მთავარი,სიახლეები

მუდმივი გაქცევა – როგორ ცხოვრობენ ქალები ხურჩაში, გამყოფ ხაზთან

06.09.2023 • 2134
მუდმივი გაქცევა – როგორ ცხოვრობენ ქალები ხურჩაში, გამყოფ ხაზთან

„85 ოჯახი ცხოვრობს ხურჩაში. თითქმის ყველა სახლიდან ერთი ადამიანი მაინც არის საზღვარგარეთ წასული. წასულია ჩემი შვილიც. უნივერსიტეტში აკადემიური აიღო, პოლონეთში რომ ემუშავა.

გამყოფი ხაზისპირას მცხოვრები ქალები მძიმე შრომას ვწევთ, მაგრამ ჩვენი მოყვანილი პროდუქტის გაყიდვა როცა გვინდა ზუგდიდის ბაზარში, ამ პროდუქტის მუნიციპალურ ავტობუსში ატანის უფლება არ გვაქვს. ტაქსი უნდა დავიქირაოთ.

აი, ასე ვცხოვრობთ აქ“, – 52 წლის ელისო შამათავა სოფელ ხურჩიდან, გამყოფი ხაზისპირას ცხოვრების თავისებურებებზე გვიყვება.

ელისო შამათავა წარმოშობით გალის რაიონ სოფელ ოქუმიდანაა. 19 წლის იყო, როცა დევნილად იქცა. მოგვიანებით ოჯახი შექმნა და სოფელ ხურჩაში დასახლდა.

ელისო ამბობს, რომ მისი ცხოვრება არის მუდმივი გაქცევის, ბრძოლისა და არდანებების ამბავი.

ხურჩა

ხურჩაში 1997 წელს დავსახლდი. ოჯახი შევქმენი. დიდი ხნის მოსული არ ვიყავი, როცა გალში 1998 წლის მაისის მოვლენები მოხდა [სამხედრო შეტაკება აფხაზ ჯარისკაცებსა და ქართველ აჯანყებულებს შორის, რომელმაც 6 დღეს გასტანა].

სახლში ვიყავი, სროლები რომ დაიწყო. 7 თვის იყო ჩემი მარიამი. მითხრეს, რუსები მოდიან, ბავშვი აიყვანე და გაიქეციო. ავიყვანე უცებ ბავშვი, პამპერსები ავიღე და გავიქეცი ენგურის მხარეს.

ასეთი სურათი იყო, მანქანები მიდიოდნენ, საქონელიც მირბოდა. ჩემ წინ ვიღაც კაცი მიდიოდა ველოსიპედით. ხელით მიჰყავდა ეს ველოსიპედი. საშინელი ხმაური იყო, ვერაფერს გაიგებდი. საქონელი ბღაოდა. უცებ ამ კაცმა ველოსიპედი დააგდო, ვაიმეო და ბუჩქებში შევარდა. ისეთი ხმაური იყო, ვერ აღიქვამდი რა ხდებოდა. მოვიხედე უკან და „ბორტაოის“ ეძახდნენ, დიდი მანქანა მოდიოდა, შეიარაღებული ხალხით სავსე. ბავშვით ვარ: უცებ ქაღალდივით დავახვიე ეს ბავშვი ლამის, მუცელზე მივიხუტე და ბუჩქში ჩავჯექი. მე თუ მესროლეს, ბავშვი მაინც გადარჩეს-მეთქი, ვფიქრობდი.

მანქანამ ისე გამიარა, არ მესროლა. და რომ არ მესროლეს, იმ ემოციამ ძალა დამიკარგა. ბავშვი ვეღარ ავიყვანე. საშინელი ხმაური იყო. ძლივს ავდექი და ვხედავ ბავშვი სისხლიანია.

ზედა მაისურით მეჭირა. ვგრძნობ, რომ ხელიდან მივარდება. ბავშვი თავისი სისხლიანი ხელებით მე მეპოტინება. ნელ-ნელა ხიდისკენ მივდივარ, ვგრძნობ, ძალას ვკარგავ. ამ დროს ვიღაც ბიჭი შემომხვდა. მითხრა ბავშვს მე წავიყვან, შენ როგორმე გადმოდიო. მივდივარ და ვფიქრობ, ეს ბავშვი ვინ წაიყვანა, ვინ წამართვა.

განაგონი მქონდა, შეიძლება ტყვია ისე მოგხვდეს, ვერ იგრძნოო. ვფიქრობდი, ალბათ სადღაც ტყვია მაქვს მოხვედრილი მეც და ბავშვსაც-მეთქი. ძლივს გადავედი მდინარეზე. ბავშვს ვეძებდი. მერე დავინახე და დავჯექი. ცოტა ხანში მოხუცი ქალები მოვიდნენ. შვილო, როგორმე გონზე მოდი, ბავშვი აიყვანე, ხომ ხედავ ტირისო. ბავშვს შევხედე, სისხლი აღარ ჰქონდა.

სისხლი? ეკლები ხომ იყო, ბუჩქებში რომ ჩავჯექი. ყურზე მოედო თურმე ეკალი. პატარა რომ იყო, სისხლის კამარა წამოვიდა. მერე თვითონაც მოიფხოჭნა. ეს სისხლი მოუწმენდიათ მერე ქალებს.

ისე მოვკვდები აი, ეს მომენტი, იმდროინდელი შიში, არასდროს დამავიწყდება – როგორ შეიძლება ადამიანმა შიშის გამო ძალა დაკარგო ისე, რომ ფეხზე ვერ დადგე.

ჯანმრთელობითაც დაგვეტყო ეს ყველაფერი და სულიერადაც. ძალიან ძნელია. კი, ვცდილობთ, თუნდაც ბავშვების ხათრით, ოჯახის ხათრით, მაგრამ ასეთი რაღაცები რომ გახსენდება, ძალიან ძნელია.

სამი შვილი და ერთი შვილიშვილი მყავს.

ბავშვები ახლა დიდები არიან და იხსენებენ – ყველაზე მეტად იმის გვეშინოდა, როცა დედიკო ფითრდებოდაო. როცა გავბრაზდებოდი ან რამე, მაშინ ვფითრდებოდი ხოლმე.

სტრესი მქონდა ალბათ. ელემენტარულ რამეზე ვფითრდებოდი.

არასდროს არანაირი დახმარება არ მიგვიღია ფსიქოლოგიური.

ყველა ერთნაირი ხომ არაა. იმ პერიოდის ახალგაზრდების გამოზრდილი შვილები ცოტა აგრესიულები რომ იყვნენ, არ არის გასაკვირი.

მე შემეძლო თავის მოთოკვა, მაგრამ ბევრს ხომ არ შეეძლო.

კი შექმნეს ოჯახები, მაგრამ ელემენტარულ რამეებზე ბრაზდებოდნენ. დედის აგრესია ბავშვებზე გადადიოდა. ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ალბათ ფსიქოლოგი, რომ დაგვხმარებოდა.

შვილების გაზრდა, როცა ომია

ხომ იტყვიან ქალი და კაცი თანასწორია. არ არის თანასწორი. თავის მოტყუებაა. არ არსებობს. ახლა შემოვიდა ახალგაზრდებში, რომ დედ-მამა თანაბრად უვლის შვილს, მაგრამ ეს არ ხდება ყველგან.

ქალი და კაცი თანასწორები არ არიან, რადგან დასაბამიდან ქალია პასუხისმგებელი ყველაფერზე.

ერთხელ ასეთი რამ მოვისმინე – თუ სულელმა კაცმა ივაჟკაცა და ჭკვიანი ქალი მოიყვანა ცოლად, აუცილებლად ჭკვიანი შვილები ეყოლებაო. რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერი დედიდან გადადის. მამა არის შემომტანი, დედა არის დანარჩენი ყველაფერი.

ოჯახშიც, საქმეშიც.

ქალია ყველაფერი ოჯახში.

ჩემ შემთხვევაში მე ვიყავი სულ ბავშვებთან. ყველაფერში. მამა, უბრალოდ, ოჯახს არჩენდა და მორჩა. დანარჩენი ყველაფერი ჩემზე იყო.

ომში შვილის გაზრდა რას ნიშნავს? სულ კომბინეზონებს ვყიდულობდი.

გაქცევა რომ დაგვჭირვებოდა, ბევრი ტანსაცმლის წაღება რომ არ ყოფილიყო საჭირო. პამპერსი და კომბინეზონები. ეს იყო მთავარი. ქუჩაში რომ აღმოვჩენილიყავი უცებ, ბავშვი მაინც მეყოლებოდა დაცული.

მერე, როცა ბავშვები გაიზარდნენ და ტანსაცმლის გაჩუქება დავიწყე, არ დამთავრდა ეს კომბინეზონები. იმდენი გავაჩუქე. ყველანაირი გვქონდა.

ელისო შამათავა
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

[red_box]ომი, რომელმაც ჩვენი ახალგაზრდობა წაიღო[/red_box]

წარმოშობით გალის რაიონ სოფელ ოქუმიდან ვარ. ომის პერიოდში გალში ვცხოვრობდით, ქალაქში.

ყველაფერი მახსოვს.

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ზუსტად, როცა უნდა აგვერჩია ცხოვრების გზა, რა გვინდოდა, როგორ გვინდოდა, მაგ პერიოდში მოგვიწია არსებობისთვის ბრძოლა.

არსებობისთვის ბრძოლა იყო მთავარი. ხოლო ოცნება სწავლაზე, განათლებაზე, ცხოვრების არჩევაზე, ჩვენი ასაკის ახალგაზრდებისთვის დარჩა ოცნებად.

როცა უკვე ოჯახი შევქმენით, პირდაპირ გადავედით პასუხისმგებლობაზე. მთელი ცხოვრება გავიდა პასუხისმგებლობის გამართლებაზე. როცა იტვირთავ ოჯახს არ უნდა შერცხვე, შვილები კარგად უნდა გაზარდო და ასე.

ბავშვობიდან პირდაპირ გადავედით პასუხისმგებლობაზე. უცებ დამთავრდა ბავშვობა. ახალგაზრდობის პერიოდი კი ამოიშალა ჩვენი ცხოვრებიდან. ახალგაზრდობა გამოვტოვეთ. ძალიან გულდასაწყვეტია.

მთელი ჩემი თაობის ახალგაზრდები… ვიღაცამ რაღაცა მოახერხა, მაგრამ ეს ერთეულებმა, ვისაც გაუმართლა. იმ პერიოდისთვის ძალიან ცოტას თუ გაუმართლა. უმეტესობა, ვისაც მე ვიცნობ და ვინც ჩემ ირგვლივ იყო, უმეტესობა, გამონაკლისების გარეშე ბავშვობიდან გადავედით პასუხისმგებლობაზე.

იმ პერიოდის ოცნება ზოგჯერ ახლაც გვიბრუნდება ხოლმე – ნეტავ, ეს გამეკეთებინა, ის გამეკეთებინა. ამ გადასახედიდან რომ გამეკეთებინა, კარგი იქნებოდა, მაგრამ მაშინ ბრძოლა იყო გადარჩენაზე. უნდა გადარჩენილიყავი.

მშობლები იყო, და-ძმა იყო, ოჯახი.

ყველაფრის გარეშე, ღია ცის ქვეშ რომ დარჩები, ყველაფერი გავიწყდება. შეიძლება შენ თვალწინ იყოს სწორი გზა და ვერ შეამჩნიო.

ასე მოუვიდა ჩემს თაობს.

ჩემს თაობას თავისი გზა შეიძლება თვალწინ ჰქონდა, შეეძლო რაღაცების გაკეთება ცხოვრებაში, მაგრამ ვერ მიხვდა იმ ფორიაქში და გამოტოვეს ახალგაზრდობა.

[red_box]როგორ დაიწყო ომი[/red_box]

ძნელია იმ პერიოდზე საუბარი. ახლაც მიბრუნდება ის ეიფორია და რაღაც სიცხელე, რომ ზოგჯერ ძალიან მიჭირს გახსენება.

ომი რომ დაიწყო, გალში ვიყავი. დედაჩემს მანქანა ჰქონდა, აქტიური ქალი იყო, საჯარო მოსამსახურე. სახლში მოვიდა და თქვა, რომ ომი დაიწყოო. ისე ვიყავით გაზრდილები, ომი მარტო სადღაც შორს იყო – აფრიკაში ან სადღაც ფიდელ კასტროსთან. ჩვენთან… აფხაზი რომ ჩვენ გვესროდა, ეს შეგნება არ იყო.

არ გვესმოდა, აფხაზს როგორ უნდა ესროლა.

მანქანაში ჩავსხედით ყველა ერთად და მივედით გალის ცენტრში.

არეულობა იყო. ხალხი ავტობუსებში ისხდა.

ღალიძგას ეძახდნენ. იქამდე არისო აფხაზი მოსული. იქ არისო ურთიერთსროლები.

ხალხი.

ახლანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რა სულელი იყო ხალხი. ხალხი არ ელოდა, რომ აფხაზი ისროდა. ვერ წარმოედგინა ადამიანს, რომ აფხაზი ქართველს იარაღს დაუმიზნებდა.

წავედით ღალიძგაში. უამრავი კოლონა მიდიოდა.

მდინარე ღალიძგასთან მივედით. ჩვენ წინ ორი ავტობუსი იყო და დიდი ავტომანქანა. იქამდე მივედით.

უცებ ატყდა სროლა.

ჩემს ცხოვრებაში არასდროს არ დამავიწყდება.

ავტობუსების შუქი ადგას ხიდს. ორი ბიჭი, მერე გავიგეთ მათი ვინაობა, დავინახეთ, რომ მირბის.

ერთი ჩაიკუზა და უცებ მტვერივით გაცვივდა რაღაცა. დაიწყო კივილი – მოკლეს, მოკლესო.

დედაჩემმა თავზე ხელი მომკიდა, ჩამტენა მანქანაში, მოაბრუნა და 3-4 კილომეტრით გავშორდით იმ ადგილს.

ნური შამათავა და ტუტული ეხვაია – ესენი იყვნენ, ვინც მოკლეს იმ დღეს. გალის ცენტრში მოასვენეს ეს ორი მიცვალებული.

იქ, იმ ღამეს…

მე ბავშვი ვიყავი, 18-19 წლის. ვერ აღვწერ იმ ღამეს. მახსოვს და მორჩა. იქ იყო რაღაცა საშინელება. ის ღამე არასდროს დამავიწყდება.

იქ დაიწყო ომი.

ცხოვრება ხურჩაში, გამყოფ ხაზზე

სოფლის მეურნეობით ვართ დაკავებული.

ჩემი სახლი გამყოფი ხაზიდან [რომელიც დე ფაქტო აფხაზეთსა და საქართველოს შორის გადის] ცოტა მოშორებითაა, მაგრამ არიან ჩემი ნათესავები, რომლებიც წყლისპირას ცხოვრობენ.

იმათი დღე ყოველთვის იმ ფონის დაცვაა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად იყოს ოჯახის წევრი იმ მხარეს.

აქეთ დაცვა, აქეთ ყურადღება. ყველაფრის აქეთ, გამყოფი ხაზიდან მოშორებით გადმოტანა. ბავშვები სულ წინა მხარეს რომ იყვნენ, იქ თამაშობდნენ.

საძინებელი წინა მხარეს იყოს. უკანა მხარეს, რომელიც გამყოფ ხაზს ესაზღვრება, მაგალითად, იყოს საკუჭნაო.

ის მხარე, სადაც გამყოფი ზოლია, ახლა გაყოფილია, გადაკეტილია, დალუქულია.

ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი. სოფლის მეურნეობას მივდევთ, ძალიან ბევრს ვშრომობთ –  ბოსტანი, საქონელი, ფრთოსანი, ამით ვარსებობთ.

და ყოველთვის ფხიზლად ვართ.

მე მგონია, რომ ჩვენი ქალები ყველაზე ყოჩაღები არიან.

იმიტომ, რომ ყველანაირად მობილიზებულები არიან.

ყველანაირად.

იმ სტრესსაც არ უჩვენებენ, რა სტრესიც მათში არის. ამის დამალვასაც დიდი ნიჭი უნდა.

„დაღლილი კვამლი“

ახლა იმდენად აღარ არის, მაგრამ წინათ იყო საჭმლის კეთების პარალელური საზრუნავი. სანამ გაზი შემოვიდოდა, საჭმელს ცეცხლზე ვაკეთებდით. ამოცანა იყო, რაც შეიძლება ნაკლები კვამლი გასულიყო იმ ადგილიდან, სადაც საჭმელი კეთდებოდა.

იმიტომ, რომ სადაც საჭმელი კეთდება, ესე იგი იქ ბევრი ხალხია. იქ შეიძლებოდა შემოეგდოთ რაღაც.

იყო ასეთი შემთხვევა, ნაბაკევში ქალი უბრალოდ იმიტომ მოკლეს, რომ ერთმა მეორეს უთხრა – აი, იმ ქალს თავში თუ მოარტყამო. ამის გამო მოკლეს ქალი.

არაჩვეულებრივი ქალი მოკლეს.

ამიტომ ვცდილობდით, რაც შეიძლება ნაკლები კვამლი გასულიყო.

საჭმლის კეთების დროს ვფრთხილობდით. ჩვენთან ასეთ კვამლს „დაღლილ კვამლს“ უწოდებენ. უფრო რაღაცნაირია, არ ჩანს.

საძროხესთან გვქონდა პატარა ადგილი, სადაც ვაკეთებდით საჭმელს. სახურავთან ვდებდით ბევრ თივას ან ბევრ ფოთოლს, ასევე ტომრებს. ცეცხლს ვანთებდით უფრო ნელს, დაბალს. როცა ამ ყველაფერს გაივლიდა კვამლი, გარეთ არ ჩანდა. ან თეთრი კვამლი ჩანდა. კიდევ იყო ძანძის ტილო, რითაც ტომრები იკერებოდა. მაგას დავასველებდით და იმას ვაფენდით საკვამურზე. შედეგად გარეთ გამოდიოდა თეთრი, უხილავი კვამლი.

საძროხეს ჰქონდა ორი კარი და ორმხრივად ვაღებდით ამ კარებს. როცა ორივე კარი ღიაა, ზემოთ კიდევ თივაა დაფენილი და სველი ძანძის ტილო, კვამლი გამოდის დაბლა. შედეგად შორიდან კვამლი არ ჩანს.

[ხურჩის მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვება რამდენჯერმე მოუწია – 1993, 1998 და ბოლოს 2008 წლებში].

ახლა ცოტა სიმშვიდეა, გაზია, შუქია და ინტერნეტი.

კი, სიმშვიდეა, მაგრამ ამ განაპირა ხაზზე მცხოვრები ჩვენი ქალები, ყველა მხრივ, მამაკაცებზე ბევრად ვაჟკაცები არიან. ბევრ რაღაცას უფრო ადრე შეიძლება მიხვდნენ, უფრო გამჭრიახი გონების არიან. ყველაფრისთვის მზად არიან.

უფრო გამოწრთობილი ქალები არიან.

[red_box]შინ შრომა[/red_box]

ვცდილობთ, რაც შეიძლება ცოტა რამ ვიყიდოთ გარეთ. ძირითადად ვყიდულობთ სარეცხ საშუალებას, შაქარს… რაც აქ არ მოიპოვება. რისი მოყვანაც შეიძლება, ყველაფერი ჩვენი გვაქვს. საქონელი გვყავს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ თუ საქონელი გადავიდა გამყოფი ხაზის მიღმა, მორჩა, დაკარგულია ჩვენი სარჩო-საბადებელი.

ბევრს დაეკარგა.

მეზობლის ქალს ორი ძროხა დაეკარგა. იმაზე იყო დამოკიდებული, ყველს ყიდდა. ვეხუმრებოდით – მანქანა გაგექცაო?

მთელი წლის შრომა, ყველაფერი გეკარგება.

მე მოშორებული ვარ გამყოფი ხაზიდან და სხვა მხარეს ვდენი ძროხებს. ვინც უშუალოდ ხაზთან ცხოვრობს, დილით ადრე დგება, სამ-ოთხ კილომეტრზე მირეკავენ ძროხას, მიჰყვებიან ბოლომდე.

ნახავენ, რომ დაიწყო ძოვა და უსაფრთხოდაა, წამოვლენ.

საღამოს ცოტა შეაგვიანდებათ და ისევ ეს 4-5 კილომეტრი იქით უნდა შეეგებონ იმას, რომ საქონელი იქით [აფხაზეთში] არ გადავიდეს და არ დაკარგოს.

შრომაა ესეც.

ხშირია შემთხვევა, როდესაც გამყოფ ხაზზე მცხოვრებები მსხვილფეხა საქონელს კარგავენ, – ისინი დე ფაქტო აფხაზეთში გადადიან

ზოგადად, სოფელში ცხოვრება ძნელია და ეს უკვე ორმაგად ძნელია – თან იშრომო, თან უსაფრთხოებაზე იფიქრო, თან რომ არ დაგეკარგოს, იმაზე იფიქრო. ბოლომდე გარეკო, გამორეკო. მერე 3-4 საათი იმაზე იფიქრო, სად არის…

სტრესია.

იმიტომ ვამბობ, ჩვენი ქალები ყოჩაღები არიან-მეთქი. ამხელა სტრესის მიუხედავად. ოჯახში მიხვალ და შეუძლია მხიარული დაგხვდეს. პატივი გცეს, მიგიპატიჟოს. ვერც კი შეამჩნიო, რამხელა შრომაა და რამხელა სტრესის ქვეშ არიან.

სირთულეები, რომლებიც გამყოფ ხაზზე ცხოვრებას ახლავს თან

ახალი მუნიციპალური ავტობუსი გვაქვს. ლურჯი.

სოფლის ავტობუსი იმისთვის არის, რომ ხალხი გავიდეს ქალაქში. ჩვენ აქედან რამე უნდა გავიყვანოთ, გავიტანოთ და გავყიდოთ.

ეს ავტობუსით გამორიცხულია.

ხშირად, როცა ტაქსის ვიძახებთ, ოპერატორს ვუხსნით ესა და ეს უნდა გადავიყვანოთ, ესა და ეს წავიღოთ. ეს უკვე სადღაც სამმაგი, ხუთმაგი ხარჯია.

ეს თხილის შეგროვებას ჰგავს. თხილს, რასაც ვაგროვებთ, 70 % შემგროვებლებს ვაძლევთ.

„მარშუტკა“ აღარ დადის. „მარშუტკა“ რომ წამოვიდეს, ხარჯებთან არის დაკავშირებული. მანქანას ხარჯი აქვს. გზის ფული სამი ლარი მაინც უნდა ღირდეს, ეს ხარჯები რომ ამოიღოს, ამიტომ არ დადის.

მუნიციპალური ავტობუსით ბაზარში გასაყიდად ვერაფერი მიგვაქვს. მარტო ისეთი ჩანთის წაღების უფლება გვაქვს, რომელიც ფეხქვეშ შეიძლება დაიდო.

ერთ-ორ ტომარაზე ხუჭავენ მძღოლები თვალს. კი ეშინიათ დაგვაჯარიმებენო, მაგრამ არაფერს ამბობენ. ცოტა მეტი თუ მოგროვდა, იწყებენ თხოვნას – ვაიმე, არ დამღუპოთო.

არადა, ყველა ბაზარში მიდის. როგორ უნდა გამოზომოს სოფელმა, ვინ წაიღოს ბაზარში პროდუქტი და ვინ – არა?

ბევრჯერ მივმართეთ ამაზე მუნიციპალიტეტს.

პასუხი იყო – ეს მუნიციპალური ტრანსპორტია, მოსამსახურეებისთვის არის. ქალაქში გასვლა-გამოსვლისთვის. ეს სატვირთო მანქანა არ არისო.

ჩვენ სატვირთო გვჭირდება. მაშინ იმ ავტობუსს გამოაყოლონ ერთი სატვირთო. ავტობუსში წინ ჩვენ დავსხდებით, უკან საქონელს სატვირთოს გამოვატანთ.

მუნიციპალური ტრანსპორტი… კი, ვიღაცამ შეიძლება ისე გაიგოს, რომ უმადურები ვართ. არა, ბატონო, მადლობელი ვართ, მაგრამ სოფლისთვის არ არის.

თან სოფლის ცენტრამდე მოდის. სოფელში, უბნებში არ შედის. ცენტრში გასასვლელად დიდი გზის გავლა უწევს ხალხს. მერე ურიკებით ხვდებიან. შევარდნაძის პერიოდში რომ იყო, ისე – ურიკებით ხვდებოდნენ ხიდის თავთან. ისეა ახლაც.

ახლა გრაფიკი აქვს ავტობუსს. კვირაში ერთი თუ ორი დღე შედის უბნებში მხოლოდ. უბნებში ვერ შედის, იმიტომ, რომ გზა არ არის. ავტობუსი გატყდებაო – გვითხრეს.

გუშინ ავტობუსში ქალმა ითხოვა კონდიციონერი ჩართეო. არ ჩაურთავთ. რაღაც დეტალი გაუფუჭდებაო. ამ ქალს უთქვამს – პროდუქტის გატანა არ შეიძლება, შემოტანა არ შეიძლება, თქვენი საქმე რაცაა, ის მაინც გააკეთეთ, კონდიციონერი მაინც ჩართეთო.

თუ გათბობა არ ჩაირთვება, კონდიციონერი არ ჩაირთვება, ვერ გაიტან, ვერ შემოიტან, რად გვინდა მაშინ?

რას ვაკეთებთ? სამი-ოთხი მეზობელი გროვდება, შეკრებენ ფულს, გამოიძახებენ ადგილობრივ ტაქსის და მიაქვთ პროდუქტი. მეც ასე ვაკეთებ, მაგრამ ამ პროდუქტზე ცალკე უნდა გადაიხადო.

ეს პრობლემა რჩება გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის.

განსაკუთრებით აისახება ჩვენზე, ქალებზე. იმიტომ, რომ ჩვენ გვიწევს ბაზარში სიარული. მუნიციპალური ავტობუსი დგას რკინიგზის სადგურთან. ბაზარი არის ერთი კილომეტრით მოშორებული. რამე რომც იყიდო, ამხელა გზაზე ხელით უნდა ატარო.

[ბაზარში] კაცები ხომ არ დადიან? ქალები დადიან. ჩვენი სოფლის მოსახლეობის სურვილი არავინ გაითვალისწინა.

ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას და ყველაფერი რთულდება. ორმაგად.

პატარა ხურჩა იტალიაში

85 ოჯახი ცხოვრობს ხურჩაში. ოჯახი არ არსებობს, ერთი მაინც რომ არ იყოს ოჯახიდან წასული. ხუთი-ექვსი ოჯახი თუ იქნება, რომელიც შიდა ემიგრაციაშია. დანარჩენი ყველა წასულია საზღვარგარეთ.

ჩვენი ქალები არიან იტალიაში. ზოგჯერ ვიცინით ხოლმე – პატარა ხურჩა აქვთ იქ გახსნილი. დასვენების დღე როცა აქვთ, ერთად გროვდებიან და სურათებს რომ დადებენ, ხედავ, რომ მთელი სოფელი იქ არის. იმხელა სურათია, მთელი ჯარი დგას ქალების. შრომობენ და ოჯახს ინახავენ.

კაცები არიან პოლონეთში და სამთვიანი შუალედებით დადიან ჩეხეთში. სოფელმა ერთმანეთი წაიყვანა. ჯერ ერთი წავიდა, მერე მეორე წაიყვანა და ასე.

ასე მოხდა ქალების შემთხვევაშიც. ყველა ერთმანეთის ნათესავი, მეზობელია და ერთმანეთს დაეხმარნენ წასვლაში.

პირველად ძალიან მიკვირდა, როგორ შეძლეს მეთქი. შვილები აქ მშობლებს დაუტოვეს და ისე წავიდნენ.

ნელ-ნელა ფეხი მოიკიდეს. ახლა მყარად დადგნენ, მაგრამ მაინც ძნელია.

რომ ჩამოდიან, ვერ ასწრებენ ვერაფერს. დაბმული ძაღლებივით არიან.

ყველგან უნდათ, რომ მივიდნენ, ყველა მოიკითხონ, ყველა ნახონ. დაიკმაყოფილონ ის მონატრება.

ჩემი შვილია პოლონეთში წასული. სტუდენტია. საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობდა. პირველი კურსი რომ დაასრულა, აკადემიური აიღო და წავიდა. იქიდან გვეხმარება. აქ ვერსად ვერ იმუშავებდა.

ძალიან გაგვიჭირდა. მამის გარეშე რომ დარჩნენ, მაზლი გვეხმარებოდა. უკრაინაში ცხოვრობდა, მაგრამ იმასაც გაუჭირდა და ჩემი შვილი იძულებული გახდა წასულიყო.

ძალიან მენანება, რომ თავისი ახალგაზრდობის დროს კარგავს. უნდა გაერთოს, იმის ნაცვლად კი მუშაობს და ჩვენ გვარჩენს.

ჩემთვის ძალიან ძნელია, მაგრამ იმასთან არ ვიმჩნევ.

შეიძლება ეგოისტურადაც გამომივიდეს, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, ერთი-ორი წელი დაკარგოს ის მირჩევნია, მთელი ცხოვრება რომ მერე ტვირთად დააწვეს რაღაცა. ახალგაზრდა ბიჭია და გადაიტანს.

მამის გარეშე დარჩა, მე კი არ შემიძლია ფინანსურად დავეხმარო.

ცხოვრება გამყოფ ხაზზე ჰგავს…

ცხოვრება გამყოფ ხაზზე ჰგავს… მოსაკლავად დამწყვდეული რომ გაიქცევა, ცოტა სამშვიდობოს რომ გავა, მერე რომ დამშვიდდება და გაჩერდება. აი, ეს წარმოვიდგინე ახლა უცბად თქვენი კითხვის პასუხად.

ახლა უკვე მშვიდად ვარ, მაგრამ მთელი ცხოვრება გაქცევაზე ვიყავი. მთელი ცხოვრება სადღაც ვისწრაფოდი, სადღაც მივდიოდი, რაღაცის განხორციელებას ვცდილობდი, არ გამომდიოდა. სამაგიეროდ შვილებში გამომივიდა.

  •  რა სჭირდებათ ქალებს გამყოფ ხაზზე

ახლა რაღაც-რაღაცები გამოსწორდა. ამბულატორია გვაქვს, კვირაში ორი დღე ექიმი დადის, დანარჩენ დღეებში ექთნები მორიგეობენ. არაჩვეულებრივი ექიმი და ექთნები გვყავს.

თავს რომ მივხედოთ, ამისთვის ქალაქში უნდა გავიდეთ.

ეს ახალი ავტობუსი ასეთი ფუფუნებისთვის კი გამოგვადგება – ქალაქში გავისეირნოთ, გავიკეთოთ მანიკური, პედიკური, თმა და სოფელში დავბრუნდეთ. მაგრამ ჯერჯერობით ისე არ ვართ, რომ ეს მოვითხოვოთ.

  • კონფლიქტი

ჩვენ არ ვშორდებით. შეიძლება იქ ჩემ თანატოლს შვილი ჰყავდეს, შვილიშვილი ჰყავდეს, არც ვიცნობდე, მაგრამ არა მგონია, რომ ჩვენ დავშორდით ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ წლებია არ გვინახავს ერთმანეთი.

გამყოფი ხაზი სოფელ ხურჩაში მდინარე ხურჩაზე გადის. მდინარის გაღმა გალის რაიონი, სოფელი ნაბაკევია ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

  • მოკლედ ხურჩის შესახებ

დე ფაქტო აფხაზეთთან გამყოფი ხაზი ძირითადად მდინარე ენგურზე გადის.

ხურჩა გამყოფ ხაზზე მდებარე ერთ-ერთი სოფელია. ის ორ მდინარეს – ენგურსა და ხურჩას შორისაა მოქცეული. სოფელი ხურჩა ესაზღვრება სოფელ ნაბაკევს. ხურჩა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიაა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შედის. ნაბაკევი კი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელია.

2017 წლამდე ხურჩაში მოქმედებდა ე.წ. გამშვები პუნქტი.

2016 წელს ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე, ხიდზე აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია. ოთხოზორიას მკვლელობიდან მალევე გამშვები პუნქტი დაიხურა.

ომი აფხაზეთში 1992 წლის აგვისტოში დაიწყო და 13 თვეს გაგრძელდა. საომარი მოქმედებების დასასრულს საქართველოს ჰყავდა 300 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი.  რუსებმა და აფხაზებმა აიძულეს ეთნიკური ქართველები საკუთარი სახლებიდან გაქცეულიყვნენ.

ამჟამად აფხაზეთზე საქართველოს იურისდიქცია აღარ ვრცელდება. საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია და იქ რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას.

დე ფაქტო აფხაზეთთან გამყოფი ხაზის გაღმა-გამოღმა მცხოვრებ მოსახლეობას ერთმანეთთან ახლო მეგობრულ-ნათესაური კავშირი აქვთ, მაგრამ ახლა ერთმანეთის ნახვას ვეღარ ან იშვიათად ახერხებენ.

შენიშვნა: „ბათუმელები“ ამ სტატიით იწყებს ზეპირი ისტორიების სერიის გამოქვეყნებას, რომლებიც გამყოფ ხაზზე მდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალებთან ჩაწერა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: