განათლება,მთავარი,სიახლეები

ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება – რესურსცენტრი

04.09.2023 • 1534
ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება – რესურსცენტრი

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ახალი 2023-2024 სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდება.

„ცვლილების შესახებ სამინისტროდან რაიმე ინფორმაცია არ მიგვიღია, ამიტომ, კანონის მიხედვით, 15 სექტემბერს იწყება სწავლა“, – ამბობს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, გოჩა დავითაძე.

მისი თქმით, ამ დროისთვის სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი სკოლებში უკვე შეტანილია, ნაწილს კი შაბათ-კვირამდე მიიღებენ.

რესურსცენტრის თქმით, განსაკუთრებულ სიახლეებს სკოლებში ჯერჯერობით არ ელიან. ერთადერთი ცვლილება ის არის, რომ ჭადრაკი, რომელიც აქამდე მხოლოდ პირველ კლასში ისწავლებოდა, წელს მეორე კლასშიც ისწავლიან ბავშვები, ზოგიერთ კლასში კი ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები ექნებათ მოსწავლეებს.

რაც შეეხება პირველკლასელების რეგისტრაციას, რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სკოლის გარეშე არცერთი ბავშვი არ დარჩება.

„შესაძლოა ვიღაცას გვიან გაახსენდა ბავშვის დარეგისტრირება და ვეხმარებით, ვიღაც ვერ მოხვდა სასურველ სკოლაში, მოგვმართავენ სკოლის შეცვლაზე, თუმცა ამ საკითხს ნელ-ნელა ვარეგულირებთ“, – ამბობს გოჩა დავითაძე.

სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება საქართველოს განათლების სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: