვთ, ესეც ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომ თავი შეეკავებინათ აქ ჩამოსვლისგან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: