მთავარი,სიახლეები

„ბანკის მენეჯერთან მივიდა დანით და ფული მოსთხოვა“ – ყაჩაღობის 5 ახალი საქმე

31.08.2023 • 3416
„ბანკის მენეჯერთან მივიდა დანით და ფული მოსთხოვა“ – ყაჩაღობის 5 ახალი საქმე

გაინტერესებთ ბოლო პერიოდში ყაჩაღობის მუხლით რა საქმეების განხილვა უწევთ მოსამართლეებს? – „ბათუმელები“ ყაჩაღობის მუხლით განხილულ სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამოტანილ განაჩენს გაეცნო.

ეს ის საქმეებია, რაც უზენაეს სასამართლომდე მივიდა.

  • ჰოსპიტლის დაყაჩაღება თბილისში 

ყაჩაღობასთან ერთად ერთ-ერთ ბრალდებულს პროკურატურა ამ საქმეზე მკვლელობის მცდელობასაც ედავებოდა – როცა ჰოსპიტალში ორი ბრალდებული შევიდა და მესამე ავტომანქანაში დარჩა, ერთ-ერთმა დაცვის თანამშრომელს პისტოლეტიდან ესროლა.

ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2021 წელს მიღებული განაჩენია.

„…ჰოსპიტლის მოშორებით გ. ჯ–მ გააჩერა ავტომობილი და დარჩა ადგილზე, ხოლო შეიარაღებული ი. წ–სი და ვ. ნ–ი წავიდნენ  ჰოსპიტალში, დაახლოებით 05:25 საათზე, მათ სცადეს ჰოსპიტლის მიმღების კარის გაღება, რომელიც იყო დაკეტილი. ხმაურზე დაცვის თანამშრომელი – რ. ლ–ი მივიდა კართან, რა დროსაც ი. წ–მა და ვ. ნ–მა იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს ჰოსპიტლის კარის გაღება, წინააღმდეგობის გაწევის დროს ვ. ნ–მა განიზრახა რ. ლ–ს მოკვლა, რათა გაადვილებოდათ ყაჩაღობა და რ. ლ–ის მიმართულებით 7,62 მმ კალიბრიანი პისტოლეტიდან ერთხელ გაისროლა.

გასროლილი ტყვია შემთხვევით ასცდა რ. ლ–ს. მან შეძლო გაქცევა და დამალვა, რის გამოც ვ. ნ–მა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა… რ. ლ–მა ვეღარ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და აღნიშნულმა პირებმა შეაღწიეს ჰოსპიტლის მიმღებში, სადაც სალაროს უჯრიდან, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 3 559 ლარს და ავტომანქანით, რომელსაც მართავდა გ. ჯ–ა დატოვეს ჰოსპიტლის ტერიტორია,“ – აღნიშნული იყო პროკურატურის ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 19 აგვისტოს განაჩენით, ვ.ნ. დამნაშავედ მიიჩნია, როგორც ყაჩაღობის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ისე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების გამო [სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი]. მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

7 წლით გაუშვეს ციხეში ი.წ. და გ.ჯ.-ც. ამ უკანასკნელს პროკურატურა ყაჩაღობის თანამონაწილეობასთან ერთად ნარკოდანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომაც დაადასტურა, თუმცა ამ პირის მიმართ განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა: ის უდანაშაულოდ მიიჩნიეს ყაჩაღობაში თანამონაწილეობისთვის, მაგრამ დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოდანაშაულისთვის.

სასჯელის სახით შეფარდებულ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას ამნისტია შეეხო და გ.ჯ.-ს 3 წელი მოუწევს ციხეში ყოფნა.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მან გ.ჯ.-ს დამნაშავედ ცნობა მოითხოვა და ასევე ვ.ვ.-ს დამნაშავედ ცნობა – ეს ის ბრალდებულია, რომელმაც გამოძიების ვერსიით კლინიკის დაცვის თანამშრომელს პისტოლეტით ესროლა.

უზენაესი სასამართლო კი, ყურადღებას ამახვილებს ჰოსპიტლის ვიდეოკამერის ჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ჰოსპიტლის მიმღების დაკეტილ კარებთან მიდიან ვ. ნ–ი და ი. წ–ი. მათთან მიდის ჰოსპიტლის დაცვის თანამშრომელი – რ. ლ–ი და კარების სარკმელს აღებს.

05:35:07 საათზე კადრში ჩანს ვ. ვ. ნ–ს იარაღმომარჯვებული ხელი. იარაღის დანახვისას რ. ლ–სი ვ. ნ–ს უწევს წინააღმდეგობას და ცდილობს სარკმლის დაკეტვას. წინააღმდეგობა გრძელდება დაახლოებით ათი წამი, რა დროსაც ვ. ნ–სი ცდილობს დაძლიოს რ. ლ–ს წინააღმდეგობა და ი. წ–სის დახმარებით გააღოს მიმღების დაკეტილი კარი, რა დროსაც ვ. ნ–სი სხვადასხვა მიმართულებით ატრიალებს იარაღმომარჯვებულ ხელს.

ამ პერიოდში ვ. ვ. ნ–სგან რამდენიმე სანტიმეტრში ჩანს დაცვის წევრის – რ. ლ–სის თავი.

05:35:17 საათზე, ვ. ნ–სი პისტოლეტიდან ერთხელ ისვრის მიმართულებით – ზემოდან ქვემოთ, რის შედეგად ზიანდება იქვე, კარებთან მდგარი კონდიციონერი. აღნიშნულის შემდეგ რ. ლ–სი აღარ ეწინააღმდეგება მსჯავრდებულებს, მიდის სალაროს უკან მდებარე ოთახში, ხოლო ვ. ნ–სი და ი. წ–სი ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით ამსხვრევენ კარების მინას, აღებენ კარებს, შედიან მიმღებში და ეუფლებიან სალაროში თანხას.

ისინი 05:35:42 სთ-ზე გადიან ღია კარებიდან.

„ვიდეოჩანაწერის ანალიზი ცხადყოფს, რომ დაახლოებით ათი წამის განმავლობაში, ვ. ნ–სს ჰქონდა შესაძლებლობა, მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, ძალიან ახლო მანძილიდან გაესროლა რ. ლ–სის მიმართულებით და ამ გზით დაეძლია დაზარალებულის წინააღმდეგობა.

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ვ. ნ–სმა, მას შემდეგ რაც დაძლია დაზარალებულის წინააღმდეგობა, დაეუფლა ფულს და დაუყოვნებლივ დატოვა შემთხვევის ადგილი.

ვიდეოჩანაწერის ანალიზი ცხადყოფს, რომ განზრახვის არსებობის შემთხვევაში ვ. ნ–სი დაზარალებულს შემთხვევის ადგილის დატოვების ნებას არ მისცემდა და განზრახვას სისრულეში მოიყვანდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი პროკურორის პოზიციას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით ვ. ვ. ნ–ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე და იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ყაჩაღური თავდასხმის დროს ჰოსპიტლის კარის გაღებისას, წინააღმდეგობის გაწევის დროს, ვ. ნ–სმა განიზრახა რ. ლ–სის მოკვლა, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო სისრულეში ვერ მოიყვანა,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

უზენაესმა სასამართლომ პროკურორ გიორგი ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ ვ. ვ. ნ–ს საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

  • ბათუმში დღისით ტაქსის მძღოლს აყაჩაღებდნენ – პროკურატურა

პროკურატურის ვერსიით, ბათუმში, დღის საათებში ოთხი პირი დანის დემონსტრირებით „ტოიოტა პრიუსის“ ფირმის ავტომანქანაში ტაქსის მძღოლს დაესხა თავს. „მას შემდეგ, რაც ნ. ვ-ემ ავტომანქანა გააჩერა პოლიციის შენობასთან, აღნიშნული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ,“ – აღნიშნული იყო პროკურატურის დადგენილებაში, რომლითაც პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წელს მიმართა.

გამოძიება ერთ-ერთ ბრალდებულს ზ.მ.-ს ასევე ედავებოდა სურსათის მაღაზიაში 200 ლარის და მობილური ტელეფონის მისაკუთრებას.

2021 წელს მიღებული განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნასამართლობის არმქონე ა.ბ. და ჯ.ქ. უდანაშაულოდ მიიჩნია. ზ.მ.-ს კი, ძარცვის მუხლით მიუსაჯეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, შეუმცირდა 5 წელსა და 3 თვემდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, მან ს. ი-ას, ჯ. ქ-ის, ა. ბ-ისა და ზ. მ-ის დამნაშავეებად ცნობა წარდგენილი ბრალდების სრული მოცულობით მოითხოვა და მათთვის სამართლიანი, კანონიერი და მკაცრი სასჯელების განსაზღვრა, მაგრამ საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციის მოსამართლეებს დაეთანხმა.

„დაზარალებულმა [ტაქსის მძღოლი] სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით ივარაუდა მის წინ მჯდარი პირის მხრიდან სავარაუდო დანის დანახვება და ფულის მოთხოვნა, თუმცა იმავდროულად განმარტა, რომ მის ავტომანქანაში მსხდარი მგზავრები  – ბრალდებულები ხედავდნენ ფულს, რომელიც მანქანის ღია სივრცეში იდო, მაგრამ „არ აიღეს“…

მტკიცებულებებით უტყუარად მხოლოდ ის დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს ბრალდებულები ნამდვილად იმყოფებოდნენ ნ. ვ-ის მანქანაში, მანქანიდან მათ ჩამოსვლასა და გაქცევას კი სასამართლო ვერ მიიჩნევს ყაჩაღობის ჩადენის უტყუარ მტკიცებულებად,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ განუხილველი დატოვა.

  • „ნიღბით და დანით ლუდის ჩამომსხმელს თავს დაესხა“ – ყაჩაღობის ამბავი რუსთავიდან 

„…ნიღბითა და დანით შეიჭრა ი. გ–ი, თავს დაესხა ლუდის ჩამომსხმელს – ზ. მ–სს და დანის გამოყენების მუქარით [რაც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის], მოსთხოვა ორგანიზაციის კუთვნილი თანხა. გარდა ამისა, ი. გ–მა დანის გამოყენებით ზ. მ–ს მიაყენა სხეულის დაზიანება მუცლის წინა ზედაპირზე, მარცხენა მხრის მიდამოში და მარჯვენა მუხლის სახსართან ნაკვეთი ჭრილობების სახით,“ – აღნიშნულია დადგენილებაში, რომლითაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ი.გ.-ს ყაჩაღობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოსთვის მიუმართავს, როგორც პროკურორს, ისე მსაჯვრდებულს. მსჯავრდებულს შეღავათი უთხოვია, პროკურორს – სასჯელის დამძიმება, სააპელაციო სასამართლოს კი, არაფერი შეუცვლია.

უზენაეს სასამართლოში მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მართებულად შეაფასა.

„…დაზარალებულ ზ. მ–ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2022 წლის 14 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე, მოულოდნელად სალაროსთან მივიდა ი. გ–ი, რომელსაც ჩამოფარებული ჰქონდა ნაცრისფერი, ნაქსოვი, ქუდისმაგვარი ნიღაბი, თვალებთან ამოჭრილი. მას მარჯვენა ხელში ეჭირა დანა და მისი დემონსტრირებით ითხოვდა ფულს.

დაზარალებულის წინააღმდეგობაზე თავდამსხმელი უფრო აგრესიული გახდა და დანას იქნევდა დაზარალებულის მიმართულებით. პარალელურად ითხოვდა ფულს. მსჯავრდებულის მიერ მოქნეული დანა პირველად მოხვდა მუცელში, მეორედ – მარცხენა ხელის მკლავზე, მესამედ მარჯვენა ფეხის ბარძაყზე. დაზარალებულმა შეძლო გაქცევა და დახმარებისთვის მოუხმო სხვებს“.

უზენაესი სასამართლო მიუთითებს იმაზეც, რომ 2022 წლის 5 ივლისს გამართულ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მსჯავრდებულმა ი. გ–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

  • ბათუმში მოქალაქე ბანკის მენეჯერს ფულს სთხოვდა, შემდეგ კი, ჯიბიდან დანა ამოიღო… 

ეს ამბავი ბათუმში 2021 წელს მოხდა – ერთ-ერთ ბანკის ფილიალში, „ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გ.მ. დანის გამოყენებით თავს დაესხა ამავე ფილიალის მენეჯერს – გ. ბ-ს, რომელსაც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, თანნაქონი დანის დემონსტრირებით მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განაჩენით, გ.მ. უდანაშაულოდ მიიჩნიეს და წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა. უზენაესმა სასამართლომაც არ ჩათვალა საჭიროდ განეხილა საკასაციო საჩივარი.

უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საჩივარი და განჩინებაზე მიუთითა ბანკის მენეჯერზე, რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლისთვის უთქვამს, რომ გ.მ. მის მიმართ აგრესიით არ გამოირჩეოდა, საუბრობდა გაურკვევლად და ამბობდა, რომ სჭირდებოდა ფინანსური დახმარება.

„….გ. მ-ე იჯდა მის მოპირდაპირე მხარეს, დანა ამოიღო ჯიბიდან და იქვე დადო მაგიდაზე იმ მაუსის გვერდით, რომელიც ხელში ეჭირა გ. ბ-ს. გ. მ-ე მას არ დამუქრებია. გ. ბ-ს ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ ჰქონდა დანის აღების შესაძლებლობა, თუმცა არ აუღია, არ შეხებია დანას.

მისივე ჩვენებით, შესაძლებელია გ. მ-მ დანა იმიტომ ამოიღო ჯიბიდან, რომ შეაწუხა. იგი ამბობდა მხოლოდ იმას, რომ სჭირდებოდა ფინანსური დახმარება და დაეკავშირებინა ვინმე ხელმძღვანელი პირი, რის შემდეგაც გ. ბ. გავიდა თავისი სამუშაო ოთახიდან, ტელეფონით დაურეკა ბათუმის რეგიონული უსაფრთხოების უფროსს, რის შემდეგაც ბანკში მივიდა დაცვის პოლიცია.

ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მას შემდეგ, რაც გ. ბ. მიბრუნდა სამუშაო კაბინეტში, გ. მ-ე დახვდა იმავე ადგილას, სადაც თავიდანვე იჯდა. დანაც იმავე ადგილას იდო.

ამ საქმეშია ვიდეოჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც, მენეჯერის ოთახში შესული გ. მ-ე არ ავლენს არავითარ აგრესიას, იგი მშვიდად ჯდება სკამზე და საუბრობს ბანკის ფილიალის მენეჯერთან, შემდეგ მშვიდად იღებს უკანა მარჯვენა მხრიდან დანას და დებს მის მარცხნივ მაგიდაზე.

რამდენიმე წუთში გ. ბ-ე ოთახიდან გამოდის და საუბრობს ტელეფონზე, გ. მ-ე კი, რჩება ოთახში. გარკვეული დროის შემდეგ ბანკის ფილიალის მენეჯერი ბრუნდება თავის ოთახში, სადაც გ. მ-ე ხვდება ისევ დამჯდარი და ისინი აგრძელებენ მშვიდად საუბარს.

რამდენიმე წუთში მენეჯერის ოთახის ახლოს ჩნდება სამი შეიარაღებული პოლიციელი, რომელთაგან ორი შედის ოთახში, სადაც გ. მ-ე იმყოფება, იგი არ ავლენს აგრესიას, ზის სკამზე….“, – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც გ.მ.-ს  „დადგენილი აქვს შეზღუდული შერაცხადობა.“

  • სანადირო თოფის მუქარით ავტომანქანა მიისაკუთრა“ – ყაჩაღობის კიდევ ერთი საქმე აჭარაში

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 სექტემბრის განაჩენით, ე.მ. დამნაშავედ მიიჩნიეს და ყაჩაღობისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მკვლელობის მუხლით კი, თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა ე.მ.-მ სხვისი ავტომანქანის მისაკუთრების მიზნით, „ტოზ-ბ“ მოდელის გლუვლულიანი სანადირო თოფის გამოყენებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულა თ. პ–ე, გაეჩერებინა და გადასულიყო ავტომანქანიდან გზაზე, სადაც თ.პ. გადაადგილდებოდა.

მძღოლს ავტომანქანა გაუჩერებია და ე.მ.-ს მოთხოვნით საჭესთან ნ.ა. დაჯდა – ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც ამ ავტომანქანაში იჯდა.

გამოძიება ე.მ.-ს ასევე ედავებოდა ვ.ვ.-ს მკვლელობას სანადირო თოფიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ მოითხოვა ე. მ–ს მიმართ უფრო მკაცრი – მაქსიმუმთან მიახლოებული – სასჯელის შეფარდება, როგორც საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით, ისე – საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის გამკაცრება.

ამ საქმეშიც წარმოდგენილ იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს ჰქონდა შერეული პერსონოლოგიური აშლილობა.

ეს საკასაციო საჩივარი 2022 წელს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: