განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ გადავწყვიტე სტუდენტობა 29 წლის ასაკში – 3 შვილის დედა ხულოდან

29.08.2023 • 7525
რატომ გადავწყვიტე სტუდენტობა 29 წლის ასაკში – 3 შვილის დედა ხულოდან

„ხშირად ქალები ჩრდილში ვდგავართ და ველოდებით, როდის დაგვანათებს მზე. მაგრამ მზე თავისით არ დაგვანათებს, თუ ჩვენ არ გადავდგამთ ნაბიჯებს საკუთარი თავის რეალიზაციისთვის და თავად არ გამოვალთ ამ ჩრდილიდან“, – ამბობს 29 წლის ლელა ვანაძე „ბათუმელებთან“.

ლელა ვანაძე ხულოში ცხოვრობს. ის მეცხრე კლასში იყო, როცა სკოლა მიატოვა. რაღაც დროის შემდეგ ორი წელი სასულიერო სასწავლებელში ისწავლა, 18 წლის ასაკში კი ოჯახი შექმნა და ახლა ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა.

ლელა ამბობს, რომ ცხოვრებაში არაფერი უნანია, სკოლის მიტოვების გარდა. ამიტომ 15 წლის შემდეგ გადაწყვიტა, გამოვიდეს ჩრდილიდან, სადაც მისდა უნებურად აღმოჩნდა.

ლელა ვანაძემ უნივერსიტეტში სამართლის შესწავლა გადაწყვიტა და წელს პირველად ჩააბარა ეროვნული გამოცდები.  

„განათლების მიღებაზე ფიქრი რომ დავიწყე, ამაში გარკვეული როლი პანდემიამაც ითამაშა, რადგან სულ სახლში ვიყავი შვილებთან ერთად. გარეთ არ გავდიოდით და მთელი დღე წერა-კითხვაში ვატარებდით.

რადგან ონლაინ სწავლობდნენ ბავშვები, უფრო მეტად დასჭირდათ ჩემი დახმარებაც. იყო რაღაც საკითხები, რაშიც ვერ ვეხმარებოდი, რადგან ვერ ვიგებდი რაღაც საკითხებს.

ძალიან გამიჭირდა ინგლისურ ენაში დახმარება, რადგან მე თვითონ სკოლაში არ მისწავლია უცხო ენა, ძალიან ცოტა ხანი ვსწავლობდი და რაც ვიცოდი, ისიც დავიწყებული მქონდა.

მაშინ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა ქალისთვის განათლება.

ჩემი მასწავლებლის სიტყვები გამახსენდა, ისეთი დრო მოდის, ატესტატის გარეშე ყანაშიც აღარ შეგიშვებენო, რომ გვეუბნებოდა. მგონი, დადგა ის დრო, როცა ატესტატის კი არა, დიპლომის გარეშე აღარ შეგვიშვებენ ყანაში.

ამიტომ ექსტერნის გამოცდები ჩავაბარე, ატესტატი ავიღე და გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრება შემეცვალა“, – გვეუბნება ლელა ვანაძე.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მიატოვა და ოჯახი შექმნა, ლელა ამბობს, რომ წიგნებს სრულიად მაინც არ მოწყვეტილა. თავისუფალ დროს ცდილობდა წაეკითხა და, როგორც ქალი, აქტიურიც ყოფილიყო.

პროგრამის„განათლება დასაქმებისთვის“ [skill4jobs]  ფარგლებში ის ტრენინგებსაც ესწრებოდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი შეთავაზება მიიღო ანაზღაურებად სტაჟირებაზე.

„ეს იყო ძალიან კარგი შანსი იმისთვის, რომ საკუთარი განვითარება დამეწყო. უარი არ მითქვამს, ავმოძრავდი რასაც ჰქვია და სწორედ ეს გახდა მოტივი, რომ სკოლის ატესტატი ამეღო. შემდეგ კი უმაღლეს განათლებაზეც დავიწყე ფიქრი.

ცხოვრებაში არაფერი მინანია სკოლის მიტოვების გარდა. მაშინ დიდი შეცდომა დავუშვი, რადგან შესაძლოა დღეს კარიერაც მქონოდა. თუმცა მთავარია მიზანი გქონდეს“, – ამბობს ლელა.

ეს გააკეთეთ საკუთარი თავისთვის თუ შვილების გამო? – ვკითხეთ ლელას.

„პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის და შემდეგ უკვე შვილებისთვის. საჭიროებაც მოითხოვს, რომ დედებს გვქონდეს განათლება, რადგან განათლებული მშობელი თავის წილ როლს თამაშობს შვილის განვითარებაში“, – ამბობს ლელა.

„შეეშვი, რა დროს შენი სწავლაა“ – სტერეოტიპების წინააღმდეგ 

ლელას გადაწყვეტილებას – მიიღოს უმაღლესი განათლება 29 წლის ასაკში, ახლობლების ნაწილი პოზიტიურად შეხვდა. თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც უთხრა, რომ „რა დროს შენი სწავლაა“, „ბავშვებს ხელი მოაკლდება“ და ასე შემდეგ. თუმცა ამ შეძახილებს ლელას გეგმები არ შეუცვლია.

„ეგ კი არა, ერთმა კომენტარში დამიწერა, ასეთი მოხუცი რანაირად ისწავლიო. ქალის კომენტარი იყო და მეწყინა. ხშირად თავად ქალები ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ბევრად წინ უნდა ვიდგეთ და არ ვდგავართ.

მე კი არა, წელს 50 წლამდე ასაკის ქალი აბარებდა გამოცდებს და მე ისე მიხაროდა, სულ ვგულშემატკივრობდი.

ზოგს ჰგონია, რომ ქალები სახლში უნდა ვისხდეთ და ეს არის ნორმა. პირიქით, რაც უფრო მეტად გავახელთ თვალს, რაც უფრო დიდ ნაბიჯებს გადავდგამთ, მით უკეთესია. ამისთვის კი გვჭირდება განათლება, მსოფლმხედველობის ამაღლება, რაც ხშირად ძალიან გვაკლია.

მიმღებლობის დეფიციტია ზოგადად საქართველოში. თუ ვიღაცამ რაღაც ასაკში ის ვერ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, ჰგონიათ, რომ შემდეგ ამის უფლება არ აქვს.

ეს ყველაფერი იმის ბრალიცაა, რომ გოგონებს სტერეოტიპებით, სულ რაღაცის აკრძალვებით გვზრდიან. „შეეშვი, რაღა დროს სწავლაა“, „თავის დროზე გესწავლა“. „ბავშვებს მიხედე“, „არ გჭირდება“ – იყო ასეთი ფრაზები ჩემ მიმართაც. ამ კატეგორიას არ აინტერესებს შენ რა გჭირდება და რა გინდა. მთავარია, შვილები გაზარდო.

ასეთი ხალხი რომ არ გახდეს სხვა ქალების დემოტივაციის მიზეზი, სწორედ ამიტომაა საჭირო კარგი მაგალითები ქალების გასაძლიერებლად“, – ამბობს ლელა.

სწორედ ასეთი ქალების კვალს გაჰყვა ლელაც.

„ისიც ხომ დედაა, იმასაც ხომ ჰყავს შვილები, მაგრამ ისწავლა, მუშაობს, მე რატომ ვერ შევძლებ?- ვამბობდი და ეს ქალები იყვნენ ჩემი მოტივატორები.

ხშირად ქალები ჩრდილში ვდგავართ და ველოდებით, როდის დაგვანათებს მზე, მაგრამ მზე თავისით არ დაგვანათებს. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვალთ ჩრდილიდან. ჩრდილში არასდროს გვექნება კომფორტის ზონა“, – გვეუბნება ლელა.

ქალის უხილავი შრომა – „რამ დაგღალა ორ ოთახში?“

„ზოგჯერ რომ ვიტყვი, დავიღალე, მეტყვიან: რამ დაგღალა ორ ოთახში? სახლში ზიხარ და რა გაქვს მეტი საქმე – ყველაზე მეტად ეს ფრაზები მაღიზიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელში არ ვცხოვრობ, მუნიციპალიტეტში, დაბაში მაქვს ბინა, ორ ოთახში, სამ ბავშვთან ერთად შეიძლება იმაზე მეტად დაიღალო, ვიდრე იყო უზარმაზარ სახლში.

ზოგადად, ქალის შრომა არ ფასდება ამ ქვეყანაში.

მე, პირადად, დილას ექვს საათზე ვიწყებ და სულ გადარბენაში ვარ.

სამი ბავშვი უნდა მოაწესრიგო, ასაუზმო, წაიყვანო სკოლაში, ბაღში, მოამზადო სადილი, ვახშამი, სახლი დაალაგო, დარეცხო, სამსახურში წახვიდე, კოლეჯში ისწავლო.

სამსახური რომ დავიწყე, მეორე დღის სადილს ღამით ვამზადებდი, რომ სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვებს საჭმელი ჰქონოდათ. რადგან რეპეტიტორთან არ დავდიოდი, ღამის 3-4 საათამდე გამოცდებისთვის ვემზადებოდი და შემდეგ, გამთენიისას, ისევ ფეხზე ვიყავი“, – ამბობს ლელა.

მისი თქმით, ქმრის სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. თავად კი, მეუღლის მხარდაჭერას ყოველთვის გრძნობს.

„ყოფილა შემთხვევები, როცა ვერ მომისწრია სადილი, ქმარს მოუმზადებია და ბავშვებიც გაუცილებია სკოლაში. მაგრამ ისეთი კაციც ბევრია, ვინც არაფრად მიიჩნევს ქალის შრომას, ინტერესებს. ფიქრობენ, რომ რადგან ყანაში არ გადიხარ და თოხი არ გიჭირავს ხელში, არ იღლები, არაფერი გტკივა, არაფერს გრძნობ. რობოტებივით წარმოვუდგენივართ ქალები“, – გვეუბნება ლელა.

კოლეჯში ლელა ვანაძემ კომპიუტერული ტექნოლოგიები შეისწავლა. სტერეოტიპების გარეშე არც ამას ჩაუვლია – რა ქალის პროფესია ეგააო, უთქვამთ. თუმცა ლელა მიიჩნევს, რომ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში უდიდესი პლუსია ამ პროფესიის დაუფლება.

„ჩემი არც ტელეფონი და არც ლეპტოპი ხელოსანთან არასდროს მიმიტანია, მე თვითონ ვახერხებ ტექნიკის გამართვას.

ზოგადად, ტექნოლოგიები ძალიან აინტერესებთ ქალებს. მაგალითად, კოლეჯში 9 გოგო ვიყავით კურსზე და ორი ბიჭი იყო მხოლოდ. სხვათა შორის, ყველა ქალი დაოჯახებული იყო.

მთავარია, ხელშეწყობა ჰქონდეთ ქალებს, რომ პროფესიის მიღების შემდეგ დასაქმებაც შეძლონ. ყველა ქალი ვერ ახერხებს 4 წელი ისწავლოს, ამიტომ პროფესიული პროგრამები ძალიან ხელსაყრელია სოფლად მცხოვრები ქალებისთვის“, – ამბობს ლელა.

უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, ლელას სურს სამართალი კარგად შეისწავლოს. კონკრეტულად კი სისხლის სამართალი. თუმცა არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროშიც გააგრძელოს მუშაობა.

„რადგან მუსლიმ ქალებს თავზე გვაფარია, ბევრი ფიქრობს, რომ რელიგია გვიშლის განათლებას ან მუშაობას. ეს ასე არ არის.  ერთადერთი, რაც თავსაფრიან ქალებს ხელს გვიშლის რეალიზებაში, საზოგადოების მხრიდან ნაკლები მიმღებლობაა.

ალბათ დადგება ეს დროც, როცა მიგვიღებენ ისეთებს, როგორებიც ვართ და ამისთვის მეც ვიბრძოლებ ჩემი მხრივ“, – გვითხრა ლელა ვანაძემ.

ლელა ვანაძე ტრენინგებს ესწრებოდა პროგრამის ფარგლებში – „განათლება დასაქმებისთვის“ [skill4jobs].გარკვეული პერიოდის შემდეგ კი შეთავაზება მიიღო ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ LINKS ის პროექტში, ანაზღაურებად სტაჟირებაზე. პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით, „ღია საზოგადოების ფონდი“ და საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: