ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ახალშენის კულტურის სახლისთვის 882 ათასი ლარი დაიხარჯა – შენობა კვლავ უფუნქციო და სარემონტოა

05.09.2023 • 2843
ახალშენის კულტურის სახლისთვის 882 ათასი ლარი დაიხარჯა – შენობა კვლავ უფუნქციო და სარემონტოა

ახალშენის კულტურის სახლი, რომლის რეკონსტრუქციაშიც 2017-18 წლებში 882 696 ლარი დაიხარჯა, დღემდე უფუნქციოა და მეტიც, ხელახლა სარეაბილიტაციოა. შენობის სარემონტო სამუშაოები თავის დროზე აუდიტის ანგარიშშიც მოხვდა და საკითხს სუს-იც იკვლევდა.

აღნიშნული შენობა საზოგადოებას ყრუ [უკარებო] კედელზე მიდგმული კიბითაც დაამახსოვრდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ამჯერად ტენდერი, 85 ათასი ლარით, ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოაცხადა.

გამარჯვებულმა შენობის რეაბილიტაციის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მერიის სამმართველოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა წარუდგინოს.

ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2023 წლის 16 სექტემბერს დაიწყება და 19 სექტემბერს დასრულდება.

სატენდერო პირობის მიხედვით, „საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს:

  • საკვლევ-საძიებო სამუშაოები; დეტალური არქიტექტურული პროექტი; კონსტრუქციული პროექტი და სქემა [საჭიროების შემთხვევაში]; რეაბილიტაციის ორგანიზების პროექტი; ელ. მომარაგებისა და სუსტი დენების პროექტი [საჭიროების შემთხვევაში]; სანტექნიკის მოწყობის პროექტი [საჭიროების შემთხვევაში] და სახანძრო სისტემის მოწყობის პროექტი“.

ავტორმა ახალ პროექტს ექსპერტიზა უნდა ჩაუტაროს სამხარაულის ბიუროში ან სხვა აკრედიტებულ საექსპერტო ორგანიზაციაში.

ტენდერის აუცილებელი პირობაა – საპროექტო გადაწყვეტილებები შეთანხმდეს დამკვეთთან – ხელვაჩაურის მერიის სამმართველოსთან. ამასთან, ტენდერში აღნიშნულია, რომ „დამატებითი პირობები წარმოდგენილი იქნება ხელშეკრულების სახით“.

რატომ დარჩა საჭირო შენობის რეაბილიტაცია, მაშინ, როცა 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა? მთლიანი შენობის რეაბილიტაციაა დაგეგმილი თუ არა? რატომ დაგვიანდა პროექტის შეძენა? – ამ კითხვებით „ბათუმელები“ ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა.

„ახალშენის კულტურის ცენტრში სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, უკვე დასრულდა მეორე ეტაპის სამუშაოები. კულტურის ცენტრში მოქმედი ჯგუფები მოღვაწეობას აგრძელებენ ახალშენის N1 საჯარო სკოლაში. ამ ეტაპზე ტენდერი გამოცხადებულია კულტურის სახლის მესამე ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის სამუშაოებზე, ხოლო კულტურის ცენტრი სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას მესამე ეტაპის სამუშაოების დასრულებისთანავე“, – მოგვწერეს ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურიდან.

ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ხელვაჩაურის მერიამ 2016 წლის ბოლოს დაიწყო.

ახალშენის მუსიკალური სკოლისა და კულტურის სახლის რეკონსტრუქციაზე ხელშეკრულება ხელვაჩაურის მერიამ შპს „ნევ სტაილ ბილდინგთან“ გააფორმა და საბოლოოდ ამ კომპანიას 392 720 ლარი გადაუხადა.

2017 წელს მერიამ ახალშენის კულტურის სახლთან არსებული მინი სტადიონის რესტავრაციისთვის 21 562 ლარი დახარჯა. ამ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებული შპს „თამუნა“ იყო.

მერიამ ახალშენის კულტურის სახლის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარემონტო სამუშაოები [მეორე ეტაპი] 2018 წელს გააგრძელა და ამჯერად კომპანია „ფელიქსს“ გადაუხადა 468 414 ლარი.

2019 წელს ხელვაჩაურის მერიის საქმიანობის შესწავლა სუს-მა დაიწყო. მაშინ კულტურის სახლის მშენებლობის საკითხით საფინანსო სამსახურიც დაინტერესდა [ხელვაჩაურის მერიას ამ შემოწმებების შედეგებზეც ვკითხეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ].

ახალშენის კულტურის სახლზე საუბარია აუდიტის დასკვნაშიც, რომელიც 2019 წლის თებერვალში გამოქვეყნდა. გამოვლენილ გარემოებებში აღნიშნულია, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა ხარვეზებიანი პროექტით – პროექტში გამორჩენილი იყო შენობის სახურავის და სარეპეტიციო დარბაზის მოწყობა.

ამ თემაზე ვრცლად „ბათუმელების“ არქივიდან:

სუს-ი ხელვაჩაურში ახალშენის კულტურის სახლის საქმეს სწავლობს

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან: სახანძრო კიბე ახალშენის კულტურის სახლის შენობაზე / ფოტო: მიშა ბოლქვაძის ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: