მთავარი,სიახლეები

„ვცხოვრობთ ბათუმში შუქის და წყლის გარეშე“ – მოქალაქეებმა ანგისის ქუჩა გადაკეტეს

04.09.2023 • 1664
„ვცხოვრობთ ბათუმში შუქის და წყლის გარეშე“ – მოქალაქეებმა ანგისის ქუჩა გადაკეტეს

ბათუმში, ანგისის ქუჩა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ისინი ბათუმის მერიის და საგამოძიებო უწყებების ყურადღებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ანგისი ქუჩა # 13 და # 20 -ში ახალაშენებული სამი კორპუსის მაცხოვრებლები არიან.

„არც შუქი გვაქვს, არც წყალი, დანარჩენზე ლაპარაკი ზედმეტია…. კომპანიამ არ შეასრულა ვალდებულებები. როგორც ჩანს, ის გარიგებულია მთავრობასთან, რადგან პასუხს არავინ სთხოვს…

იძულებული გავხდით და შემოვსახლდით, უკვე 4 – 5 წელია 300-მდე ოჯახი ვცხოვრობთ აქ.

დარეგისტრირებული ბინები სხვებს გადაუფორმეს, თაღლითური სქემებიც აამოქმედეს,“ – ამბობს მინდია ცეცხლაძე, ის ანგისის ქუჩა #13-ში ცხოვრობს.

ეს კორპუსები კომპანია „თჯ ბათუმს“ აუშენებია. ამ დასახლებაში ამ დრომდე არც საკანალიზაციო სისტემა არსებობს – აქაც კორპუსების ეზოებში შამბოებია მოწყობილი.

„მოსახლეობას კუსტარულად აქვს გაყვანილი წყლის სისტემა, ელექტროენერგიაც კუსტარულად არის შეყვანილი კორპუსებში, რადგან კომპანიამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ მოაწყო და მერიამ კორპუსები არ ჩაიბარა.

აქციამ შედეგი გამოიღო, კომპანიის ხელმძღვანელი ადგილზე მოვიდა და დაიწყო მოლაპარაკებები. ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს პროცესი,“ – გვითხრა თამაზ ბაკურიძემ, ორგანიზაციის „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა.

კომპანიაში „თჯ ბათუმი“ კომენტარზე უარი გვითხრეს. აქ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ „მოლაპარაკება მიმდინარეობს“.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100-ვე პროცენტი თურქეთის მოქალაქე საეიდ ნოვროოზია.

ბათუმის მერიაში ამ თემაზე განმარტებას გააკეთებენ. ინფორმაცია განახლდება.

ერთ-ერთი კორპუსი, სადაც წყლის და ელექტროენერგიის გაყვანილობის გარეშე ცხოვრობენ ოჯახები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: