მთავარი,სიახლეები

ბათუმის სპორტის სასახლე 1,1 მილიონი ლარის ინვენტარს იყიდის ტანვარჯიშისთვის

05.09.2023 • 1466
ბათუმის სპორტის სასახლე 1,1 მილიონი ლარის ინვენტარს იყიდის ტანვარჯიშისთვის

ბათუმის სპორტის სასახლემ სპორტული ინვენტარის შესყიდვაზე ტენდერი 1 მილიონ 180 ათასი ლარით გამოაცხადა.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში სასახლე მხოლოდ ტანვარჯიშის სპორტულ ინვენტარს შეიძენს.

წინადადებების მიღება 2023 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება. ინვენტარი კი, სპორტის სასახლეს ამავე წლის 10 დეკემბრამდე უნდა მიაწოდონ.

დოკუმენტების მიხედვით, შესასყიდი ინვენტარის ჩამონათვალშია სხვადასხვა რაოდენობის:

  • სტანდარტული და სასწავლო დვირი, დვირის  უსაფრთხოების ბალიშები, ხალიჩების ნაკრები;
  • ორძელები, ტაიჭები, ტანვარჯიშული სოკო, რგოლები, გასაბერი აკრობატული ბილიკი, საშეჯიბრო ბატუტი, დამცავი მაგიდები, სხვადასხვა ლეიბები;
  • ქამარი „ლონჟა“, მხატვრული ტანვარჯიშისთვის ფიცარნაგი, ფოლადის ზამბარა საკონკურსო ბატუტისთვის, საშეჯიბრო ბატუტის ბადე, მწვრთნელის პლატფორმა, TCS – დაძაბულობის კონტროლის სისტემა, სპორტულ ინვენტარზე ასასვლელი პლატფორმა და სხვა.

ტენდერს თან ახლავს შესაძენი საქონლის ტექნიკური აღწერილობაც.

„ტექნიკურ აღწერილობაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი [ასეთის არსებობის შემთხვევაში] იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“. ამასთან, შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი – ექსპლუატაციაში არ მყოფი“, – აღნიშნულია პირობაში.

სპორტის სასახლის სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ შესყიდვის თანხის ოდენობა ბაზრის კვლევის საფუძველზე დაადგინეს.

ბათუმის სასპორტო სკოლა, ლეონიძის ქუჩაზე ახალ შენობაში გადასვლამდე, ფიროსმანის ქუჩაზე [ყოფილი „ბასკოს“ შენობაში] ფუნქციონირებდა.

სასპორტო სკოლას, 2021 წლის დეკემბერში, სპორტსმენის, „ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის სახელი დაარქვეს. სასწავლებლისთვის „მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის“ დარქმევის შესახებ ბრძანება აჭარის განათლების მინისტრმა გამოსცა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: