მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

სად გაივლის ბათუმი-სარფის ავტობანი 7.6 კილომეტრი სიგრძის გვირაბით

07.09.2023 • 29630
სად გაივლის ბათუმი-სარფის ავტობანი 7.6 კილომეტრი სიგრძის გვირაბით

საერთაშორისო გზის ბათუმი-სარფის [თურქეთის საზღვარი] მონაკვეთი დაიწყება მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე, ბათუმის შემოვლითი გზის კვანძიდან და დამთავრდება სარფში. ახალი გზის სიგრძე 11.4 კილომეტრი იქნება.

პროექტის მიხედვით, ჭოროხიდან სარფამდე მოეწყობა 10.2 კილომეტრი სიგრძის ახალი ინფრასტრუქტურა. საპროექტო გზის ბოლო 1.2 კილომეტრი კი სარფში, არსებულ გზას დაემთხვევა.

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი გზის მარშრუტი / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

დაახლოებით 1.5 კილომეტრი სიგრძის ხიდით [რომელიც მდინარე ჭოროხზე, ბათუმის სამრეწველო ზონასთან აშენდება], ახალი გზა სოფელ თხილნარის ადმინისტრაციულ საზღვრებში გადაკვეთს მდინარე ჭოროხს, შევა გვირაბში, რომლის სიგრძე 7.6 კილომეტრი იქნება. გვირაბი კი, გამოვა სარფში, დღეს არსებულ მაგისტრალთან [ე.წ. ანდრიას წყაროს/ჩანჩქერის მიმდებარედ].

სარფში, დღეს არსებულ გზასთან გვირაბის პორტალების ზონაში, კვარიათიდან შემოსასვლელი პანდუსის შემადგენლობაში 60 მეტრი სიგრძის ხიდის მოწყობაა დაგეგმილი.

პროექტის მიხედვით, პანდუსი გადავა ღია წესით გაყვანილი გვირაბის მონაკვეთის თავზე და დამატებითი კონსტრუქციის მოწყობას არ საჭიროებს:

გვირაბის დაბოლოება [წმ. ანდრიას ხიდთან ბათუმის-სარფის არსებულ გზასთან], ასევე კვარიათისკენ მიმავალი და კვარიათიდან მომავალი გზის პანდუსების გეგმა / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

ბათუმის შემოვლითი გზის ბოლოს [ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ, სამრეწველო ზონასთან], სადაც ბათუმი სარფის ახალი გზის მშენებლობა დაიწყება, დაგეგმილია სპეციალური კვანძის მოწყობა საბაჟოსკენ [გეზ], ბათუმის აეროპორტისკენ და ასევე გონიოსკენ.

საგზაო კვანძი ბათუმის ეკონომიკურ ზონასთან, სადაც მთავრდება ბათუმის შემოვლითი გზა და იწყება ბათუმი-სარფის საპროექტო გზა / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

როგორც პროექტშია აღნიშნული, „კვანძის საშუალებით უზრუნველყოფილი იქნება ბათუმის შემოვლითი გზიდან საბაჟოსკენ სატრანსპორტო ნაკადის გატარება. სარფიდან საბაჟოსკენ მოძრავი ტრანსპორტი ისარგებლებს არსებული E70 გზით ბათუმში შესვლის გარეშე. კვანძი განტვირთავს ბათუმი-ახალციხის გზას.“

ახალი გზის აღნიშნული მარშრუტის პროექტის მიხედვით, სარფის ზონაში, საბაჟო-გამშვები პუნქტის მახლობლად, დაგეგმილია ტერიტორიის მოწესრიგებაც. დოკუმენტს ახლავს სავარაუდო სქემაც:

სარფი: არსებული სიტუაცია და ამ ტერიტორიის „მოწესრიგების“ სავარაუდო სქემა ახალი გზის გაყვანის შემდეგ / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის ახალი გზის მშენებლობის პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. „პირველ ფაზაზე მოწყობილი გზა იქნება ორზოლიანი. მეორე ფაზაზე მას დაემატება დამატებითი ორი ზოლის მომსახურებისთვის საჭირო „პარალელური“ ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ახალი გზის ამ მარშრუტით „გვირაბის სამხრეთი პორტალის ზონაში პორტალიდან სარფის საზღვრამდე გზის მონაკვეთი ზღვის ნაპირის გასწვრივ გაივლის, დაახლოებით 200 მეტრ მონაკვეთზე.

საპროექტო მაგისტრალის ადგილობრივ გზასთან შეერთების მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილიდან სანაპირო ზოლამდე მანძილი 20 მეტრამდეა, ხოლო სიმაღლე, მიწის ზედაპირიდან 13 მეტრს შეადგენს.

ამ უბანზე შემოთავაზებული გადაწყვეტა გულისხმობს ნაბურღ-ნატენი ხიმინჯების, რკინაბეტონის სამაგრი კედლის და ქვაყრილის მოწყობას [დაგეგმილია ბათიმეტრიული კვლევის ჩატარება ნაპირიდან 50 მ-მდე ზოლში. საკვლევი ტერიტორიის ფართობი 6 ჰა. დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება გზშ-ს ანგარიშში]“, – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.

ნაპირდაცვის შემოთავაზებული ტექნიკური გადაწყვეტა – ნახაზი და ფოტო – არსებული ნაპირდაცვა სარფის ზონაში / სკოპინგის ანგარიშიდან

ზემოთ აღწერილი მარშრუტი ერთ-ერთი ალტერნატივაა იმ 6 ალტერნატივიდან, რომლებიც ბათუმი-სარფის ახალი გზის დეტალური პროექტირებისთვის უნდა გამოეყენებინათ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ექვსიდან ორი ალტერნატივა თავიდანვე იქნა უარყოფილი [ახალი გზა ემთხვეოდა ბათუმი-სარფის არსებულ გზას, ასევე იგულისხმებოდა ამ გზის რეკონსტრუქცია-გაფართოება]. დარჩენილი 4 ალტერნატივიდან უპირატესობა სწორედ ზემოთ აღწერილ ალტერნატივას მიენიჭა [„ალტერნატივა D“].

ოპტიმალურად მიჩნეულია ალტერნატივა D, რომლის მიხედვითაც აშენდება ბათუმი-სარფის ახალი გზა.

„ალტერნატივა D-ს სიგრძე 11.4კმ-ია. ინფრასტრუქტურა მოიცავს ორ ხიდს და გვირაბს. გზის 66% [7.6კმ] გვირაბში გადის. ამიტომ, მშენებლობის და ექსპლუატაციის დროს ალტერნატივას მინიმალური შეხება და, შესაბამისად, ყველა სხვა ვარიანტთან შედარებით ნაკლები ზემოქმედება ექნება. ალტერნატივა უშუალოდ არ კვეთს ტყის ზონას…“ – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.

გზის საფარად შერჩეულია ასფალტი, ხოლო გვირაბისთვის – ბეტონი, რადგან ბეტონი ხანძრის შემთხვევაში ბოლს არ წარმოქმნის.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სკოპინგის ანგარიში უკვე გადაუგზავნა გარემოს ეროვნულ სააგენტოს.

ამ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ბათუმის შემოვლითი მონაკვეთის სარფთან დაკავშირების მიზნით დღის წესრიგში დადგა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე ოპტიმალური მიმართულების შერჩევის საკითხი. რამაც განაპირობა განსახილველი პროექტის განხორციელების საჭიროება.

პროექტი ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] პროცედურას, საჭიროებს გზშ-ს და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე.

კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვას, საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და შენიშვნების განხილვას. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს მათ, და გასცემს სკოპინგის დასკვნას.“

საერთაშორისო გზის ბათუმის შემოვლითი-სარფის [თურქეთის საზღვარი] მონაკვეთის მშენებლობა-ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილებია:

  • 2023 წლის 25 სექტემბერი, 14:30 საათი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა
  • 2023 წლის 26 სექტემბერი, 11:00 საათი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის კულტურის სახლის შენობა
  • 2023 წლის 26 სექტემბერი, 15:00 საათი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განცხადებით, „საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

ამასთან, მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ასევე დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023, ელ-ფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ)“.

რამდენიმე დეტალი სკოპინგის ანგარიშიდან:

  • „საპროექტო დერეფანში სენსიტიურად შეიძლება მივიჩნიოთ გვირაბის სამხრეთი პორტალის უბანი, სადაც გზა არსებულს შეუერთდება და პორტალიდან სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე მონაკვეთი – სადაც ამჟამად არსებული და საპროექტო გზა სანაპირო ზოლის გასწვრივ გაივლის.
  • გვირაბის გამოსასვლელი ციცაბო ფერდობის ზონაში ეწყობა. კვარიათიდან სარფამდე გზის ამ მონაკვეთზე, როგორც უკვე აღინიშნა, შეიმჩნევა ქვათაცვენის შემთხვევები. რაც პორტალის მოწყობის და გვირაბის არსებულ გზასთან დამაკავშირებელი მონაკვეთზე სამუშაოების დროს გასათვალისწინებელია.
  • სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას აუცილებელი იქნება სამუშაოს დაწყებამდე შესაძლო რისკების შეფასება. საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მოსამზადებელი/შემარბილებელი ღონისძიებების გატარება. მაგალითად ფერდობის „გაწმენდა“, გამაგრება, სხვა.
  • პორტალიდან საზღვრამდე ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე უბანზე არსებობს ინფრასტრუქტურაზე ზღვის (შტორმული მოვლენები, ნაპირის წარეცხვა) გავლენის შესაძლებლობა. აღნიშნულ მონაკვეთზე პროექტით ნავარაუდევია კედლის და ქვაყრილის მოწყობა. გზის ექსპლუატაციის ეტაპზე ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პროექტის ავტორების მიერ დაგეგმილია ბათიმეტრიული აგეგმვის და ჰიდროლოგიური ანალიზის ჩატარება დაგეგმილი კონსტრუქციის/ტექნიკური გადაწყვეტის დასახვეწად და პარამეტრების დასაზუსტებლად. დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება გზშ-ს ანგარიში.“

ამასთან,

  • „პროექტის გავლენის ზონაში მოექცევა ბათუმის რამდენიმე უბნის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების თხილნარი, ახალსოფელი, ჭარნალი, ზედა ჭარნალი, სარფი, მოსახლეობა.
  • ზემოქმედების ფაქტორები ხმაური, ემისიები (მტვერი/გამონაბოლქვი), ვიბრაცია და ნარჩენები იქნება.
  • ხოლო რეცეპტორების როლში – საპროექტო დერეფანში მოქცეული ნიადაგი, ზედაპირული წყლის ობიექტი (მდინარე ჭოროხი), საპროექტო დერეფანში მოხვედრილი (განსახლებას დასაქვემდებარებელი) და დერეფნის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა, მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო აღმოჩნდება.
  • როგორც სხვა ნებისმიერი პროექტს, ადგილობრივ დონეზე დაგეგმილ სამუშაოებს დადებითთან ერთად გარკვეული უარყოფითი ზემოქმედებაც ექნება პროექტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე;
  • განსახლების ბუფერში მოხვედრილ ბიზნეს ობიექტებზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ზემოქმედება კომპენსირებული იქნება მიწის შესყიდვის/განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.“

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახლების საბოლოო დოკუმენტი დეტალური პროექტირების დასრულების შემდეგ მომზადდება. მანამდე უნდა მომზადდეს გზშ.

ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ კი, ახალი გზის მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებენ.

„დასაქმებული იქნება სავარაუდოდ 200 ადამიანი. დასაქმებისას უპირატესობა ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა [სხვა პროექტების ანალოგიით ადგილობრივების წილი დასაქმებულთა ჯამურ რაოდენობაში 70%, მათგან, სავარაუდოდ 10% ქალების იქნება]. კვალიფიკაციის მიხედვით დასაქმდება 20% არაკვალიფიციური, 20% დაბალი კვალიფიკაციის მქონე და 60% კვალიფიციური პერსონალი“, – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2023 წლის აგვისტოშია მომზადებული, დასაქმების კუთხით, დაგეგმილია ხელშეკრულებების გაფორმება ადგილობრივ მუშახელთან და სპეციალისტებთან. „სამუშაოები კი იწარმოებს 72 თვის განმავლობაში“ [ანუ, ახლანდელი გათვლებით, ახალი გზა, მშენებლობის დაწყებიდან 6 წელში დასრულდება].

ჭოროხი-სარფის ახალი მაგისტრალის პროექტირების დასრულება თავიდან 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, 2020 წლის გაზაფხულზე კი მშენებლობაც უნდა დასრულებულიყო.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/480165/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: