განათლება,მთავარი,სიახლეები

მთელი ღამე მთავრობის გვერდზე ვწერდით კომენტარებს, ისინი შლიდნენ – პედაგოგი ხელფასის მატებაზე

29.08.2023 • 5508
მთელი ღამე მთავრობის გვერდზე ვწერდით კომენტარებს, ისინი შლიდნენ – პედაგოგი ხელფასის მატებაზე

„სამთავრობო გვერდზე დავიწყეთ კამპანია ჰეშთეგით #ღირსეულიპენსიაპედაგოგებს და დაწერიდან ზუსტად 5 წუთში დაიწყეს კომენტარების წაშლა. მთელი ღამე, სადღაც 12 საათამდე, ვისხედით და ვწერდით კომენტარებს, ისინი კი შლიდნენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ თამარ ცანავამ. ის ინგლისური ენის პედაგოგია.

გუშინ ათეულობით მასწავლებლებმა საქართველოს მთავრობის ფეისბუქის გვერდზე კომენტარი დაწერა ჰეშთეგით – „ღირსეულიპენსიამასწავლებლებს“, თუმცა პედაგოგების კომენტარები მთავრობის გვერდიდან მალევე წაშალეს.

მასწავლებლები პენსიის ზრდას და საბაზისო ხელფასის მატებას ორგანიზებულად ითხოვენ. პედაგოგების ნაწილმა ამ საკითხზე არაერთი პეტიცია მოამზადა, წერილობით მიმართა როგორც განათლების სამინისტროს, ასევე საქართველოს პარლამენტსაც.

პედაგოგების მიერ ხელფასების მატების მოთხოვნის  თემაზე „ბათუმელები“ პეტიციის ერთ-ერთ ავტორს, ინგლისური ენის მასწავლებელს თამარ ცანავას ესაუბრა.

„65 ათასი პედაგოგიდან უმეტესობა საპენსიო ასაკისაა. ესენი ის მასწავლებლები არიან, რომლებმაც 90-იან წლებში კუპონებზე იმუშავეს, არ გავიდნენ სკოლიდან და ასე ვთქვათ, სისტემა არ ჩამოშალეს.

ეს მასწავლებლები დღეს 300 ლარზე სახლში იმიტომ ვერ დასხდებიან, რომ კარგად ვიცით, როგორი სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში. 300 ლარი მათ წამლებშიც კი არ ეყოფათ“, – ამბობს თამარ ცანავა.

მისი თქმით, სკოლაში, სადაც ამჟამად მუშაობს, 70-ზე მეტი მასწავლებლიდან უმეტესობა საპენსიო ასაკისაა და მათთვის ძალიან აქტუალურია ეს თემა.

„მათგან არაერთხელ მსმენია, რომ თუკი სახელმწიფო მოგვცემს ღირსეულ პენსიას, გავალთ სისტემიდან და ადგილს დავუთმობთ ახალგაზრდა კადრებსო.

ეს ღირსეული პენსია სულ ცოტა ათასი ლარი მაინც უნდა იყოს, რომ პენსიონერმა მასწავლებლებმა, რომლებსაც არავინ ჰყავთ, ვთქვათ, მარჩენალი, თავი ირჩინონ.

ისიც კარგად ვიცით, თუ როგორ ჭირს ახალგაზრდების სკოლაში შემოსვლა, ზუსტად აქედან გამომდინარე. ამ საკითხებზე ვესაუბრე განათლების მინისტრს გიორგი ამილახვარს, როცა შეგვხვდა მასწავლებლებს და არ ჰქონია ცუდი რეაქცია.

ამის შემდეგ წერილობითაც მივწერე განათლების სამინისტროს, თუმცა მათგან პასუხი ჯერ არ მიმიღია,“ – გვეუბნება თამარ ცანავა.

მასწავლებლის პენსიის ზრდაზე თამარ ცანავამ წერილი საქართველოს პარლამენტსაც გაუგზავნა, თუმცა იქიდან უპასუხეს, რომ კანონპროექტზე თავად მასწავლებლებს უნდა ემუშავათ „კანონპროექტის წერა არ არის ჩემი საქმე, „გვაწვალებენ რეალურად, რომ მერე ფარ-ხმალი დავყაროთ“, – ამბობს თამარ ცანავა.

მის მიერ გაგზავნილი წერილი პარლამენტმა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში გადაამისამართა.

სამინისტროდან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ანა დარახველიძე აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საჯარო სკოლებში დასაქმებული საპენსიო ასაკის პირები იღებენ ხელფასის პარალელურად პენსიას, განსხვავებული პენსიის დანიშვნას კი კანონი არ ითვალისწინებს.

„თუ პენსია არ იქნება ღირსეული და საპენსიო ასაკის მასწავლებლები სკოლიდან ვერ გავლენ, სისტემაში არ შემოვლენ ახალგაზრდა კადრები.

ყოველ წელიწადს ამდენი ადამიანი რომ ამთავრებს მასწავლებლის მომზადების პროგრამას და ათეულობით მასწავლებლის გადამზადება მიმდინარეობს, ისინი ვერ იწყებენ მუშაობას. მაშინ რისთვის ამზადებენ ამ კადრებს?

მასწავლებლობა დღეს არის საშუალო საპენსიო ასაკის ადამიანების პროფესია. ძალიან ცოტა ახალგაზრდაა ამ პროფესიაში. ამიტომ ერთადერთი გზა, რომ უმტკივნეულოდ გავიდეს მასწავლებელი სისტემიდან, არის ღირსეული პენსია.

მოდით, მაშინ თვითონ მოიკლონ ხელფასები. ევროინტეგრაცია რომ უნდათ, აბა, გადახედონ როგორი პენსიები აქვთ ევროპის ქვეყნებში მასწავლებლებს, ყველაზე მცირე ვისაც აქვთ, იმასაც კი ვერ ვეწევით.

ზოგს ჰგონია, რომ მასწავლებლის ხელფასი 1500-1700 ლარია. ანგარიშობენ დარიცხულ ხელფასს და არა ხელზე ასაღებს და ამით ატყუებენ საზოგადოებას.

რეალურად, ახლა ჩემ თავზე რომ ვისაუბრო, წამყვანი მასწავლებელი ვარ, 1400 ლარი მაქვს ხელფასი, 2 შვილი მყავს, მშობლები, რომლებიც არ მუშაობენ. მეუღლეც მუშაობს, მაგრამ ხან ბანკში გვაქვს სესხი და ხან რა საჭიროება არსებობს. ფასები კი კატასტროფულად მატულობს ყოველდღე,“- გვეუბნება თამარ ცანავა.

მისი თქმით, მასწავლებლის საბაზისო ხელფასის ზრდა აუცილებელია, სხვა შემთხვევაში, პრობლემა ვერ მოგვარდება.

„2023 წლის იანვარში მოგვემატა ასი ლარი, აქედან დაიქვითა 20 ლარი და რეალურად დაგვერიცხა 80 ლარი, თუმცა ეს გვემატება არა საბაზისო, არამედ სტატუსზე.

საბაზისო ხელფასი კი 480 ლარია, რომელიც მიბმულია სადამრიგებლოზე.

მე ინგლისური ენის მასწავლებელი ვარ და ვთქვათ, არ მაქვს საათების პრობლემა, მაგრამ არის ისეთი საგნები, სადაც ძალიან ცოტა საათები აქვთ მასწავლებლებს და შესაბამისად, ხელფასიც დაბალი აქვთ.

ჩვენ ვითხოვთ, რომ საბაზო ხელფასი იყოს 1500 ლარი და დანარჩენი იყოს სტატუსის დანამატი“, – ამბობს თამარ ცანავა.

მისი თქმით, მთავრობა ამბობს, რომ ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა მასწავლებლის ხელფასის ზრდა რატომღაც არასდროსაა გათვალისწინებული.

„თუ ფასების მატების, ინფლაციის პარალელურად მთავრობის წევრებისა და საჯარო მოხელეების ხელფასები იზრდება, მასწავლებლის ხელფასი რატომ არ მატულობს?

80 ლარი, რომელიც იანვარში დაგვიმატეს, რეალურად ხომ არაფერს ნიშნავს, რადგან დანამატი ვერ ეწევა კატასტროფულად გაზრდილ ფასებს. საპენსიო ფონდში ვინც ვართ, ცალკე იქიდანაც გვეჭრება“, – ამბობს ცანავა.

2019 წელს, მიხეილ ბატიაშვილის მინისტრობის დროს, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს სისტემის გასვლის სანაცვლოდ ერთი წლის ხელფასი შესთავაზეს. ამ პერიოდში სკოლა 6 ათასამდე პენსიონერმა პედაგოგმა დატოვა.

თუმცა თამარ ცანავას აზრით, არც ეს შეთავაზება იყო რელევანტური, რადგან პედაგოგს ერთი წლის პენსია დიდხანს არ ეყოფა ცხოვრებისთვის და შემდეგ ის სოციალურად დაუცველი ხდება.

„ჩემთანაც იყო სკოლაში რამდენიმე მასწავლებელი, ვინც ფიქრობდა, რომ გასულიყო სისტემიდან ჯილდოს სანაცვლოდ, მაგრამ შემდეგ დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ ეს თანხა ძალიან ცოტა იყო და შემდეგ რით ვირჩინოთ თავიო. ამიტომ სჯობს ღირსეული პენსია იყოს და არა ერთჯერადი“, – ამბობს თამარი.

მისი აზრით, მასწავლებლებს ყველა ხელისუფლება დაბალ ღობედ მიიჩნევს, მათ, ვინც არასდროს იღებს ხმას და ადვილად სამართავია.

სამინისტროში რომ ვთქვი, მშვიდობიან აქციას გავმართავთ- მეთქი, ერთ-ერთმა დამცინავად მითხრა, რამდენს გამოიყვანთ? ჰა, ჰა, ასი პედაგოგი გამოგყვესო.

რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი გამომყვება, როცა სისტემაში ვიღაცას უჭირს, 50 კაციც რომ იყოს, ხომ უნდა მიხედო. ვალდებული ხარ.

ჯერ კიდევ არიან ისეთი მასწავლებლები, რომლებსაც სისტემის ეშინიათ. ბევრი მწერს, რომ ეშინიათ პეტიციაზე ხელის მოწერა, კომენტარის დაწერას ვერ ბედავენ. სწორედ ეს დამოკიდებულებაა შესაცვლელი, რომ მასწავლებლები შიშისგან გათავისუფლდნენ,“ – ამბობს ცანავა.

მისი თქმით, აქამდე მასწავლებლებს არავინ ეუბნებოდა, „თქვენ დიდი ძალა ხართ და რომ ენთუზიაზმზე არ უნდა იმუშაონ, რომ მათ ეკუთვნით ღირსეული ხელფასიც და პენსიაც. ახლა როცა ვცდილობთ ხმა ამოვიღოთ, არ მოსწონთ.

ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ საბჭოური გადმონაშთების ეპოქაში, ჯერ კიდევ ვართ საბჭოური შიშების გავლენის ქვეშ და აქედან მოდის ეს ყველაფერი.

ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ თაობებს გავზრდით. მასწავლებელი, რომელიც შიშით ხმას ვერ იღებს გაკვეთილზე, თემას ვერ გადაუხვევს შიშის გამო და თავისუფლებას ვერ ასწავლის ბავშვებს, ჩემთვის მიუღებელია.

ინგლისურს ვასწავლი თუ ქიმიას, მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვს თავისუფლების სულისკვეთება მაინც უნდა ჩავუნერგოთ, რომ როცა გავა სკოლიდან, თავისუფალი მოქალაქე იყოს და არა მხოლოდ ის, რომ მარილის ან წყლის ფორმულა იცოდეს“, – მიიჩნევს თამარი.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, არ დაინახოს და არ მოუსმინოს საკუთარ მოქალაქეებს, არ დაინახოს პრობლემა და სწორედ ამის მაგალითია ის, რომ მთავრობის ფეისბუქის გვერდიდან მასწავლებლების ყველა კომენტარი წაშალეს.

სამთავრობო გვერდიდან მასწავლებლების ყველა კომენტარი წაშალეს

ეს არ არის ევროპა, ეს არის რუსეთი, კორეა, სადაც არავინ იღებს ხმას არაფერზე.

ვერასდროს შევალთ ევროპაში, თუ არ მოვუსმინეთ ერთმანეთს და რადგან ამას ვწერთ მთავრობის გვერდზე, ესე იგი, პრობლემა გვაქვს და სხვანაირად ხმას ვერ ვაწვდით ხომ?“ – გვეუბნება თამარ ცანავა.

მისი თქმით, მასწავლებლები აღარ დასჯერდებიან ხელისუფლების ცარიელ დაპირებებს და თუკი იანვრიდან ხელისუფლება არ გადადგამს რეალურ ნაბიჯებს, როგორც ხელფასების, ასევე სქემის და საპენსიო საკითხების მოსაგვარებლად, მათი პროტესტი კიდევ უფრო გაიზრდება.

„სირცხვილია, რომ 480 ლარია მასწავლებლის საბაზისო ხელფასი.

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მინისტრების, პრემიერ-მინისტრების დაპირებები, რომ 2022 წლისთვის 1500 და 2000 ლარი უნდა ყოფილიყო მასწავლებლის მინიმალური ხელფასი. სად არის ეს დაპირება?“

თამარ ცანავა თბილისის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის 178-ე სკოლაში ასწავლის. ის 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: