მთავარი,სიახლეები

 რა უთხრა მოსამართლეს 4 კაცის დაჭრაში ბრალდებულმა – „რატომ უნდა მივიმალო?“

25.08.2023 • 35525
 რა უთხრა მოსამართლეს 4 კაცის დაჭრაში ბრალდებულმა – „რატომ უნდა მივიმალო?“

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა გიორგი ს.-ს, რომელმაც ბათუმში, ლუკა ასათიანის ჩიხში მდებარე ავტოსახელოსნოში, პროკურატურის ვერსიით, 4 პირი დაჭრა.

ეს 22 აგვისტოს მომხდარი ამბავია. გასროლის შედეგად ავტოსახელოსნოში მომუშავე მამა და მისი ორი შვილი დაიჭრა. დაიჭრა კიდევ ერთი პირი, ისიც სახელოსნოში მუშაობდა.

გამოძიება ბრალდებულს თავდაპირველად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდა, თუმცა კვალიფიკაცია პროკურატურამ შეცვალა და მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან (სსკ-ის 19-109 მუხლი).

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ბრალდებული გიორგი ს. 45 წლისაა, პროფესიით იურისტია, პერიოდულად ტაქსის მძღოლად მუშაობს და იმ ავტოსახელოსნოს მეზობლად ცხოვრობს, სადაც სანადირო თოფით შეიარაღებულმა 4 პირი დაჭრა.

„მიმალვის საფრთხე არსებობს“, – პატიმრობის შეფარდების აუცილებლობა დაასაბუთა პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ.

„რა მიმალვის საფრთხე? – ბრალდებული თავისი ფეხით მივიდა პოლიციის განყოფილებაში თოფით, ის თავად ამბობს იმასაც, გავისროლეო…,“ – გაცხარდა ადვოკატი დავით ჯაფარიძე.

„საქმის მასალებით დგინდება, რომ ასე არ არის, ის ვარშანიძის ქუჩაზე შეაჩერეს პოლიციელებმა“, – დოკუმენტებს მიუბრუნდა პროკურორი პაატა ცეცხლაძე და დასძინა, ფოტომასალითაც ჩანს იგივე, რასაც ვამბობო.

„ცუდად მესმის, ვერ ვიგებ“, – მოსამართლეს გახედა ბრალდებულის დედამ. თამარ ბეჟანიშვილმა მას უთხრა, რომ პირველ რიგშია და უკეთეს ადგილს ვერ შესთავაზებს.

დღევანდელ პროცესს ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ, დაზარალებულის მხრიდან – არავინ.

„მზად არიან შერიგებისთვის, დაწყებული გვაქვს პროცესი“, – თქვა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ და ბრალდებულს მიუბრუნდა.

„ხომ თქვენი ფეხით მიხვედით პოლიციის მე-4 განყოფილებაში, ჯავახიშვილის ქუჩაზე? თოფიც თან მქონდაო“, – იკითხა ადვოკატმა.

„ჰო, მაისური გამოვიცვალე და წავედი… თოფი დაშლილი მედო მანქანაში, გასაკეთებელი იყო“, – ძალიან ხმადაბლა თქვა რამდენიმე წინადადება ბრალდებულმა.

„ხომ არ მიიმალები, თუ გირაოს შეგიფარდებენ?“ – ჰკითხა ისევ ადვოკატმა ბრალდებულს.

„მე რატომ უნდა მივიმალო?“ – გაოცდა ბრალდებული.

„ის ცდილობდა კონფლიქტის თავიდან არიდებას… ამ გასროლამდე სახელოსნოში მას სასტიკად სცემეს. მისი სახლის წინ აჩერებდნენ მანქანებს თვეობით, ეს არ სრულდებოდა“, – ადვოკატის ვერსიით, კონფლიქტი მეზობლებს შორის ავტოსახელოსნოს წინ ავტომანქანების გაჩერებას უკავშირდებოდა.

„…შემდეგ დეზინფორმაცია გაუვრცელეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს“, – დაამატა ადვოკატმა. – „…მას კი, უკრაინაში ჰყავს ცოლი და შვილი.

გიორგის არ ჰქონია მოკვლის განზრახვა, მხოლოდ დაშინების მიზნით გაისროლა ფრინველის საფანტი შორიდან“, – აღნიშნა დავით ჯაფარიძემ და პაუზის შემდეგ ისიც უთხრა მოსამართლეს, კლინიკაში დაჭრილებიც რომ მოინახულა.

„მათ მსუბუქი დაზიანება აქვთ, ერთ-ერთმა უკვე დატოვა კიდეც საავადმყოფო… იმედი მაქვს, შედგება საპროცესო შეთანხმება“, – ადვოკატმა პროკურორს გახედა და ხაზი გაუსვა იმას, რომ პროკურატურის მტკიცებულებების დიდი ნაწილის უდავოდ მიჩნევას აპირებს.

დაცვის მხარე ამ ეტაპზე მიიჩნევს, რომ ბრალდებული ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით უნდა გასამართლდეს. ადვოკატი ასევე აპირებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას.

„ბევრად მძიმე სურათი იქმნება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით“, – აღნიშნა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა, ვიდრე ის ბრალდებულს ეტყოდა, რომ პატიმრობა შეუფარდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: