მთავარი,სიახლეები

უკანონო ნადირობის 97 ფაქტი 13 დღეში – დაფიქსირდა აკრძალული იარაღით ნადირობაც

05.09.2023 • 1491
უკანონო ნადირობის 97 ფაქტი 13 დღეში – დაფიქსირდა აკრძალული იარაღით ნადირობაც

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნადირობის სეზონის დაწყებიდან [19 აგვისტოდან] 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოავლინეს.

„უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 30 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში. 26 ფაქტია გამოვლენილი იმერეთში, 11 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10 – შიდა ქართლში, 7 – კახეთში, ასევე 7 ფაქტია აღკვეთილი სამცხე-ჯავახეთში, 3-3 ფაქტი კი დაფიქსირდა ქვემო ქართლსა და აჭარაში.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 45 ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია, 15 შემთხვევაში მონადირეებმა სანადირო იარაღების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოადგინეს, 3 შემთხვევაში სამართალდამრღვევები აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობდნენ და ა.შ.

დაფიქსირდა უკანონო საშუალებით, ხელნაკეთი მოწყობილობით [ე.წ. მანოკი] ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 12 დღის განმავლობაში, სულ ამოღებულია 51 „მანოკი“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ნადირობის სეზონის განმავლობაში [მომდევნო წლის 1-ელ მარტამდე], საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.

დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

ამავე თემაზე:

სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: