მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

„ვტიროდი, ფეხმძიმედ ვიყავი, მარტო“ – მარტოხელა დედების ისტორიები თავშესაფრიდან

27.08.2023 • 7113
„ვტიროდი, ფეხმძიმედ ვიყავი, მარტო“ – მარტოხელა დედების ისტორიები თავშესაფრიდან

„მე რომ პირველად სრულიად მარტო დავრჩი და ნაქირავებში შევედი, რომ დავდე ჩემოდანი და დავჯექი, ორი დღე ვტიროდი, ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ საჭმელიც არ მიჭამია. ვფიქრობდი, სად ვარ? რატომ ვარ ამ მდგომარეობაში…

ძალიან ბევრი რამ გამოვიარე თავშესაფრამდე და მერეც…“ – ჰყვება 27 წლის ანა, რომელიც მეხუთე წელია დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს.

„თავშესაფარში ვცხოვრობ 2019 წლიდან. ჩემი ისტორია დაიწყო მაშინ, როდესაც გავიგე ფეხმძიმობის შესახებ. მაშინ უკვე ხუთი თვის ორსული ვიყავი და იმ დროისთვის მე და ჩემი მეგობარი კაცი უკვე ერთად აღარ ვცხოვრობდით. დავურეკე და ვუთხარი, მაგრამ უარი თქვა, არ იქნება ჩემიო. ეს რომ გავიგე, მისგან აღარაფერი მინდოდა, ხომ შეიძლებოდა ალიმენტი მომეთხოვა? კანონით რომ მივმდგარიყავი, ყველაფერს მივიღებდი, იმიტომ, რომ მისი შვილია, მაგრამ… მას თუ არ უნდა, ჩემი შვილი გაიზარდა და იზრდება ისე, როგორც საჭიროა, მე ვზრდი – მამაც მე ვარ და დედაც მისთვის.

როცა ჩემმა ოჯახმა გაიგო, რომ ვიყავი ფეხმძიმედ, მშობლებმა მითხრეს – ვისიც არის, იმან მიხედოს, ჩემს გვარს ვერ მისცემო… დავრჩი მარტო. თავშესაფრის შესახებ რომ გავიგე და ამოვედი, უკვე რვა თვის ვიყავი. სანამ ფეხმძიმობას გავიგებდი, ვმუშაობდი, რაღაც ნაწილი თანხა მქონდა, რითაც ბინა ვიქირავე და ხუთი თვიდან რვა თვემდე ვცხოვრობდი იქ“, – გვიყვება  ანა.

სამედიცინო ასოციაცია „თანას“ დედათა და ბავშვთა თავშესაფარი ბათუმში 10 წლის წინ, მარტოხელა დედებისთვის გაიხსნა, მაგრამ დღეს აქ „შემხვედრი საჭიროების“ გამო ხვდებიან სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე ქალები, მათ შორის, უსახლკაროები და ოჯახში ძალადობის მსხვერპლები. ამჟამად თავშესაფარში 11 ქალი და 25 ბავშვი ცხოვრობს.

დაწესებულების ხელმძღვანელი, ნანა საყვარელიძე დედების თავშესაფარში მოხვედრის წინაპირობად სოციალური შეჭირვების პარალელურად, გენდერთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ნორმებსა და წარმოდგენებს ასახელებს. 

„ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ ქალზე, რომელიც ბავშვს აჩენს ქორწინების გარეშე. ასეთ შემთხვევაში ის შეიძლება დარჩეს ყველანაირი მხარდაჭერის გარეშე, მშობლები, და-ძმა – მას ყველა რიყავს და რჩება ქუჩაში.

ქალი არაფრითაა დაცული შემდგომში იმ მატყუარა [არაკეთილსინდისიერი] პარტნიორისგან, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პარტნიორი ქმარია ოფიციალურად, ქალს არ აქვს მას იმის გარანტია, რომ დაშორებისას რაიმე ქონებას მიიღებს მისგან.

აი, ახლა შემოვიდა ქალი ორი ბავშვით, რომელზეც უეცრად განაცხადა ქმარმა უარი და ოჯახიდან გამოუშვეს. ეს სახლ-კარი ეკუთვნის კაცის დედას, რომელიც ეუბნება ქალს, რომ აქედან არაფერი გეკუთვნისო“.

„ალიმენტის აღებაზეც კი ძალიან დიდი სირთულეებია, იმიტომ, რომ უმრავლესი მათგანი არ მუშაობს ოფიციალურად. დადგენა იმისა, თუ საიდან მოვიპოვოთ ეს ფული, ძალიან ძნელია; ახლა კიდევ მეორე პრობლემა დაემატა, რომ ბევრი მათგანი მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ და იქიდან ალიმენტის აღება კიდევ უფრო გაძნელდა“, – ნანა საყვარელიძე.

„ბათუმელების“ რესპონდენტები პარტნიორისა და მშობლების მხრიდან სოციალური მხარდაჭერის არარსებობის გარდა, ასახელებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: ქირის მაღალი ფასი, ბავშვზე ზრუნვის სირთულე და სიძვირე, მოქნილი სამუშაო გრაფიკის არარსებობა ან სულაც უმუშევრობა, რის გამოც მარტოხელა დედები, პირდაპირი მნიშვნელობით, ქუჩაში დარჩენის საფრთხის წინაშე არიან.

სათანადო საბინაო პოლიტიკის არარსებობა და საცხოვრებლის უფლებით ვერ სარგებლობა, საქართველოში დღემდე მწვავე სოციალური პრობლემაა. კვლევებსა და ანგარიშებში უსახლკარობის ყველაზე ხშირ მიზეზებად სიღარიბე და უმუშევრობა სახელდება, თუმცა ქალების შემთხვევაში ამ მიზეზებს კიდევ სხვა ფაქტორები ემატება, მათ შორის განსაკუთრებულ როლს თამაშობს ქონების ტრადიციული წესით გადაცემის საკითხი, რომლის მიხედვითაც ქონება ძირითადად ვაჟ შვილებს გადაეცემათ. 

„ქალებს თავიდანვე არ აქვთ ბევრის საშუალება. თუ მშობელი რამეს აკეთებს, აკეთებს უმეტესად ბიჭისთვის და არა გოგოსთვის. ამ დროს გოგო შეიძლება გათხოვდეს და მის ქმარს რომ არ ჰქონდეს ბინა ან მიწა, გოგო შვილმა უნდა იწვალოს, იწვალოს, რომ რამე გააკეთოს… ბიჭ შვილს კი – აქვს“ – ამბობს 32 წლის ლეილა, რომელიც თავშესაფარში ხუთი თვის წინ მივიდა.

„აქ ვარ ორ შვილთან ერთად, პატარა 6 თვის მყავს, მეორე შვიდი წლის გახდა ახლა. 26 წლის გავთხოვდი [სამოქალაქო ქორწინებაში], როდესაც ბავშვი შემეძინა, ჩემი ქმარი წავიდა. დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ოჯახებს, არც მისი ოჯახისთვის ვიყავი რატომღაც სასურველი და არც ჩემებს მოსწონდათ. დავრჩი მარტო, დავბრუნდი ოჯახში, მაღალმთიანი აჭარიდან ვარ, იქ ვცხოვრობდი მშობლებთან და-ძმებთან ერთად, ბავშვიც იქ გავზარდე.

წლების შემდეგ შევხვდი კაცს, რომელიც შემიყვარდა, დავრჩი ფეხმძიმედ. ის ფინანსური პრობლემების გამო საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ (იქიდან მეხმარება, ტელეფონით გვაქვს კონტაქტი), მე შემეძინა პატარა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი ოჯახისა და მთელი სანათესავოსთვის იყო მიუღებელი. ავდექი, წამოვიყვანე ჩემი შვილები და წამოვედი აქ“, – ჰყვება ლეილა.  

„მეგონა, მთელი სამყარო მენგრეოდა თავზე, ვფიქრობდი, რომ აღარაფერი მექნებოდა ცხოვრებაში, ვეღარაფერს გავაკეთებდი… მთელი კლდე იდგა ჩემ ირგვლივ, შუაში ვიდექით სამი ადამიანი – მე ორი ბავშვით და არაფერი ვიცოდი რა გამეკეთებინა, როცა უცებ გამოჩნდა ეს ადგილი, თავშესაფარი“ – ამბობს ლეილა.

ხულოში პირველ ბავშვთან ერთად დაბრუნებულმა ლეილამ მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ამბობს, რომ საკუთარი ხელფასით მშობლებისა და ძმების სახლის აშენება-მოწყობაში მნიშვნელოვანი ფინანსური წვლილიც შეიტანა, მაგრამ წლების შემდეგ, როცა მეორე ბავშვი ქორწინების გარეშე გააჩინა, მარტო დარჩა და დასარჩენი აღარ ჰქონდა.

აღმოჩნდა, რომ მისი არჩევანის გამო მშობლების სახლში მისი გაჩერება არ სურდათ.

„სანამ მეორე გამიჩნდებოდა, არ მიფიქრია, რომ თავშესაფარი დამჭირდებოდა. რატომღაც მეგონა, რომ ჩემთვისაც იყო ის მიწა და ის სახლი, რომელიც მთელი ექვსი წლის განმავლობაში ვაშენე. მართლა ბევრი რამ გავაკეთე იმისთვის, რომ სახლში ის კომფორტი შემეტანა, რაც ჩემს მოხუც მშობლებს არ ჰქონდათ, ჩემს ძმებს არ ჰქონდათ იმდენი საშუალება, მე კი ფინანსურად საკმაოდ მყარად ვიყავი. ვმუშაობდი და მქონდა ჩემი, საკმაოდ ნორმალური შემოსავალი.

 ვცდილობდი, ყველასთვის რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ როცა რეალობის წინაშე აღმოვჩნდი, ყველაფერი სულ სხვანაირად დარჩა… იმ სახლში თითქოს არაფერი გამიკეთებია, თითქოს საერთოდ არაფერი მიკეთებია მთელი წლების განმავლობაში და უზრუნველად ვცხოვრობდი ვიღაცის ხარჯზე…  აი, ამ ყველაფერზე მწყდება გული“, – თავის წუხილს გვიზიარებს ლეილა.

თავშესაფარში მცხოვრები ქალების ისტორიებიდან ჩანს, რომ თითოეული მათგანს, ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ფორმის ჩაგვრა განუცდია.

„მე მეორე შვილიც მყავს, პირველი ქორწინებიდან, იმაზე არ მისაუბრია“, – მითხრა ანამ, თავშესაფარში მოხვედრის ისტორიის მოყოლის შემდეგ – „მაშინ 17-ის ვიყავი“.

ანა ჰყვება, რომ სიღარიბეში გაიზარდა, სკოლაც მე-9 კლასიდან მიატოვა და მიმტანად დაიწყო მუშაობა – „ანაზღაურება მაშინ 7 ლარი იყო [დღეში], მაგრამ ვმუშაობდი მაინც, რომ რაღაც ჩემი მქონოდა“.

ანა: „იმ ბარში, სადაც ვმუშაობდი მიმტანად, ჩემი ნათესავი მოვიდა შუამავლად. მითხრა, რომ ერთი ბიჭია, სახლი აქვს, თავისი მანქანა აქვს და თუ გაჰყვები, უკეთესად იცხოვრებო, შენი საძინებელი გექნებაო… იმდენად გადაღლილი ვიყავი ამდენი გაჭირვებისგან – ვთქვი, რომ გავიცნობდი. 17 წლის ბავშვმა რა შეიძლება მიხვდეს გათხოვებაზე.

ბიჭი რომ მოიყვანეს გასაცნობად, შშმ პირი იყო. ისეთ გაჭირვებაში ვცხოვრობდით, დავთანხმდი, ოღონდ ჩემი კუთხე მქონოდა… როცა გავყევი, იქ უფრო მეტი სული დამხვდა; ისეთი გარემო იყო, ხმის ამოღების უფლება არ მქონდა. „შენ რა გქონდა სახლში, აქ რომ ითხოვ?“ – სულ ასეთი წამოძახილები იყო“.

ანა ეკონომიკური ძალადობის გამოცდილებაზეც საუბრობს:

„ჩემი ქმარი რასაც მუშაობდა, თვის ბოლოს ხელფასს დედამისს აძლევდა, რადგან შშმ პირი იყო, სმენის არმქონე, დედამისზე იყო დამოკიდებული. ვეუბნებოდი, ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ერთად გვყავს შვილი, ახალგაზრდა ქალი ვარ, რაღაც საჭიროებებია, რისთვისაც მჭირდება ფული, მაგრამ თვეში ხუთ-ათ ლარსაც არ მაძლევდნენ ცალკე სახარჯად. დედამთილსაც ვეუბნებოდი ამას. საუბარია თუნდაც ელემენტარულ წინდაზე ან ჰიგიენის ნივთებზე, რომლებიც მე შეიძლებოდა მეყიდა და მთელ ოჯახს არ გაეგო, რომ დღეს ეს მჭირდებოდა. მაგრამ იმ პატარა რაღაცის მოთხოვნის უფლება არ მქონდა.

18 წლის ასაკში გამიჩნდა შვილი. ვერ შევეგუე იქ ცხოვრებას, ამდენ დამცირებას და წამოვედი, მაგრამ ჩემი შვილი ვერ წამოვიყვანე. ძალიან ბევრი ვიფიქრე რა შეიძლებოდა მექნა, მაგრამ იმ პატარა ოთახში ჩემს შვილს ვერ წავიყვანდი, რომ წამეყვანა, მშობლებისთვის უნდა დამეტოვებინა და ისე მემუშავა… გადავწყვიტე, მამასთან, ბაბუა-ბებიასთან უფრო კარგად იქნებოდა, უფრო მეტი ექნებოდა, ვიდრე ჩემთან და იმ წუთას დედობაზე უარი ვთქვი, იმისთვის, რომ ჩემი შვილის მომავალი ყოფილიყო ცოტა უკეთესი. მაშინ თავშესაფრის შესახებ არაფერი ვიცოდი.

მეორე დღეს რომ გავიაზრე, თუ რა ვქენი და შვილის გარეშე ვიყავი, ძალიან ვინანე, მაგრამ უკვე აზრი აღარ ჰქონდა, მივედი და აღარ მანახეს ბავშვი. მქონდა რამდენჯერმე მცდელობა, მაგრამ სახლშიც არ მიმიშვეს“.

რამდენიმე წლის წინ ანამ სასამართლოს დახმარებით მოიპოვა ბავშვის ნახვის უფლება, მაგრამ მისი თქმით, ბავშვი ნეგატიური წინასწარგანწყობით შეხვდა და კომუნიკაცია ვერ შედგა:

„ბავშვი რომ მოიყვანეს, არ მიცნობდა რეალურად, მაგრამ ყვირილი დაიწყო: მე არ მინდა შენი თავი, მე ყველაფერი მაქვს, არაფერი მინდა… შენ ცუდი ხარ… ბავშვმა იმხელა აგრესია გამოხატა ჩემ მიმართ, რომ მოვერიდე, მისი ფსიქიკა რომ არ შემერყია. ორჯერ ვნახე სულ და აღარ მაქვს კონტაქტი, ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ბავშვია და თუ მის ცხოვრებაში ამდენი ხანი არ ვიყავი, ახლა გამოვჩნდი და თან ცუდად ელაპარაკებიან ჩემზე, მომავალს ვუმახინჯებდი, ასე გამოდიოდა. იმ ორ საათში ვერაფერს ვახერხებდით, რადგან ხუთ წუთში უკვე დაშლილები ვიყავით. ისინი ასწავლიდნენ, რომ არ მომკარებოდა. ასე დავრჩი პირველი შვილისგან შორს. ახალ ჩემს მეორე შვილზე გადამაქვს ორივეს სიყვარული.

ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მეორე შვილიც, როცა გაიზრდება და აუცილებლად მომიკითხავს, არავინ ჩემზე ცუდი არ უთხრას. ვფიქრობ, ვისაც ჩემთან კონტაქტი ჰქონია, ჩემზე ცუდს არავინ ეტყვის“, – ამბობს ანა, შემდეგ, ცოტათი ხმის ჩამწერისკენ იხრება და ისე აგრძელებს:

„წლები როცა გავა და გაიზრდება, ალბათ მოინდომებს ჩემ ნახვას. ვიმედოვნებ, რომ მიმიღებს – იძულებული გავხდი, გარემომ და ცხოვრებამ მიმაღებინა ასეთი ცუდი გადაწყვეტილება. მე რომ ჩემი სახლი მქონოდა ან თუნდაც ეს თავშესაფარი მცოდნოდა, არასდროს არ მივატოვებდი ჩემს შვილს“.

დედები, რომელთაც ქმრის ოჯახიდან წასასვლელი არსად აქვთ, იძულებულნი არიან, არჩევანი გააკეთონ ძალადობასა და უსახლკარობას შორის.

21 წლის ეკა მოძალადე პარტნიორისგან ორსულობის დროს წამოვიდა. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ფიზიკური ძალადობის სასტიკი ეპიზოდი, რის შედეგადაც ეკა საავადმყოფოში მოხვდა.

ეკა ბათუმის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მეოთხე თვეა 10 თვის შვილთან ერთად ცხოვრობს.  „ჩემი აქ მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ბავშვის დამტოვებელი არ მყავდა, რომ მემუშავა. უმუშევრად კი როგორ იცხოვრებ“, – ამბობს ეკა. 

ეკას დედა სამი წლის წინ სიმსივნით დაიღუპა.

„მამაჩემმა მიმატოვა, უფრო სწორად, დედაჩემი ჩემზე ფეხმძიმედ იყო, რომ მიატოვა. ბათუმში სახლი მაქვს, მაგრამ ბიძაჩემის გამო იქ ვერ ვცხოვრობ, რადგან მისი აზრით „არაკანონიერი“ შვილი რომ გავაჩინე, შევლახე მათი გვარი, სახელი… ვითომ მე მინდოდა, რომ ჩემი შვილი მამის გარეშე გაზრდილიყო“, – ამბობს ის.

ეკა: „ბავშვის მამა მოძალადე იყო. ოფიციალურ ქორწინებაში არ ვიყავით, წელიწად-ნახევარი ვიცხოვრეთ ერთად [თურქეთში], მერე დავრჩი ორსულად. ეჭვიანი იყო, მოძალადე, ფიზიკურადაც მეხებოდა, სახლში მკეტავდა, რომ გარეთ არ გავსულიყავი, დაქალები არ მენახა. ორსულობის მეხუთე თვეში ისე მცემა, ბავშვი კინაღამ მუცელში მომიკვდა. მიბიძგა და მუცელზე დავეცი, ფეხებიც მირტყა მუცელში, თვალი რომ გავახილე საავადმყოფოში და გავიგე ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ის იყო ბოლო წვეთი, ბავშვზე პასუხისმგებლობა სრულიად მარტომ ავიღე. ალიმენტისთვის ბრძოლას ვაპირებ, მაგრამ ამისთვის თურქეთში უნდა ჩავიდე“.

ეკა ამბობს, რომ ის 14 წლიდან მუშაობს, ძირითადად მომსახურების სფეროში: „მიმუშავია კაფეში მიმტანად, ყურძნის საკრეფად დავდიოდი თურქეთში, მიმუშავია ფაბრიკაშიც, ჭურჭლის მრეცხავად, მოხუცის მომვლელად, დამლაგებლად“.

ეკა ახლა სიმინდს ყიდის პლაჟზე, მაგრამ ყოველდღიურად ვერ ახერხებს მუშაობას, რადგან ასთმა აქვს და ჯანმრთელობა ამის საშუალებას არ აძლევს – „ვეძებდი სხვა სამსახურს. ვიფიქრე, რამე გამოჩნდება-მეთქი, მაგრამ მერე ვთქვი, რომ მე მაგის ბედი არ მწყალობს და დავიწყე…“

საქართველოში მარტოხელა მშობლის დასახმარებლად ჯანდაცვის სამინისტროს ერთიანი პროგრამა არ აქვს. ამ სტატუსის მქონე მშობლებისთვის, რომელთა სრული უმრავლესობა მარტოხელა დედაა, შემწეობის მოცულობას ან გაითვალისწინებს თუ არა ამ შემწეობას ბიუჯეტში – თითოეული მუნიციპალიტეტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

მაგალითად, ბათუმის მუნიციპალიტეტში მარტოხელა მშობლების ყოველთვიური დახმარების პროგრამა 5 წლის წინ ამოქმედდა. მაშინ დახმარების თანხა 60 ლარი იყო. 2015 წლიდან თანხა გაორმაგდა და 120 ლარია. ხულოს მუნიციპალიტეტში ეს პროგრამა მხოლოდ წელს ამოქმედდა და დახმარების თანხა, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად – 100 ლარია; ხელვაჩაურში მარტოხელა მშობლები წელიწადში ერთხელ, დედის დღეზე იღებენ 1000-ლარიან დახმარებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: