მთავარი,სიახლეები

მაჩალიკაშვილის სარჩელი საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა – პროკურორს შეგიძლიათ უჩივლოთ

25.08.2023 • 19301
მაჩალიკაშვილის სარჩელი საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა – პროკურორს შეგიძლიათ უჩივლოთ

პროკურორს შეიძლება უჩივლოთ სასამართლოში, თუ ის დაზარალებული პირის სტატუსს არ მოგანიჭებთ, ან დროულად არ გაგაცნობთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

ერთ-ერთი მოსარჩელე მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამაა – თემირლანი 2017 წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმის თანამშრომლების მხრიდან დაკავების მიზნით განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა. მაშინ გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც სამსახურებრივ უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, თუმცა ამ საქმეში მალხაზ მაჩალიკაშვილს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს.

2020 წელს კი, პროკურატურამ მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება საერთოდ შეწყვიტა. ვიდრე გამოძიება შეწყდებოდა, მალხაზ მაჩალიკაშვილს 2019 წელს მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და მოუთხოვია ანტიკონსტიტუციურად მიიჩნიონ ის სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც პროკურორის გადაწყვეტილებას ვერ გაასაჩივრებ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2023 წელს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადგინა, რომ პროცედურულ ნაწილში [მაჩალიკაშვილის მკვლელობის გარემოებების არასათანადო გამოძიება] დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი [სიცოცხლის უფლება], თუმცა კოლეგიის წევრი მოსამართლეების უმრავლესობის აზრით, ამავე მუხლის არსებითი ნაწილი, რაც უშუალოდ იმას ეხება, გამოიყენა თუ არა სახელმწიფომ არასათანადო ლეტალური ძალა თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, არ დარღვეულა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი ადგენს კონკრეტულ უფლებებს, თუ რა შეუძლია დაზარალებულს, მათ შორის, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

ამ უფლებით სარგებლობა დაზარალებულს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს პროკურორის გადაწყვეტილებები და თვითნებობისგან დაიცვას საკუთარი ინტერესები, იმ სამართლებრივი ნორმით კი, რაც უკვე საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია, დაზარალებულს არ ჰქონდა შესაძლებლობა ნეიტრალური ორგანოს წინაშე საკითხი სადავო გაეხადა.

„…სავარაუდო დანაშაულსა და სიცოცხლის მოსპობის შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი დადასტურებულია, მათ შორის, საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით. მეტიც, არსებობს არა მარტო დასაბუთებული ვარაუდი, არამედ პრეზუმფციაც კი ზიანის სახელმწიფოს წარმომადგენლების ეფექტური კონტროლის ქვეშ მიყენებაზე, რისი გაქარწყლების ვალდებულებაც, თუ კონკრეტული პირები პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემულ ნი, სახელმწიფოს ეკისრება.

ამის მიუხედავად, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ,“ – აღნიშნული იყო საკონსტიტუციო სარჩელში, რომლითაც მალხაზ მაჩალიკაშვილმა საკონსტიტუციოს 2019 წელს მიმართა.

ამ საქმეზე მოსარჩელე იყო ასევე მერაბ მიქელაძე. იგი ქობულეთში, ლერმონტოვის N13-ში მდებარე პანსიონის შენობის მესაკუთრე შპს ,,M&B“-ის წარმომადგენელია. ადგილობრივი მოსახლეობა ქობულეთში მუსლიმური პანსიონატის გახსნის აღსაკვეთად რელიგიური ნიშნით დევნას ახორციელებდა პანსიონატის პერსონალსა და მასთან დაკავშირებულ სხვა პირებზე, უზღუდავდა პანსიონატით სარგებლობის, პანსიონის ტერიტორიაზე გადაადგილების, ახლოს მდებარე სერვისების [მათ შორის საკვების შეძენის] გამოყენების შესაძლებლობას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგრეთვე ჩაიშალა სასწავლო პროცესი, რის შედეგადაც მატერიალური და მორალური ზიანი მიადგათ კონკრეტულ პირებს.

„მიუხედავად საქმეში არსებული მტკიცებულებებისა, რომელიც მიუთითებს არა მხოლოდ მუქარის, არამედ პანსიონატთან დაკავშირებული პირების შეურაცხყოფისა და რელიგიური ნიშნით განგრძობადი და სისტემური შევიწროების ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია მხოლოდ მერაბ მიქელაძის მიმართ გამოთქმული პანსიონატის გადაწვის მუქარის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით. აღნიშნულ გამოძიებაშიც მერაბ მიქელაძის მონაწილეობა შეზღუდულია, ვინაიდან მას არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

კიდევ ერთი მოსარჩელის, სამსონ თამარიანის შემთხვევა კი ასეთია: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის განაჩენით სამსონ თამარიანი გამართლდა სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით [ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით] წარდგენილ ბრალდებაში.

წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შემდეგ სამსონ თამარიანმა 2018 წლის 25 მაისს მიმართა მთავარ პროკურორს, რათა მომხდარიყო დაზარალებულად ცნობილი – მერგელ მელტონიანის პასუხისგებაში მიცემა ცრუ ჩვენების ბრალდებით. მთავარი პროკურატურიდან საქმე გადაეგზავნა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას. 2018 წლის 14 ივნისის წერილით სამსონ თამარიანს ეცნობა, რომ მისი საჩივრის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.

აღნიშნული პასუხი სამსონ თამარიანმა 2018 წლის 27 ივნისს გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურორთან. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურიდან სამსონ თამარიანმა მიიღო 2018 წლის 29 ივნისის ნიკოლოზ სანიკიძის ხელმოწერილი პასუხი, რომლითაც მას კვლავ უარი ეთქვა გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე.

იმის გამო, რომ პროკურორის გადაწყვეტილება არ საჩივრდებოდა, ვერც სამსონ თამარიანმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი და იმავე მოთხოვნით შესული სარჩელები გააერთიანა და საბოლოოდ არაკონსტიტუციურად მიიჩნია  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვებიც: „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“.

„საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთგზის მიუთითა აღნიშნული უფლების მნიშვნელობაზე. სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს უფლების დაცვის ეფექტიან მექანიზმს და უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომების თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: