მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რომელ ეზოებს მოხატავენ ბათუმში – მერია 12 ათას ლარს დახარჯავს

03.09.2023 • 2175
რომელ ეზოებს მოხატავენ ბათუმში – მერია 12 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერიამ „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში გამარჯვებული პროექტის [„ფერადი ეზოები“] მიხედვით ეზოების მოსახატად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 12 ათასი ლარია.

ქალაქში ჯამში 200 კვ.მ ფართობის ეზოებს და კედლებს მოხატავენ.

ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო ყველა დეტალი [მათ შორის ესკიზები] კი, ტენდერში გამარჯვებულმა მერიას წინასწარ უნდა შეუთანხმოს.

დაგეგმილია ეზოების და კედლების მოხატვა შემდეგ ქუჩებზე:

ალ. პუშკინის N39 [კედელი];
ბესიკის N44 [კედელი];
შავშეთის N6-8 [კედელი];
მელიქიშვილის და ფარნავაზის ქუჩების კვეთა [კედელი];
მელიქიშვილის და ი. ჯინჭარაძის კვეთა [კედელი];
მ.ლერმონტოვის N 103 [კედელი];
მ. ლერმონტოვის N 105 [კედელი];
აღმაშენებლის N 2 გ [კედელი];
აღმაშენებლის N 13 ა [კედელი];
აღმაშენებლის N 20 ა [კედელი];
ტაბიძის N 21 [ეზო];
ტაბიძის N 1 [ეზო];
შ. ხიმშიაშვილის N 35 [ეზო];
აღმაშენებლის N 32 [ეზო];
იოსებ ნონეშვილის N 1 [ეზო].

ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ „მხატვარი უნდა ფლობდეს შერეულ ტექნიკას, თხევადი საღებავის, სპრეი-პულივიზატორის, ელექტრო პულივიზატორის, მარკერისა და აეროგრაფის გამოყენებით. ასევე უნდა შეძლოს 3D პროექტირება წინასწარ დასამუშავებელი სივრცის ვიზუალიზაციისთვის.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 6 სექტემბერს დაიწყება და 8 სექტემბერს დასრულდება. ეზოები კი, 5 დეკემბრამდე უნდა მოიხატოს.

„ეზო და მისი შემოგარენი დიდ როლს თამაშობს ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში და გავლენას ახდენას მის სამომავლო ქცევასა და ხასიათზე. ამასთან, მნიშვნელოვანია ეზომ შექმნას განწყობა… „ფერადი ეზოები ბავშვებს“ ფარგლებში, ბათუმის კორპუსების შიდა ეზოები მოიხატება შემეცნებით-გასართობი ხასიათის ნახატებით, ესკიზებით. მათ შორის თამაშები, ლაბირინთი და სხვა მსგავსი, რაც ხელს შეუწყობს წონასწორობის, ყურადღების, კონცენტრაციის, სისწრაფის, აღქმისა და ფიზიკურ განვითარებას.“ – აღნიშნულია მერიის პროგრამაში.

ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტში „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში გამარჯვებული პროექტის „ფერადი ეზოები ბავშვებს“ განხორციელებისთვის 15 ათასი ლარია გაწერილი.

სატენდერო კომისიის ოქმში კი აღნიშნულია, რომ შესყიდვის ღირებულება 12 ათასი ლარი შეირჩა ბაზრის კვლევისა და „მერიის 2023 წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული თანხის შესაბამისად“. ამავე ოქმის მიხედვით, ბაზრის კვლევის ეტაპზე მერიას ეზოების მოხატვა 15 ათას და 18 ათას ლარად შესთავაზეს].

 

მთავარი ფოტო: პროექტიდან „შენი იდეა ბათუმს“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: