მთავარი,სიახლეები

„კომპიუტერული მეცნიერებები 39 წლისამ შევისწავლე“ – ქართველი ემიგრანტი აშშ-ში

30.08.2023 • 2778
„კომპიუტერული მეცნიერებები 39 წლისამ შევისწავლე“ – ქართველი ემიგრანტი აშშ-ში

34 წლის იყო, ემიგრაციაში რომ წავიდა. სამი პროფესია აქვს, ჟურნალისტია, რეალტორი და კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი. ბოლო ორი საქმე ამერიკაში ჩასვლის მერე ისწავლა.

„ძიების პროცესში ვიყავი. ამერიკაში რომ ჩავედი, რეალტორის საქმის სწავლა დავიწყე, პარალელურად კომპიუტერულ მეცნიერებებს ვსწავლობდი, მომავლის ეს პროფესია იქცა ჩემს ძირითად საქმედ, ყოველდღიურად ვითარდება კომპიუტერული მეცნიერებები და არასდროს გაძლევს მოდუნების უფლებას, სულ სიახლეებს უნდა უწყობდე ფეხს“, – ამბობს 48 წლის ქართველი ემიგრანტი რუსუდან წერეთელი, რომელიც 2015 წლიდან მერილენდის შტატის ქალაქ ოუინგსმილში ცხოვრობს.

აშშ-ს ემიგრაციაში წასვლამდეც კარგად იცნობდა.

ხშირად სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამით ჩადიოდა აშშ-ში, მერე ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ერთწლიანი პროგრამით და იყო ნეიმენის სახელობის სტიპენდიატი. პროგრამის დასრულების შემდეგ ამერიკაში არ დარჩენილა და საქართველოში დაბრუნდა. წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 

ემიგრაციაში 2010 წლის 10 იანვარს წამოვედი, არა იმიტომ, რომ მატერიალურად მიჭირდა, პოლიტიკური ვითარება იყო ძალიან მძიმე, არ იყო არანაირი თავისუფლება, მათ შორის არც სიტყვის თავისუფლება. ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება მიჭირდა.

დავტოვე საქართველო. სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრება სხვა რამაა. რთულია, როცა შენს ქვეყანაში ბევრ უსამართლობას ხედავ და არ გაქვს ძალა რამე მნიშვნელოვნად შეცვალო. ეს იყო ჩემი წამოსვლის მიზეზი. ამერიკელი მეგობრებიც დამეხმარნენ გადაწყვეტილების მიღებაში. მათი მხარდაჭერით და თანადგომით წამოვედი“ – იხსენებს რუსუდან წერეთელი. ის უკვე ამერიკის მოქალაქეა.

ამერიკის საემიგრაციო სამსახურმა რუსუდანს მალევე მიანიჭა ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება.

თავიდან „ამერიკის ხმაში“ დაიწყო მუშაობა, მაგრამ მიხვდა, რომ სიახლე სჭირდებოდა და კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლა დაიწყო. ახლა Amazon Cloud-ის ვებსერვისების ლიცენზირებული სპეციალისტია. მანამდე კომპიუტერული მეცნიერებების სხვა მიმართულებებშიც მიიღო რამდენიმე სხვადასხვა ლიცენზია, ხელმძღვანელობს პროგრამისტების ორ დიდ გუნდს კომპანიაში, რომლებიც Cloud-ის პროგრამებს ქმნიან.

„ჩვენს კომპანიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს ოფისები და ბევრი სხვადასხვა ეროვნების პროგრამისტთან მაქვს ურთიერთობა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროფესიით, 48 წლის ვარ და ამ გადმოსახედიდან ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მივიღე 39 წლისამ, როცა შევიცვალე პროფესია და სიახლეებს არ შევუშინდი. სამსახურიც ძალიან მიწყობს ხელს პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის“, – ამბობს რუსუდანი.

მიუხედავად იმისა, რომ ენა კარგად იცოდა და იცოდა, რას გააკეთებდა ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, მაინც იყო სირთულეები, რისი გადალახვაც დასჭირდა. ჰყვება, რომ მთავარი სირთულე ზღვა ინფორმაციაა და უნდა იცოდე, როგორ გაფილტრო ეს ინფორმაცია, რომ იპოვო შენთვის სასარგებლო, შენზე რეალურად მორგებული შესაძლებლობები.

რუსუდანი ჰყვება, რომ ელემენტარული, პრაქტიკული საჭიროებების შესახებ თუ არ გაქვს სწორი ინფორმაცია, ამერიკაში შეიძლება ბევრგან მოტყუვდე და დაზარალდე: ბინის ქირაობის, მანქანის ყიდვის თუ სამსახურის ძებნის დროს.

როცა ამერიკაში ენის ცოდნის გარეშე ჩამოდიან და არასწორი მოლოდინი აქვთ ამ ქვეყნისგან, მერე ძალიან უჭირთო, – ამბობს.

სანამ მერილენდის შტატის ქალაქ ოუინგსმილში იყიდდა სახლს და აქვე დამკვიდრდებოდა, რუსუდანი ამერიკაში სხვადასხვა დროს ცხოვრობდა მასაჩუსეტსის შტატში – ბოსტონში, ნიუ იორკში და ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში.

ამერიკაში ჩასვლისას თავიდან რეალტორის საქმე ისწავლა და ლიცენზიაც მიიღო, აგენტად მუშაობდა და უძრავი ქონების შეძენაში ეხმარებოდა ამერიკელებს:

„უძრავი ქონების აგენტად მუშაობის დროს ბევრი რამ ვისწავლე აქაური სამშენებლო წესებისა და კანონმდებლობის შესახებ. ერთ ხესაც კი ვერ გადარგავს ან დარგავს სახლის წინ ვერავინ ქალაქის მერიასთან შეთანხმების გარეშე, აზრადაც არ მოუვა არავის პატარა რამეც კი მიაშენოს სახლს ინსპექციასთან შეთანხმების გარეშე.

სახელმწიფო უმკაცრესად აკონტროლებს მშენებლობებს და პასუხისმგებლობას აკისრებს ამ სფეროში ჩართულ ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა კაპიტალისტური ქვეყანაა, როცა საქმე ეხება ადამიანის უსაფრთხოებას და ბუნებრივი კატაკლიზმებისგან თავდაცვას, სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს ყველაფერს. მშენებელი იღებს პასუხისმგებლობას, ძალიან მკაფიოდაა განსაზღვრული ამა თუ იმ ხარვეზის, უარყოფითი შედეგის შემთხვევაში ვინ რაზეა პასუხისმგებელი“, – ამბობს რუსუდანი.

კითხვაზე – რა შემთხვევაში დაბრუნდებოდა ემიგრაციიდან საქართველოში, რუსუდანი გვპასუხობს, რომ მისთვის უმთავრესი კანონის უზენაესობა, ნამდვილი დამოუკიდებლობა და ევროკავშირის წევრობაა:

„1989 წლის 9 აპრილიდან დავიწყეთ ჩვენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, ამ კურსს არ უნდა გადავუხვიოთ, ცრუ ლიბერალიზმი და ნომენკლატურული, სამთავრობო პარტიული სიმახინჯეა ახლა ჩვენთან, რასაც სახელსაც კი ვერ ვარქმევ. 

რატომღაც მოდად იქცა ამერიკელების ლანძღვა საქართველოში, რაც გონებაშეზღუდულობა მგონია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო ბოლო 30 წლის განმავლობაში შედგა და არსებობს ამერიკელი ხალხის მატერიალური დახმარებით, მთელი ეს ფინანსური რესურსი, რაც საქართველოს აქვს აშშ-სგან, ამერიკელი ხალხის, მათ შორის, ჩემ მიერ გადახდილი ყოველთვიური გადასახადების წვლილია.

ეს ქვეყანა ჩვენზე, საშუალო ფენაზე დგას. უზარმაზარ გადასახადებს ვიხდით ყოველწლიურად, რომ ძლიერი იყოს ამერიკა და შეძლოს სხვა ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს დახმარება“, – გვეუბნება ქართველი ემიგრანტი.

რუსუდან წერეთელს წლების წინ ონკოლოგიური დიაგნოზი დაუსვეს და ექიმებმა ამერიკაში მისი სრულად გამოჯანმრთელება და გადარჩენა შეძლეს. ამბობს, რომ ეს მაღალი სამეცნიერო სტანდარტებითა და უახლესი სამედიცინო პრეპარატებით მკურნალობის შედეგია.

რუსუდანის თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს ონკოლოგების დამოკიდებულებას პაციენტებისადმი, სიახლეებს მკურნალობისას, რაც ყოველდღიურად ინერგება ისე, რომ უკვე მეოთხე სტადიის მკერდის კიბოს განკურნების მაგალითებიც კი არსებობს.

ქართველი ემიგრანტი ფიქრობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და ინტეგრაცია ბევრ სხვა ცვლილებასთან ერთად ნიშნავს მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებას ადგილზე და მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებს ქართველებისთვის თურქეთში სიარულისა და საფრანგეთში ლტოლვილად ჩაბარების ნაცვლად:

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ 70 წელი ვიყავით საბჭოთა კავშირში და ვნახეთ, რასაც ნიშნავდა რუსეთის მარწუხებში ყოფნა.

ჩვენ ახლა ვხედავთ შეთითხნილ, ლობირებულ ისტერიას, როცა ხალხს აზიზღებენ დასავლეთს და ეუბნებიან, რომ წაილეკება ქვეყანა, თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება ან ამერიკის მხარდამჭერი იქნება.

აზიზღებენ საქართველოს მოსახლეობას, დასავლეთს, ამას ხელს უწყობს სამთავრობო, პრორუსული პროპაგანდაც. ხალხიც ბრმად ენდობა ხელისუფლების მიერ დასავლეთის, ამერიკის ისტერიულ ლანძღვას“, – ამბობს ემიგრანტი.

რუსუდანს მეუღლე და 21 წლის შვილი ჰყავს, რომელიც ასევე კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობს მერილენდის უნივერსიტეტში.

ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში საქართველოდან ემიგრაციაში წამსვლელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველო დატოვა 80 351-მა მოქალაქემ. იმავე პერიოდში, საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ემიგრაციიდან დაბრუნდა 39 526 მოქალაქე. შესაბამისად, უარყოფითი მიგრაციული სალდო იყო 25 966.

2022 წელს, საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 108 590 ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: