მთავარი,სიახლეები

ვის შეიძლება შეუწყდეს წყლის მიწოდება – „ბათუმის წყლის“ დირექტორის განმარტება

25.08.2023 • 6234
ვის შეიძლება შეუწყდეს წყლის მიწოდება – „ბათუმის წყლის“ დირექტორის განმარტება

„ეს ემსახურება მონაცემთა ბაზის განახლებას და მომსახურების გაუმჯობესებას“, – გვითხრა „ბათუმის წყლის“ დირექტორმა ალექსანდრე მჟავანაძემ, რომელსაც ვკითხეთ: რატომ ითხოვენ „ბათუმის წყლის“ აბონენტის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, როცა ეს მონაცემები კომპანიისთვის ისედაც ცნობილია?

დღეს, 25 აგვისტოს, „ბათუმის წყლის“ აბონენტებმა კომპანიიდან მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღეს ლათინური შრიფტით, სადაც წერია, რომ წყალმომარაგება შეგიწყდებათ, თუ „ბათუმის წყალს“ არ მიაწვდით აბონენტის შესახებ ინფორმაციას.

„პატივცემულო აბონენტებო! გთხოვთ, 2003-09-26-მდე წერილობით, ან ელექტრონული ფორმით აცნობოთ შპს „ბათუმის წყალს“ აბონენტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიწყდებათ წყალმომარაგება სემეკის 32-ე დადგენილების მე-4 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. ცნობისთვის, აბონენტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებია: აბონენტის ნომერი, აბონენტის დასახელება [სახელი, გვარი], პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, საკადასტრო კოდის, დაზუსტებული მისამართი, ძირითადი საკონტაქტო ნომერი და ალტერნატიული ნომერი, ან/და ელექტრონული მისამართი,“ – აღნიშნულია სატელეფონო შეტყობინებაში.

„ბევრი ადამიანი იცვლის საცხოვრებელს, იცვლება ტელეფონის ნომრები, ზოგს არ მისდის ინფორმაცია, მაგალითად, ავარიულ დაზიანებაზე, ან დროებით შეზღუდვებზე და ასე შემდეგ. ამისთვის გვჭირდება ეს მონაცემები სემეკის დადგენილების შესაბამისად,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ალექსანდრე მჟავანაძემ, „ბათუმის წყლის“ დირექტორმა.

ალექსანდრე მჟავანაძემ განმარტა, რომ კომპანიას არ დასჭირდება იმ აბონენტების მონაცემები, ვისი მონაცემებიც არ შეცვლილა.

„იქნება კომუნიკაცია მომხმარებელთან… წყლის მიწოდება არ შეუწყდება არავის, ეს ვადა გახანგრძლივდება, თუ მოქალაქეები ვერ მოახერხებენ დროულად ამ მონაცემების მოწოდებას. დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე და ავუხსნით, როგორ უნდა მოგვაწოდოთ მონაცემები,“ – გვითხრა ალექსანდრე მჟავანაძემ.

„ბათუმის წყლის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინება გასაგები შინაარსით გაუგზავნა აბონენტებს, თუმცა დასძინა, რომ თითოეულს დამატებით გაუგზავნიან განახლებულ ინფორმაციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: