მთავარი,სიახლეები

393 000 ლარის დანამატი დასაბუთების გარეშე გაიცა – აუდიტი ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე

02.09.2023 • 1341
393 000 ლარის დანამატი დასაბუთების გარეშე გაიცა – აუდიტი ფინანსური მონიტორინგის სამსახურზე

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებზე 393 ათას 784 ლარის ოდენობის დანამატი ისე გაიცა, რომ თანამშრომლებისთვის ზეგანაკვეთური მუშაობის ან ღამის საათებსა და დასვენების/უქმე დღეებში საქმიანობის დავალება და მათი შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება – ასეთია სახელმწიფო აუდიტის დასკვნა.

აუდიტის სამსახურმა სსიპ „ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ 2021-2022 წლების საფინანსო-ეკონომიური საქმიანობის შესაბამისობა შეისწავლა.

აღნიშნული სამსახური წარმოადგენს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიული პირს, რომლის მიზანი საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობაა.

„2021 წელს დანამატის სახით სამსახურის თანამშრომლებზე გაიცა 196 817 ლარი, ხოლო 2022 წელს−196 367 ლარი. სამსახურის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, თუ რა სახის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება [ან საქმიანობა ღამის საათებსა და დასვენების/უქმე დღეებში] დაევალათ თანამშრომლებს; ასევე, ვერ იქნა წარმოდგენილი ასეთი სახის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

გარდა ამისა, აუდიტი ხაზს უსვამს, რომ „2021-2022 წლებში, სამსახურში ვაკანტური თანამდებობების არსებობის პირობებში, შრომითი ხელშეკრულებით ხანგრძლივი დროით დასაქმებული იყო 5 პირი.

ვერ იქნა წარმოდგენილი ამ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე გაცემული ანაზღაურების პროცესის გამჭვირვალობის რისკებს.“

„კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, მინიჭებული უნდა ჰქონდეს საჯარო დაწესებულების არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება, თუმცა ზემოთ აღნიშნული პირები დასაქმებულნი იყვნენ ხანგრძლივად, რაც შეუსაბამოა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან“, – აღნიშნავს აუდიტი.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „სამორიგეო ავტომობილით ფაქტობრივად სარგებლობდა მხოლოდ ერთი თანამშრომელი. გამომდინარე იქიდან, რომ არ ხდებოდა ავტომობილზე კონტროლი, შეუძლებელი იყო მისი ყოველდღიური გადაადგილების და ლიმიტით განსაზღვრული საწვავის მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებისთვის ხარჯვის კონტროლის უზრუნველყოფა“.

აუდიტის მიხედვით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ექსპლუატაციაში შეიძლება ჰყავდეს ერთი განპიროვნებული და საშტატო რიცხოვნობიდან გამომდინარე, ერთი სამორიგეო ავტომობილი. ფაქტობრივი მდგომარეობით კი, სამსახურის ბალანსზე ირიცხებოდა სამი ავტომობილი.

„სამსახურის განმარტებით, ბალანსზე რიცხულ „ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადოს“ 2021 წლის 28 ივლისამდე იყენებდა ერთ-ერთი თანამშრომელი, რაც შეუსაბამოა მოქმედ კანონმდებლობასთან… მიღებული განმარტებით, თანამშრომელი საკუთარი სახსრებით სწევდა საწვავის და შეკეთების ხარჯებს. შემდგომ პერიოდში კი, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოიყენებოდა განპიროვნებული ან სამორიგეო ავტომობილების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში… თუმცა, აღნიშნული ავტომობილისათვის საწვავის ხარჯვის ლიმიტი არ დადგენილა და ხარჯი არ გაწეულა“.

აუდიტის მიხედვით, სამსახურის უფროსს 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სამსახურის საშტატო ნუსხასა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას კი, სამსახურის უფროსის წარდგინებით ასევე პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს. სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან.

„გარდა აუდიტის საგნით გათვალისწინებული საკითხებისა, ყურადღება ასევე მიიქცია ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებულმა საკითხებმა, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციის მმართველობით საქმიანობასთან და მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში კონტროლის გარემოს გაუმჯობესებისთვის“ – აცხადებს აუდიტი.

მაგალითად:

  • დახურული კონკურსის შედეგების მიხედვით მეთოდოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების და იურიდიული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე (პირველი რანგი) დაინიშნა კანდიდატი, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა თანამდებობის დასაკავებლად დამატებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
  • სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ წარმოდგენილი ანალიტიკური სამმართველოსა და მისი მოხელეების მიერ მიღებული ინფორმაციის
    დამუშავების, საქმის წარმოების, ანალიზისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში განსახორციელებელ ღონისძიებათა და ჩასატარებელ პროცედურათა ამსახველი სახელმძღვანელო − სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე აქტით არ არის დამტკიცებული;

აუდიტის რეკომენდაციები ფინანსური მონიტორინგის სამსახურს:

[checklist]

  • სამსახურის თანამშრომლებისთვის დანამატის გაცემის დოკუმენტური საფუძვლების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ან ღამის საათებსა და დასვენების/უქმე დღეებში საქმიანობის დავალების დოკუმენტურ დადასტურებას;
  • შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე გაცემული ანაზღაურების პროცესის მეტი გამჭვირვალობისათვის, საჭიროა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა შესრულების დოკუმენტური დადასტურება;
  • ასევე მნიშვნელოვანია, სამსახურის ხელმძღვანელობამ განსაზღვროს დისტანციურად მუშაობის და შესრულებული სამუშაოს შესაბამისი დოკუმენტირების წესები;
  • ავტოპარკის არა სამსახურებრივი გამოყენების თავიდან აცილების მიზნით: სამორიგეო ავტომობილის გამოყენება განხორციელდეს სამსახურის უფროსის ან სხვა უფლებამოსილი პირის თანხმობით;
  • ამასთანავე, მნიშვნელოვანია, სამსახურმა შეიმუშაოს სპეციალური ფორმა, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია სამორიგეო ავტომობილის გამოყენების საჭიროების და მისი გადაადგილების მარშრუტის შესახებ.
  • ანალიტიკური სამმართველოს დებულებით განსაზღვრული საქმიანობის სისტემატიზაციისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, სამსახურმა დანერგოს კონტროლის შესაბამისი მექანიზმები, რომლებიც შესაძლებელს გახდის ჩატარებული პროცედურების დოკუმენტურ დადასტურებას.

[/checklist]

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

  • საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ტერორიზმის დაფინანსების და მათთან დაკავშირებული სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენა და პრევენცია;
  • საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო-ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) − სტანდარტებსა და ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან ჰარმონიზაცია;
  • უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის სფეროში ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.

ამ ფუნქციების შესასრულებლად სამსახურში 2021-2022 წლებში შტატით 31-31 თანამშრომელი ირიცხებოდა, 2023 წელს კი, მათი რიცხვი 34-მდეა გაზრდილი.

სამსახურის მთლიანი დაფინანსება და აქედან ხელფასებად გაცემული/გასაცემი თანხები კი, ბიუჯეტის მიხედვით, ბოლო სამ წელში ასე გამოიყურება:

  • 2021 წელი – მთლიანი დაფინანსება – 2 079 300 ლარი, აქედან ხელფასებისთვის – 1 293 700 ლარი
  • 2022 წელი – მთლიანი დაფინანსება 2 292 000 ლარი, აქედან ხელფასებისთვის – 1 562 000 ლარი
  • 2023 წელი – მთლიანი დაფინანსება 4 300 000 ლარი, აქედან ხელფასებისთვის – 2 100 000 ლარი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: