მთავარი,სიახლეები

ქართველი ქალი, რომელიც აშშ-ის საჰაერო ძალებში მსახურობს – რამდენიმე თვეში მივიღე მოქალაქეობა

01.09.2023 • 41685
ქართველი ქალი, რომელიც აშშ-ის საჰაერო ძალებში მსახურობს – რამდენიმე თვეში მივიღე მოქალაქეობა

„მეტი რა უნდა მოხდეს ცხოვრებაში, რომ ვერ გავუძლო? რის ატანას ვეღარ შევძლებ ამის მერე? იცი, რა კარგია, როცა სირთულეებს დაძლევ და ასე იწყებ ფიქრს? ვფიქრობ ახლა ასე. ორთვიანი სამხედრო წვრთნების გავლის შემდეგ ამერიკის საჰაერო ძალებში მოსახვედრად.

წარმოიდგინეთ, ტეხასის 45 გრადუსი სიცხე, 18 საათი დგახარ ფეხზე და ღამით საშუალოდ 5 საათი გძინავს. გწვრთნიან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. გაართმევ თუ არა წვრთნებს თავს, დამოკიდებულია იმაზე, კრიტიკულ მომენტში რამდენად სწორ დროს შეძლებს შენი გონება სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

2 თვე შენ, როგორც ადამიანი, შენი სურვილებით და საჭიროებებით – არ არსებობ. კედლის მიღმა, სადაც წვრთნები ტარდება, ვერავის და ვერაფერს ხედავ, ყველაფერს მოწყვეტილი ხარ, არ გაქვს ტელეფონი, ვერავის ეკონტაქტები. ერთადერთი მისია გაქვს: ყველაფერს უნდა გაუძლო და გადარჩე“, – ასე აღწერს 26 წლის ბარბარე ურიდია ამერიკაში, ტეხასის შტატში სამხედრო წვრთნებს, რომელიც წელს გაიარა.

ბარბარე ურიდია

  • „ჩემი გადაწყვეტილება არაორდინალური და ამბიციური იყო“

წვრთნების დასრულების შემდეგ ხალხით სავსე დიდ მოედანზე სამხედრო სერტიფიკატი რომ გადასცეს, სახალხოდ გამოაცხადეს, რომ ამერიკის მოქალაქეობასაც ანიჭებდნენ. „წარმოუდგენელი ამბავი იყო, ამერიკაში ჩასვლიდან რამდენიმე თვეში მომანიჭეს მოქალაქეობა. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო“, – იხსენებს ბარბარე, მხატვარი და ბოდიარტისტი თბილისიდან, ახლა უკვე აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო კოლეჯის სტუდენტიც.

ბარბარე ემიგრაციაში 11 თვის წინ წავიდა.

„ჩემი გადაწყვეტილება არაორდინალური და ამბიციური იყო, ალბათობა იმისა, რომ ამერიკის საჰაერო ძალებში ვერ ჩავრიცხულიყავი და პირველივე თეორიული გამოცდებიც კი ვერ ჩამებარებინა, დიდი იყო“, – ამბობს ბარბარე.

პირველ რიგში, სახელმწიფო გამოცდის თეორიული ნაწილი უნდა ჩაებარებინა, წვრთნებამდე რომ მისულიყო. რამდენიმე საგანი ჩააბარა, მათ შორის მექანიკა და ინჟინერია, რის შესახებაც მანამდე ზოგადი ინფორმაციაც კი არ ჰქონდა.

„ვიჯექი და საათობით, ყოველდღე ვმეცადინეობდი, ადამიანიც კი არ მყავდა ირგვლივ ისეთი, ვისაც მექანიკისა და ინჟინერიის რამე გაეგებოდა, დამეხმარებოდა.

ამ გამოცდების ქულები განსაზღვრავდა საბუთებისა და დოკუმენტების მომზადების ეტაპზე გადასვლას. ჩავაბარე ეს გამოცდები. დაიწყო მეორე ეტაპი. იმდენ დოკუმენტსა და წვრილმან საბუთს გთხოვენ, იმდენ რამეზე გიწევს მოკლე დროში ერთდროულად ფიქრი, მაგრამ ეს ყველაფერი სინამდვილეში კიდევ უფრო რთული პროცესებისთვის მამზადებდა“, – ამბობს ბარბარე.

მეორე ეტაპი ზემოხსენებული ორთვიანი წვრთნები იყო, საბაზისო სამხედრო წვრთნა. ბარბარე ჰყვება, რომ ამერიკული სამხედრო ძალების სხვადასხვა დანაყოფი: საჰაერო ძალები, საზღვაო ფლოტი თუ კოსმოსური ძალები სხვადასხვა ბაზაზე იწვრთნებიან.

ბარბარე ურიდია

  • „ყველა სხვადასხვა აქცენტით, სხვადასხვანაირი ინგლისურით გელაპარაკება, თავიდან შეიძლება გაგიჟდე, სანამ შეეგუები“

ორთვიანი სამხედრო წვრთნის შემდეგ ბარბარემ Air Man-ის სტატუსი მიიღო.

მერე სამხედრო კოლეჯში დაიწყო სწავლა და ახლა სამხედრო  საქმეს სწავლობს. ცხოვრობს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში.

„ყველაზე რთული სამხედრო წვრთნები იყო, კოლეჯში სწავლა ბევრად მარტივია. აქაც არის სპეციფიკური წესები, რასაც უნდა დაემორჩილო, მაგრამ ამ წესებთან შეგუება შესაძლებელია.

წვრთნებს რაც შეეხება, ის ორი თვე სრულიად შეუსაბამოა ადამიანის ცხოვრების ყოველდღიურობასთან, მხოლოდ კონკრეტული დროით თუ გაუძლებს ამას ადამიანი“, – ამბობს ბარბარე.

კოლეჯის დასრულების შემდეგ ის საჰაერო ოპერატიულ ძალებში დაიწყებს სამსახურს.

„რთული იყო ამ გზის გავლა, მე არ მქონდა გამოცდილება და ბაზა სამხედრო სამსახურისთვის, მაგრამ რახან საჰაერო ძალებში გაერთიანება გადავწყვიტე, ძალიან დაჩქარდა ჩემი ადაპტაციის პროცესი. ეს უსწრაფესი რიტმი ძალიან მტკივნეული იყო და რთული. ენის ბარიერიც მქონდა, რასაც ნელ-ნელა ვძლევ. არ იყო ჩემი ინგლისური იდეალური, როცა აქ ჩამოვედი. თან ყველა სხვადასხვა აქცენტით, სხვადასხვანაირი ინგლისურით გელაპარაკება, თავიდან შეიძლება გაგიჟდე, სანამ შეეგუები.

ამ ტემპმა და სამხედრო წვრთნებმა სხვა ადამიანად მაქცია, გამაძლიერა“, – ამბობს ბარბარე.

მისთვის ახალ გარემოში ცხოვრებამ ბევრი რამ შეცვალა. დაბალი თვითშეფასება მქონდა, ახლა ასე არ არის და თითოეული წუთიც ძვირფასია ჩემთვის. ვფიქრობ, როგორ და რაში გამოვიყენებ სასარგებლოდო, – ამბობს ბარბარე.

ბარბარე ურიდია

  • „ეს ქვეყანა ყველა ადამიანში პოულობს რაღაცას, რისი გააქტიურებითაც იღებს შედეგს“

ბარბარესთვის საქართველოში ცხოვრება ძალიან რთული იყო. მხატვარია და მიაჩნია, რომ საქართველო არ სწყალობს მხატვრებს:

„ამით ვერ იცხოვრებ. საშუალოსტატისტიკური ქართველი ორიენტირებულია გადარჩენაზე: ფიქრობს, ჰქონდეს საკვები და თავშესაფარი, დაიკმაყოფილოს ელემენტარული საჭიროებები.

სულიერი საზრდო, ხელოვნება, კულტურა, განათლება – ფუფუნებაა. ჩემი, როგორც მხატვრის ცხოვრება საქართველოში დალხენილი არ ყოფილა, ვაპროტესტებდი ამ ყოფას, ვიყავი სამოქალაქო აქტივისტი, ყოველთვის ვიდექი ჩაგრული უმცირესობების გვერდით აქციებზე“, – გვიყვება ბარბარე.

ბარბარე ურიდია

ამბობს, რომ საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება მძიმე სოციალური მდგომარეობის, სტრესული რეალობის გამო გადაწყვიტა.

„პირველი დიდი ტრავმა სკოლაში მივიღე. ბოლო ზარის ღონისძიება მიმყავდა 2015 წელს, მიხაროდა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა და თმა ვარდისფრად შევიღებე. ამის გამო დირექტორმა მომხსნა ღონისძიებიდან და გამაგდო. ეს ჩემთვის დიდი შეურაცხყოფა იყო, კარგი მოსწავლე ვიყავი სკოლაში. ამიხსნეს, რომ სკოლის იმიჯს ვარცხვენდი“, – იხსენებს ბარბარე.

ფიქრობს, რომ ქვეყანა ისეთია, როგორც თითოეულ ინდივიდს, ერთ კონკრეტულ ადამიანს ეპყრობა საზოგადოება, გარემო.

რა გახდა მისთვის ცხადი ამერიკაში 11-თვიანი ცხოვრების შემდეგ, რა შთაბეჭდილება აქვს ამ ქვეყანაზე და როგორ ახასიათებს გარემოს, სადაც ახლა ცხოვრობს – ამაზე საუბრისას ბარბარე ამბობს, რომ მისთვის ახალმა ქვეყანამ დიდი შესაძლებლობები გააჩინა.

„ამერიკა თითოეულ ადამიანში შესაძლებლობას, უნარს და ნიჭს ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების ინტელექტუალური შესაძლებლობები ერთმანეთისგან განსხვავდება, ყველა ადამიანს აქვს თუნდაც ერთი საქმის საუკეთესოდ შესრულების უნარი მაინც და ეს იცის ამერიკამ.

ეს ქვეყანა ყველა ადამიანში პოულობს რაღაცას, რისი გააქტიურებითაც იღებს შედეგს, რა შედეგიც ამერიკას აქვს სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა თვალსაზრისით.

ყველა ადამიანის რესურსს იყენებს. საქართველოში ასე არ ხდება. საქართველოში პირდაპირი მნიშვნელობით იფლანგება ადამიანების ენერგია და შესაძლებლობები. ეს არის ყველაზე დიდი სხვაობა ამ ორ ქვეყანას, ორ საზოგადოებას შორის, ჩემი აზრით“, – ამბობს ბარბარე და დასძენს, რომ მთავარი მისთვის ახლა საინტერესო გზაზე დგომის შეგრძნებაა.

„ვგრძნობ, რომ ჩემი აქ ყოფნა პროგრესის გზაა და ამას ვერაფერი შეაჩერებს. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი თავის უკეთესი ვერსიისკენ მივდივარ, ზუსტად ვიცი, რომ მომავალში დღევანდელზე უკეთეს საკუთარ თავს მივიღებ“, – ამბობს ქართველი ემიგრანტი.

ამერიკის საჰაერო ძალებში, 2021 წლის მონაცემებით, 328 888 ადამიანი მსახურობდა, ეს რიცხვი ყოველწლიურად იცვლება, მაგრამ არა მნიშვნელოვნად. 1995 წლიდან 2021 წლამდე აშშ-ის საჰაერო ძალებში მყოფთა რაოდენობა 300 000-ზე ნაკლები არასდროს ყოფილა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: