განათლება,მთავარი,სიახლეები

ხულოელ სტუდენტს აჭარის მთავრობამ ევროპაში სწავლა არ დაუფინანსა – მინდა ვიმუშაო ისლამზე

26.08.2023 • 12953
ხულოელ სტუდენტს აჭარის მთავრობამ ევროპაში სწავლა არ დაუფინანსა – მინდა ვიმუშაო ისლამზე

ხულოში მცხოვრები მუსლიმი აქტივისტი ქალი და „სოლიდარობის თემის“ წევრი ლია დეკანაძე სწავლას ევროპაში, კერძოდ ესპანეთსა და ნიდერლანდებში გააგრძელებს.

მან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსება მოიპოვა. შემოდგომა-ზამთრის სემესტრს ლია ნიდერლანდებში, გრონინგენის უნივერსიტეტში ისწავლის, გაზაფხულის სემესტრს კი ესპანეთში, კორდოვას უნივერსიტეტში გაატარებს.

ლია დეკანაძე, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ სამაგისტრო საფეხურზე თეოლოგიის მიმართულებით აპირებს სწავლას და კვლევების გაკეთებას.

„უკვე ნიდერნალდებში ვარ, რადგან სწავლა სექტემბერში მეწყება. თეოლოგიისა და რელიგიის ფაკულტეტზე ვისწავლი. ეს არის ერაზმუსის საერთო სამაგისტრო პროგრამა და მთლიანად რელიგიურ საკითხს ეთმობა გლობალიზებულ მსოფლიოში.

უნივერსიტეტები, სადაც მე ვისწავლი, ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში და ძალიან კარგი სივრცეა რელიგიების შესასწავლად, რადგან უნივერსიტეტებს კარგი კვლევითი ცენტრები აქვთ და ეს დამეხმარება ჩემი სამაგისტრო კვლევის წარმოებაში“, – გვეუბნება ლია დეკანაძე.

მისი თქმით, თეოლოგია მისთვის ახალი სფეროა, რადგან ბაკალავრიატის საფეხურზე პოლიტიკური მეცნიერებები შეისწავლა, თუმცა ეს არის სფერო, რომელიც მის ინტერესს ყოველთვის იწვევდა და ახლა აქვს შესაძლებლობა ცოდნა ამ მიმართულებითაც აიმაღლოს.

ზამთრის მოდული მთლიანად დაეთმობა საკითხს „ცოდნა არ არის ნეიტრალური“ და აქცენტი გაკეთდება რელიგიურ უმცირესობებზე, ინტერრელიგიური მუშაობის დროს დიალოგის ტექნოლოგიასა და ეთიკას.

გაზაფხულის სემესტრში კი კორდოვას უნივერსიტეტებში შუა საუკუნეების რელიგიის მდგომარეობას, ჰუმანიზმსა და ადრეულ მოდერნიზმს შევისწავლი.

ჯერ ზუსტად არ ვიცი რა მიმართულებით წავიყვან ჩემს კვლევებს, რადგან პოლიტიკის მეცნიერებებიდან მოვდივარ და ჩემი გამოცდილება თეოლოგიას ნაკლებად ემყარება, თუმცა ინტერესი მაქვს კარგად შევისწავლო ინტერრელიგიური ურთიერთობების, რელიგიური დიალოგის და ეროვნული იდენტობის საკითხი თანამედროვე სახელმწიფოებში.

ლია დეკანაძე უკვე ნიდერლანდებშია

მინდა ვიმუშაო ისლამზე, რადგან ისლამის საკითხი რაღაც დონეზე ნაკვლევია აჭარაში, თუმცა ჩემ ინტერესს წარმოადგენს გენდერული ასპექტები, რომელიც გათვალისწინებული იქნება კვლევაში. თუნდაც ქალების როლი რელიგიის შენარჩუნებაში.

სოფელში ცხოვრებამ და შემდეგ იქ, თემში ჩემმა აქტიურობამ მომცა შესაძლებლობა უფრო კარგად დავკვირვებოდი ამ საკითხს, რადგან ყოველდღიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესებში“, – გვეუბნება ლია დეკანაძე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ევროპაშია, მისი სამომავლო საქმიანობა მაღალმთიან აჭარას და „სოლიდარობის თემს“ უკავშირდება.

„სამომავლოდ, ჩემი კვლევები ასევე დამეხმარება ამ ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვების და მისიის განსაზღვრაშიც“, – ამბობს ლია.

ხულოს მაღალმთიან სოფელში გაზრდილი ლია, პირველად დასავლეთში, აშშ-ში flex-ის პროგრამით მოხვდა და ერთი წელი ამერიკულ სკოლაში ისწავლა.

მისი თქმით, ყველა ის გაცვლითი პროგრამა თუ აქტივობა, რომელმაც ამ წლების განმავლობაში მისი ცხოვრება განათლების მიმართულებით უკეთესობისკენ შეცვალა, დასავლური მეგობარი ორგანიზაციების დახმარებით შეძლო.

ლია ამბობს, რომ ამ ხნის მანძილზე მან პირველად მიმართა სახელმწიფოს განათლების დაფინანსების მოპოვების მიზნით და პირველივე ჯერზე უარი მიიღო.

„მე სწავლაში ფული არასდროს გადამიხდია, იმიტომ, რომ უბრალოდ არ მქონდა ამის შესაძლებლობა.

„ფლექსის“ დაფინანსება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან ავიღე, პროექტები იყო, კონფერენციები თუ გაცვლითი პროგრამები, რაშიც მონაწილეობა მიმიღია, ძირითადად სწორედ ევროკავშირის მიერ იყო დაფინანსებული.

რომ არა ეს ერაზმუს+ის პროგრამა და ევროპული დაფინანსება, ფაქტობრივად ვერ გავაგრძელებდი მაგისტრატურაზე სწავლას, რადგან ცხოვრება ისე გაძვირდა, ქალაქში ბინის ქირაობასაც კი ვერ შევძლებდი ჩემი შემოსავლებით.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის 8 500 ევრო ღირს მარტო სწავლა წელიწადში ევროპაში, 20 წელიც რომ მემუშავა, ამის თანხას ვერასდროს დავაგროვებდი საქართველოში, ამიტომ ჩემთვის ამ დაფინანსების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია“, – გვეუბნება ლია.

როგორ ფიქრობ, რატომ გითხრათ აჭარის განათლების სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი? – თქვენი აზრით, ეს ხომ არ უკავშირდება თქვენს სამოქალაქო აქტივიზმს, თუნდაც იმას, რომ მუსლიმ თემს წარმოადგენთ, ან იმას, რომ კრიტიკულად ხართ განწყობილი ხელისუფლების მიმართ? – ვკითხეთ ლია დეკანაძეს.

ის ამბობს, რომ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვს, თუმცა არც გამორიცხავს.

„აჭარის განათლების სამინისტროს, „სწავლა საზღვარგარეთ“ პროგრამის ფარგლებში მივმართე. გადავედი მეორე ეტაპზე, ინტერვიუც გავიარე, თუმცა ვერ მივიღე დაფინანსება. მხოლოდ თანადაფინანსებას ვითხოვდი, უბრალოდ ბინის ქირაში რომ შემხიდებოდა სახელმწიფო, რადგან ვიცით, რომ ჰოლანდიაში ცხოვრება საკმაოდ ძვირია.

ამ ეტაპზე მიჭირს დაზუსტებით რაიმეს თქმა, ეს უარი უკავშირდება თუ არა ჩემ აქტივიზმს და კრიტიკულ განწყობებს, თუმცა ინტერვიუ საკმაოდ დაძაბული იყო და რაღაც პროცესში თავდაცვის რეჟიმში ყოფნაც მომიწია.

ერთ-ერთი კომისიის წევრმა, (სამწუხაროდ არ ვიცი მისი სახელი, რადგან დისტანციურად ვერთვებოდი), როცა ჩემი კვლევის მიზნებს ვუხსნიდი, ასეთი კომენტარი გააკეთა, რომ საქართველოში გვაქვს უნიკალური შემწყნარებლობის მაგალითი განსხვავებული რელიგიების მიმართ და ამას არ უნდა კვლევაო.

მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი მკაფიოდ ამეხსნა ჩემი საქმიანობა და მიზნები, მათთვის მაინც არ იყო მკაფიოდ გაგებული.

როგორც კარიერული, ასევე პროფესიული განვითარების გეგმა საკმაოდ კარგად მქონდა წარმოდგენილი, იმ უნივერსიტეტებს, სადაც სწავლას ვაგრძელებ, ძალიან კარგი რეიტინგი აქვთ, ამიტომ ეს ვერ იქნებოდა უარის მიზეზი.

სამინისტროსგან უკუკავშირი არ მიმიღია, თუ რატომ არ მომცეს დაფინანსება. მითხრეს, რომ მინისტრისთვის უნდა მიმემართა ცალკე განცხადებით. უკვე მივმართე და პასუხს დაველოდები“, – გვეუბნება ლია.

მისი აზრით, ევროპაში სწავლა იმ მიზეზით არჩია, რომ თბილისი და ბათუმი არასტუდენტური ქალაქებია.

„სრული სასწავლო გრანტიც რომ მიიღო, თბილისში და ბათუმში ცხოვრება უკვე ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ბინასაც კი ვეღარ ვიქირავებ ჩემი შემოსავლებით. ბინის გარდა გჭირდება სასწავლო მასალების შეძენა, ტრანსპორტირება, კვება. ევროპაში კი მაქვს სრული სტიპენდია და ასეთ ყოფით საკითხებზე ფიქრი აღარ მიწევს.

არც თბილისი და არც ბათუმი, არ არის სტუდენტური ქალაქები. როცა სტუდენტი ვიყავი, ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ არ დამეგვიანა ლექციებზე, იმდენად მოუწესრიგებელია ტრანსპორტი. შესაბამისად, მე მჭირდებოდა სტუდენტური ქალაქი და ამიტომ ვარჩიე ევროპა.

გული მწყდება, რომ თბილისში სწავლის დროს სათანადო დრო ვერ დავუთმე საბაკალავრო ნაშრომს, რადგან ვმუშაობდი, თავი რომ მერჩინა. დრო არ მქონდა ამისთვის. ბევრი წნეხი იყო, მათ შორის კოვიდი და ახლა მინდა, რომ მთელი ეს პერიოდი, რომელსაც ევროპაში გავატარებ, სწავლას და კვლევას დავუთმო. ნამდვილი სტუდენტი ვიყო“, – გვეუბნება ლია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: