მთავარი,სიახლეები

კაცი შეშას მოიტანს და დაჯდება, მე რომ მოვალ ჭალიდან, სახლში ვაგრძელებ საქმეს – ქალი ხულოდან

05.09.2023 • 14387
კაცი შეშას მოიტანს და დაჯდება, მე რომ მოვალ ჭალიდან, სახლში ვაგრძელებ საქმეს – ქალი ხულოდან

„სოფელში ქალები სულ შრომობენ. აი, ახლაც, როცა თქვენ გესაუბრებით, ჟოლოს ბაღში ვარ და ვკრეფ. დღეში 12-15 კილოც მომიკრეფია. ამხელა ბაღს მარტო ვუვლი, ჩემი ქმარი ხანდახან თუ მომეხმარება.

პრეტენზიულია ჟოლო, არ არის ადვილი მოსავლელი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 32 წლის მადონა ხმალაძე.

ოჯახი 18 წლის ასაკში შექმნა და ახლა ორი შვილი ჰყავს, – 5 და 12 წლის ბიჭები. მადონა ოჯახთან ერთად ხულოს სოფელ ტაბახმელაში ცხოვრობს.

სოფელში ბავშვთა ბაღი არ აქვთ, ამიტომ იძულებულია, პატარა ბიჭი ყველგან ატაროს, ბაღში იქნება, ყანაში თუ ჭალაში. ბევრჯერ ჩასძინებია პატარას ჭალებში, როცა დედა მოცელილი ბალახის საფოცხავად წასულა და თან წაუყვანია.

„დედამთილ-მამამთილი გარდაცვლილი მყავს, ამიტომ არავინ მყავს სახლში, ვისაც პატარას დავუტოვებ. რადგან საბავშვო ბაღი არ გვაქვს, ასე დავატარებ ხოლმე ყველგან, სადაც მივდივარ.

უბაღობა ქალების შრომას ძალიან ართულებს. მხოლოდ მეზობელ სოფელში შეგვიძლია ბავშვები წავიყვანოთ, მაგრამ რადგან ერთი ბავშვი დადის, ტრანსპორტი არ გვემსახურება.

წელს ისედაც ადრე მოხსნეს ბაღი, მაგრამ როცა არის, მე მაინც დამყავს ხოლმე. ხან „მარშრუტკას“ ვაყოლებ, ხან ფეხით გავიყვან-გამოვიყვან და ასე ვწვალობთ“, – გვეუბნება მადონა.

როცა მადონა ჭალას ფოცხავს, უმცროსი შვილი დედის გვერდით ისვენებს.

მისი თქმით, ქალებს სოფელში ბევრი „სიხლეთი“ (გადაუდებელი საქმე) აქვთ, ამიტომ ყველაფერი რომ მოასწრონ, დილით უთენია უწევთ ადგომა.

დღეს თავს უფლება მივეცი და გვიან ავდექი, – გვეუბნება მადონა. ეს „გვიან“ სოფელში ცხრა საათია.

„ძილის რეჟიმი ძალიან დარღვეული გვაქვს ქალებს სოფელში, ბევრი სიხლეთი გვაქვს, ამიტომ ხან როდის გვიწევს ადგომა და ხან- როდის.

თუ სადმე სოფლის გარეთ ჭალაში არ ვარ წასასვლელი, შემიძლია მივცე ჩემს თავს დასვენების უფლება.

ჟოლოს ბაღის გარდა სხვა საქმეებიც მაქვს. კარტოფილი, კიტრი-პომიდორი, მწვანილი, ლობიო, – ყველაფერი მომყავს. რადგან ორი ძროხა მყავს, მთაში მემთეურად აღარ დავდივარ, მაგრამ კარტოფილი მომყავს და მაინც მიწევს ასვლა. სახლის საქმეებსაც ვაკეთებ – სადილი, ვახშამი, სისუფთავე, მაგრამ მაინც ყველაფერს ვასწრებ.

მადონა ხმალაძე ჟოლოს ბაღში

მე არ ვცელავ, შეშას არ ვჩეხავ, არც ტყიდან მომაქვს, მაგრამ კაცი რომ შეშას მოიტანს, დაჯდება და დაისვენებს და მე რომ მოვალ ჭალიდან, სახლში უნდა გავაგრძელო საქმე. საჭმელი უნდა მოვამზადო, დავალაგო, ბავშვებს მივხედო.

ამით განსხვავდება ქალისა და კაცის შრომა სოფლად.

ჩვენ, ქალები, თითქოს არ ვჩერდებით, სულ რაღაცის კეთებაში ვართ. აჭარაში ქალებს ჰქონდათ სულ ეგ ხვედრი. თითქოს ჩვენ უნდა ვიტრიალოთ ყველგან და ეს აუცილებელია.

„5 წლის ანდრია ყველგან დამყვება – ჭალაშიც, ყანაშიც და ჟოლოს ბაღშიც“.

სულ გადარბენებზე ვარ, თუმცა ვცდილობ არ ჩამოვრჩე ცხოვრებას და იმის დროსაც ვიტოვებ, რომ სადმე გავისეირნო.

აქ სოფელში არაფერია გასართობი. ყანა-ბაღჩა-ჭალა, ესაა ერთგვარი „გასართობი“ ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ ქალები შევიკრიბებით ხოლმე და ჩამოვსხდებით სადმე ერთად და ასე ვირთობთ თავს.

როცა სკოლაა, ხანდახან ექსკურსიაზე დავყვებით ბავშვებს“, – ამბობს მადონა.

ერთ დროს ხულოს სოფელ ტაბახმელაში 70 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა მხოლოდ 30 ოჯახია შემორჩენილი.

ბავშვებიც თითზე ჩამოსათვლელიღა დარჩა სოფელში.

ორი წელია ცხრაკლასიან სკოლას პირველკლასელი არ ჰყოლია. მეზობელი სოფლიდან დადის ერთი პირველკლასელი. მომავალ წელს კი, მადონას უმცროსი შვილი მიუჯდება მარტოდ მერხს, რადგან სოფელში სხვა არავინაა სასკოლო ასაკის.

„უფროსი შვილი მეშვიდეში გადავიდა და იმასაც ერთი კლასელი ჰყავს. 13 ბავშვია მთელ სკოლაში. ყველა სხვადასხვა ასაკისაა, მაგრამ ყველა ერთმანეთთან მეგობრობს“, – გვეუბნება მადონა.

მისი აზრით, რთულია მილევადი სოფლის გამოცოცხლება. მით უმეტეს მაშინ, როცა არც გზა აქვს სოფელს, არც განვითარებისთვის საჭირო რაიმე ძვრები ხდება.

„ერთი წელია სოფელში შემოვლითი გზით დავდივართ, რადგან გზა დაზიანდა და ვერ გააკეთეს. ხან ერთი ტენდერი ჩავარდა, ხან – მეორე. ასე ვწვალობთ ამდენი ხანია.

ვინც წავიდა, ის აქ აღარ დაბრუნდება. 5-ლარიანი ჟოლოს გამო ხომ არ დაბრუნდება ხალხი? ვინც დავრჩით, ჩვენ გვიღირს და ვშრომობთ, მაგრამ რომ დაზამთრდება, ყველა წავა ქალაქში და სოფელი უფრო მოსაწყენი ხდება“ – გვეუბნება ის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: