მთავარი,სიახლეები

„ნიკორა“ ადასტურებს, რომ მათ პროდუქციაში სალმონელა აღმოჩნდა – „ვწუხვართ“

25.08.2023 • 2884
„ნიკორა“ ადასტურებს, რომ მათ პროდუქციაში სალმონელა აღმოჩნდა – „ვწუხვართ“

8 ადამიანის ინტოქსიკაციის შემდეგ სურსათისა ეროვნულმა სააგენტომ კომპანია „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა. დაზარალებულებს სალმონელოზი დაუდასტურდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პაციენტებმა საკვებად „ნიკორაში“ შეძენილი კიევური კატლეტი ჭამეს.

„სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა. შედეგად, სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და 22 კგ „კოტლეტი კიევურის“ ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე.

მიკვლევადობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ნედლეულის იმპორტიორ კომპანიაშიც განახორციელებს,“ – აღნიშნულია სურსათის ეროვნული საააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია „ნიკორა ტრეიდში“ ადასტურებენ მათთან ნაყიდი პროდუქციით ადამიანების მოწამვლას.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართა რამდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა ყველა მათგანმა საკვებად მიიღო „კოტლეტი კიევური“. ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ, სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე „გრაკოს“, რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია „ჯეო დისტრიბუცია”.

რა თქმა უნდა, ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან.

მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ პრობლემის განვრცობის მასშტაბი ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულების მიზნით“, – ნათქვამია „ნიკორა ტრეიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: