მთავარი,სიახლეები

ბათუმის კინოფესტივალი 17 სექტემბერს იწყება – ფესტივალს მერია არც წელს აფინანსებს

28.08.2023 • 2210
ბათუმის კინოფესტივალი 17 სექტემბერს იწყება – ფესტივალს მერია არც წელს აფინანსებს

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] 17 სექტემბერს გაიხსნება და 24 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.

ფესტივალის მენეჯერის, ზვიად ელიზიანის თქმით, კინოფესტივალის პროგრამა მზადაა, ზუსტდება ბოლო დეტალები.

წელს ბათუმის კინოფესტივალზე აჩვენებენ ელენე ნავერიანის ფილმს – „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელიც თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. ფილმის პრემიერა წელს კანის კინოფესტივალზე შედგა, სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე სურათი საუკეთესო მხატვრულ ფილმად დასახელდა, ხოლო ბათუმელი მსახიობი, ეკა ჩავლეიშვილი – საუკეთესო მსახიობ ქალად.

„შაშვი შაშვი მაყვალი“ ბათუმის კინოფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში იქნება ნაჩვენები.

წელს ბათუმის კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები კიდევ ერთი ქართული ფილმი – თინათინ ყაჯრიშვილის „მოქალაქე წმინდანი“, რომელიც კარლოვი ვარის კინოფესტივალზე ეკუმენური ჟიურის პრიზით დაჯილდოვდა.

ბათუმის კინოფესტივალზე, საკონკურსო პროგრამების გარდა, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება სხვა პროგრამებიც, რომელთა შორის მაყურებლის ყველაზე დიდ ინტერესს „დიდოსტატთა კოლექცია“ იწვევს. წელს ამ კოლექციაში ნაჩვენები იქნება კიმ-კი-დუკის „ღმერთის ძახილი“- სამხრეთ კორეელი რეჟისორის ბოლო სურათი, რომლის დასრულებამდე იგი კოვიდით გარდაიცვალა; იტალიელი რეჟისორის, მარკო ბელოკიოს ბოლო ფილმი „Kidnapped“, რომელიც წელს კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის ნომინანტი იყო; პოლონელი რეჟისორის, აგნეშკა ჰოლანდის „მწვანე საზღვარი“, – ფილმი ემიგრაციაზე და ა.შ.

წელს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი მე-18-ედ ტარდება და ბოლო ორი წელია მას არ აფინანსებს არც ბათუმის მერია და არც აჭარის განათლების სამინისტრო.

ფესტივალის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი ამბობს, რომ წელს კინოფესტივალის დაფინანსებაზე უარი თქვა კინოცენტრმა, აჭარის განათლების სამინისტრომ და ბათუმის მერიამ.

„კინოცენტრიდან მოგვიდა უარი, ყველა კინოფესტივალი დაფინანსდა, გარდა BIAFF-სა. აჭარის განათლების სამინისტროშიც გვქონდა შეტანილი, საიდანაც მივიღეთ წერილი, რომ 10 ფესტივალიდან დაფინანსებისთვის საჭირო ქულები ვერ შეაგროვა მხოლოდ BIAFF-მა.

ბათუმის მერიაში საჭირო დოკუმენტაციის გაგზავნის შემდეგ საუბარი იყო მხოლოდ 30 000 ლარით დაფინანსებაზე, ხელახლა გავგზავნეთ, მაგრამ მაინც ვერ მივიღეთ დაფინანსება.

ფაქტობრივად, ბათუმის მერიამ და აჭარის განათლების და კულტურის სამინისტრომაც ჩათვალა, რომ ქალაქს არ სჭირდება საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ამდენი წელია არსებობს, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს, ქალაქის, კულტურის, კინოს განვითარებაში. გამოდის, რომ ან კომისიის წევრები არიან აბსოლუტურად არაკომპეტენტურები და არ შეუძლიათ ფესტივალის შეფასება, ან ვიღაცებს არ მოსწონთ კონკრეტულად BIAFF-ი, არ უნდათ, რომ ასეთი წარმატებული ფესტივალი არსებობდეს ქალაქში. ან არ მოსწონთ BIAFF-ს ვინც ქმნის ის ხალხი“, – ამბობს ზვიად ელიზიანი.

მისი თქმით, ფესტივალის მენეჯმენტი ახლა სხვადასხვა, მცირე წყაროებით ცდილობს ფესტივალის დაფინანსებისთვის საჭირო თანხის მოძიებას. „ამ ეტაპზე მიდის მოლაპარაკებები“, – გვითხრა მან.

მისი თქმით, ფინანსური პრობლემების მიუხედავად, ფესტივალი ჩატარდება და პროგრამები თითქმის მზადაა. დაფინანსების არ ქონის გამო BIAFF-ზე უკვე მეორე წელია ვერ ტარდება ინდუსტრიული პლატფორმა, სადაც ქართული პროექტები, ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები მონაწილეობდნენ მასტერკლასებსა და ვორქშოფებში.

ზვიად ელიზიანმა „ბათუმელებთან“ ისაუბრა კიდევ ერთ პრობლემაზე, რაც ფილმების დისტრიბუციას შეეხება.

„სამწუხაროდ, ევროპელი დისტრიბუტორები აგრძელებენ რუსულ დისტრიბუციასთან მუშაობას და საქართველო კვლავ რუსულ კომპანიებსაა ჩაბმული. რუსი დისტრიბუტორები ყიდულობენ ახალ ფილმებს, რომელთა პრემიერას რუსეთში ხშირად მართავენ, ნოემბერში, დეკემბერში და ფილმის კოპია მანამდე არ აქვთ. ანუ ფილმს არ გაწვდის ევროპული დისტრიბუცია, იმიტომ, რომ უკვე გაყიდულია და რუს დისტრიბუტორებს ჯერ ფილმი არ აქვთ. მაგალითად, წელს გვინდოდა გვეჩვენებინა ფინელი რეჟისორის აკი კაურისმიაკის ფილმი და არ გამოდის, რადგან ფილმის პრემიერა რუსეთში დეკემბერშია. ეს პრობლემაა“, – ამბობს ზვიად ელიზიანი.

__________________

ფოტოზე: კადრი ფილმიდან „შაშვი შაშვი მაყვალი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: