ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ღამის თავშესაფარი, ახალი საბავშვო ბაღები და სერვისცენტრები – 14 მილიონი ამჯერად 2 ტენდერში 

03.09.2023 • 2569
ღამის თავშესაფარი, ახალი საბავშვო ბაღები და სერვისცენტრები – 14 მილიონი ამჯერად 2 ტენდერში 

ბათუმში სამი ახალი საბავშვო ბაღის, მერიის სერვისცენტრების ოფისების, ჭიდაობის მოედნის მშენებლობაზე, ასევე, ურეხის ყოფილი ინტერნატის შენობის რეკონსტრუქციისა და სხვა სამუშაოებზე ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ 14 769 915 ლარით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

სამმართველომ იგივე მომსახურების შესყიდვაზე ამჯერად 2 ტენდერი გამოაცხადა. თანხა ჯამში წინა ტენდერისგან განსხვავებით თითქმის 29 ათასი ლარითაა გაზრდილი, თუმცა, დამატებულია შესყიდვის ობიექტიც [ადაპტირებული საპარკო სკამების შეძენა-მონტაჟი].

პირველი ტენდერით შეისყიდიან შემდეგ სამუშაოებს: ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი №82-ის მიმდებარედ, ვაჟა-ფშაველას №83-ში და ა. ნანეიშვილის №12-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღების მშენებლობა, ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა ცენტრად [ღამის თავშესაფარი] რეკონსტრუქცია-ადაპტაცია, თამარ მეფის №20-ში სკვერის მოწყობა.

აღნიშნული ტენდერი 13 686 164 ლარითაა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 2023 წლის 10 სექტემბერს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით:

  • ღამის თავშესაფრის შენობის რეკონსტრუქციისა და თამარ მეფის №20-ში სკვერის მოწყობის სამუშაოების დასრულების ვადა 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია;
  • აეროპორტის გზატკეცილი №82-ის მიმდებარედ, ვაჟა-ფშაველას №83-ში და ა. ნანეიშვილის №12-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღების მშენებლობის სამუშაოების დასრულების ვადა კი, 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი.

მეორე ტენდერით გათვალისწინებულია ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში სერვის-ცენტრების ახალი ოფისების მშენებლობა, კოტე აფხაზის N4ა-ში ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის მოედნის მშენებლობა, ბულვარში არსებული ფრენბურთის მოედნის რეაბილიტაცია და „საქანელა ყველას“ მოწყობა; ასევე, ქალაქის ტერიტორიაზე შშმ პირთათვის მოედნის მოწყობა ადაპტირებული სკამით [სამმართველო 50 ადაპტირებულ საპარკო სკამის შეძენა-მონტაჟს გეგმავს].

ადაპტირებული საპარკო სკამი / ვიზუალიზაცია პროექტიდან

აღნიშნული ტენდერი 1 112 714 ლარითაა გამოცხადებული და წინადადებების მიღება 2023 წლის 17 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ტენდერში კონკრეტული სამუშაოების დასრულების ვადები თვეების მიხედვით დაკონკრეტებული არ არის და ზოგადად აღნიშნულია, რომ მიწოდების ვადაა „2024 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდი“. ამასთან, ვადებთან დაკავშირებით ასევე მითითებულია:

  • „ადმინისტრაციულ ერთეულებში სერვის-ცენტრების ახალი ოფისების მშენებლობა – 2023-2024 წწ.“
  • „კოტე აფხაზის N4ა-ში ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის მოედნის მშენებლობა, ბულვარში არსებული ფრენბურთის მოედნის რეაბილიტაცია და „საქანელა ყველას“ მოწყობა და ბათუმის ტერიტორიაზე შშმ პირთათვის მოედნის მოწყობა, ადაპტირებული სკამით – 2023 წწ.“

„ბათუმელები“ თავის დროზე დაინტერესდა, რით იყო განპირობებული სხვადასხვა შესყიდვის ობიექტების გაერთიანება და 14,7-მილიონიანი ტენდერის გამოცხადება, თუმცა, მერიის სამმართველოში მაშინ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვების კომისიამ“.

სამმართველოს მაშინ ისიც ვკითხეთ, შესყიდვის ობიექტების გაერთიანება და მოთხოვნების გაზრდა ხომ არ ზრდიდა რისკს, რომ ტენდერი ვერ შედგებოდა.

„აქამდე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ყოფილა შემთხვევა, როდესაც ობიექტების გაერთიანების შემდგომ ტენდერი არ ჩავარდნილა და ჩავარდნილა ისეთი ტენდერი, რომელიც ერთ ობიექტზე იყო გამოცხადებული“. – მოგვწერეს მაშინ მერიის სამმართველოდან.

აღნიშნული ტენდერი ჩავარდა, მასში არავინ მიიღო მონაწილეობა. სამმართველომ კი, ტენდერი არა ხელახლა, არამედ, ორი სხვადასხვა ტენდერი გამოაცხადა სადაც შესყიდვის ობიექტებიც გადაანაწილა.

მიუხედავად ამისა, ღამის თავშესაფრის შენობა ისევ იმ ტენდერის ფარგლებშია, სადაც პრეტენდენტთა გამოცდილება და მოთხოვნები მათ მიმართ, წინა ტენდერისგან განსხვავებით არ შეცვლილა. ამიტომ, რისკი, რომ ვერც ეს ტენდერი შედგეს, მაღალია.

ტენდერი რომც შედგეს და ხელშეკრულებაც გაფორმდეს, ღამის თავშესაფრის შენობის დასრულება 2023 წლის 26 დეკემბრამდე სათუოა, იქ დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე.

ამასთან, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი 50 უსახლკარო ადამიანისთვის ორი კერძო სახლია დაქირავებული და ქალაქის ბიუჯეტიდან მეორე წელია, ყოველთვიურად, ქირა, ჯამში 8 ათასი ლარი იხარჯება.

რატომ და რა პრინციპით დაყო სამმართველომ არშემდგარი ტენდერი ორ ნაწილად? – ამ კითხვით მერიის სამმართველოს ამჯერადაც მივმართეთ, თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ. „ორი ტენდერის გამოცხადებაზე გადაწყვეტილება მიიღო სატენდერო კომისიამ.“ – მოგვწერეს სამმართველოდან.

არშემდგარი 14 მილიონიანი ტენდერის დეტალები ნახეთ აქ:

3 ახალი საბავშვო ბაღი ბათუმში, სერვისცენტრები და საქანელები – 14 მილიონიანი ტენდერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: