მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

კენჭები და „სილა“ თირკმელში – რა უნდა ვიცოდეთ კენჭოვანი დაავადების მკურნალობაზე

04.09.2023 • 2685
კენჭები და „სილა“ თირკმელში – რა უნდა ვიცოდეთ კენჭოვანი დაავადების მკურნალობაზე

თირკმელებში კენჭის გავლა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეულია, თუმცა დაავადების დროულად ამოცნობის შემთხვევაში ის სერიოზულ გართულებებს არ იწვევს. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის უროლოგი, თამაზ ირემაძე ამბობს, რომ მცირე ზომის კენჭის გამოსადევნად შესაძლოა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლისა და ბევრი სითხის მიღება იყოს საკმარისი, მაგრამ სხვა შემთხვევებში, როცა, მაგალითად, კენჭი საშარდე გზებში იჭედება, შეიძლება საჭირო გახდეს სხვა სახის ჩარევა, რათა თავიდან ავიცილოთ საშარდე გზების ინფექციები და გართულებები.

„ბათუმელები“ ამ თემაზე თამაზ ირემაძეს ესაუბრა.

  • ბატონო თამაზ, რა არის შარდ-კენჭოვანი დაავადება?

შარდკენჭოვანი დაავადება საკმაოდ გავრცელებულია უროლოგიაში. ეს დაავადება ძირითადად ცხელი კლიმატის ქვეყნებშია გავრცელებული და უფრო ხშირია კაცებში. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის შედეგადაც ხდება კენჭის წარმოქმნა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა.

შარდს აქვს კრისტალიზაციის უნარი, ეს ნორმალურია, მაგრამ როდესაც ეს უნარი შარდში დარღვეულია, ამ შემთხვევაში კრისტალები ერთმანეთს ეწებება და წარმოიქმნება კენჭი. 

არის დაავადებები, რომლებიც იწვევენ კენჭოვან დაავადებას, მაგალითად თირკმლის დაავადებები; მიზეზი შეიძლება გახდეს ზოგიერთი მედიკამენტი, საუბარია ხანგრძლივად მიღებულ წამლებზე. ასეთია, მაგალითად: კალციუმი, E ვიტამინი, C ვიტამინი და სხვა.

შარდის ხშირად და ხანგრძლივად შეკავება კენჭოვანი დაავადების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზია; ხშირია საშარდე სისტემის ანატომიური პათოლოგიებიდან, მაგალითად, შარდსაწვეთის [მილები, რომლებიც აკავშირებს თირკმელებსა და შარდის ბუშტს]  შევიწროების  შედეგად განვითარებული კენჭი თირკმელში, ასევე მიზეზი შეიძლება იყოს თირკმლის ანომალიები, შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი; კენჭოვანი დაავადების მაპროვოცირებელია ადინამია, როცა პაციენტი ნაკლებს მოძრაობს.

  • სად წარმოიშობა კენჭი?

კენჭი წარმოიქმნება როგორც თირკმელში, ისე შარდის ბუშტში. შარდსაწვეთში კენჭის წარმოქმნა არ ხდება, შარდსაწვეთში ხდება თირკმლიდან წამოსული პატარა კენჭის გაჭედვა, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს და გამოვლინდება თირკმლის კოლიკის სახით.

  • რა შეიძლება იყოს კენჭოვანი დაავადების ნიშნები?

შეიძლება ადამიანს თირკმელში კენჭი ჰქონდეს, მაგრამ ტკივილი არ აწუხებდეს და პრობლემა შემთხვევით გამოვლინდეს, სხვა დაავადების კვლევისას; მაგალითად, შარდის ანალიზში შეიძლება გამოჩნდეს ერითროციტები, აქედან უნდა მივიტანოთ ეჭვი, ხომ არ არის შარდკენჭოვანი დაავადება.     

ძირითადი სიმპტომი შარდკენჭოვანი დაავადების არის თირკმლის ჭვალი – კოლიკა. ეს არის ძლიერი ტკივილი, რომელიც თირკმლის საპროექციო არეში ეწყება ადამიანს და თანდათან გადაინაცვლებს ქვემოთ, საზარდულის მიმართულებით.

რაც უფრო ქვევით გადადის კენჭი, ანუ მოძრაობს შარდსაწვეთში, სიმპტომებიც მატულობს, პაციენტს მოშარდვის უფრო ხშირი სურვილი აქვს, ჩნდება მოშარდვის ცრუ შეგრძნება.

შეიძლება პაციენტს აღენიშნებოდეს გულისრევა, ღებინება; შორსწასულ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს მაღალი ტემპერატურა, რაც უკვე მიანიშნებს, რომ ანთებითი პროცესი მიმდინარეობს საშარდე სისტემაში და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

MayoClinic – შარდკენჭოვანი დაავადების სხვა ნიშნებია: ტკივილი, რომელიც მოდის ტალღებად და იცვლება ინტენსივობით; ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვის დროს; ვარდისფერი, წითელი ან ყავისფერი შარდი; მღვრიე ან უსიამოვნო სუნის მქონე შარდი; შარდვის მუდმივი მოთხოვნილება, ჩვეულებრივზე უფრო ხშირად შარდვა ან მცირე რაოდენობით შარდვა; ცხელება და შემცივნება ინფექციის არსებობის შემთხვევაში.

  • რა მეთოდებით ხდება შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობა, კენჭის დაშლა?

შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობა დღეს არის ძალიან მრავალფეროვანი; ძირითადად გამოიყენება ლითოტრიპსია  – კენჭის დაშლა ლაზერით. ლითოტრიპსია არსებობს ორნაირი – დისტანციური და კონტაქტური. 

დისტანციური ლითოტრიპსია ნიშნავს, რომ გარედან ულტრაბგერის ანუ ლაზერის დარტყმით ხდება თირკმელში არსებული კენჭის დაქუცმაცება, დაშლა და შემდგომ მისი გამოძევება შარდსაწვეთიდან.

კონტაქტური ლითოტრიპსია კეთდება, როდესაც კენჭი გაჭედილია შარდსაწვეთში. ამ დროს შარდსაწვეთში ქვემოდან (ურეთრიდან) შევდივართ ურითერეული ენდოსკოპით, იქ ხდება კენჭის დაშლა ლაზერით და შემდეგ გამოძევება. 

არის კიდევ პერკუტანული ნეფროლითოტომია, როცა თირკმელშია დიდი ზომის კენჭი და თირკმელში შედიხარ გარედან ჩხვლეტით. თირკმელში დაშლი, დააქუცმაცებ და ამოიღებ ამ კენჭს.

შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ დღეს ძალიან იშვიათად გამოიყენება ღია ოპერაცია, ის გამოიყენება ძირითადად მაშინ, როდესაც არის დიდი ზომის კენჭი, მაგალითად, ე.წ. მარჯნისებური კენჭი, ის ნაწილობრივ ან მთლიანად ავსებს მენჯ-ფიალათა სისტემას. ლიტერატურაში მოცემულია, რომ 2 სანტიმეტრზე მეტი ზომის კენჭი არის ერთ-ერთი ჩვენება ღია ოპერაციის, თუმცა არიან ექიმები, რომლებიც ამბობენ, რომ კენჭის ზომას ლითოტრიპიისთვის უკუჩვენება არ აქვს, ანუ დიდი ზომის კენჭიც შეიძლება დავშალოთ.

ღია ოპერაცია კეთდება ასევე ანომალიების დროს, მაგალითად, როცა შარდსაწვეთის შევიწროებაა, ამ შემთხვევაში კენჭის ლითოტრიპსიულად დაშლა ვერ ხერხდება, უნდა გაკეთდეს ღია ოპერაცია, როგორც კენჭის მოსაშორებლად, ისე ანომალიის [შევიწროება იქნება ეს თუ სხვა რამ] გამოსასწორებლად.

  • სხვა რა ფაქტორები განაპირობებს მკურნალობის რომელი მეთოდი შეიჩევა?

კენჭის ზომისა და მისი შემადგენლობის მიხედვით წყდება თუ რომელი სახით მოხდება ჩარევა და კენჭის მოშორება.

თუ კენჭი არის ორ სანტიმეტრამდე და მისი შემადგენლობა არის რბილი, ანუ სიმკვრივე მაღალი არ აქვს, მაშინ შეიძლება ჩატარდეს დისტანციური ლითოტრიპსია. ამ დროს,  ასევე შეიძლება გაკეთდეს პერკუტანული ნეფროლითოტექსია.

ეს ორივე არაინვაზიური [არ ხდება გაჭრა] პროცედურაა, თუმცა დისტანციური ლითოტრიპსია კეთდება ამბულატორიულად, არ სჭირდება ნარკოზი და სტაციონარში დაყოვნება. ორი საათის შემდგომ პაციენტი მიდის სახლში; ხოლო პერკუტანული ნეფროლითოტექსია ნარკოზით უნდა გაკეთდეს და პაციენტს სტაციონარში გაჩერება უწევს 2-3 დღე.

კონტაქტური ლითოტრიპსიას ვიყენებთ ძირითადად მაშინ, როცა კენჭი არის გაჭედილი შარდსაწვეთში ან შარდის ბუშტში, თუმცა თირკმელში როცაა კენჭი, მაშინაც გამოიყენება. 

ესეც მინიინვაზიური ჩარევაა, ბუნებრივი ხვრელით – ურეთრიდან შევდივართ შარდსაწვეთში, შარდის ბუშტში და ხდება  არსებული კენჭის ლაზერით დაქუცმაცება და გამოტანა.

  • რას გულისხმობს შარდკენჭოვანი დაავადების მედიკამენტური მკურნალობა?

მედიკამენტური მკურნალობა ხდება მაშინ, როდესაც კენჭი პატარაა, დაახლოებით 3-7 მილიმეტრამდე. რაც უფრო პატარაა კენჭი, მით უფრო მეტი შანსია, რომ მედიკამენტურად მოხდეს მისი გამოძევება და არა დაშლა.

ამ დროს პაციენტს ეძლევა სპაზმოლიტიკები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ხდება სითხეებით დატვირთვა. 3-5 მმ.-მდე კენჭის გამოძევების  შანსი უფრო მაღალია ნებისმიერი ჩარევის გარეშე, მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობის ფონზე.

როცა სილა არის თირკმელში, იმისთვის, რომ კენჭი რომ არ ჩამოყალიბდეს, არის არაერთი მედიკამენტი, რომელსაც პაციენტი იღებს ექიმის დანიშნულებით და ხდება პრევენცია.

კრისტალები, იგივე სილა თირკმელში ექოსკოპიური გამოკვლევისას ჩანს და ნიშნავს, რომ პაციენტს ესაჭიროება მკურნალობა. ასეთ დროს ყველაზე მარტივი რაც არის, პაციენტს ვურჩევთ სითხეების მიღებას – პაციენტმა, და ზოგადად ყველა ადამიანმა, დღეში მინიმუმ რვა ჭიქა სითხე უნდა მიიღოს. 

მედიკამენტურად კენჭის დაშლა არ ხდება, ეს მცდარი წარმოდგენაა. თუ პატარა კენჭია, მედიკამენტის საშუალებით შეიძლება გამოძევება.

  • როგორია კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები შარდკენჭოვანი დაავადების დროს?

შარდის მჟავიანობიდან და კენჭის შემადგენლობიდან გამომდინარე შეიძლება დიეტაც დაენიშნოს პაციენტს. თუ ადამიანმა კენჭი ერთხელ გამოდევნა და ჩვენ მისი ქიმიური შემადგენლობა შევისწავლეთ,  აქედან გამომდინარე შესაბამის დიეტას ვუნიშნავთ მას.

მაგალითად, ყველაზე გავრცელებულია კალციუმის ფოსფატური შემადგენლობის კენჭები – ამ შემთხვევაში ადამიანმა დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს მცენარეული ბოჭკო და ნახშირწყლები. ცხოველური ცხიმი უნდა შეზღუდოს და მიიღოს მხოლოდ მცენარეული საკვები.

ვისაც კალციუმის შემცველი კენჭები აქვს, იმათ ეკრძალებათ რძის შემცველი პროდუქტების მიღება, ენიშნებათ დიდი რაოდენობით სითხეები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: