მთავარი,სიახლეები

„კულას“ წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსულ წარწერას ეტიკეტიდან ამოიღებენ

04.09.2023 • 1311
„კულას“ წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსულ წარწერას ეტიკეტიდან ამოიღებენ

კომპანია „კულა“, რომელიც ხილის წვენებს ამზადებს, ეტიკეტში რუსული წარწერის გამოყენების გამო მომხმარებელმა გააკრიტიკა. მოქალაქეების თქმით, კომპანიის პროდუქციას პროტესტის ნიშნად აღარ შეიძენენ.

„შეისხით თქვენი იაბლოკო, თქვე რუსებო“, „ეტყობა, ისეთი „გავნო“ ჩამოასხით, რომ მხოლოდ რუსებისთვის გემეტებათ“, „ფორთოხალ-ვაშლის ოყნების ბოიკოტი მოღალატეებს“, – ამ შინაარსის კომენტარებით აპროტესტებენ მოქალაქეები რუსული წარწერების გამოჩენას ხილის წვენების შეფუთვაზე.

როდის გამოჩნდა რუსული წარწერები ხილის წვენების ეტიკეტზე და რატომ გადაწყდა ოკუპანტი ქვეყნის ენა გამოეყენებინათ საქართველოში დამზადებულ პროდუქციაზე?

„ბათუმელები“ ამ საკითხზე კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ივანე გოგლიძეს ესაუბრა. მისი თქმით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები პროვოკაციაა, რადგან შეფუთვაზე არის როგორც ქართული, ასევე ინგლისური წარწერებიც.

„ჩვენი კომპანია არის საერთაშორისო და თითქმის ყველა ენაზე გვიწერია. არის ინგლისური წარწერებიც, მაგრამ მხოლოდ ის მხარე გადაიღეს, რომელიც უნდოდათ.

ეს წარწერა 2012 წლიდან იბეჭდება და გამოყენებულია კირილიცა. ეს ალფავიტი გამოიყენება არა მარტო რუსეთში, არამედ უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთში, ევროპის ქვეყნებში, ისეთი როგორიცაა რუმინეთი, სერბეთი და თვითონ შეფუთვაზე, რუსული სიტყვები არ გვაქვს გამოყენებული.

ეტიკეტს ოთხი მხარე აქვს, ერთ მხარეს მხოლოდ ქართულად აწერია, მეორე მხარეს ინგლისურად და მესამე მხარეს აწერია სამ ენაზე – ქართულად, ინგლისურად და აწერია მხოლოდ „Яблоко“, რომელიც ასევე უკრაინელებისთვისაც და ბელორუსებისთვისაც.

ჩვენზე უკეთ ოკუპაციის პრობლემა არავინ იცის, ამიტომ ჩვენი წვენი რუსეთში არ გადის და არც გვქონია გათვლა, რომ რუსეთში გასულიყო. თუმცა, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას“, – ამბობს გოგლიძე.

უკრაინულად ვაშლი იწერება როგორც „Яблуко“ და არა „Яблоко“, როგორც ამას ივანე გოგლიძე ამტკიცებს. თუმცა, მისი თქმით, რადგან მოსახლეობამ მტკივნეულად აღიქვა ეს წარწერა, კომპანია აპირებს, რომ რუსული წარწერა მოხმარებიდან ამოიღოს.

„კი ვაპირებთ ამოღებას და არა იმიტომ, რომ რუსულია, ბევრმა მოგვწერა ამის თაობაზე, რომ პროვოკაციას არ ავყვეთ. რამდენიმე მილიონია ასეთი ეტიკეტი დაბეჭდილი, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ქსელში არ შევიტანოთ, თუ ასე აღიზიანებს მოსახლეობას“, – ამბობს გოგლიძე.

მისი თქმით, უკვე გაცემულია განკარგულება, რომ დღის ბოლომდე დააკვირდნენ პროცესს და შემდეგ ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებენ.

კომპანია „კულა“ გორშია რეგისტრირებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: