მთავარი,სიახლეები

შაქარწყალზეც კი ვიძინებ, ოღონდ ბავშვებს საჭმელი ჰქონოდეთ – როგორ გააქვს თავი დედა-შვილს ბათუმში

04.09.2023 • 14701
შაქარწყალზეც კი ვიძინებ, ოღონდ ბავშვებს საჭმელი ჰქონოდეთ – როგორ გააქვს თავი დედა-შვილს ბათუმში

„ყველაზე რთული მარტოობაა, როცა მარტოხელა ხარ და ყველა ზურგს გაქცევს, როცა აღარავის უნდიხარ,“ – თვალზე ცრემლი ადგება ქალს და მზერას გვარიდებს. – „გაჭირვებაა კიდევ უფრო რთული: რამდენჯერ შაქარწყალზე დამიძინია, ოღონდაც ბავშვებს საჭმელი ჰქონოდეთ,“ – გვიყვება მარტოხელა დედა დალი თებიძე.

ის 25 წელია ბათუმში ცხოვრობს, ნაქირავებ ბინაში. 

დალისთან ერთადაა მისი შვილი სოფო, რომელიც ამბობს, რომ მოძალადე ქმარს დაშორდა და ორ შვილს ზრდის. ბავშვები 10 და 12 წლის არიან.

დალი თებიძე ბათუმის მერიასთან გამართული აქციის მონაწილეა – აქციაზე შეკრებულმა უსახლკარო ადამიანებმა მერიას შესაბამისი პროგრამის შემუშავება მოსთხოვეს, როცა სახელმწიფოსგან შემწეობას იღებ, უფასო სასადილოთი სარგებლობ და წლებია ნაქირავებში ცხოვრობ. ამ კატეგორიის ოჯახებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა არ არსებობს.

„დღის პირველ საათზე რომ მომაქვს სადილი: 2 პურია და წვნიანი – მეორე დღის პირველ საათამდე უნდა გვეყოს… მშივრები არ ვართ.

ჩვენი აქცია რომ გააშუქეთ გასულ კვირას, ვიღაცას კომენტარი დაუწერია, უჭმელობის რა ეტყობა ამათო, კი ბატონო, მშივრები არ ვართ, მაგრამ, მაგალითად, გუშინ შვილთან რომ ვიყავი კლინიკაში და უკან ვბრუნდებოდი, ზებრაზე მოულოდნელად ჩავიკეცე, ალბათ ნერვიულობისგან, არ ვიცი, ყველაფერი ერთად დამემთხვა.

მოდით და ნახეთ ჩემი მაცივარი, აქ მხოლოდ ყველია და 3 ცალი კვერცხი, კიდევ დიაბეტური კარაქი, ცოტა მაწონი და ხაჭო,“ – მაცივარშიც გვახედებს დალი თებიძე. იატაკი აქაც დასხმულია. სამზარეულო მისაღებისგან  გამიჯნულია, მაგრამ აქ მეტად იგრძნობა სივიწროვე.

„ექიმთან მისვლის მეშინია, რა ვიცი, რას მეტყვის. ექიმთან რომ მიხვალ, სველი „სალფეთქი“ მაინც ხომ უნდა გქონდეს?“ – კითხულობს დალი თებიძე და ისევ მისაღებში ვბრუნდებით.

„ტანსაცმელს ცელოფნის პარკებში ვინახავ, რომ სინესტისგან არ დასველდეს, ესეც წინა წლის კაბებია, ამით დადიოდნენ სკოლაში, ახალს ვერ ვუყიდი ჩემ გოგოებს,“ – პარკიდან ბავშვების კაბებს იღებს დალი თებიძე და ლოგინზე ალაგებს.

„ლიმონათი რომ მომინდეს, ლიმონათსაც ვერ ვიყიდი, რამდენჯერ ბავშვს უთქვამს, ნაყინი მინდაო და ვერ მიყიდია.

საშინელებაა ნაქირავებში ცხოვრება, ტრაგედიაა, როცა მუდმივად გაშინებს თვის ბოლოს მოახლოება, აღარ შემიძლია… ბოლო დროს განსაკუთრებით გაძვირდა ბინები, სასწაული იყო, ეს ბინა რომ ვნახეთ, ყველაფერი დოლარში იყო და ვიფიქრე, სადმე ქოხს გავშლი,  „ბრეზენტს“ დავაფარებ, ოღონდ ბავშვები ქუჩაში არ დამრჩეს-მეთქი,“ – ხმაურიან ქუჩაზე გამავალ კარს ღიად ტოვებს ქალი და ნაქირავებ ბინაში, საწოლის კიდეზე ჯდება:

„კარი თუ არ გააღე, ან ფანჯარა, 10 წუთი ვერ გაჩერდები აქ, ნესტისგან ისეთი სუნი დადგება, ჭერიდან წყალი ჩამოდის, ზემოთ აივანია დაზიანებული,“ – ამბობს მარტოხელა დედა და ჭერისკენ იყურება, ხელით საწოლის საფარის სიმშრალეს ამოწმებს.

დალი თებიძე შემოსავლებს ითვლის, რასაც მისი ოჯახი ყოველთვიურად იღებს: „640 ლარი სოციალურიდან, 650 ლარი ჩემი გოგოს, სოფოს ხელფასია, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობს – მზარეულის თანაშემწეა, 340 ლარი შვილიშვილის პენსია, ის 12 წლისაა…

სამი თვეა, ჩვეულებრივი შაქრით ვასმევ ჩაის, დიაბეტური შაქრის ფული აღარ გვრჩება, მარტო ბინის ქირაში იმდენია გადასახდელი,“ –  ბავშვებს გაჰყურებს ქალი, მოპირდაპირე საწოლზე რომ ჩამომსხდარან ჩუმად.

ოთახში სივიწროვეა და ნესტის სუნი. რკინის ერთ საწოლთან გოგონებს თოჯინებიც ჩაულაგებიათ, ერთ-ერთთან წიწიბურას ბოთლი დაუტოვებიათ. ბავშვების დედას, სოფოს, საუბარი უჭირს. „ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და დღეს გამომწერეს კლინიკიდანო,“ – ამბობს ის.

„მე მარტოხელა დედა ვარ და ვიცი, რაც გამოვიარე. თავიდან ვხუჭავდი ყველაფერზე თვალს, მერე არც პოლიციისთვის მიგვიმართავს – განქორწინება მოვითხოვეთ და ერთმანეთს დაშორდნენ,“ – გვიყვება ისევ დალი თებიძე და აღწერს, როგორ გაუნაწყენდნენ ახლობლები შვილის მოძალადესთან დაშორების გამო.

როგორია იყო მარტოხელა დედა და წლობით ცხოვრობდე ნაქირავებში? – ვეკითხები ქალს.

„თავს ზემოთ ძალა არ არის, უნდა გაუმკლავდეს ცხოვრებას, რამდენ ხანსაც ძალა შეგწევს… ამ თემაზე ლაპარაკი მიჭირს. ვფიქრობ, არ შეცვლილა საზოგადოება – ახლაც იგივეა. შვილის სიყვარულით უნდა გაძლიერდე და თავი ხელში აიყვანო, თორემ ჩვენთან ყველგან გაჭირვებაა, ვისთან მიხვალ?

მიხვალ მერიაშია და აქეთ გაგლანძღავენ, საიდან მოიტანე, რომ ერთჯერადი დახმარება არისო. შეშას ორი წელია ვითხოვ და არც შეშა მომცეს, ბინაზე განცხადება დავწერე და ეს საიდან მოიტანეთო.

მარიამობაზე ადრე პროდუქტებს მაინც გვირიგებდნენ, წელს არც ეს იყო,“ – გვითხრა დალი თებიძემ.

 

___

მთავარი ფოტო: სოფო შვილებთან ერთად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: